კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-იდან მიღებული გრანტის გამო.
„32 542 ლარი, რის გამოც გაგვაფრთხილეს, იყო 12 ადამიანის 4 თვის ხელფასი“ – უთხრა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.
„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება. კანონის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება,“ – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კამილა მამედოვას თქმით, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება არის მეორე გაფრთხილება.
„პირველი გაფრთხილება ნოემბერში მივიღეთ. „დოიჩე ველეს“ გრანტი გვქონდა მულტიმედია კონტენტის წარმოებისთვის, რომელიც ვებს ეხებოდა. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს არ ეხებოდა მაუწყებლობას. მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ კონტრაქტის შეწყვეტა მოითხოვეს, რისი აღსრულებაც დაგვჭირდა.
რაც შეეხება NED-ის, იცით, რომ რაღაც პერიოდი შეჩერებული ჰქონდა მუშაობა. NED-თან გვქონდა ორწლიანი კონტრაქტი. ამ კონტრაქტის პირველი წელი სრულდებოდა ივლისში, როდესაც NED-მა მოიგო სასამართლო აშშ-ში და დაბრუნდნენ. რადგან სრულდებოდა პროექტი, მე ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა… იცით, როგორი კრიზისია რეგიონულ მედიაში.
მე ჩავარიცხინე ეს თანხა და კომუნიკაციების კომისიასაც ეს ვუთხარი, რომ ეს იყო პროექტის დასრულება, ბოლო ტრანში. შეღავათი იყო ის, რომ უბრალოდ გაგვაფრთხილეს და არ დაგვაჯარიმეს. გაფრთხილება მივიღეთ, იმიტომ, რომ პირდაპირ უცხოურ დაფინანსებად არის აღქმული ეს თანხა.
NED -ის გრანტი იყო სამენოვანი რადიომაუწყებლობის მხარდაჭერა, ძირითადად ხელფასებზე გათვლილი,“ – უთხრა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.
პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციაც სადავოა, 2025 წლის 1-ელ აპრილს მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელი ცვლილებითაც აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).
ამავე კანონით ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
სადავო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოურ ძალად მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
„ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა – უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას,“ – ასე დაასაბუთა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.






