საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 23 დეკემბერს, არსებითად განიხილა ჟურნალისტ გიორგი არობელიძის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონის იმ ჩანაწერს, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. ჟურნალისტი ბათუმში, ერთ-ერთ ბარში მას შემდეგ დააკავეს, როცა ის სხვის დაკავებას შეესწრო და პოლიციელებს ჰკითხა: რატომ აკავებთ?
ეს 2021 წლის ამბავია: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციელის შეურაცხყოფა, ან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] საფუძველზე დააკავეს მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები – გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. მაშინ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ერთ-ერთ ბარში იკითხეს, რატომ აკავებდნენ სხვა ადამიანებს. ჟურნალისტებს ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს.
პოლიციელების მხრიდან ძალადობის საქმე არც ამ შემთხვევაში გამოუძიებია ვინმეს. სამაგიეროდ, 2022 წლის 28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი არობელიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ასკ-ის 173-ე მუხლით აკავებენ ძირითადად საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ეს მუხლი გულისხმობს პოლიციელის შეურაცხყოფას, ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
ამ მუხლით დააკავეს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელი. შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მოსამართლემ ვერ დაასახელა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამას დაადასტურებდა.
„საქმეში არსებული ფაქტობრივი მონაცემები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მასალებით გიორგი არობელიძის მხრიდან გ.ლ-ის დაკავებაში პოლიციელებისთვის ხელშეშლა გამოვლინდა სიტყვიერ პროტესტში – გამოხატული ფრაზაში -„რატომ აკავებთ?“ – რაც ობიექტურად ვერ შეაფერხებდა საპოლიციო ღონისძიების განხორციელებას. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ წარმოთქმული სიტყვებით ინციდენტის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეშალა ხელი საპოლიციო ღონისძიების (დაკავების) განხორციელებასა და მართლწესრიგის უზრუნველყოფას,“ – აღნიშნულია სარჩელში.
მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტის სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას [ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას], რომელიც არ წარმოადგენს შეურაცხყოფას.
გიორგი არობელიძის აზრით, სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ნორმას აქვს მსუსხავი ეფექტი პირის გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც განპირობებულია სადავო ნორმაში ბუნდოვანი ტერმინების არსებობით. მისი პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია იმაზე მეტად ზღუდავს პირის გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ეს განსაზღვრული ჰქონდა კანონმდებელს და ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„მიგვაჩნია, რომ დისპოზიციით გათვალისწინებული ალტერნატიული ქმედებებიდან კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შინაარსი არის ბუნდოვანი და არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს…
კანონმდებელი არათუ არ აკონკრეტებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განსაზღვრისას აღმასრულებელი სპეციალური პირის მოქმედების ფარგლებს, არამედ ანიჭებს მას შეუზღუდავ დისკრეციას დაადგინოს დაუმორჩილებლობის ფარგლები და შინაარსი.
კანონი არ იძლევა იმის განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვევს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
შესაბამისად, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, იღებს მოთხოვნის გამცემი პირი და არა პარლამენტი. აღნიშნულის მკაფიო მაგალითია მოსარჩელის საქმე, როდესაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად ისეთი ვერბალური გამოხატვა ჩაითვალა, რომელიც არ იყო შეურაცხყოფა და არც საპოლიციო ღონისძიების განხორციელებას უშლიდა ხელს/ არ ქმნიდა ხელშეშლის რეალურ საფრთხეს.
გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს ერთგვაროვანი სახელმძღვანელო სტანდარტი, რითაც შეამოწმებს, თუ რა ქმედება უნდა ჩაითვალოს საპოლიციო ღონისძიების ხელშეშლად და რა არა, რასაც ურთიერთშეუსაბამო სასამართლო პრაქტიკაც მოწმობს, რაც ქვემოთ იქნება განხილული,“ – ვკითხულობთ სარჩელში.
საქმეს არსებითად განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. ამ კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე მანანა კობახიძეა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი არობელიძის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ მუხლის შეცვლა მოუწევს.
სასამართლომ ამ დრომდე არაერთი რეზონანსული საქმე განიხილა, მაგალითად „ფარული მოსმენების საქმე“, თუმცა ამ კონკრტული საქმის განხილვის დასრულებიდან უკვე 6 წელი გავიდა, სასამართლო კი, გადაწყვეტილებას არ იღებს.
ამ თემაზე:
ჟურნალისტი იმ მუხლს ასაჩივრებს საკონსტიტუციოში, რომლითაც აქციებზე ადამიანებს აკავებენ






