მედია ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ ლიკა ბასილაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლიკა ბასილაია წუხელ, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ტროტუარზე იდგა. ის არც გზას კეტავდა და არც პირბადე ეკეთა.
„22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.
“ქართულ ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს. მედიაზე თავდასხმა გრძელდება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ლიკა ბასილაიას და უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტებს,“ – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ლიკა ბასილაია მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ პოლიციამ დააკავა.
ბოლო სამ დღეში დააკავეს ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია და ირაკლი წულაია.






