მთავარი,სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების საჩივარი 

26.09.2025 •
სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების საჩივარი 

„მედიამბუდსმენის“ განცხადებით, 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მედიაომბუდსმენს“ წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება რუსული კანონის საქმეზე. 

„მედიამბუსდმენი“ წერს, რომ საქმე – „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის  ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვნები  ცდილობდნენ არ გასაჯაროებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები.

„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მედიის წარმომადგენლებმა სტრასბურგს 2025 წლის ზაფხულში მიმართეს.

დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ესენია:

  • სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას  არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი. 

საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც 2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:

  1. ნიკოლოზ კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „პირველი“
  2. მარი წაქაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  3. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
  4. მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
  5. მაია თეთრაშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  6. ნიკა კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  7. მიხეილ გვაძაბია, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“
  8. რატი მუჯირი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  9. გურამ მაისურაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
  10. დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
  11. ზურაბი ჩხვირკია, ოპერატორი, ტელეკომპანია „მთავარი“
  12. ნიკა საჯაია, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  13. ჯამლეთ ბაკურიძე, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  14. ირაკლი ბახტაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
  15. სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
  16. გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  17. დავით მანია, ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  18. ვახტანგ ქარელი, ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
  19. თამარ გეგიძე, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა on.ge

საქმის მასალებს თან ერთვის „მედიაომბუდსმენის“ მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი – „რუსული კანონის საქმე“.

„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას.  გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში  დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: