თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და იქვე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილმა, გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, გავლენა იქონია გამოძიებაზე და მისი დავალებით ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, „რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში“.
ზურაბ ადეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ყოფილი გენპროკურორი გაამართლა.
ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილს „ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა“.
- რა მოხდა 2004 წლის 24 ნოემბერს – პროკურატურის ვერსია
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას შესთავაზა თავისი ვერსია, თუ რა მოხდა 2004 წლის 24 ნოემბერს, რა დროსაც ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი – ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ხსენებული ფაქტის თობაზე იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია,“ – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ამავე თემაზე:
ოქრუაშვილი: რობაქიძის საქმეზე დონაძეს და მიქაძეს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ
ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს






