მთავარი,სიახლეები

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა

06.03.2026
საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იუწყება, რომ ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს.

„ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.

„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რიგი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა გამოიწვია.

საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომელზეც ვიზა ლიბერალიზაციაა დაფუძნებული“ – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ასევე ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებებისა და საზღვრის დაცვის წარმომადგენლებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმაროს.

სახელმძღვანელო პრინციპების რეკომენდაცია ითვალისწინებს ევროკავშირის გარე საზღვრების გადამკვეთი ყველა საქართველოს მოქალაქის უფრო მკაცრ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უნდა გამოიყენონ. ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროკავშირში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (Visa Information System), შენგენის საინფორმაციო სისტემა (Schengen Information System) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა (Entry/Exit System), რომელიც ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით დონეს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როდესაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეიტანენ, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება – მათ შორის, გასაუბრება ჩაატარონ და ამ განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ. თუ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, წევრმა სახელმწიფოებმა ვიზების გაცემაზე უარი უნდა თქვან.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შევა დღეს, 6 მარტს და 12 თვის განმავლობაში — 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

„თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოაგვარებს მმართველობასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე ვადით გააგრძელოს. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელება. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: