მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან.
ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.
მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო.
მსგავსი ქმედებები შეტევაა არამხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.
კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ.
ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“- ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ვახო სანაია დღეს, 19 ოქტობერს დააკავეს. მისი დაკავება სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას უკავშირდება.
„ქართულმა ოცნებამ“ 17 ოქტომბერს მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც აქციაზე გზის გადაკეტვა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.






