„პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც,“ – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოსაზრება ივანიშვილის ახალ საკადრო ცვლილებებზე ვკითხეთ.
საკადრო ცვლილებებია სუს-ში, პოლიციაში, აჭარის მთავრობაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი?
„როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ გაუმჯობესებასაც კი, თუნდაც მოჩვენებით. პირიქით, ყოველ ჯერზე უნდა ვიაზრებდეთ და ვხდებოდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ასეთი რეჟიმის დროს უფრო მეტად რეპრესიული მანქანის შექმნისკენ არის მიმართული, მეტი ჯალათის მოსაყვანად ამ დაჯგუფებაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო შეუვალი, მტკიცე გახდეს რეჟიმი,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი.
„ბათუმელებმა” ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან ჩაწერა, ის არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, პოლიტიკოსი.
- ბატონო არმაზ, თქვენი დაკვირვებით, რას ემსახურება კობახიძის ბოლო საკადრო ცვლილებები, როგორც სუსში, ისე აჭარის მთავრობასა და პოლიციაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი?
როდესაც ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ნდობა დაკარგული, სრულ იზოლაციაში და ამავდროულად ჩაფლულია პოლიციური, კრიმინალური რეჟიმის მორევში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკადრო ცვლილება შეიძლება აღვიქვათ ამ კრიმინალური დაჯგუფების კულუარული თამაშების გამოვლინებად. ასეა ცენტრალურ დონეზე, ასეა რეგიონშიც.
როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ მაინც, თუნდაც მოჩვენებით, გაუმჯობესებას. პირიქით, ყოველ ჯერზე უნდა ვიაზრებდეთ და ვხდებოდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ასეთი რეჟიმის დროს უფრო მეტად რეპრესიული მანქანის შექმნისკენ არის მიმართული, მეტი ჯალათის მოსაყვანად ამ დაჯგუფებაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო შეუვალი, მტკიცე გახდეს რეჟიმი.
- აჭარაში პოლიციის უფროსად და მთავრობის თავმჯდომარედ ერთდროულად დანიშნეს პოლიციელები, თანაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხდება ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პოლიციელი. ეს მიდგომა რას აჩვენებს თქვენთვის?
სულ მალე თუ „ოცნებას“ ეს დასცალდა, თუ ჩვენ, მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა ამის უფლება მივეცით, ისინი ყველგან, ყველა თანამდებობაზე დანიშნავენ სუსის და პოლიციის წარმომადგენლებს. სწორედ ასეა დღევანდელ, პუტინის რუსეთში. პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც.
ბიძინა ივანიშვილს რეპრესიების გარდა სხვა გზა ნაქურდი, მოპარული ქონებისა და მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ დარჩენია.
- თუმცა არც თორნიკე რიჟვაძე უწევდა ივანიშვილს წინააღმდეგობას, დაემყარებინა რუსული დიქტატურა.
ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ ვითარებაში ვინმე შეიძლება არ იყოს სრულად ივანიშვილის დაქვემდებარებაში, ან უწევდეს მას წინააღმდეგობას. უბრალოდ, სხვა მიდგომაა ახლა: არ არის საკმარისი მხოლოდ მონური მორჩილება. აუცილებელია, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად გამოირჩეოდეთ სისასტიკით და დაუნდობლობით, მზად იყოთ, რომ ნებისმიერი, ყველაზე უფრო წარმოუდგენელი, სასტიკი, დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დავალება შეასრულოთ. ამ პრინციპით არჩევს რახანია თანამდებობის პირებს არალეგიტიმურ სტრუქტურებში ივანიშვილი.
ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ამის პარალელურად რა ხდება: კონსტიტუციითაა განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თუმცა არავინ არაფერს ეკითხება არც აჭარის ვაი უმაღლეს საბჭოს, არც ცხადია, საზოგადოებას. ისინი ფორმალურადაც კი არ ითვალისწინებენ ამ მოცემულობას, რომ იქ ხალხია, რომ ფორმალურად არსებობენ ადგილობრივი ორგანოები. ივანიშვილს ეს არასდროს აინტერესებდა.
- დღეს განიხილეს აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი…
ასე პროცედურებს იცავს პუტინიც. ეს ბიურო და ნებისმიერი სხდომა ფიქციაა. ამ ანტიდემოკრატიულ პროცედურულ ნაბიჯებს არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებთან, ჩვენს მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან.
- ჩანს, რომ ჩქარობს ივანიშვილი. გუშინვე წარმოადგინა ყაველაშვილმა პოლიციელის კანდიდატი. შაბათს, არასამუშაო დღეს, შეიკრიბა ბიურო. თქვენი აზრით, რატომ ჩქარობს ივანიშვილი?
ეს აჩვენებს იმას, რომ დრო ძალიან შეზღუდულია, როგორც ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიბრძვით თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის, ისე ივანიშვილისთვის, რადგან ის ხვდება, რომ არავითარი შანსი, მოიპოვოს ლეგიტიმურობა, აღარ აქვს. ფაქტობრივად, ამდენთვიანი პაუზის შემდეგ ვაშინგტონიდან წამოვიდა პირველი გზავნილები, რაც მას უთხრის პოლიტიკურ სამარეს, არაფერს ვამბობ ბრიუსელსა და დასავლეთის სხვა ინსტიტუციებზე.
დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს არალეგიტიმური რეჟიმია.
ივანიშვილის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყენებს გაუგონარი მასშტაბის სადამსჯელო ღონისძიებებს სრულიად უკანონოდ და იგი ამას ყოველ ჯერზე აათმაგებს. ამის მიუხედავად უამრავი მოქალაქე მაინც მზადაა წინა ხაზზე დარჩეს წინააღმდეგობის გასაწევად. ამ ვითარებაში ივანიშვილი ჩქარობს იმიტომ, რომ სურს მოკლე დროში რაც შეიძლება გაიძლიეროს პოზიციები, განიმტკიცოს და უფრო მეტად ჩაბეტონდეს. ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად ბრმად მორჩილი დოქსოპულოები ჰყავდეს ყველა რგოლში, ყველა ინსტიტუციაში.
- ივანიშვილის გათვლაა, რომ დაშინების გზით და რეპრესიებით შეძლებს წინააღმდეგობის ჩახშობას?
დიახ, მხოლოდ ეს გათვლა აქვს ივანიშვილს, რომ ისე გაამკაცროს გარემო, ისეთი რეპრესიული მექანიზმები შემოიღოს – თითქოს დღეს რაც გვაქვს, ამაზე უფრო რეპრესიული რაღა უნდა იყოს – მაგრამ ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ის ამ წნეხს გააასმაგებს და არაფერს მოერიდება. უკან არაფერზე დაიხევს. თუ დაინახა, რომ მისი ამოცანები არ სრულდება, აჭარის ახლადდანიშნულ ვაითავმჯდომარესაც 2 კვირაში გაუშვებს. მისთვის არაფერს ნიშნავს არც პროცედურები, არც ადგილობრივი მმართველობა, არც კონსტიტუცია, რომელიც დღეს ფორმალურადღა არსებობს.
- რას ეუბნება ამ საკადრო ცვლილებებით ივანიშვილი ხალხს, რომ ცვლილებების მოლოდინი კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ პროტესტის გამო დასჯის?
ყველა გონიერი ადამიანისთვის ქვეყანაში და გარეთ ერთადერთია გზავნილი, რომ ივანიშვილი არაფრის გამო არ აპირებს უკან დახევას. პირიქით, ის ახლა გადასულია შეტევაზე. ივანიშვილი უტევს აქა-იქ დარჩენილ დემოკრატიის კუნძულებს: მედიას, არასამთავრობოებს, მოქალაქეებს, რომ ყველაფერი მოახრჩოს და რაც შეიძლება დროულად დაასრულოს, მიწასთან გაასწოროს ყველა და ყველაფერი, რაც მისთვის მიუღებელია.
ივანიშვილი არ მოერიდება არც ფულადი რესურსის უკონტროლოდ გამოყენებას, არც სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. ივანიშვილი სახეში აფურთხებს საზოგადოებას, საერთოდ არ აინტერესებს მისი აზრი და პროტესტი!
ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პირობებში გავერანდა ბათუმი, მიწასთან გასწორდა და ჩაბეტონდა – ის კორუფციის, აღებ-მიცემობის, კრიმინალის ეპიცენტრად გადაიქცა. სწორედ ამას, სხვებთან ერთად, ხმალამოღებული ებრძოდა მზია ამაღლობელი და ებრძვის მის მიერ დაფუძნებული მედია. სწორედ ამიტომ არის მზია სინდისის პატიმარი.
ასე რომ, ეს გზავნილი მკაფიოა – ივანიშვილი გვეუბნება: გეშინოდეთ! ჩვენ ვპასუხობთ: ვერ შეგვაშინებთ! არ დავთმობთ საქართველოს!
უნდა იცოდნენ იმ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ახლა გულხელდაკრეფილი სხედან და აკვირდებიან იმას, რაც ხდება ჩვენს თავს, რომ ვერც ისინი ასცდებიან პასუხისმგებლობას მათი უმოქმედობის, უნიათობის და ასეთი დანაშაულებრივი შემგუებლობის გამო.
- როცა ახსენებთ ოპოზიციის სისუსტე, ასევე ვაშინგტონი, სადაც ივანიშვილს არავინ ელაპარაკება, რა რესურსი რჩება ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკან დაახევინოს ივანიშვილს?
ერთადერთი რესურსი ვართ ჩვენ, მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ, მზად ვართ, არ შევეგუოთ არაფრის ფასად ივანიშვილის რეჟიმის ჩაბეტონებას, მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ პოლიტიკური ფრონტის სრულიად ახალი ხაზები. ამჟამინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ხომ პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, მუხრუჭად იქცა წინსვლისთვის და რეჟიმისთვის სასურველ „მტრის ხატად“ ჩამოყალიბდა.
არა უბრალოდ ახალი სახეებით, არამედ გაბედული, გულანთებული, დემოკრატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსები სჭირდება ოპოზიციურ ფრონტს, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხალხის პროტესტს ისეთ მუხტში გარდაქმნის, რაც რეჟიმს საბოლოოდ შეარყევს და ჩამოშლის. სხვაგვარად ეს რეჟიმი ჩაბეტონდება მინიმუმ მომდევნო 5 – 10 წელი და მას შესაძლოა ვეღარაფერი მოვუხერხოთ.
ასე ჩაბარდება საქართველო პუტინს და დაკარგავს დემოკრატიული, ევროპული განვითარების ყოველგვარ შანსს. ამ უბედურებისგან ქვეყნის ხსნა ჯერ კიდევ არის პატრიოტი, სამართლიანი, თავდადებული მოქალაქეების ხელში.