პირველ მაისს რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად კვლავ ხანძარი გაჩნდა.
რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ხანძრის ჩასაქრობად ასზე მეტი ადამიანი და 41 სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ბოლო დღეებში ეს უკრაინის მეოთხე თავდასხმაა ტუაფსეს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული, უკრაინული დრონების სამიზნე სწორედ ეს ინფრასტრუქტურაა.
უკრაინულმა დრონებმა ტუაფსეში ნავთობის ობიექტებს შეუტიეს 16 და 20 აპრილსაც, 22 აპრილს კი ქალაქში წვიმის წვეთებში ნავთობის კვალი შენიშნეს.
რეგიონის გუბერნატორის თქმით, ტუაფსეში სერიოზული ეკოლოგიური საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ.






