დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან.
ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც და განსაკუთრებით დაკავების შემდეგ, პროევროპული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა სინდისის პატიმრების სხვა მშობლებთან ერთად.
21 ოქტომბერს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დაფიონმა“, რომლის დამფუძნებელია სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, გაავრცელა წერილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ზვიად ცეცხლაძეს ციხეში გაუგზავნა. ჰერჩინსკის წერილი იყო პასუხი ზვიად ცეცხლაძის მიმართვაზე, რომელიც პატიმრობაში მყოფმა სტუდენტმა ჯერ კიდევ აგვისტოში გაუგზავნა ევროკავშირის ელჩს გლდანის ციხიდან. ამ წერილით ზვიად ცეცხლაძე ჰერჩინსკის სთხოვდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რათა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ.
ინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის ელჩის წერილის შესახებ „ოცნების“ ლიდერების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. „ოცნებამ“ „ტერორისტი“ უწოდა 20 წლის სტუდენტს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია.
ამავე თემაზე:
„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე






