სურსათის ეროვნული სააგენტო 102 ათასზე მეტ ძაღლების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს და მიკროჩიპის 341 ცალ წამკითხველს ყიდულობს.

შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 434 ათას 161 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

„ცხოველების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული [არ იწვევდეს მის გადაადგილებას ცხოველის ორგანიზმში] ბიო შუშის; იმპლანტანტი შეიყვანება კანქვეშ; წყალგაუმტარი, კოროზიისგან დაცული; ერთჯერადი შპრიცი სტერილიზებული პაკეტით.

მიკროჩიპის ზომა: დიამეტრი არანაკლებ 1.25 მმ და სიგრძე არაუმეტეს 14 მმ.

სამუშაო პარამეტრები: 125KHz ან 134KHz ან 134.2KHz ან 13.56MHz, FDX-B ან FDX-A ან HDX ფორმატი.

ინფორმაციის შენახვა: არანაკლებ 5 წელი; მიკროჩიპზე უნდა იყოს დატანილი 15 ნიშნა კოდი, რისი საშუალებითაც მოხდება ცხოველის იდენტიფიკაცია.

უნდა მოჰყვებოდეს წებვადი სტიკერი, 3 ცალი, რომელზეც დატანილი იქნება მიკროჩიპის შტრიხკოდი. მიკროჩიპი უნდა იყოს კითხვადი რადიოწამკითხველის საშუალებით, რომელიც შეესაბამება ISO 11785 სტანდარტს და იყენებს HDX- ან FDX-B ტექნოლოგიებს“ – აღნიშნულია ტენდერში.

ტენდერში გამარჯვებულმა მიკროჩიპები და წამკითხველები სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღეში უნდა მიაწოდოს.

ფოტო ტენდერიდან

სურსათის ეროვნულ სააგენტოს აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული.

დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებსაც ყიდულობს. სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

ამავე დროს, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში ხშირად აღარ აბრუნებს და მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ისინი ცხოველების გაუჩინარებაზეც საუბრობენ.

სურსათის სააგენტო ბათუმში ახალი ოფისის აშენებასაც გეგმავს.

ამ თემაზე:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version