ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 45 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელიც გუშინ იმყოფებოდა თემურ ქათამაძის მოსანახულებლად, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის და ეს თვითონაც დამიდასტურა. ძალიან მძიმედ არის ჩემი აზრით“-გვეუბნება აკაკი გვიანიძე.

13 თებერვლის მდგომარეობით თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული.  მას შემდეგ 16 დღეა გასული და ოფიციალურად არ მოგვეპოვება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან როგორც ადვოკატი ამბობს, თემურ ქათამაძე პროტესტის გამო უარს აცხადებს გამოკვლევებზე და ექიმთან შეხვედრაზე, რადგან როგორც საიამ განაცხადა, როცა თემურ ქათამაძე 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკამ მის დატოვებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, თემურ ქათამაძე ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს კვლევების ჩატარებაზე.

„გონება ნათელი აქვს და შეუძლია საუბარი, წერა, ამ მხრივ მხნედ არის, მაგრამ აქ ძალიან დიდია რისკი, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლოა თავად ვერ გრძნობდეს მოშიმშილე რისკებს, მაგრამ როცა ამდენი ხნით შიმშილობს ადამიანი, შეიძლება უცებ გახდეს ცუდად.

არანაირი სამედიცინო მონიტორინგი არ მიდის და ეს არის მთავარი პრობლემა, ეს ამძიმებს მდგომარეობას“-ამბობს აკაკი გვიანიძე.

თემურ ქათამაძე ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს იღებს.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ათ წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს, ჩაბარებული აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ტესტები, გამართულად ფლობს სახელმწიფო ენასაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.

თემურ ქათამაძეს ეს საკითხი სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

მას შემდეგ რაც, არჩევნების გაყალბების გამო საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ გამოსვლებში, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს და რამდენიმე დღე იზოლატორში გაატარა. დაკავებისას, როგორც ის აღნიშნავდა, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

იზოლატორიდან გამოსვლისთანავე კი თემურ ქათამაძე მეორედ დააკავეს, ამჟამად მას საქართველოში უკანონოდ ცხოვრებას ედავებიან. ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია და 3-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

„ოცნების“ ხელისუფლება მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, რასაც აპროტესტებს თემურ ქათამაძე.

პატიმრობის პერიოდში მან ასევე მოითხოვა ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი, რაზეც ასევე უარს ეუბნებიან და სწორედ ამაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს ის.

თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს.

„მუდმივარ ფიქრობს ამ პროცესზე და იმ საქმეზე, რასაც თურქეთიდან მოყოლებული აქაც ემსახურება. ის ქართული დროში ტარების და საქართველოს სიყვარულის გამო ჰყავთ დაკავებული. ეს სასამართლო პროცესები დროსთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ახლა, საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს.

დიდი უსამართლობაა რაც მის გარშემო ხდება. ამიტომ ის ცდილობს თავისი პროტესტით მიიპყროს ყურადღება.

თემურ ქათამაძეს გერმანიის საელჩოსთვისაც აქვს მიმართული და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, თუმცა რა შედეგით დასრულდება, ჯერ არ ვიცით“-ამბობს აკაკი გვიანიძე.

მისი თქმით, თემურ ქათამაძე მადლიერია სოლიდარობისთვის, რასაც მის მიმართ გამოხატავენ ადამიანები და ძალიან ახარებს მოქალაქეების წერილები, რომელსაც მას იზოლატორში უგზავნიან.

„აქციაც გაიმართა იზოლატორთან. იტირა კიდეც სტუდენტების დანახვაზე, შორიდან ეფერება თითოეულ მათგანს და ძალიან ემოციური იყო მისთვის ეს ყველაფერი. ვცდილობთ, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ამ ფაქტს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან დამძიმდეს თემურის მდგომარეობა“-ამბობს აკაკი გვიანიძე.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version