„ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ბურჯანაძე. მას „ქართული ოცნების“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლითაც იგი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
გიორგი ბურჯანაძე „ოცნების“ სარჩელს ე.წ. სარჩელს უწოდებს, რადგან იგი მთლიანად პოლიტიზებულია, ამის უპირველესი დასტური კი, თავად „ოცნების“ განცხადებებია.
„ეს 3 პარტია, რომლის აკრძალვაც იგეგმება, პირდაპირ არის დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ, რომ იმიტომ არიან „დასჯილები“, რომ ისინი არ აღიარებენ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარება არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი,“ – განმარტავს გიორგი ბურჯანაძე.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს მთავარი საფრთხეზე – პარტიების აკრძალვის შემდეგ „ოცნებას“ შეეძლება მისთვის პოლიტიკურად არასასურველი ნებისმიერი პირს დააბრალოს აკრძალულ პარტიებთან კავშირი და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.
„ბათუმელებმა“ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- ბატონო გიორგი, თქვენი შეფასებით, რა არის სამართლებრივად მთავარი პრობლემა „ოცნების“ სარჩელში, რომლითაც იგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს?
მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ე.წ. სარჩელი სცილდება კონსტიტუციური რეგულაციის ჩარჩოს. საქართველოს კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პარტია აკრძალო, მაგრამ კონსტიტუცია ჩამოთვლის ამომწურავ საფუძვლებს. ეს საფუძვლები არის ვიწროდ განსაზღვრული და ეხება შემთხვევებს, როდესაც პარტია წარმოადგენს დემოკრატიისთვის არსებითად საფრთხის შემცველს, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის შუღლის გაღვივებას ეწევა, კონსტიტუციურ წესრიგს ძალადობით ცვლის, ან რეგიონული ნიშნით შუღლს აღვივებს და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, რამე ასეთი ბრალდება არ არის წარმოდგენილი და ეს 3 პარტია, რომლის აკრძალვაც იგეგმება, პირდაპირ არის დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ, რომ იმიტომ არიან „დასჯილები“, რომ ისინი არ აღიარებენ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს.
გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარება არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი. „ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აკრძალვა არ მოითხოვეს, რადგან იგი საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა.
ამას უნდა დავუმატოთ ის საკითხიც, რომ დაჩქარებული წესით შეიცვალა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი, ისევე, როგორც ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ამ ცვლილებების შემდგომ უკვე დაჩქარდა სამართალწარმოება.
მეორეს მხრივ, გაჩნდა ახალი საფუძვლები იმის, რომ პარტიას თუ აკრძალავენ, შემდეგ შეიძლება პარტიის აკრძალვა გამოიყენონ ნებისმიერი პირის მიმართ. ხაზს ვუსვამ – ნებისმიერი პირის მიმართ, იმისთვის, რომ მას ჩამოართვან უამრავი უფლება, მათ შორის პასიური საარჩევნო უფლება, უფლება არჩეული იქნეს შესაბამის თანამდებობაზე.
ეს საკანონმდებლო ცვლილებები აფართოებს საქართველოს კონსტიტუციის ჩამონათვალს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ, რომლის შესაძლებლობასაც კონსტიტუცია თვითონ არ ითვალისწინებს.
- გამოდის, რომ თუ „ოცნება“ მიზანში ამოიღებს მისთვის პოლიტიკურად არსასურველ ადამიანს, შეუძლია მას დააბრალოს კავშირი რომელიმე აკრძალულ პარტიასთან და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა?
რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ არსებული 3 პოლიტიკური პარტია აკრძალოს, არამედ მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს სამომავლოდ აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.
ჩვენ ხომ მართლა საკონსტიტუციო სასამართლო არ გვყავს? ეს არის რვა წევრისგან შემდგარი სასამართლო, რომლისგანაც დამოუკიდებელი და რეალურად მოსამართლე მხოლოდ ორია [თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე], დანარჩენი ექვსი არის მიკერძოებული, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერენ. ისინი ყველა გადაწყვეტილებაში ეთანხმებიან „ქართულ ოცნებას“. ბუნებრივია, მათ მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და ეს არ არის მოსალოდნელი.
ეს არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მათ შექმნეს სამ დღეში განხორციელებული ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა.
ამისთვის სპეციალური ვადებიც დაადგინეს: მაგალითად, უკანონო მოსმენების კანონი 2017 წელს განიხილეს და ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული – გადაწყვეტილების მისაღებად ვადა არ არის დადგენილი, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით კი 9 თვეში უნდა იყოს გადაწყვეტილება გამოტანილი.
არსებობს ასევე 14-დღიანი ვადა უკვე კონკრეტული პირების მიმართ. მაგალითად, კონკრეტული პარტიების აკრძალვის შემდეგ გეტყვიან, რომ არ მოსწონხარ და უნდა აგიკრძალონ პასიური საარჩევნო უფლება [უფლება აგირჩიონ რომელიმე არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე], საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალებენ ამ პირის საკითხზე გადაწყვეტილებას მიღებას, რისთვის მას 14 დღე ექნება.
თქვენ ხშირად გიწევთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქება. ვერცერთ მაგალითს ვერ გამახსენებთ, რომ 14 დღეში რაიმე საკითხი გადაეწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტასაც კი, სჭირდება ერთი თვე.
- „ნაციონალური მოძრაობას“ აკრძალვის დასასაბუთებლად „ოცნებამ“ სარჩელში ჩაწერა კონკრეტული საქმეები. არ არის სამართლებრივი არგუმენტი უფლებების დარღვევა პარტიის აკრძალვისთვის?
ცალკე აღებული ადამიანის უფლებების დარღვევა იმ მასშტაბის თუ არ იქნება, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წყობილებასთან, ვერ იქნება პარტიის აკრძალვის საფუძველი. ამ ნაწილში სარჩელი კონსტიტუციურ დადგენილ ფარგლებს ცდება.
გასათვალისწინებელია დროითი ფაქტორი – როდესაც პარტია ხელისუფლებაში აღარ ყოფილა 13 წელია, რისკი მათი მხრიდან, ადამიანის უფლებები დაირღვეს, ნაკლებია. საფრთხისშემცველი პარტია მაშინ არის, როცა მას ხელისუფლება აქვს, როცა შესაბამისი ძალაუფლება აქვს, აქედან გამომდინარე, ეს რისკის მომენტი ცალკე დასაბუთებას საჭიროებს.
„ოცნებას“ უამრავი დარღვევა აქვს ჩადენილი. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, პირველად ისტორიაში, „მაგნიტსკის სიაში“ არის მოხვედრილი „ქართული ოცნების“ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის, ვახტანგ გომელაური. მათ უპრეცედენტო დარღვევები აქვთ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ამ ლოგიკით, მაშინ თავისი პარტიის აკრძალვაც უნდა მოითხოვონ.
ყველა ეს მიზეზი, არგუმენტი, რაც ახლა არის მოფიქრებული, არის პოლიტიკური. წულუკიანის კომისიაც მიზნად ისახავდა, რომ ვითომ საფუძველი მოეფიქრებინათ ამ სარჩელისთვის, ამ ფორმალური პროცედურისთვის.
- არის თუ არა განსაკუთრებულად საფრთხისშემცველი „ოცნების“ სარჩელში ენმ-ს „დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში“ დადანაშაულება? ეს ქმნის თუ არა ახალ სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლოებს მიღებული აქვთ ამ საკითხზე გადაწყვეტილება
ამ საკითხზე ალბათ უფრო პოლიტიკოსები იმსჯელებენ. ეს ეხება უსაფრთხოების სფეროს.
მსჯელობაც კი, რასაც ჩვენ წულუკიანის კომისიაზე ვისმენდით, საკმაოდ საშიში იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რისკებს შეიცავს.
- „ოცნება“ თავის სარჩელში საუბრობს ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზეც იმ წლებში, როცა ხელისუფლებაში ენმ-ი იყო. „ოცნებამ“, მაგალითად, „ბათუმელების“ დასახელებას არჩია კონკრეტული ჟურნალისტის ვინაობა დაეწერა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
რა თქმა უნდა, ყველაფერი სელექციურია. „ოცნება“ ხომ მართლა სიმართლის დადგენას არ ისახავს მიზნად?!
ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ მოხდეს ფორმალური არგუმენტების შემოტანა და ფორმალურად ლაპარაკი, რომ აი, რაღაც დაირღვა და ასე შემდეგ.
- „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ამ სარჩელში „ოცნება“ საერთოდ არ საუბრობს „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვის არგუმენტებზე. არგუმენტების მითითების გარეშე პარტიის აკრძალვის მოთხოვნა რა სამართალია?
პარტიის აკრძალვას აქვს ყველაზე მაღალი სტანდარტი.
თავის დროზე მსგავსი მექანიზმი არ არსებობდა კონსტიტუციურ სამართალში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩნდება ეს მექანიზმი, იმიტომ, რომ როცა პარტია, რომელიც თავისი არსით დემოკრატიული მიზნისთვის არის შექმნილი, სცდება პარტიულ მიზანს და პირიქით, დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველია, უნდა გაიყვანონ კონსტიტუციური წესრიგიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტომ აქვს ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლება და არა ჩვეულებრივ სასამართლოებს, რომ ეს უნდა იყოს გამორჩეულად მაღალი მტკიცების და სტანდარტის მქონე სამართალწარმოება.
„ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების დასჯა. როგორც დასაწყისში გითხარით, პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი არ სჯიან ამ შემთხვევაში გახარიას პარტიას იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ის პოლიტიკურ პროცესს შეუერთდა.
ეს არის მცდელობა მათი მხრიდან იმის, რომ ვინც არჩევნებს არ აღიარებს, დასაჯონ და არა ის, რომ მართლა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებით ვინც არის დაკავებული, მის მიმართ გამოიყენონ სამართლებრივი, კონსტიტუციური მექანიზმი.
- ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო. „ოცნება“ კი, სარჩელში ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას“, მაგალითად, „როინ შავაძის საქმის“ გამოც, რომლის პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი. ეს რას ნიშნავს?
ვასილ როინიშვილი ძალიან რთულად შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ მოსამართლედ. პირიქით, არაერთი ფაქტით დასტურდება, რომ იგი ყოველთვის ხელისუფლების მაამებლურ გადაწყვეტილებას იღებს. მას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლმსაჯულების გარკვეული ორგანოები ებარა და ვითომ დამოუკიდებელი როლი უნდა შეესრულებინა. ის ამას ვერ ახორციელებდა. იგივე ფუნქციის შესრულება განაგრძო მან „ქართული ოცნების“ დროსაც.
დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვასილ როინიშვილი ალბათ წარბშეუხრელად განაგრძობს საქმიანობას და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ მაამებლური იქნება. ამ ალბათური მსჯელობის საფუძველს მაძლევს ის წინარე, უამრავი მაგალითი, რომელიც არსებობს მასთან მიმართებით.
რაც შეეხება მიუკერძოებლობას – უფრო ალბათ მოსარჩელემ უნდა დაუყენოს ვასილ როინიშვილს აცილების შუამდგომლობა, იმიტომ რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო პროკურორი და ვერ იქნება მიუკერძოებელი.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლო არის წმინდა წყლის დამორჩილებული, რეპრესიული მექანიზმი და მას სასამართლოსთან დაკავშირებული არაფერი არ სცხია ჩემი აზრით, გარდა ორი დამოუკიდებელი მოსამართლისა, რომელსაც დიდი მადლობა ეკუთვნის ამ მძიმე დროებში მათი პროფესიული ღირსების დაცვისთვის.






