მთავარი,სიახლეები

ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

18.02.2025
ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

როსტევან ზარანდია არტისტი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა შინაარსის სტენსილებს ხატავს შენობის კედლებზე. არტისტის თქმით, ეს მისთვის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზარანდიას ეკუთვნის მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სტენსილები ზუგდიდში.

აქტივისტს დღეს, 17 თებერვალს, სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

როსტევან ზარანდიამ „ბათუმელებს” უთხრა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

მისი თქმით, სამართალდარღვევათა ოქმი 29 იანვარს, ზუგდიდის პროკურატურის შენობაზე მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვას მოჰყვა.

როსტევან კვეკვესკირის სტენსილი ზუგდიდის პროკურატორის შენობაზე

„წლებია სამოქალაქო აქტივისტი ვარ. მეტყველებისას ადამიანები ხშირად შემოგედავებიან, ასე არ უნდა გეთქვა, ისე არ უნდა გეთქვაო.

როცა ხატავ, შენ დახატავ და გამგები მხოლოდ თავისთავზეა დამოკიდებული, თუ რას გაიგებს. ეს ნახატები მუშაობს.
ხშირად მაქვს ეჭვი, რომ იქნებ არ მუშაობს, იქნებ ტყუილად ვწვალობ, იქნებ ცოტაა შედეგი, არადა, ყოველდღე ვრწმუნდები – ეს მესიჯები, რომლებიც კედლებზე ჩნდება, ქალაქს ამეტყველებს.

ხალხი ამ ყველაფერს კითხულობს და მეც ამისთვის ვაკეთებ”, – ამბობს არტისტი.

მისი თქმით, წლებია, რაც ხატავს და ზუგდიდში ყველამ კარგად იცის მისი ვინაობა, რადგან ის ხატვისას სახეს არ იფარავს და ნამუშევრებს სოციალურ ქსელებშიც საჯაროდ აქვეყნებს.

როსტევანის თქმით, მისი სტენსილები, რომელთა შინაარსთანაც „პრობლემები არ აქვთ“, დღემდე ხელუხლებელია, მაგრამ ნახატებს, რომლებიც იდეითა და სათქმელით მიუღებელი აღმოჩნდება, შლიან.

„იერსახეს კი არ უფრთხილდებიან, უშინდებიან მესიჯებს, რა მესიჯებიც ამ ნახატებს აქვთ. მოდიან და შავად ღებავენ. იერსახე არ არის მათი ზრუნვის საგანი.

დარწმუნებული ვარ, ამაზე არ გაჩერდებიან. მაგალითად, იუსტიციის სახლს მივახატე წუხელ ზამირ კვეკვესკირის სტენსილი, მეორე დღეს, ან იმავე საღამოს გადაღებავენ და ჰგონიათ, რომ საქმე მიაფუჩეჩეს და ასე ხომ არ არის, ტკივილი ხომ ჩვენთან რჩება?!”- ამბობს როსტევან ზარანდია.

მისი თქმით, საქმე რომ მართლაც იერსახის დამახინჯებას ეხებოდეს, ნახატების გაკეთებიდან მალევე, მაგალითად, მეორე დღესვე მივიდოდნენ და დააჯარიმებდნენ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია:

„ზემოდან ახლა მიიღეს დირექტივა. ეს პირველი ეტაპია დაშინებისთვის. ძალიან სასაცილოები არიან…”

არტისტის თქმით, ქვეყნიდან არ წავიდა, რადგან თვლის, ვიღამ ხატვაც უნდა გამოიყენოს პროტესტის ფორმად. როსტევანი აპირებს, გაგრძელოს სტენსილების დახატვა და ამით მისი სათქმელის გაზიარება მოქალაქეებისთვის.

„ფაქტია, რომ სიბნელეს არ აქვს გენერირების უნარი და სინათლე, კოჭობითაც რომ იყოს, ანათებს. ყველამ თავისი რომ აანთოს, ოდნავ მაინც ხომ იბჟუტებს, თუ არ განათდება და გაკაშკაშდება. ყველამ ჩვენ-ჩვენი რომ ვქნათ და სხვა არ დაველოდოთ… მე უნდა შევცვალო, რაც არ მომწონს.

იმდენად ბევრნი ვართ, შეუძლებელია სიბნელემ გვაჯობოს.

ახლა გადამწყვეტი ომია… რამენაირად ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და არ დავუთმოთ აქამდე მოტანილი ქვეყანა. ამათ როგორ უნდა დავუთმოთ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როსტევან ზარანდია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: