„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ.
ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი?
„ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ,“ – გვითხრა ირაკლი ჩეჩელაშვილმა.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.
- ბატონო ვალერი, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ერევანში სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: „8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ეს ქვეყანა რუსეთის სატელიტად განიხილებოდა“. რა არის ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი ერევნიდან?
მთავარი გზავნილია ის, რომ მათ სჯერათ სომხეთის და სომხეთის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, ძალიან სერიოზულად აფასებენ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც სომხეთი უფრო და უფრო შორდება რუსეთს და უახლოვდება ევროკავშირს; მიაჩნიათ ეს ძალიან სერიოზულად და მდგრად პოლიტიკად. მათ სჯერათ ამისი. ამის დადასტურებაა ის მაღალი დონე, რომელიც დელეგაციებმა აჩვენეს დღეს ერევანში და ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება უმაღლეს დონეზე ჩატარებული ევროკავშირ-სომხეთის სამიტი ამ ღონისძიების ფარგლებში.
- „აბა ომი გინდათ?“ – „ოცნების“ ამ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილის აბსურდულობას აჩვენებს თუ არა ფაშინიანის პოლიტიკა? გიუმრიში ისევაა რუსული სამხედრო ბაზა, ამ დროს ფაშინიანი დგამს თამამ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ…
რა თქმა უნდა. ფაშინიანის შემთხვევა ცხადი დადასტურებაა იმის, რომ შეიძლება კომპეტენტური საგარეო პოლიტიკის წარმოება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს სომხეთი გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველო, თუნდაც იმით, რომ არის კუხო-ს და ევრაზიული კავშირის მონაწილე.
სომხეთი ეკონომიკურადაც გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე – საქართველო. ამის მიუხედავად, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული და შეწონილი პოლიტიკით სომხეთი აღწევს იმას, რომ პირდაპირ ეუბნება ფაშინიანი პუტინს კრემლში, რომ სომეხი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, როდესაც ეს დრო დადგება, თუ რომელ კავშირთან უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთმა – ევრაზიულ კავშირთან, თუ ევროპულ კავშირთან.
უბრალოდ, ვტკბებოდი ფაშინიანის დიალოგით პუტინთან კრემლში, იცით რატომ? – ამას უნდა ძალიან სერიოზული გამბედაობა. საერთოდ, ვინც არის ნამყოფი კრემლში და ვინც დალაპარაკებია კრემლში რუსებს, მან ძალიან კარგად იცის, რომ სერიოზული წნეხია ეს ყოველივე.

ვალერი ჩეჩელაშვილი
- ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ფაშინიანის პერსონალური გამბედაობა?
დიახ, ფაშინიანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ეტყობა ყველაფერში, მათ შორის, პოლიტიკურ გამბედაობაში, რომ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რას აკეთებს.
როდესაც ვამბობდი, რომ ლაპარაკი რუსებთან რთულია კრემლში მით უმეტეს, მინდა გაგახსენოთ კაია კალასის წინამორბედის, ბატონი ჟოზეფ ბორელის შეხვედრა ლავროვთან – პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა ეს გამოცდილი ევროპელი დიპლომატი ლავროვმა. ენა ჩაყლაპა ბატონმა ბორელმა და უკან სიტყვა ვერ დაუბრუნა.
რა დავინახეთ ჩვენ ფაშინიანის შემთხვევაში? – დავინახეთ საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ეს რწმენა იმაზეც არის დამყარებული, რომ ის გრძნობს საკუთარი კურსის მიმართ სომხური საზოგადოების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, სომხეთმა აირჩია მშვიდობა და თანამშრომლობა მეზობლებთან და იგემა უსაფრთხოების ახალი ხარისხი, კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული.
ამ რამდენიმედღიანი სამიტის შემდგომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ 7 ივნისს ფაშინიანი და მისი პოლიტიკური ძალა უპირობოდ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს იქნება ძალიან კარგი სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, სრულიად სამხრეთ კავკასიისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის თანამშრომლობისთვის ჩვენს რეგიონთან.
ფაშინიანმა მოახერხა ლიმიტირება ჰიბრიდული საფრთხეების, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და გენერირდება რუსეთში. მან მოახერხა ამ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება ევროპელების მხარდაჭერით – სპეციალური მისია იმუშავებს სომხეთში, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ ვითარებას ფაშინიანის მთავრობა ძალიან კარგად ფლობს, რაც, მათ შორის, გამოიხატა იმ ტონალობაში, რომელიც ჩვენ კრემლში ვიხილეთ ფაშინიანი-პუტინის საუბრის დროს.
- ირაკლი კობახიძეც ესწრება დღევანდელ სამიტს ერევანში, მან განაცხადა, რომ საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ის ასევე შეხვდა ზელენსკის. რის მიღწევას ცდილობს ამჯერად ივანიშვილი?
ჩვენი საგარეო პოლიტიკა მაინცადამაინც ვერ დაიკვეხნის წარმატებებით, რადგანაც ნებისმიერი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაამრავლო შენი კეთილმოსურნეების და პარტნიორების, შენი მოკავშირეების რიცხვი და შეამცირო შენდამი ოპოზიციურად და ოპონენტურად განწყობილი სახელმწიფოების რიცხვი.
ჩვენ დავკარგეთ ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი: ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ნატო. სამწუხაროდ, ქვეყნები, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ საქართველოს მიმართ, ისინიც გადავიმტერეთ. გაიხსენეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება რუსთაველზე. თანაც, უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ალექსანდრე სტუბის, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფიგურა, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ლიდერია როგორც ევროპაში, ასევე გამორჩეული ურთიერთობები აქვს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.
აი, ეს იყო, მე ვფიქრობ, აპოთეოზი ამ არაკომპეტენტურობის, რომელმაც ძალიან სერიოზულად ავნო საქართველოს ინტერესებს.
აი, ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი – ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე. პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ.
- რამდენად შეიძლება წონადი გახდეს ეს არგუმენტი, როცა „ოცნებამ“ მოიჭრა გზა ევროკავშირისკენ და დღემდე აქტიურადაა დაკავებული ანტიდასავლური რიტორიკით?
რიტორიკის შეცვლა კარგი იქნებოდა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საქართველოსთვის.
გეოგრაფიული ფაქტორი ყოველთვის დარჩება ფაქტორად და მის გამოყენებას ყოველთვის შეეცდება „ქართული ოცნება“, რაც სრულიად გასაგებია და ამას ევროკავშირიც ანგარიშს გაუწევს: ევროკავშირი არის დაინტერესებული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ხაზების განვითარებით სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გამოყენებით.
კონკრეტული პროექტებია, რომლებიც საქართველოზე გადის – გინდა არ გინდა, ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ეს არის ელექტროკაბელის პროგრამა და ასე შემდეგ. ამ პროექტების განხორციელება გაგრძელდება, მაგრამ ის დიდი სიკეთეები, რაც ჩვენ შეიძლება მიგვეღო ევროკავშირისგან – ბოლომდე ამ სიკეთეებს ჩვენ ვერ ვეზიარებით, თუ, რა თქმა უნდა, ევროპასთან არ დავუბრუნდებით სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ხარისხს.
რაღაც სარგებელს გეოგრაფიული ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში მოიტანს ჩვენთვის, მაგალითად, რაც უფრო მეტი გაზი გაივლის ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ. რაც უფრო მეტი ელექტროენერგია მიეწოდება ჩვენი გავლით და, მათ შორის, ჩვენთან გამომუშავებული ელექტროენერგია ევროკავშირის ბაზარს, უფრო მეტი სარგებელი ექნება საქართველოს.
ეს არის კონკრეტული პროექტებიდან მიღებული სარგებელი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გენერაციაში ვერ გადაიზრდება ეს ყოველივე, რადგან ურთიერთობები ევროკავშირთან გვაქვს ძალიან დაბალ ნიშნულზე.
- რომ შეცვალოს „ოცნებამ“ რიტორიკა და პოლიტიკაც, შესაძლებელია, დავიბრუნოთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი „ოცნების“ პირობებში?
ეს საკითხი ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ევროპელების მხრიდან – 12 და შემდგომ 9 პუნქტამდე დაყენებულ მოთხოვნათა სიაში. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის სამი მაგიური სიტყვა: პატიმრები, არჩევნები, კანონები!
ამას შეიძლება დავუმატოთ ის, რაზეც ევროპელები ძალიან ღიზიანდებიან – ანტიევროპული რიტორიკა. ისე შორს წავიდა, მაგალითად, ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ პირდაპირ ამბობს, იგივე საბჭოთა კავშირია ჩამოყალიბებული ბრიუსელში და ადრე ჭკუას გვასწავლიდნენ რუსულ ენაზე და ახლა გვასწავლიან ინგლისურზეო.
ვინც იცის რეალურად რა იყო საბჭოთა კავშირი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მსგავსი შედარებები. მერიდება კიდევაც ამ შედარებების მოყვანა: შეიძლება, საათობით და რამდენიმე დღე ილაპარაკო რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის.
ევროკავშირი არის 27 ქვეყნის დემოკრატიული კავშირი, სადაც ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებების დაბლოკვის, ანუ ვეტოს უფლება. ამას ვადევნებდით ჩვენ თვალს ორბანის მთავრობის პირობებში, ხოლო პოლიტბიურო, რომელიც მართავდა საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ პარტიას და 15 კაცი 15 რესპუბლიკას წარმოადგენდა, რას წყვეტდნენ? – რასაც წყვეტდნენ ზევით, დანარჩენები უბრალოდ ასრულებდნენ გადასახლებების თუ დახვრეტების ჩათვლით. როგორ შეიძლება ამ ორი კავშირის ერთმანეთთან შედარება?
ამ ყველაფერს ევროკავშირის ქვეყნები როცა ისმენენ, რა თქმა უნდა, ეკარგებათ ყოველგვარი სურვილი, თანამშრომლობა განავითარონ საქართველოსთან.
ეს რიტორიკა თუ შეიცვლება და, მაგალითად, შესრულდება საბაზისო მოთხოვნები, რაც კარგად აქვს ევროკავშირს ჩამოყალიბებული: არჩევნები, პატიმრები, კანონები, სრულიად შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ პარტნიორობას. ამას გვეუბნება ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაია კალასი თუ ელჩი ჰერჩინსკი.
აი, რამდენად შეძლებენ ამას და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა ამაზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს.
- დღეს როგორც კი შეხვდა ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები „ოცნებამ“ მაშინვე გამოაქვეყნა. ეს ამბავი რაზე მიანიშნებს?
ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი, მაგრამ შორს მიმავალ დასკვნებს ჯერ ნუ გავაკეთებთ. ეს კარგი ნაბიჯია, სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ რა მოჰყვება ამას, ეს კიდევ სანახავია.
- რა შანსი რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში? თქვენ აღნიშნეთ, რომ სომხეთში არჩევნებს დიდი ალბათობით ფაშინიანი მოიგებს…
პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს ნიკოლ ფაშინიანი, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღოს.
ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში: მთავრობათაშორისი ურთიერთობების თაობაზე შეთანხმებების ხელმოწერა უმაღლეს დონეზე, მისი რატიფიცირება, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, როგორც ბაქოსთან, ასევე ანკარასთან ერევნის მხრიდან, აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალის გახსნა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.
ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
- მხოლოდ საქართველოზე გავლენის შენარჩუნება ვეღარ უშველის პუტინს სამხრეთ კავკასიაში?
თუ ერთიანი რეგიონი ჩამოყალიბდება, როგორც სერიოზული სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში და ამისთვის არის საჭირო სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის დაუყოვნებლივ და დინამიკური ჩამოყალიბება, განვითარება, გამყარება, რა თქმა უნდა, ამ სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული სუბიექტი.
შესაბამისად, იძულებული იქნება ყველა, მას გაუწიოს მეტი ანგარიში, როგორც ჩვენმა კეთილმოსურნემ, ასევე ჩვენმა ოპონენტმა.
ამიტომაც რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სომხეთში ფაშინიანმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ამის რესურსი მე მგონი უკვე ნაკლებად დარჩა. აი, ეს დაადასტურა, სხვათა შორის, ფაშინიანის საუბარმა კრემლში, რომელსაც დიდი ხალისით ვადევნებდი თვალყურს და დიდი სიამოვნება მივიღე ფაშინიანის და პუტინის დიალოგით.
- როგორი გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება ევროკავშირი? სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა სამ პრიორიტეტზე: ენერგეტიკის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი თავდაცვა, დაკავშირებადობა.
ევროპას სხვა გზა არ აქვს – ის იძულებულია, გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე და ამას ძალიან შეუწყო ხელი, სხვათა შორის, ტრამპის მიდგომებმა. ვფიქრობ, ეს დასაფასებელია: კარგი იყო სინამდვილეში ის, რომ შეაჯანჯღარა ევროპა ტრამპმა და ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ დიახაც, უნდა დაიკავონ კუთვნილი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში – უფრო სერიოზული და ძლიერი.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპა არის გლობალური მოთამაშე. ევროკავშირის ეკონომიკა აღემატება 20 ტრილიონ დოლარს და არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, იგი ჩინეთის ეკონომიკაზე უფრო მაღალია მაჩვენებლით. ამას უნდა დავუმატოთ ევროპული ქვეყნების, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ეკონომიკის მოცულობა – 4 ტრილიონი დოლარი – დიდი ბრიტანეთი, 1 ტრილიონი დოლარი – შვეიცარია და 1.5 ტრილიონი – ნორვეგია. ისინი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ნაწილი არიან.
ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ევროკავშირი გახდეს გაცილებით უფრო ძლიერი და თავდაჯერებული საკუთარი პოლიტიკის წარმოებისას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ამას ევროპელები ახერხებენ. რთულია ის, რომ ესაა დემოკრატიული კავშირი, სადაც 27 ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ესტონეთს თუ დიდ გერმანიას. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას კონსენსუსის გამოძებნისთვის. როდესაც ამას ევროპა ახერხებს, ის ხდება გაცილებით უფრო ძლიერი და ჩვენ ამის მოწმენი ვართ.
ამ ბარბაროსული ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპაში, სრულიად გათავისუფლდა ევროკავშირი რუსეთის გაზის დამოკიდებულებაზე. დღეს აზერბაიჯანი აწვდის იმავე ოდენობის გაზს ევროკავშირს, როგორც რუსეთის ფედერაცია. ფანტასტიკური ვითარება ჩამოყალიბდა. ნავთობზეც აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირი რუსეთზე.
დამოუკიდებლობის ხარისხი ამ კრიზისის შედეგად გაძლიერდა, რაც უფრო მეტ რესურსს და თავდაჯერებულობას აძლევს ევროკავშირს საიმისოდ, რომ ის ნამდვილად გახდეს ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე, გააძლიეროს საკუთარი როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.
- სამხრეთ კავკასიაში ტრამპისა და ევროკავშირის გააქტიურება, ასევე რუსეთის დასუსტების გათვალისწინებით, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ ტენდენციის ნაწილი მაინც გავხდებით გეოგრაფიის წყალობით, თუ ისევ გვაქვს სერიოზული საფრთხე – გავხდეთ რუსეთის გავლენის მქონე ჩიხი?
გეოგრაფია ყოველთვის იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ეს არაა საკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს, კეთილდღეობასა და განვითარების პერსპექტივებს.
ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია ეფექტურად მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაბრუნებით. ამის გარეშე გეოგრაფია იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც სიკეთის მომტანი, მაგრამ ძირეულად ვერ შექმნის ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიებს.
ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელება გაცილებით რთული იქნება.






