„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ – შეკითხვები აქვს ჯამბულ ირემაძეს. იგი მე-4 ხაზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია ბათუმში.
მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მგზავრმა სცემა. შემთხვევა 2026 წლის 16 თებერვალს მოხდა. ფიზიკური ძალადობის ფაქტზე [სსკ-ის 126-ე მუხლი] იმავე დღეს დააკავეს ედუარდ შ.
დაზარალებული ჯამბულ ირემაძე გვიყვება, რომ სინამდვილეში ჯგუფურად იძალადეს მასზე: ერთმა პირმა გააკავა, მეორე პირმა კი, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი და ფეხი.
ჯამბულ ირემაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბრალდებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტია.
„…მანამდე არ ვიცნობდი საერთოდ, არ მინახავს, მაგრამ ახლა როგორც გავარკვიე, ყოფილა თურმე „ქართული ოცნების“ აქტივისტი. შესაბამისად, ამიტომ გამოვიდა მესამე დღეს გარეთ,“ – ამბობს დაზარალებულად მიჩნეული მძღოლი.
- მძღოლის ცემაში ბრალდებულ ედუარდ შ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 10 ათასი ლარი 19 თებერვალს შეუფარდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
როგორც ჯამბულ ირემაძე გვიყვება, მას ორი მგზავრი ფიზიკურად მაშინ დაუპირისპირდა, როცა ბარათაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის მიმართულებით მოძრაობდა:
„გაჩერებაზე ჩავიდნენ მგზავრები და როცა ამოსვლა დასრულდა, დავხურე კარი, მოძრაობა როცა დავიწყე, ამ დროს აგრესიულად მომმართეს ბიჭებმა, მგზავრი დატოვეო. მე ის მგზავრი არ დამინახავს, თორემ რატომ დავუხურავდი კარს. დამიწყეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ავუხსენი, რომ მოძრაობაში ვარ უკვე, არ დამინახავს და გაჩერების გარდა სხვა ადგილზე გაჩერების უფლება არ მაქვს. ადამიანურად ვთხოვე, ჩადით, დამანებეთ თავი-მეთქი და მართლაც ჩავიდნენ.
დავხურე კარი და იქვე მივუახლოვდი შუქნიშანს, გავჩერდი, რადგან წითელი იყო და ეს ბიჭი მოდის, ტელეფონით მიღებს გარედან, გავაღე წინა კარი და ვეუბნები, ახლა რაღა გინდათ-მეთქი. ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩავედი. ერთ-ერთს ხელში ჩანთა ეჭირა, რაღაც მოძრაობა გააკეთა, ვიფიქრე, დანა ან რამე არ ჰქონდეს-მეთქი და მივბიძგე, რომ დავშორებოდი. მე ხელი არ დამირტყამს არცერთისთვის. ეს კამერებშიც ჩანს. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ფიზიკური აგრესია. ერთი მაკავებს და ბრალდებული ვინც არის, ის მირტყამს.
ტროტუარზე წავიქეცი, იქაც ჩამარტყა ფეხი.
შემდეგ მგზავრებმა გაგვაშველეს, მოვიდა პოლიცია, სასწრაფოც.
მინდოდა, დავსწრებოდი სასამართლო სხდომას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, პროკურორი არ დამიკავშირდა. როცა გავიგე, ბრალდებული გაათავისუფლესო, მე თვითონ დავურეკე და არ მცალიაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯამბულ ირემაძემ.






