დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში.
ბათუმის სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდნენ: შვედეთის ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი, ნორვეგიის ელჩი ბერგლიოტ ჰოვლანდი და დანიის ელჩი საქართველოში – ენ ტოფტ სორენსენი.
დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ასევე ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) – წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 6 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.
მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მოკლე ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ფიზიკური ზიანი არ მიუღია, თუმცა საქმის გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
35 წლის ირაკლი დგებუაძე, რომელიც პოლიციის ოფიცერია, ამბობს, რომ 50 წლის ქალის, მზია ამაღლობელის სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი იგრძნო.
უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
დაკავების დღიდან მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
პატიმრობის პერიოდში, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 10%-ია. ამის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თითქოს მზია ამაღლობელი შეიძლება კვლავ დაესხას თავს პოლიციელს, ან მიიმალოს და ის პატიმრობაში დატოვა.
2025 წლის ივნისის ბოლოს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამავე თემაზე:






