ლაგოდეხში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ერთი პირი მოკლეს. როგორც შსს აცხადებს, სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი.
ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ბრიფინგზე.
ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი.
7 პირს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს და საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირს, ასევე, ერთ „კანონიერ ქურდს“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური რაზმის თანამშრომლების წინააღმდეგ. სროლის შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
საპოლიციო ღონისძიება ერთდროულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარდა,“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართულები, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, იღებდნენ მათგან დავალებებს, რასაც შემდგომში ასრულებდნენ.
ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირები პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით.
ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. [დავით მიქაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება].
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება,“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.






