„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს… მომზადებული დანაშაული იყო და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ ამოვიდა. გარკვეული დრო იყო გასული და ტანსაცმელი შეიძლება გაერეცხათ. ვცდილობდით, მოგვეპოვებინა ფეხსაცმელი, რაც ვიდეოკადრში ჩანს, მაგრამ ოჯახმა ეს ფეხსაცმელი გადამალა,“- ნაფიც მსაჯულებს მიმართა უფროსმა გამომძიებელმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მან 3 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა.
გამომძიებელს დღეს თითქმის მთელი დღეა უსმენდნენ ნაფიცი მსაჯულები. ამ საქმის განხილვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
მკვლელობის საქმეზე მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს. ის ჯერ კიდევ დუმილის უფლებით სარგებლობს.
საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის აშენების შედეგად დაგუბდა წყალი – ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანუ ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.
მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, მას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ჩართულობით ბიზნესის დათმობას აიძულებდნენ.
„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრიცხო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ამ საქმის ერთ-ერ სასამართლო სხდომაზე, შესვენების დროს.
„აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს, მენტალიტეტიდან გამომდინარე, პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო,“ – ამბობს პროკურორი გიორგი მუჯირი.
- რა თქვა უფროსმა გამომძიებელმა სასამართლოში?
„ალბათ დილის 8 საათი იქნებოდა, როცა გავიგე ამ მკვლელობის შესახებ, წავედი შემთხვევის ადგილზე, საცობი იყო, ბევრი ხალხი შეკრებილიყო, გამიჭირდა ადგილზე მისვლა,“ – მკვლელობის დღე გაიხსენა თავდაპირველად მოწმემ. ჯემალ ცეცხლაძე ამ დროს ხელვაჩაურის პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, ახლა კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია.
უფროსმა გამომძიებელმა ამ საქმეზე დაახლოებით 30-მდე პირი გამოჰკითხა.
„ექსპერტი რომ მისულიყო ავტომანქანასთან, საფრთხის შემცველი იყო. ეს მანქანა რომ უცებ ჩავარდნილიყო წყალში, გარკვეული კვლევები და მტკიცებულებები წაიშლებოდა.. მდინარეში ნახევრად ჩაგდებულ ავტომანქანას წინ ქვები ჰქონდა დადებული, რომ არ დაგორებულიყო… ერთი ტყვია არ იყო გამავალი. ის ტყვია ნაპოვნი იქნა მძღოლის გვერდით სავარძელზე, რბილი ქსოვილის შიგნით…,“ – აღნიშნა უფროსმა გამომძიებელმა და შემდეგ მსაჯულებს ისიც უთხრა, რომ ნებისმიერი პირის შესახებ ინფორმაცია გამომძიებლებისთვის რომ ერთ-ერთ დახურულ საიტზეა ხელმისაწვდომი.
„გვაქვს წვდომა, მაგალითად, კონკრეტული პირის საზღვრის კვეთის, ან წარსულში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, ვისთან არის ქორწინებაში, მშობლები, შვილები და ასე შემდეგ. ამ საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებისთვის,“ – განმარტა მოწმემ.
უფროსი გამომძიებლის თქმით, მათ ოპერატიულმა მუშაკმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობა ბესო ბ.-მ ჩაიდინა, ხოლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ნოშრევან პაქსაძეს, რომელსაც იცნობენ, როგორც ხოჯას.
- რა კავშირშია მკვლელობის საქმესთან „ხოჯა“?
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნოშრევან პაქსაძე გარკვეულ რელიგიურ რიტუალს პერიოდულად ატარებდა საღამოობით მდინარე ჭოროხის პირას, გონიოს ძველ ხიდთან ახლოს. იმ ღამით, როცა ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა, ბრალდებული გოგი ბ. „ხოჯასთან“ და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად იყო ჭოროხის პირას.
„ხოჯა“ იგივე ნოშრევან პაქსაძე 5 ივნისს გამოუკითხა პოლიციამ. თავდაპირველად მას უთქვამს, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ვერ დაიფიცებს – არ შემიძლიაო.
„რატომ არ უნდა დაეიფიცებინა ნოშრევან პაქსაძეს?“ – გამომძიებელს მიუახლოვდა პროკურორი გიორგი მუჯირი მიკროფონით ხელში და ნაფიცი მსაჯულების პირისპირ გაჩერდა.
„სასულიერო მუშაკია, ისლამის მიმდევარი, მორწმუნე ადამიანია, ასე ვთქვათ, ხოჯაა… ყურანზე სასულიერო პირისთვის დაფიცება რთული თემაა,“ – უპასუხა პროკურორს გამომძიებელმა ჯემალ ცეცხლაძემ და შემდეგ მსაჯულებს განუმარტა, როგორ გახდა იძულებული, ფარულად ჩაეწერათ „ხოჯა“.
საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი დღევანდელ პროცესზე უჩვენეს ნაფიც მსაჯულებს: „ხოჯა“ ამბობს, რომ მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მკვლელობის ღამითვე გაიგო თამაზ შ.-სგან, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
„ხოჯა“ ფარული მოწყობილობით დეტექტივ ირაკლი გელაძეს ჩაუწერია. ამ ჩანაწერის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულს უშუალოდ მისთვის არ უთქვამს მკვლელობის შესახებ და მკვლელობაზე თამაზ შ. ესაუბრა. „ავტომატით ესროლა სამჯერო, ასე მითხრა თაზომ…“ – ისმოდა ჩანაწერის ხმა ნაფიცი მსაჯულების მხარეს მიბრუნებული ეკრანიდან.
დარბაზი ამ ეკრანზე გაშვებულ ფოტო თუ ვიდეომასალას ვერ ხედავს.
მოწმე ნოშრევან პაქსაძის თქმით, ის თამაზ შ.-სთან და მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბ-სთან მეგობრობდა. გამოძიებამ კი, მობილური ტელეფონის ლოკაციის გამოყენებით დაადგინა, რომ მკვლელობის ღამეს ბრალდებული რამდენიმე პირს დაუკავშირდა და მოუყვა ჩადენილი მკვლელობის შესახებ, მათ შორის იყო „ხოჯა“.
„არის დაწყებული დევნა ნოშრევან პაქსაძის წინააღმდეგ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის?“ – გამომძიებელს ამჯერად ადვოკატმა რამინ პაპიძემ მიმართა, რომელსაც მანამდე დაუდასტურა გამომძიებელმა, რომ „ხოჯის“ 2 ჩვენება ერთმანეთის საპირისპირო იყო.
„არა, დევნა დაწყებული არ არის. დაწყებულია გამოძიება და დაკითხულია ნოშრევან პაქსაძე, ეს ნამდვილად ვიცი,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა გამომძიებელმა.
- რა თქვა გამომძიებელმა მკვლელობის მოტივზე?
„ამ დრომდე 100 %-ით დადგენილი მოტივი არ არის, თუმცა გრძელდება გამოძიება,“- დაიწყო მოწმემ და შემდეგ ახსენა კონკრეტული კონფლიქტი: წარსულში სხვა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამო წარსულში ბრალდებულ გოგი ბ.-ს ფიზიკური დაპირისპირება ჰქონია მოკლულ ბესო ბოლქვაძესთან.
„ამ კონფლიქტს თავდაპირველად არავინ ახსენებდა… ეს ოპერატიული ღონისძიებით გამოიკვეთა. ერთ-ერთი მოტივი შესაძლებელია ესეც იყოს,“ – დასძინა მოწმემ.
გამომძიებელს ადვოკატმა შეახსენა მოწმე რუსლან გელაძე, რომლის თქმითაც „ეს კონფლიქტი ამოწურული იყო“. გამომძიებლის თქმით, კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დასრულდა შეთანხმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორ პირს შორის [ბრალდებული და მოკლული პირი] კონფლიქტი ამოწურული იყო.
გამომძიებელ ჯემალ ცეცხლაძის თქმით, რამდენიმე პირის, მათ შორის ნიკა კოკობინაძესთან სატელეფონო მიმოწერით [ნიკა კოკობინაძე მოკლული კაცის ბიზნესპარტნიორია] ჩანს, რომ „ბესო ბოლქვაძეს ჰქონდა დაპირისპირება ე.წ. განაბებთან… იქ წერს, ბევრმა განაბმა დამირეკა, მაგრამ უარს ვეუბნები, სისხლი მაქვს ჩაქცეულიო,“ – თქვა გამომძიებელმა და მალევე პროკურორმაც ამოიღო საქმის მასალებიდან კონკრეტული მიმოწერა: ბესიკ ბოლქვაძე წერს ნიკა კოკობინაძეს:
„განაბებს არეკიებენ, მაგი ადგილი გვინდაო. ვინმეზე არ ვარ დამთმობი. მკიდია. თუ გინდა, 100-მა განაბმა დამირეკოს“, – წერდა ბესიკ ბოლქვაძე ბიზნესპარტნიორს.
„ბრალდებულს ჰქონდა შემხებლობა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ერთ-ერთ ვერსიად ამას განვიხილავთ… მიმდინარეობს გამოძიება,“ – აღნიშნა გამომძიებელმა.
„ქურდულ სამყაროზე როცა საუბრობთ, დამისახელეთ, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კავშირი, თქვენ შეისწავლეთ მისი ტელეფონიდან გამავალი და შემავალი ზარები,“ – უფროს გამომძიებელს მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„მაგალითად, ენრიკო ბაკურიძემ პირადად ჩემთან თქვა, რომ ქურდობა უნდა,“ – ადვოკატს მიუბრუნდა გამომძიებელი და იმ ვერსიის განვითარება სცადა, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრებთან იყო დაკავშირებული.
„თუ გითხრათ, ქურდობა მინდაო, ქურდულ სამყაროსთან ნებისმიერი სახის კავშირი ხომ დანაშაულია. გამოძიება დაიწყეთ?“ – გამოიჭირა ადვოკატმა მოწმე გამომძიებელი.
„მასე მეც ბევრი რამ მინდა, სურვილი მაქვსო,“ – პიჯაკის საყელოს ორივე ხელით გადაწევა სცადა გამომძიებელმა.
„რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ, რომ ნამდვილად ასეთი რამ თქვა?“ – ადვოკატმა ისევ ენრიკო ბაკურიძის შესახებ იკითხა.
„რატომ უნდა შევიყვანო შეცდომაში მსაჯულები?“ – მსაჯულებს გადახედა მოწმემ და გაღიმება სცადა.
„ვისაც აქვს ე.წ. გავლენა, ვინმესთან ბრალდებულის კავშირი დადასტურდა?“ – არ მოეშვა უფროს გამომძიებელს ადვოკატი.
ადვოკატს კონკრეტულად ვერ უპასუხა გამომძიებელმა, თუმცა ახსენა, რომ გოგი ბ.-ს „ციხიდან აქვს დარეკილი საზღვარგარეთ“, როცა ის მსჯავრდებული იყო სხვა დანაშაულზე.
„თქვენ გამომძიებელი ხართ და კარგად იცით, რაც არის პირდაპირი მტკიცებულება. რომელიმე პირდაპირი მტკიცებულება მოიპოვეთ ამ საქმეში, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ მკვლელობის ჩადენას?“ – მორიგ შეკითხვაზე გადავიდა ადვოკატი, თუმცა შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა და მოსამართლე ნინო სახელაშვილმაც შეაჩერა ადვოკატი: გამომძიებელი არ არის ადრესატიო.
„პირდაპირი არ არის, ბატონო რამინ, თორემ წარმოვადგენდი“, – ადვოკატს გადაულაპარაკა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
„კარგით, პირდაპირი მტკიცებულება არ არის, კვალი არ არის, დენთის კვალი ვერ იპოვეთ, იარაღი ამოღებული არ არის, ის ავტომანქანა ნამდვილად გაჩერდა თუ არა შემთხვევის ადგილას, ესეც დადგენილი არ არის,“ – ფეხზე წამოდგა და ხელის თითებზე შეუდგა იმის ჩამოთვლას, რა არ აქვს გამოძიებას.
„კარგად მოემზადა მკვლელობისთვის,“ – ადვოკატის შეჩერება სცადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
- ოქროს ქურდობა თურქეთში – მკვლელობის სხვა შესაძლო მოტივი
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, როცა პროკურატურამ ხელვაჩაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავა ბესო ბ. გამოძიებისთვის ინფორმაცია სოფელ ერგეში მცხოვრებ მამა-შვილს მიუწოდებია: თურქეთში 5 კილოგრამი ოქროს ქურდობას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელვაჩაურში მკვლელობაო.
მამა – შვილი ჯემალ და მემედ ბოლქვაძეები მოკლული კაცის ოჯახის ნათესავები არიან, თუმცა მოკლული კაცის ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. მეტიც, მათ ამ ვერსიაზე საუბარი საერთოდ არ სურთ და მიიჩნევენ, რომ ეს ვერსია ბრალდებულის ოჯახის ჩართულობით განზრახ შეიქმნა.
რა გააკეთა გამოძიებამ „ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიებისთვის“, რასაც მას კანონი ავალდებულებს?
უფროსი გამომძიებლის თქმით, საგამოძიებო ორგანოში მამა-შვილი გამოჰკითხეს და გამოძიებამ ამ ვერსიაზეც იმუშავა, თუმცა დადგინდა, რომ გიზო ბ. ვისთანაც ბესო ბ.-ს ჰქონდა კონფლიქტი ოქროს ქურდობის თემაზე, მკვლელობის დროს თბილისში იყო.
„გამოძიება მიმდინარეობს ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე,“ – დასძინა გამომძიებელმა. მას არ უთქვამს, კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის გამოც პროკურატურაში მიიჩნიეს, რომ ეს ვერსია რეალური არ არის.
ადვოკატი რამინ პაპიძე დაინტერესდა, ოქროს ქურდობის საკითხზე მიმართა თუ არა პროკურატურამ თურქეთს. ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კონფლიქტში მონაწილე გიზო ბ.-ს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნია ბესიკ ბოლქვაძისთვის, რომლის შინაარსიც გამოძიებისთვის წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო.
გაირკვა, რომ პროკურატურას მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მიუმართავს თურქეთისთვის.
- რა ექსპერიმენტი ჩაატარა გამომძიებელმა მკვლელობის საქმეზე?
გამომძიებელ ჯემალ ცეცხლაძეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ავტომანქანით ჩაუვლია ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერიდან მეორემდე. გამომძიებელი ამბობს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო 1 კილომეტრი და 100 მეტრის გავლას პირველ შემთხვევაში, როცა 60-90 კმ. საათით გადაადგილდებოდა, 1 წუთი და 9 წამი დასჭირდა, მეორე შემთხვევაში კი, როცა 60 კმ. საათი სიჩქარით გადაადგილდებოდა, ზუსტად 1 წუთი და 36 წამი დასჭირდა.
ზუსტად იგივე მონაკვეთის გავლას კი, ბრალდებულმა ავტომანქანით 8 წუთი და 45 წამი მოანდომა. გამოძიების ვერსიით, სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოკლა ბრალდებულმა გოგი ბ.-მ ბესიკ ბოლქვაძე მდინარის პირას.
საუბარია სათვალთვალო კამერებზე, რომელიც ბათუმი – ახალციხის ცენტრალური გზის სხვადასხვა მონაკვეთზეა განთავსებული. მკვლელობა არცერთ კამერაში არაა დაფიქსირებული, თუმცა ამ კამერების ჩანაწერების ანალიზი აჩვენებს, რომ ბრალდებულის ავტომანქანა ვიდრე ერთი კამერიდან მეორემდე მიაღწევს, დაახლოებით 9 წუთი სჭირდება.
პროკურატურა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დროის კონკრეტულ შუალედში, როცა სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, 117-მა ავტომანქანამ ჩაიარა.
„ის ავტომანქანა მისი [ბრალდებულის] იყო?“ – დაეჭვებით ჰკითხა ადვოკატმა გამომძიებელს.
„ფაქტი იყო, რომ თვითონ მართავდა,“ – მიუბრუნდა ადვოკატს გამომძიებელი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ავტომანქანა მკვლელობის ადგილის შემდეგ იმავე ღამით ჩნდება ბენზინგასამართ სადგურზე. ამ დროს ბრალდებული ავტომანქანიდან გადმოდის.
„ეს ავტომანქანა ამ დროს იყო გაჩერებული, თუ მოძრაობდა?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა იმ მონაკვეთზე, როცა 1 კილომეტრი და 100 მეტრის გავლას დაახლოებით 9 წუთი დასჭირდა.
„ეს მანქანა გაჩერდა-არ გაჩერდა, როგორ უნდა დაადგინო?“ – უხერხულობა დაეტყო გამომძიებელს, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, კადრებში თავად ვნახე, როგორ ასხამდა ბრალდებული ბენზინგასამართ სადგურზე ამ ავტომანქანაში საწვავსო. გამომძიებელმა იმის წარმოჩენა სცადა, რომ ავტომანქანას სავარაუდოდ ტექნიკურად არაფერი სჭირდა და არ შეიძლება მხედველობაში მივიღოთ ვერსია, რომ კილომეტრის გავლას დაახლოებით 9 წუთი იმიტომ დასჭირდა, რომ ავტომანქანას პრობლემა ჰქონდა.
სწორედ ამ კადრში ჩანს, რა ტანსაცმელი ეცვა მკვლელობის ღამეს ბრალდებულს. ბრალდებულის ტანსაცმელი ჩხრეკის დროს ამოიღეს, თუმცა მასზე დენთის კვალი ვერ იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, შესაძლოა, ტანსაცმელი იმ 10 დღეში გაირეცხა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ბრალდებულის ფეხსაცმელი კი, რაც ასევე ჩანს ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერაში, მიკვლეული არ არის. ოჯახმა გამოძიებას სხვა ფეხსაცმელი მიაწოდა.
კიდევ ერთი დეტალი: გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულს მკვლელობის დროს მობილური ტელეფონის სახლში ჰქონდა დატოვებული. „მოსპო დანაშაულის კვალი. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ასეა,“ – დარწმუნებით უთხრა ნაფიც მსაჯულებს გამომძიებელმა.
მსაჯულები საქმეს ყოველდღე განიხილავენ შაბათ-კვირის და უქმე დღეების ჩათვლით.
საქმის განხილვას მსაჯულები დილით იწყებენ. პროცესი გვიან საღამომდე გრძელდება.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ამ თემაზე:
„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში






