განათლება,მთავარი

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე

20.04.2021 • 2398
„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი მაღიზიანებს. შემაწუხებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ იმით უნდა მოგვარდეს, რომ უფრო ხშირად ვიმოძრავოთ ქალაქში ფეხით და არა ტრანსპორტით,“ – ამბობს ანრი ხოზრევანიძე, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე.

გარემოს დაცვაზე, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ურნაბულ განვითარებაზე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები საუბრობენ.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ბავშვების აზრით, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა დედამიწისთვის დაბინძურებული ჰაერი, შემცირებული მწვანე სივრცე და არასწორი განაშენიანებაა, რასაც თან ერთვის ბუნების მიმართ ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება.

ელენე და ლიკა

ელენე კაკალაძემ თავის ნახატში კორონავირუსით ინფიცირებული დედამიწა და მისი გრძნობები ასახა:  „რატომ მექცევით ასე, მე ხომ არაფერს გიშავებთ? თქვენ კი თითქოს ჯინაზე, რაც მწვანე მაქვს, მიშავებთ“.

ლიზი და დიანა

„კორონავირუსმა ერთი კარგი ის გააკეთა, რომ ლოქდაუნის დროს ადამიანების გადაადგილება შეიზღუდა და ჰაერი შედარებით გაიწმინდა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისგან,“ – გვეუბნება გიგი ბოხაშვილი. ის ასევე საუბრობს ადამიანების მიერ დაბინძურებულ ზღვებსა და ოკეანეებზეც, რასაც უამრავი ცოცხალი არსება ეწირება.

გიგი და ანრი

„არაერთი ვიდეო, ფოტო გვინახავს, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოყოლილ დაღუპულ ცხოველებს გვაჩვენებენ. პლასტიკატითაა გავსებული ოკეანის სივრცეები და ზედაპირები ბევრ განვითარებად ქვეყანაში. ბათუმის სანაპიროზეც არაერთხელ მინახავს გამორიყული დელფინი და ეს დაბინძურებული გარემოს ბრალია,“- ამბობს გიგი.

გიორგი

ბავშვები ბათუმის განაშენიანებაზე

„დღეს ჩვენი ქალაქი ძალიან გადატვირთულია მშენებლობებით. უამრავი კორპუსია ირგვლივ და გამწვანებული ადგილი მცირდება. ვფიქრობ, ჩემს უბანშიც მეტი უნდა იყოს გამწვანება და არა ამხელა და ამდენი შენობა,“ – ამბობს ნინი ცინცაძე.

ნინი ცინცაძე

გუგა შათირიშვილიც მომხრეა, რომ ბათუმში უფრო მეტი მოედანი და სიმწვანე ჰქონდეთ ადამიანებს.

„ერთი მოედანი გვაქვს უბანში, მაგრამ მოუწესრიგებელია,“ – ამბობს ის.

გიორგი მომხრეა, რომ ხელოვნური ბალახი ბუნებრივით შეიცვალოს, მწვანე სივრცე გაიზარდოს ქალაქში და შემცირდეს ავტომანქანების გამონაბოლქვი.

გიორგი, გუგა და გიორგი

ელენე იმნაძე საუბრობს გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე და ამბობს, რომ ხშირად ადამიანები სათანადოდ ვერ იაზრებენ იმ საშიშროებას, რაც გლობალურ დათბობას მოჰყვება.

„დადნება მყინვარები, მდინარეები ადიდდება და ეს ძალიან საშიშია ჩვენთვის. ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში ძალიან ბევრ ხეს ჩეხავენ და ეს აისახება კიდეც გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებზე.

გული მტკივა, როცა ბულვარში მშენებარე ცათამბჯენების გამო გვიწევს ხეების გაჩეხვა, რადგან ჰაერში მცირდება ჟანგბადი და სილამაზეც იკლებს,“ – გვეუბნება ის.

ელენე

ელენეს აზრით, შენობებეში, სადაც ბუნებრივი განათება არ აღწევს, ადამიანები იძულებული არიან მეტი ელექტროენერგია გამოიყენონ, „რაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვაა.“

ბავშვების აზრით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რასაც ბუნების დაზიანება გამოიწვევს. „ვფიქრობ, რომ კორონავირუსიც გაბრაზებული დედამიწის რეაქციაა“-გვეუბნება დიანა. ლიზი კი ამბობს, რომ ადამიანების გულგრილი დამოკიდებულება იმ ხეებიდანაც ჩანს, რომელთა ამწვანებულ ტოტებზე პოლიეთილენის პარკები ფრიალებს.

მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები

____

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: