მთავარი,სიახლეები

„მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება“ – ჟურნალისტი სულხან მესხიძე

15.10.2025 •
„მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება“ – ჟურნალისტი სულხან მესხიძე

ჟურნალისტი, ადგილობრივი ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი სულხან მესხიძე ფეისბუქზე წერს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, თუმცა აღარ აპირებს შსს-ს მიმართოს.

„სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს.

შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირადი შეურაცხყოფითა და აშკარა მუქარით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა – წინა მსგავს ფაქტებზე პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენ. პოლიციასა და სხვებს არაერთხელ მივმართე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია. ამიტომ ამჯერად ოფიციალურად განცხადების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან ცხადია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათი დაცვა პრიორიტეტი არ არის.

მიუხედავად მუქარებისა და ზეწოლის, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვთვლი, რომ ასეთი აგრესია პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკური და მორალური ატმოსფეროსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ქვეყანაში – გარემოსი, სადაც ჟურნალისტის დევნა და დამცირება ყოველდღიურ რეალობად იქცა.

პასუხისმგებლობას ამ ვითარებაზე ვაკისრებ მმართველ პარტიას და მათ პოლიტიკას, რომელმაც საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის კულტურას ჩაუყარა საფუძველი“ – წერს სულხან მესხიძე.

მისივე თქმით, მუქარისა და შეურაცხყოფის წერილი უკავშირდება მის მიერ მომზადებულ მასალას ბათუმის მერიის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ.

წელს, 2025 წლის მარტში, სულხან მესხიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა მისივე თქმით, საგამოძიებომ გამოძიება არ დაიწყო „დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით“.

ამავე თემაზე: 

ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: