„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა „აკონტროლოს რიტორიკა“, წინააღმდეგ შემთხვევაში „კანონის ამოქმედებით“ იმუქრება.
კობახიძეს დღეს, 17 სექტემბერს, ჰკითხეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები შეუერთდნენ და საზოგადოებას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას, ქართული დროშებით, ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია… საზოგადოებას ძალიან ვთხოვ, დაგვიდგეს გვერდში“ – განაცხადა სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ. სწორედ ამ კონტექსტში, „ლამაზ რევოლუციაზე“ აქცენტით დაუსვეს კითხვა კობახიძეს.
„შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით.
აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.
ე მანდ, როგორც იტყვიან ჟარგონზე, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. სადაც ვნახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კობახიძემ დღეს, 17 სექტემბერს.
კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონს „მთელი სიმკაცრით“ აამოქმედებენ:
„კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.






