მთავარი,სიახლეები

ტრამპმა მშვიდობის საბჭოში სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვია, საქართველო – არა. რატომ? – ინტერვიუ

21.01.2026 •
ტრამპმა მშვიდობის საბჭოში სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვია, საქართველო – არა. რატომ? – ინტერვიუ

„მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა ტრამპს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას „მშვიდობის საბჭოზე“ ვესაუბრეთ, სადაც ტრამპმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიიწვია.

„ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით… ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მე ვფიქრობ, ვკარგავთ კი არა, დავკარგეთ უკვე,“ – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ამერიკელები საქართველოსთან მიმართებით ისევ გააქტიურდებიან.

„საქართველო თავის ადგილს ამერიკელების ინტერესების პრიორიტეტებში აუცილებლად დაიკავებს“, – მიიჩნევს იგი.

როგორ და რა შემთხვევაში მოხდება ეს? – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ მმართველობის წევრია.

  • ბატონო ვალერი, ტრამპმა აზერბაიჯანი და სომხეთიც კი მიიწვია ღაზას სექტორის აღსადგენად მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელ წევრებად და ამ შემთხვევაშიც აუარა გვერდი საქართველოს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა. ისიც გაურკვეველია ჯერ, რა მოხდება სომხეთთან დაკავშირებით: ტრამპის მოთხოვნაა, რომ ერთი მილიარდი შესატანი უნდა იყოს. აზერბაიჯანმა უკვე თანხმობა განაცხადა საბჭოს წევრობაზე, გასაგებიცაა, მას შესაბამისი ამბიციები აქვს. ერთი მილიარდი არ არის აზერბაიჯანისთვის ტრაგიკული თანხა, სომხეთთან მიმართებაში კი, ცოტა საეჭვოა, რას იზამს.

საქართველოსთან მიმართებაში, აბა, როგორ უნდა გამოეგზავნა ტრამპს მიწვევა? მას პირადი კონტაქტი საქართველოში არავისთან არ აქვს. ტრამპს მიღებული აქვს წერილი, რომელმაც მაინცდამაინც ბედნიერება არ მოუტანა. იმ ცნობილ წერილზე ვამბობ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომ გაუგზავნა, შემდეგ თურმე კიდევ რაღაც სხვა წერილი ყოფილა, როგორც ელჩმა დანიგანმა გვითხრა, რომელიც კიდევ უფრო უარესი იყო. რაც ჩვენ ვიცით, იმაზე უარესი რა იყო, ეს აღარ ვიცი. ის წერილი რომ წავიკითხე ჯერ ქართულად და მერე ინგლისურად, მე ჩემი დამემართა.

ვალერი ჩეჩელაშვილი

მერე კიდევ შათირიშვილის გაუთავებელი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ტრამპიც არის „დიპ სტეიტის“ და „გლობალური ომის პარტიის“ აგენტი. ამ ყველაფრის ფონზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? გარწმუნებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში არის ეს მთელი ინფორმაცია, იმიტომ, რომ კარგად თარგმნიან და აწვდიან მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაციას ამერიკის საელჩოდან ტრამპის ადმინისტრაციას.

ამიტომაც, არავითარი შანსი იმისა, რომ ჩვენ დავეპატიჟებინეთ, არ იყო.

ასევე, არა მგონია, ჩვენ ერთი მილიარდის გადახდის მაინცდამაინც დიდი სურვილი გვქონდეს. მთავრობას ჯერ ის თავსატეხი აქვს ამოსახსნელი, როგორ გადაიხადოს ENKA-თან წაგებული 400 მილიონი დოლარი, რომელიც თავისთავად უდიდესი თანხაა. 400 მილიონი დოლარი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, იქნება ეს ჩვილი თუ პენსიონერი, ყველამ უნდა გადავიხადოთ 100 დოლარზე მეტი.

მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კნინდება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში აღარ ვჩანვართ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, როგორც ღირებული მოთამაშე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია.

  • ტრამპი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით, საუბარია შუა დერეფნის სამხრეთის განშტოების მოწყობაზე, ამავე დროს ტრამპი არ ხედავს საქართველოს, სადაც აშშ-მ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო. ეს რაზე მიუთითებს? 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ხედავს საქართველოს. ვერ წარმომიდგენია დიპლომატების ის ჯგუფი, რომელიც მუშაობდა აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმებაზე [რომელსაც ხელი მოეწერა გასული 8 აგვისტოს ვაშინგტონში], არ ხედავდეს საქართველოს, მის გეოპოლიტიკურ ადგილს, როლს და მდებარეობას.

