„ბავშვობაში ხშირად შევსულვარ სახლში ფეხაკრეფით და მინახავს ბებიაჩემი, რომელიც ჩუმად ტიროდა. როგორც კი დაგვინახავდა ბავშვებს, ბუხარში შეყოფდა თავს და ისე აგრძელებდა მოთქმას. ერთის მხრივ არ უნდოდა მისი ცრემლები ენახა შვილიშვილებს, მეორეს მხრივ კი მეზობლებს მისი ტირილის ხმა გაეგონათ,“ – ასე იწყებს სულიკო მიქელაძე მისი დიდი ოჯახის რეპრესიების ამბის მოყოლას.
1937 წელი მიქელაძეების ოჯახისთვის დიდი უბედურების, განშორების, ტკივილის და გამქრალი ახლობლების სამუდამო ძებნის ათვლის წერტილად იქცა.
- მუჰაჯირობა
მე-19 საუკუნის ბოლოს ხელვაჩაურში, სოფელ ზემო ჯოჭოში ცხოვრობდა კაცი, სახელად იუსუფ მიქელაძე. იუსუფს სამი შვილი ჰყავდა. მისმა შვილებმა ბავშვობაში ჯერ მუჰაჯირობა გამოცადეს, შუა ხნის ასაკში კი ორი შვილი, სულეიმან და ისმაილ მიქელაძეები, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ აჭარა რუსების ხელში გადავიდა. ომის დასასრულმა აჭარაში საფუძველი დაუდო მუჰაჯირობას [მუჰაჯირი არაბული სიტყვაა. ნიშნავს „მიტოვებას, წასვლას“]. ათასობით მოქალაქე აჭარიდან – ზოგი ძალით, ზოგიც საკუთარი ნებით ადგა, დატოვა მშობლიური ადგილი და მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში წავიდა.
მუჰაჯირი გახდა იუსუფ მიქელაძეც, მთელი თავისი ოჯახით. 1918 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამ ამბავმა თურქეთში მყოფ იუსუფ მიქელაძემდეც მიაღწია.
„სამი ბიჭი ჰყავდა იუსუფს. ცნობა რომ მისვლია – საქართველოში დაბრუნება შეგიძლიაო, „დღესვე ურმები მოამზადეთო“ – უთქვამს. პატარა შვილს უთქვამს – „ერთი კვირის ნამუშევარი დამრჩა ასაღები, მოდი ერთ კვირაში წავიდეთო“.
იუსუფს უთქვამს: „დაფიცებული მქონდა, როგორც კი გავიგებდი საქართველოში დაბრუნების ამბავს, აქ ერთ ღამესაც არ გავათევდი იმის შემდეგო“. ბებიაჩემი იხსენებდა – „ავიდა ურემზე იუსუფი, გადახედა ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას, გაშალა ხელები, სიხარულისგან გული გაუსკდა და იქვე ურემზე გარდაიცვალაო“. დამარხეს შვილებმა იუსუფი, თავად ჩაალაგეს ბარგი და დაბრუნდნენ საქართველოში.
ბებია მიყვებოდა – როცა დავბრუნდით სოფელში, მეორე სართულის სიმაღლეზე იყო მსხვილი ეკალი და ჯაგნარი ეზოებშიო. მოკაფეს და დაიწყეს თავიდან ცხოვრება,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე.
საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაცია მოხდა.
„დამჯდარა ბაბუაჩემი, სულეიმან მიქელაძე, მის ძმებთან ერთად და დაუწყიათ ბჭობა – რა ვქნათო – დავრჩეთ საქართველოში თუ წავიდეთ ისევო. ძმებმა – სხვებმა თუ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში, ჩვენც ვიცხოვრებთო. გახსოვთ მამაჩვენი როგორ მოკვდაო? არ გვინდა ისეო.
არც წასულან სადმე.
რაც მამულები ჰქონდათ ყველაფერი კოლექტივს ჩააბარეს. კოლმეურნეობაშიც შევიდნენ, ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები იყო, იქ მუშაობდნენ.
ბაბუა მცოდნე იყო ენების და მათემატიკის. მეტსახელად „ბაშკას“ ეძახდნენ თურმე, როგორც ნიჭიერს. 1921 წლიდან 1937 წლამდე მუხლჩაუხრელი მუშაობდნენ ბაბუაჩემი და მისი ძმები ახალი საქართველოსთვის, შთაგონებით, რომ ახალ ქვეყანას აშენებდნენ.
1937 წელს უღმერთო ხელისუფლებამ, კომუნისტური ხელისუფლება უღმერთო ხელისუფლება იყო, დააპატიმრა და გადაასახლა ორი ძმა სულეიმანი და ისმაილი,“ – გვიყვება სულიკო მიქელაძე ბაბუის და ბაბუის ძმის ამბავს.
- სულეიმან და ისმაილ მიქელაძეების გადასახლება
ბაბუა სულეიმანი აუყვანიათ ბათუმში, მისი ძმა ისმაილი კი სოფელში დაუპატიმრებიათ. ყარაჩოღელივით კაცი ყოფილა ისმაილი. პოლიციის უფროსი კარგად იცნობდა თურმე და სანამ დასაპატიმრებლად მილიციას გამოუშვებდა, შემოუთვლია – მოვდივართ და თუ შეგიძლია აგვარიდე თავი და წადი სოფლიდანო.
ისმაილი გადარეულა – მე რა დანაშაული მაქვს, რომ დამიჭირონო. ბაბუამ ჩაიცვა და გაჰყვა ამ პოლიციელებს.
განა დამნაშავეს ეძებდნენ? არა კაცო, უბრალოდ იმ წყობისთვის ზედმეტი იყვნენ,“ – ამბობს სულიკო მიქელაძე.
სულიკო მიქელაძის თქმით, ბაბუას და მის ძმას ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„ერთი თვე იყვნენ მეტეხის ციხეში, იქიდან სამგზავრო ვაგონებით გაუშვიათ კიროვის ოლქში. კიროვის ოლქში ჩასვლის შემდეგ ძმები გადაუნაწილებიათ, ბაბუას ძმა, ისმაილი გაუწესებიათ ე.წ. ფოსფორის საბადოში სამუშაოდ, სადაც ფოსფორს მოიპოვებდნენ, მეორე ძმა, სულეიმანი, ანუ ბაბუაჩემი, მაშინდელი მოლოტოვის ოლქში, ახლანდელი პერმის, გადაუყვანიათ ხე-ტყის დამამზადებელ საამქროში.
ფოსფორის საბადოში მუშაობა საშინლად მძიმე და მავნე ყოფილა. ექვსი თვე იყო თურმე მაქსიმუმი იქ ჯანსაღ ადამიანს გაეძლო. ისმაილსაც ამდენი ხანი უცოცხლია და მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა.
ჩემი ბაბუა ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობდა. ხუთჯერ მოუნაცვლეს ადგილი სხვადასხვა კოლონიაში, რომ ვერ მოეხდინა ადაპტაცია. ოფიციალური საბუთების მიხედვით, 1942 წელს გარდაიცვალა კოლონიაში“, – გვიყვება სულიკო მიქელაძე.
- ბებია და „მავნებლის შვილები“
„ჩემი ბებია ფატი თედორაძე იყო ძალიან ჰუმანური, კარგი ქალი. ძველი აჭარული, ქართული ადათ-წესების ზედმიწევნით მცოდნე.
ჰყავდა ოთხი შვილი. როცა მისი ქმარი დააპატიმრეს, ოთხი შვილი მარტომ გაზარდა. ჩუმად დასტიროდა ბაბუას. არ უნდოდა მისი ცრემლები დაგვენახა.როცა რამეს ვეკითხებოდით, იმ მტკივნეულ წარსულზე ლაპარაკიც არ უნდოდა, რომ საფრთხე არ შეექმნა ჩვენთვის,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე.
სულიკო მიქელაძის თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ოჯახისთვის სტატუსი, რაც მამის და ბიძის დაპატიმრების შემდეგ მიიღო ოჯახმა.
„ხალხის მტრის ოჯახი“, „მავნებლის შვილები“ – გამუდმებით ესმოდათ თურმე მათი მისამართით. სულიკო მიქელაძე ორ ამბავს იხსენებს, როცა მისი ოჯახი სასტიკი საზოგადოების წინაშე მარტო დარჩა, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიწებებული სტატუსით.
„როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ბაბუაჩემის ძმის სახლში იყო სამხედრო შტაბი. სოფელ ერგეში ყოფილა სამხედრო ნაწილი და შტაბი ჰქონდათ ჩვენთან, სოფელში.
ამ სახლის ეზოში იდგა უზარმაზარი მსხლის ხე. მეც მახსოვს ის მსხალი, გაშლილ ხელს ვერ შემოაწვდენდი იმხელა იყო, ტონა მსხალს მაინც ისხამდა.
მამიდაჩემი მიყვებოდა: შაქარა მსხალი იყო. ვიღაცები მოვიდნენ ამ მსხლის მოსაკრეფად, მოკრიფეს და წაიღესო. ჩვენც მივედით ბავშვები, გვინდოდა ის მსხალი მაინც აგვეღო, ძირს რაც ცვივდებოდაო. ის იყო ავიღეთ, დაგვიწყეს ყვირილი – „წადით თქვე მავნებლის შვილებო, ეს თქვენი არ არისო“.
სამხედრო შტაბში გიორგი ყოფილა ვიღაც, ქართველი ჯარისკაცი. დაუნახავს, ეს ბავშვები ატირებული რომ წამოსულან მსხლის გარეშე. „ბავშვებოო“, – დაუძახა თურმე, „ხვალ დილით ყველა გამოდით, აქ მსხალი ეყრება და წაიღეთო“. ასულა მსხლის ხეზე და თავიდან ბოლომდე დაურეკავს ხე, ერთი ცალიც არ შეატოვა თურმე მსხალს.
მეორე დღეს მისულან ეს ბავშვები, აუკრეფავთ მსხალი და წაუღიათ. ჯარისკაცი გიორგი ამისთვის დაუსჯიათ და „ჰაუბახტში“ ჩაუსვამთ. ეს რომ სოფელს გაუგია, ყველას რისი საშუალებაც ჰქონდა, საჭმელი გაუგზავნია დასჯილი ჯარისკაცისათვის“, – იხსენებს სულიკო მიქელაძე.
რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, კიდევ ერთი ამბავია, რომელსაც ხშირად უყვებოდნენ სახლში.
„მაღაზიაში პურის რიგში ჩამდგარა მამიდაჩემი. იქ უთქვამთ ხალხს – კულაკის, მავნებლის შვილმაც იკადრაო რიგში დადგომა. იტირა თურმე მამიდაჩემმა და წამოვიდა იქიდან, აღარ გაჩერდა. საღამოს მაღაზიის გამყიდველს ჩუმად გამოუგზავნია ბარათი: „ნუ დადგებით პურის რიგში, თქვენი პური მე შენახული მაქვსო“.
იმ ცხონებულის გვარიც ვიცი, სახელიც, მერე ნათელ-მირონობაც დავამყარეთ იმ ოჯახთან. ყოველთვის უგზავნიდა თავის წილ პურს სახლში, ჩვენები რიგში რომ არ დამდგარიყვნენ და ხალხს არ გაელანძღა,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე და დასძენს: „ასეა, ადამიანის სულიდან სიკეთის ამოძირკვა მაინც რთულია. ამას ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს საქართველოში“.
- საფლავის ძიება
სულიკო მიქელაძემ ყველა ის კოლონია შემოიარა, სადაც ბაბუამისი იყო. უნდოდა საფლავი მოეძებნა.
„1998-99 წლებში ვიყავი ჩასული პერმში, მინდოდა ბაბუას საფლავი მეპოვა. ადგილობრივებმა მითხრეს – რა კარგი კაცი ხარ, 3 ათასი კილომეტრი მაგისთვის გამოგივლია. რა საფლავს ეძებო. აქ ტყეებში ყოველი მხრიდან იყო გულაგები ასეთი პატიმრებისო. საფლავს თავად ამზადებინებდნენო. აიღებდნენ ას კუბ ხე-ტყეს, ამოწვავდნენ გაყინულ მიწაში უზარმაზარ ორმოს, მუშები, რომლებიც იხოცებოდნენ, მარხილებით მიჰყავდათ ამ ორმოსთან და ყრიდნენ შიგნითო. ეს ორმო ნელა-ნელა ივსებოდაო. ამის მოსმენის შემდეგ აღარ მიძებნია საფლავი. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა.
ახლა როცა თანამედროვეობას ვადარებ 1937 წელს, ფაქტები და მოვლენები წარსულთან მიმართებაში მეორდება… ორივე უნდა იცოდე წარსულიდან, რომ მომავალს სწორად აუღო ალღო.
დღეს მიღებული ეს [რუსული]კანონი არის მაშინდელი რეპრესიული კანონის ზუსტი განმეორება და ასლი.
ეს კანონი არის რეპრესიული, მის თავში ჩადებულია უფრო უარესის კეთების სურვილი. ეს ანტიადამიანური კანონია, მას სახელმწიფოზე შეუძლია კატასტროფული გავლენის მოხდენა, სახელმწიფო შეიძლება ჭაობის ქვეყნად იქცეს. ჩვენ არ გვინდა ჭაობის ქვეყნად ქცევა.
მე გავიხსენე ისტორია, ჩემი ოჯახის რეპრესირებული წევრები პურს რომ ვერ ყიდულობდნენ. და თქვენ რა გგონიათ, ის ოჯახები, ვინც სხვის რეპრესიებზე ხელს ითბობდა, სადმე კი არ წასულან.
დამხვრეტელების მეოთხე თაობის ხელშია ეს ქვეყანა. [1937 წელს] დამხვრეტელთა მეოთხე თაობა იღებს კანონს და ეს მეოთხე თაობა ფლობს მთელს სიმდიდრეს ქვეყნისას. და იღებენ კანონს სხვებზე, საკუთარ თავზე კი არა. კი არ ამბობს – „სად ვნახე მილიონი, მოდი ეს იყოს გამჭვირვალე“, – ამბობს სულიკო მიქელაძე.
სტალინურ რეპრესიებზე საუბრისას, რეპრესირებულის შვილიშვილი ამბობს, რომ „სტალინის როლი იყო უდიდესი მათი ოჯახის განადგურებაში“.
„სტალინი იყო უდიდესი დამნაშავე, მისი გამართლება არაფრით არ შეიძლება,“ – ამბობს სულიკო მიქელაძე.






