მთავარი,სიახლეები

„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

25.11.2025 •
„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

„ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე,“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. მას ევროპის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ – მოსალოდნელია ევროპა დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს?

ყოფილ ელჩს უკრაინასთან „სამშვიდობო შეთანხმების“ პროცესზე ვესაუბრეთ. ამ პროცესში ვისმენთ, რომ ევროპელი ლიდერების პოზიციები უფრო და უფრო კატეგორიული გახდა.

რა ელის ამ დროს უკრაინას? – „ბათუმელებმა“ გიგი გიგიაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს ყოფილი ელჩია დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. იგი ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა [2014-2016 წლები]. ამჟამად გიგი გიგიაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის [EPRC] უფროსი მკვლევარია.

  • ბატონო გიგი, რას აჩვენებს ბოლო განცხადებები ევროკავშირიდან „სამშვიდობო შეთანხმებაზე“? რამდენად იცვლება ევროკავშირის პოზიციონირება აშშ-სთან? კალასი ამბობდა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროსო, პოლონეთის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ „მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა“.

ევროკავშირის პოზიციონირება ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო, ერთიანი და ცხადი უკრაინის მიმართ. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

ცხადია, ყველა ის დებულება, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ 28-პუნქტიან შეთანხმებაში, მიუღებელი იყო ევროპელებისთვის ისევე, როგორც უკრაინისთვის. ამიტომაც, არაფერი უცნაური არ მომხდარა – ევროპელებმა სრულიად არაორაზროვნად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ნებისმიერი ფორმით დათმობა მოძალადე ქვეყანასთან, აგრესორთან, თავდამსხმელ ქვეყანასთან და ამ ძალადობის შედეგად აგრესიის დაკმაყოფილება, დაუშვებელია.

ყველას ძალიან კარგად ესმის ევროპაში, რომ თუ რუსეთს შერჩება ის აგრესია, რომელსაც ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ის ამას გაიმეორებს ხვალ უკვე სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ. 28-პუნქტიანი შეთანხმების სამუშაო ვერსიის შემდეგ ევროპამ წარადგინა თავისი ვერსია, რომელიც მათ უკრაინელებთან ერთად შეიმუშავეს და წარმოუდგენელი დებულებები ამოიღეს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორია.

ევროპას სჭირდება უფრო მეტი აქტიურობა. ის უკვე არის საკმაოდ აქტიური ამ პროცესში და უპრეცედენტო ერთობა გამოიჩინა ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე.

  • თქვენი დაკვირვებით, ევროპა მზად არის დაიკავოს ხისტი პოზიცია აშშ-სთან, დაუპირისპირდეს? 

არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ თითქოს დაპირისპირება არსებობს. ევროპისთვის აშშ რჩება უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა, ამავდროულად ევროპა მოწადინებულია უფრო მეტი ავტონომია გამოიჩინოს, უფრო მეტად იმოქმედოს დამოუკიდებლად ამერიკის პოზიციისგან.

ახლა ვარ ბერლინში, მაგალითად და ორი საათის წინ გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიისთვის ამერიკის შეერთებული შტატები რჩება უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად, რომ გერმანია აგრძელებს ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ამერიკასთან.

ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც ზუსტად ასევე აღიქვამენ სიტუაციას.

მთავარია ამ პროცესში ის, რომ ევროკავშირი ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების პარალელურად, აგრძელებს უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების, შეთანხმების, დებულებების ჩამოყალიბებას. ევროკავშირი ცდილობს, დაანახოს ამერიკას, რატომ არის ესა თუ ის პუნქტი კატეგორიულად მიუღებელი.

  • მაგრამ ეს ხომ აშშ-ში შესანიშნავად იციან, რაც არის მიუღებელი?

ნებისმიერი შემოთავაზება არის პირველადი შემოთავაზება და სამუშაო ვერსია. საერთაშორისო დიპლომატიაში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო შეთანხმებების დადების პროცესში, არავინ თანხმდება – არასდროს კაცობრიობის ისტორიაში – პირველად შემოთავაზებას. თავდაპირველად ორივე მხარე ითხოვს თავის მაქსიმუმს და შემდეგ უკვე საწყისი წერტილიდან იწყება კომპრომისების ძებნა.

  • მიგაჩნიათ, რომ ამ 28-პუნქტიან შეთანხმების შეთავაზებაში არ ჩანდა აშშ-ს პოზიცია? 

ჩვენ შეგვიძლია ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ამის გადამოწმების საშუალება ფიზიკურად არ გვექნება. გროკმა დაადასტურა რომ ეს ტექსტი რუსული კალკია და პირდაპირაა ნათარგმნი რუსულიდან, მაგრამ ეს ოფიციალურად დაუდასტურებელია.

ფაქტია, რომ ამერიკულმა მხარემ, მარკო რუბიომ, რეალურად თქვა, რომ ეს არის ამერიკის მიერ მოწოდებული შეთავაზება თავისი დადებითი და უარყოფითი საკითხებით. ჩვენ ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ. სხვადასხვა კონსპირაციული თეორია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რახან ამერიკის სახელმწიფომ მდივანმა დაადასტურა, რომ ეს არის სწორედ ის შეთანხმება, ანუ, ასე ვთქვათ, ნიმუში შეთანხმებისა, პირველადი ვერსია, რომელიც ამერიკამ წარადგინა, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც არის.

ასე მოიქცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც: ეს მიიღეს, როგორც მოცემულობა, დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს… ამერიკელებმა იცოდნენ, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი. ჩავთვალოთ, რომ ეს მათი სტრატეგიის ნაწილია, შესთავაზეს მაქსიმუმი, რაც, ჩემი აზრით, იყო სრულიად არასწორი: სრულიად წარმოუდგენელია უკრაინას სთხოვდე ტერიტორიების დაკარგვის აღიარებას და კიდევ დაუპყრობელი ტერიტორიების ჩაბარებას.

ბევრი რაღაც არის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო დიპლომატიაში, რაც არის მიუღებელი, მაგრამ ეს უნდა ავიღოთ, როგორც ათვლის წერტილი. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველად ვერსიაზე არასდროს არავინ არ თანხმდება. პირველადი ვერსია არის მაქსიმუმის მოთხოვნა ორივე მხარისგან და შემდეგ ხდება უკვე შეთანხმება, კომპრომისულ წერტილამდე მისვლა.

თუმცა, არის წითელი ხაზები, რასაც ევროკავშირი და ევროპელები კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ. ეს არის ტერიტორიული ერთიანობა, მთლიანობა ქვეყნისს და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა. ანუ ვგულისხმობ არჩევანის გაკეთების ხელშეუხებლობას, ანუ ვერავინ ვერ უკარნახებს უკრაინას, უნდა გახდეს ნატოს წევრი თუ არა, უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი თუ არა.

ევროპელებმა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაანახეს ამერიკელებს, რომ ეს წითელი ხაზებია.

  • თუ დადასტურდება, რომ აშშ-ს ინტერესები გარკვეულ საკითხებში აღარ არის თანხვედრაში ევროპასთან, ევროპა, თქვენი აზრით, მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და უკრაინა? მზადაა ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის?

ამ შემთხვევაში სწორი მოქმედების თანმიმდევრობა ამერიკელების მხრიდან იქნებოდა, ჩემი აზრით, ის, რომ ვიდრე ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ნიმუშის წარდგენა მოხდებოდა ოფიციალურად, ამ პუნქტებზე მომხდარიყო ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაცია და წარმოდგენილი ყოფილიყო ის ვერსია, რომელსაც ევროკავშირი და უკრაინაც დათანხმდებოდა. ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ეს არის პრეამბულა მთელი ამ პროცესისა. ვერავინ ვერ გადაწყვეტს უკრაინის ტერიტორიების, სუვერენიტეტის საკითხს უკრაინის ხალხის ნების გარეშე.

რახან ასე გადაწყვიტა ამერიკის ამ ადმინისტრაციამ, რომ ასეთი ფორმით მოეხდინა ამ ყველაფრის წარმოდგენა, ეს მათი არჩევანია, ხომ?! მიუხედავად იმისა, ჩვენ ვეთანხმებით ამას, თუ არ ვეთანხმებით, ეს მათ ესე გააკეთეს. შესაბამისად, მიიღეს ძალიან გაწონასწორებული, ლოგიკური და ზუსტი პასუხი ევროპელების მხრიდან, თუ რას დათანხმდებიან ევროპელები და რას დათანხმდება უკრაინა, ანუ როგორ ხედავს უკრაინა საწყის წერტილს მოლაპარაკებების დაწყებისა.

ევროპელები ცდილობენ, საკუთარი პოზიციონირება მოახდინონ ამერიკელებთან ერთად. ჩვენ არ უნდა შევხედოთ პროცესს, რომ აქ არის სამი სხვადასხვა მოთამაშე. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან ეს განცდა და ეს სურვილი არ არის.

ევროკავშირში უკვე დიდი ხანია ფიქრობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ  რაღაც მომენტში ევროკავშირს მოუწევს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა იქნება ამერიკის წინააღმდეგ მიმართული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონფრონტაციული ხასიათის ექნება. პირიქით, ეს იქნება შეთანხმებული პოლიტიკა. ტრამპი ამას უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ევროპელებმა თვითონ იზრუნონ ევროპის კონტინენტზე და არავინ ამის წინააღმდეგი არ არის… სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის წითელი ხაზები, რაც ევროპული ქვეყნებისთვის არის სრულიად კრიტიკული, არ იქნება არანაირად დარღვეული და გადალახული ნებისმიერი მხარის მიერ.

ამ ეტაპზე ევროკავშირს 19 სხვადასხვა, უმძიმესი სანქცია აქვს დაკისრებული რუსეთისთვის. უპრეცედენტო გადაწყვეტილებას პირისპირ ვდგავართ ჩვენ თანამედროვე, ანუ 21-ე საუკუნეში, როდესაც ევროკავშირი არა მარტო პოზიციონირებს ერთიანი ხმით, არამედ ძალიან მკაფიოდ აკეთებს კონკრეტულ განცხადებებს, თუ როგორ ხედავენ ისინი მომავალში ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურას.

რუსეთის ბუნება რომ არ შეიცვლება, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ამიტომ ისინი არ აპირებენ, რაღაც დათმობებზე წავიდნენ ამ აგრესიულ, შოვინისტურ, იმპერიალისტურ რეჟიმთან, რომელსაც დიდი ალბათობით პუტინის გამოცვლაც ელის უახლოეს მომავალში.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ძალიან თამამად, რომ ევროპელები და ამერიკელები ერთად მოქმედებენ არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად, ყველა იმ წითელი ხაზების დაცვით, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

თუმცა ევროპა ემზადება იმისათვის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების პროცესებზე.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ელის უკრაინას უახლოეს პერსპექტივაში, თქვენი აზრით?

მე მგონია, რომ ევროპა და ასევე ამერიკა გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მაქსიმალურ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე არ იქნება ევროპაში მიღწეული სამართლიანი მშვიდობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: