სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა.
BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].
ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის ინტერვიუსაც.
გუშინ, 2 დეკემბერს, BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები. მათ უარი თქვეს უწყებაში მისვლაზე და სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სუს-ის განცხადებით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი. აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენ გაზთან შედარებით ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