ხედავს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც დონის, თუნდაც მინიმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან, უნდა შესრულდეს ელემენტარული წინაპირობები. ეს წერილები „ოცნებიდან“, დიდაქტიკური ტონი ურთიერთობებში ამერიკასთან სრულიად წარმოუდგენელია.

„ოცნების“ გზავნილი – „მოდით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“, რას ნიშნავს? იმ რამდენიმე მილიარდ დოლარს, რომელიც ჩადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამყარებაში, სამხედრო ძალების ჩამოყალიბებაში, ჰუმანიტარულ დახმარებაში, ეკონომიკის აღორძინებაში –ამას ჩვენ ხაზი უნდა გადავუსვათ? მე, როგორც მოქალაქე საქართველოსი, არ ვარ თანახმა, „სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აშშ-თან ძალიან კარგად აწყობილი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები გვქონდა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ პარტნიორობის აღდგენაზე და არა ცარიელი ფურცლიდან ან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებაზე.

ამიტომაც, მსგავსი განცხადებებიც კი, ძალიან საწყენია ამერიკელებისთვის. ვიდრე ელემენტარული ნაბიჯები არ გადაიდგმება „ქართული ოცნების“ მხრიდან, აქ ძირითადად ორი მიმართულებაა: პატიმრები და კანონები. თუ არ არის „ქართულ ოცნება“ მზად გარკვეული კომპრომისებისთვის, ლაპარაკი ნებისმიერ ურთიერთობების აღდგენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უადგილოა.

  • რამდენად გაიზარდა იმის საფრთხე, რომ ჩიხად ვიქცეთ?

ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. ჩვენ სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით…

ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მე ვფიქრობ, ვკარგავთ კი არა, დავკარგეთ უკვე ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ამის აღდგენას დასჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არ არის და ამას ვერ განახორციელებს.

ბატონი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად და ჩვენ მივყვებით ასოცირების გზას. გააკვირვა ბევრმა ამ განცხადებამ აბუ-დაბიში. მეც გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ არ არის თანხვედრაში რიტორიკასთან, რომელსაც მიმართავს „ქართული ოცნება“ ევროპელებთან მიმართებაში.

  • დასავლეთი ხედავს სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონულ აქტორს, საქართველოს გარეშე. ეს შესაძლებელია? 

არა, ეს ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ამერიკელების პოლიტიკა გააქტიურდება. იქ არის ჯგუფი, განსაკუთრებით კონგრესში, რომელიც არის დაკავებული საქართველოს პრობლემატიკით. მხედველობაში მაქვს ჯგუფი სენატორ უილსონის ხელმძღვანელობით, რომელიც „მეგობარი აქტის“ შემოქმედია. სხვათა შორის, ეს არის ორპარტიული ჯგუფი. რაღაც დონის ყურადღება ახლაც არის საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბებული ამერიკაში. ჯერ არ გააქტიურებულა ეს.

მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან სერიოზული პალიტრა პრობლემებისა ყველა მიმართულებით, რასაც ბოლო პერიოდში დაემატა კიდევ ერთი დიდი გამოწვევა: ევროპასთან ურთიერთობა გრენლანდიის კონტექსტში.

ამიტომაც, რაღაც დრო კიდევ დასჭირდებათ ამერიკელებს, მოუბრუნდეს სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო თავის ადგილს ამერიკელების ინტერესების პრიორიტეტებში აუცილებლად დაიკავებს.

  • საითკენ მიდის პროცესი ირანში, თქვენი დაკვირვებით, ახერხებს რეჟიმი პროტესტის ჩახშობას? 

ამ ეტაპზე ჩანს, რომ, რეჟიმმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიციები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ფუნდამენტური პრობლემები, რის გამოც დაიწყო პროტესტი, გაუჩინარდა. 47 წლის განმავლობაში რეჟიმმა ვერ გამოავლინა თავისი კომპეტენტურობა, ვერ უზრუნველყოს ირანელი ხალხისთვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები. ეს ცხადია. სამივე მიმართულებით არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა. ამ კრიზისიდან ძალიან დასუსტებული გამოვიდა რეჟიმი. ჯერ სრულიად არ არის დამთავრებული ეს ისტორია და აუცილებლად იქნება შემდგომი განვითარება. ვფიქრობ, ეს არის დროებითი პაუზა და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მოვლენების დინამიკურ განვითარებას

საბოლოო ჯამში, ეჭვი მეპარება, რომ შეინარჩუნოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ირანში ჰეგემონია. ყოველ შემთხვევაში 2026 წელს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება თეირანი.

ჩვენს ინტერესშია, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიის, ისე ცალკე აღებული ქვეყნების, რომ გვერდით გვყავდეს ერთიანი, დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული და კარგი პერსპექტივების მქონე ირანის სახელმწიფო, რომელსაც ექნება თურქეთთან და სამხრეთ კავკასიასთან პარტნიორული და პრაგმატული ურთიერთობები. ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდის ასევე სამხრეთ კავკასიის, როგორც რეგიონის მიმზიდველობას და მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

  • „მშვიდობის საბჭოზე“ მინდა გკითხოთ: რისთვის დასჭირდა, თქვენი აზრით, ტრამპს ეს საბჭო, თანაც პუტინის მონაწილეობით? მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს გაერო? 

აქ არის ბევრი გაურკვევლობა. ეს არის მშვიდობის საბჭო ღაზასთან დაკავშირებით. მშვიდობის საბჭო, რომელმაც შეიძლება გაერო ჩაანაცვლოს – ეს მეორე საკითხია. კი ბატონო, ტრამპმა პუტინი დაპატიჟა, მაგრამ პუტინის თვალით რომ შევხედოთ: რაში აინტერესებს ეს პუტინს, რუსეთში სერიოზული ფინანსური გამოწვევების ფონზე, ერთი მილიარდი დოლარი შეიტანოს საბჭოში, გახდეს მისი რიგითი წევრი, ამ საბჭოს სამუდამო თავმჯდომარედ კი, გამოცხადებულია ტრამპი. ვფიქრობ, რუსები რაღაც პაუზას აიღებენ ამ საკითხზე.

ამ საბჭოში არ არის დაპატიჟებული ჩინეთი. როგორ წარმოუდგენია ტრამპს, სამშვიდობო, დიდი ინიციატივა მსოფლიოში მეორე ეკონომიკის და პრაქტიკულად მეორე ისეთი გეოპოლიტიკური მოთამაშის გარეშე, როგორიც ჩინეთია?

ბევრი რამ არ არის გარკვეული. მაგალითად, თუ ქვეყანა ვერ გადაიხდის მილიარდს, ხმის მიცემის უფლების გარეშე იქნება წარმოდგენილი? როგორ მიიღებენ ეს ქვეყნები იმ ფაქტს, რომ სამუდამოდ ტრამპი უნდა იყოს თავმჯდომარე? რა მოხდება 2028 წლის შემდეგ, როცა ტრამპი უკვე პრეზიდენტი არ იქნება? როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს ეს საბჭო, თუ არ იქნება კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები? რა იქნება აღსრულების მექანიზმი?

გაეროს სისტემა, როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ, გაცილებით უფრო დემოკრატიულად არის მოწყობილი, ხომ?! თავმჯდომარეობა როტაციულია, არსებობენ მუდმივი წევრები, დროებითი წევრები ორწლიანი ვადით და ასე შემდეგ. ვხედავთ, რომ ეს ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ კონსენსუსის პრინციპზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ამ შემთხვევაში, თუ არ იქნება კონსენსუსი, გამოდის, რომ იქ გაწევრიანებული ქვეყნები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას, რომ დაემორჩილონ უმრავლესობას. შეეკითხეთ ახლა რუსეთს: ეს მისაღებია მისთვის?

ამერიკული დიპლომატია საერთოდ ძალიან კარგად ინსტიტუციონალიზებული სტრუქტურაა თავისი სერიოზული სკოლით, ხედვებით და ასე შემდეგ. ამისთანა ნედლი, დაუმუშავებელი წინადადების წარდგენა, სადაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ვფიქრობ, არ იყო მაინცდამაინც მიზანშეწონილი, მაგრამ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. იმაზე ანგარიში, რომ ეს საბჭო უმალ ამოქმედდება და ყველაფერი დალაგდება ამ საბჭოს მეშვეობით, სერიოზული ილუზია იქნება. ეს ვარდისფერი სათვალე, ვფიქრობ, არავის არ აქვს არც ევროპაში და, მათ შორის, არც რუსეთში, ჩინეთზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ.

  • საითკენ მიდის დღეს ეს საერთაშორისო წესრიგი? თქვენ გრენლანდია ახსენეთ და გუშინ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა: ყირიმი არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისო.

ჩვენ ამ რიტორიკას ველოდებოდით კიდეც. მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ ამერიკელები ძალით არაფერს არ აკეთებენ. ამერიკელები კონსულტაციებს აწარმოებენ დანიელებთან და ევროპელებთან. მე სრულად გამოვრიცხავ ამერიკელების რაღაც სახის სამხედრო ოპერაციას გრენლანდიაზე არა იმიტომ, რომ ახლა ამერიკელები მაინცდამაინც საერთაშორისო სამართლის გამო შეიკავებენ თავს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ამერიკის მოწყობა, ინსტიტუციური, კანონმდებლობა და ის ფაქტი, რომ აუცილებლად დასჭირდება ტრამპს კონგრესის თანხმობა სამხედრო ოპერაციაზე, ის ამ თანხმობას ვერ მიიღებს ვერანაირად.

ბეწვის ხიდზე გაიარა რეზოლუციამ სენატში, სადაც სენატორები უკრძალავდნენ ტრამპს მათი ნებართვის გარეშე ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. წარმოიდგინეთ, 50-50-ზე იყო ხმები, რამდენიმე რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა დემოკრატებს… და ეს მოხდა ვენესუელასთან ბრწყინვალე ოპერაციის შემდეგ, რომელიც ამერიკელებმა განახორციელეს.

გრენლანდიასთან დაკავშირებით კი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრით, ამერიკელების 80% მხარს არ უჭერს გრენლანდიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ ევროპელები და ამერიკელები.

გრენლანდიის ფართობი არის 2 მილიონ 166 ათასი კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის: მთლიანად სამხრეთ კავკასიის ფართობი არის 185 ათასი კვადრატული კილომეტრი – ანუ გრენლანდიის ერთი მერვედი. არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება დანიელებს და ამერიკელებს შორის. ბოლო-ბოლო შეიძლება მონიშნოს ტრამპმა ის ნაწილები გრენლანდიის, რომელიც განსაკუთრებულად ესაჭიროება, ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და იყიდოს არა მთლიანად გრენლანდია, არამედ ვთქვათ 100 000 კვადრატული კილომეტრი… მოკლედ, აქ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და მეორეს მხრივ, არც ამერიკელებს და არც ევროპელებს ახლა ურთიერთდაპირისპირება არანაირად არ აძლევს ხელს – ისინი ძალიან არიან დამოკიდებული ერთმანეთზე.

ეს ტრილიონობით ვაჭრობა, გინდა საქონლით, გინდა მომსახურებით, წარმოიდგინეთ, მარტო ევროკავშირი ფლობს საფინანსო ვალდებულებებს ამერიკის შეერთებული შტატების 8 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ამას დაუმატეთ დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია.

მეორეს მხრივ, ამერიკელები უზრუნველყოფენ პრაქტიკულად ევროპის თხევადი გაზით მომსახურებას. ევროატლანტიკური სივრცე ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, იმდენად ინტეგრირებულია, რომ სხვა გამოსავალი, ვიდრე რაღაც დიპლომატიური ხერხებია, არ არსებობს. ყველას ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ეს ურთიერთქმედება.

ამასთან ერთად,მაგალითად, კანადელები დემონსტრირებენ, რომ მათ სხვა გამოსავალიც გააჩნიათ. კანადამ ახლახან მოაწერა სერიოზული სავაჭრო შეთანხმებას ხელი ჩინეთთან. ევროკავშირმა გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ამჯერად კი, სერიოზულად მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ინდოეთთან. ინდოეთი გახდა მეოთხე ეკონომიკა მსოფლიოში, იაპონიას გაუსწრო – თუ არ გაუსწრო, ძალიან მიუახლოვდა და მეხუთე ეკონომიკა მაინც არის.

ყველა მხარეს – ევროპელებსაც და ამერიკელებსაც, კანადელებსაც [კანადა 2-ტრილიონიანი ეკონომიკაა, მერვე ეკონომიკაა მსოფლიოში], აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები ერთმანეთზე ნეგატიური და პოზიტიური ზემოქმედების.

ბალანსის ანალიზისას, ვფიქრობ, ატლანტიკური ოკეანის ორივე ნაპირი ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, მივა იმ დასკვნამდე, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობა არის უალტერნატივო.

მე ამის ძალიან მწამს და მჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს და გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის – თავისთავად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: