მთავარი,სიახლეები

„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

27.08.2025
„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან.

გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.

უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა“, – ამბობს ლერი პაპიძე, ხელოვანი, რომელიც 30 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ვროცლავის ხელოვნების აკადემიაში ასწავლის.

„ბათუმელები“ ლერი პაპიძეს ესაუბრა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც დააყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო.

„როცა ვრეკავ საქართველოში და ველაპარაკები, ჩემს ძმას ან ბიძაშვილს, ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, „არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკიო“. ეტყობა ეშინიათ, ან რა ვიცი, რატომ არიდებენ თავს.

გუშინწინ ველაპარაკე ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მხატვარია ისიც და ისიც ასე მეუბნება ხოლმე, – „გეხვეწები ლერი, პოლიტიკაზე არაფერი არ შემეკითხოო“. ასე დაემსგავსა საქართველო რუსეთს იმ რეპრესიებით, რასაც დღეს ვხედავთ.

თუ ევროპა დავკარგეთ, საქართველო დაკარგავს თვითღირებულებას და დაუბრუნდება იმ დროში, როგორიც იყო ჩემს ახალგაზრდობაში.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ჩრდილო მეზობლებთან ურთიერთობის ისტორია და ამ მწარე გამოცდილების მიუხედავად, ხალხის ნაწილმა მაინც ვერ ისწავლა ის, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთში დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.

ევროპას უნდა ჩვენი მიღება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეგობარი მოვიშოროთ. ევროპასთან დაცილებით კი ჩვენ დავკარგავთ საერთოდ ყველაფერს“, – ამბობს ლერი პაპიძე.

ლერი პაპიძე სახელოსნოში/პოლონეთი

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში – სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, დაპატიმრება ახალგაზრდების და რეპრესიული კანონების მიღება, მას სტალინურ რეპრესიებს აგონებს.

„მე არ მოვსწრებივარ ამას, მაგრამ ხომ წაგვიკითხავს და მოგვისმენია ეს ისტორიები? დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინაც არაფრის თქმის და გაკეთების უფლება ჰქონდათ ადამიანებს.

ბრეჟნევის დროს ბავშვი ვიყავი და რა გვქონდა მაშინ? – თვითმყოფადობა გვქონდა დაკარგული. ვიყავით მოსკოვზე დამოკიდებული და ყველაფერი მასთან უნდა შეგვეთანხმებინა – ფილმის გადაღება იყო, შენობის აშენება თუ სხვა რამ, ყველაფერი მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. ახლაც მივექანებით აქეთ.

რა გამოდის, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას? თუ ჩვენ რაღაც მოძალადე პატრონი უნდა გვყავდეს სულ და დიქტატორი გვჭირდება. ეს არის საშინელება.

30 წელია პოლონეთში ვცხოვრობ და პოლონელები არასდროს იჩერებენ დიქტატორს, რადგან სხვა მენტალობის ხალხია.

ვეუბნები ხოლმე მეგობრებს საქართველოში, წადით ევროპაში, იცხოვრეთ ცოტა ხანი, ნახე როგორი სიტუაციაა, აქ არავინ გაძალებს არაფერს, არავინ გეუბნება, რომ თვითმყოფადობა დაკარგო. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ისევ პროპაგანდის ქვეშ არის და ასე აზროვნებს საქართველოში.

მაშინ, როცა რუსეთი გვართმევდა ყველაფერს და ახლაც წართმეული გვაქვს ტერიტორიის 20%-ი, ეს ჩვენი ბრალია – ჩვენი უსუსურობის, ერთმანეთის გაუტანლობის ბრალი.

მეც უსუსური ვარ, მარტო ვმსჯელობთ და ვერაფერს ვაკეთებთ სხვას აქედან. კი, ხმას აქ ვაძლევ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიგნოს, რომ ევროპის დაკარგვა არ შეიძლება, მივექანებით უფსკრულისკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

აწუხებს ის განცდა, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს ნდობას ევროპაში.

„მრცხვენია იმის გამო, რომ ქვეყნის რუსიფიკაცია მიმდინარეობს და თქვენ რას აკეთებთო რომ მეკითხებიან აქ, პოლონეთში. გაყიდეს საქართველო არა მარტო მენტალურად, ფიზიკურადაც ყიდიან. ყველაფრის ჩახშობა მიდის, ყველაფრის განადგურება, საშინელ დღეში ვართ. მგონი არასდროს ვყოფილვართ ასეთ მძიმე დღეში, როგორც ახლა ვართ.

აქ ვხედავ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდე საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.

უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა. გაგრძელდეს საპროტესტო აქციები – თვალი თუ დავხუჭეთ, დავემსგავსებით გაწვრთნილ ცხოველებს, ასე არ შეიძლება.

აქაურმა ემიგრანტებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში, ხმა ამოვიღოთ, ევროპასაც შევახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობაა მოღალატე, ქართველ ხალხს კი ყოველთვის უნდოდა და უნდა ევროპა“, – გვეუბნება ის.

ლერი პაპიძე ამბობს, რომ წლებია პოლონეთში ცხოვრობს და აქ ბევრად დაცულად და ღირსეულად გრძნობს თავს, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.

ლერი პაპიძე თიხაზე მუშაობის დროს/პოლონეთი.

„ევროპამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. რასაც აქ მივაღწიე, იმის ნახევრის ნახევარს ვერ მივაღწევდი საქართველოში. შეიძლება ერთეულები კი აღწევენ რაღაცას, მაგრამ მე მყავს უამრავი მეგობარი სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც შეიძლება ჩემზე ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ დღეს რომ ვნახულობ მათ, მეცოდებიან უბრალოდ.

როგორ გამოიყურებიან… მოხუცებს ჰგვანან უკვე, კბილები არ აქვთ, ძველი მანქანებით დადიან, არაფერი არ გააჩნიათ.

მე ხელი გამომიწოდა აქაურმა ხალხმა. აქ სინდისიანი, ნამუსიანი ადამიანი, ნამდვილად მიაღწევ შენს მიზნებს.

ყოველ წელს ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში და ამ ბოლო დროს, ვამჩნევ, რომ ხალხი უფრო გაბოროტებულია, უფრო მეტი ნაოჭები აქვთ, ნაკლებად იცინიან. ეს გამოიწვია ისევ ჩრდილოეთთან დაახლოებამ. რით ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ რუსეთთან ყოფნა არ შეიძლება. ან რუსეთმა როგორ გიშველოს, თავად გაჭირვებულია და მანდ რომ საზიზღრობები ხდება, ისეთი სად ხდება. ასეთი კორუფცია და ასეთი გაუტანლობა რაც რუსეთშია, სხვაგან სად ხდება. ევროპაში თუ ვინმე ვერ დაგეხმარება, არც დაგაზიანებს.

ათასობით ხალხს ვიცნობ აქ, სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, ვასწავლი და ძალიან პატივს მცემენ. ვარშავიდან მირეკავენ თუ პოზნანიდან, მეპატიჟებიან ყველგან. მიწვევა მქონდა საფრანგეთშიც, დავდივარ ხოლმე პლენერებზე და მაქვს ღირსების შეგრძნება, მაქვს თვითშეფასება და ასე იქნებიან ჩემი შვილებიც, რადგან აქ ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. არავინ გატყუებს, პირდაპირ გეუბნებიან სიმართლეს, არავინ გითხრის ორმოებს, როგორც ჩვენთან.

ვიცი, რა უნდა გავაკეთო ნახევარი წლის მერე, როდის უნდა გავიდე პენსიაში, რამდენი მექნება პენსია, მყავს ჩემი ექიმი, მაქვს დაზღვევა, რომლის თანხასაც იხდის ჩემი სამსახური და არაფრის მეშინია. საქართველოში რომ ჩავდივარ, იქ მაქვს შიში, არაფერი დამემართოს-მეთქი, აქ არა.

აქ ვარ დაცული, პოლონეთში ვიქნები, საფრანგეთში თუ ესპანეთში, ჩემი დაზღვევა ყველგან მომემსახურება.

ადამიანის დაუცველობა – სულ ეს პრობლემა გვქონდა საქართველოში. ევროპაში კი ადამიანი დაუცველი არ არის. უმუშევარიც კი დაცულია და მასაც აქვს დაზღვევა, იმასაც ეხმარება ექიმი და ჩვენ ასეთ ევროპას ვიშორებთ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

ლერი პაპიძე ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ლექტორია.

მისი თქმით, რუსეთთა დაახლოებით, საქართველოში რუსული კრიმინალური კულტურაც აღაზევეს.

„ქურდებზე დავწერე რაღაც და შემომივარდნენ. შენ რა, პატივს არ სცემ ქურდებსო? რატომ უნდა ვცე პატივი არ მესმის. რა სამარცხვინოა.

არ შეიძლება ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული მთელი ქვეყანა. ძალიან ფესვგადგმულია ჩვენთან ძალადობა, ურჩევნიათ ისევ საზიზღრობები გააკეთონ, ვიდრე სამსახური დაკარგონ. სამშობლოს დაკარგვა შეიძლება და სამსახურის არა?

ვფიქრობ, ივანიშვილი მოგზავნილია ამისთვის, რომ ყველაფერი დაკარგოს საქართველომ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი წაგებულიც არ უნდა გვქონდეს ახალ ბრძოლა, იმედის გაქრობა არ შეიძლება.

მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, ყველა სფერო, ყველა სამსახური. პოლიცია, თავდაცვა ყველა უნდა იყოს ხალხის მხარეს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. თორემ გაგვარუსებენ და სულ უფრო დაგვაბეჩავებენ, ნაწილობრივ დაბეჩავებულები ისედაც ვართ უკვე.

მთავარია. ივანიშვილი და მისი მოღალატე მთავრობა მოვიშოროთ, მერე ავირჩევთ იმას, ვინც გვინდა და გვექნება დემოკრატიული ქვეყანა.

თუ ამას შევძლებთ, ევროპაც მოტრიალდება ჩვენკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: