ბათუმის დრამატული თეატრი პროტესტს უერთდება

 

ბათუმის დრამატულ თეატრის დასმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპექტაკლის გამართვაზე. სპექტაკლი – „ბოლო გაჩერება“ დღეს რვა საათზე უნდა დაწყებულიყო. თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ის თავის დასთან ერთად არის და ამ პროტესტს უერთდება:


„დღეს დასმა გადაწყვიტა, რომ არ ითამაშოს სპექტაკლი და შეუერთოს თავისი ხმა იმ ვანდალიზმისა და არაადამინობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია.


მომხდარის მიმართ დასს აქვს სამოქალაქო ვალდებულება – ის ამით გამოხატავს თავის სოლიდარობას იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სასტიკად აწამეს.


რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკური განცახადება და არ მინდა ეს პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანოთ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ან ამისტები ვართ ან იმისტები. ჩვენ ვაპროტესტებთ ფაქტს და ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“. 

„ბათუმელების” რეპორტიორისთვის უცნობი პირი ფოტოკამერის წართმევას შეეცადა

ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის გასაშუქებლად მისულ „გაზეთ ბათუმელების” სტაჟიორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმიანობათა ინსტიტუტის სტუდენტს, გოგებაშვილის ქუჩაზე უცნობმა სამოქალაქო პირმა ჯერ ფოტოს გადაღება აუკრძალა, მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა სთხოვა აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა გადაღება, ფოტოაპარატის წართმევა სცადა.   

 

 

სამოქალაქო პირს არ წარუდგენია ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. რეპორტიორი ამბობს, რომ იძულებული გახდა კამერა გამოერთო, რადგან უცნობი პირი ხელზე წვდა და ეცადა ძალით გამოეგლიჯა კამერა. აპარატის გამორთვის შემდეგ მან ჟურნალისტს კადრების წაშლა მოსთხოვა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა საჯარო ადგილას ფოტოს გადაღება, უცნობმა პირმა მოკლედ უპასუხა: „იმიტომ, რომ ასე მინდა”.  

 

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრეზდენტმა გახსნა. გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციას.   

 

 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტებს, საჯარო ადგილას, პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს, უცნობი პირები ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. გაზეთ „ბათუმელების” რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობისას პრეზიდენტის ფოტოები წაუშალეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რეპორტიორს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიიდან დაუკავშირდნენ და ფაქტის დადასტურება სთხოვეს. კომისიის წამომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა უარყო, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი.     

მდუმარე აქცია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან

ამ წუთებში, ბათუმში, ჯერ კიდევ მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი ჯგუფი ელოდება პრეზიდენტს, რომელმაც დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა უნდა გახსნას.  

 

სტუდენტების ერთი ნაწილი, მათ შორის ბათუმის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტები პრეზიდენტს ელოდებიან, შენობის გარეთ კი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფი მდუმარე აქციას მართავს ხელში ტრანსფარანტებით: „არა სიყალბეს”, „არა ძალადობას”, „არ აწამო”.  

 

რეჟისორმა ბათუმის კინოფესტივალზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, გუშინ, 21 სექტემბერს, საღამოს, ქართველი რეჟისორის, რუსუდან ჭყონიას ფილმის, „Keep smiling“ – პრემიერა შედგა.

 

ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა მაყურებლების წინაშე აღნიშნა, რომ პრემიერის წინ იხდიან მადლობას, თუმცა მას არა აქვს უფლება  მადლობა გადაიხადოს, იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება.

 

“დღეს რაც საქართველოში მოხდა ჩვენ ყველას გვეხება. ჩვენ, მე ესე ვთვლი როგორც საზოგადოება ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვატარებთ ამასთან დაკავშირებით და თუ ვინმე ამ დარბაზში იზიარებს ამ აზრს, მე გთხოვთ რომ პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად ერთი წამით ადგეთ ფეხზე”.

 

რუსუდან ჭყონიას განცხადებას კინოდარბაზში ოვაციები მოჰყვა. მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს კინორეჟისორს.    

 

„მე ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი“ – აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოადგილე ტოვებს

აჭარის ტელევიზიის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მინდია ნაკაშიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან შეტყობინება „ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „დღეს დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე.

 

 

რაც მოხდა საჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები.“  

 

 აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა ცეცხლაძე „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მინდია ნაკაშიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ მან ფეისბუქიდან გაიგო და პირადად მისთვის ნაკაშიძეს არაფერი უთქვამს. 

 

 „ბათუმელებმა” მინდია ნაკაშიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისათვის გამორთულია. 

 

მინდია ნაკაშიძე პროფესიით იურისტია. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე იგი გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე მინდია ნაკაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი იყო.

გიორგი ბარამიძე: „ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

გიორგი ბარამიძემ  ციხეში პატიმართა წამება  დაგმო და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მან აღნიშნა, რომ შეუცდომელი არავინ არის და ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა  დღეს მეუფე დემეტრესთან. 

 

 

„უნდა დაისაჯოს ყველა, დაპატიმრებულია 11 ადამიანი, ასევე ერთი პიროვნება იძებნება. უნდა დაისაჯოს ის, ვინც გვერდზე გაიარა და თვალი დახუჭა, ვინც გვერდზე გაიარა და არაფერი არ თქვა, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა და არ განაცხადა და ამით მისცა საშუალება ბარბაროსებს გაეგრძელებინათ სისასტიკე. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, წარსულში კარგად იქცეოდა თუ არა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მე პირადად გამოვუცხადე ქურდებს ბრძოლა და ქურდულ მენტალინტს და დავამარცხეთ, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საქციელს.“ 

 

 

გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც მომხდარა: „მაგალითად აბუ გრეიბის ციხის ამბავი არ გაგიათ? იქ არათუ დაუკავებიათ, არც კი  მოუხსნიათ მინისტრი! ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

რეპლიკა დარბაზიდან: „მონაწილეობდა იქ მინისტრი პატიმართა წამებაში?“ 

 

 

რეპლიკის ავტორს გია ბარამიძემ უპასუხა, რომ თუ აქვს ბაჩო ახალაის მიმართ რაიმე მტკიცებულება, სასწრაფოდ წავიდეს პროკურატურაში, რადგან დანაშაულის  დაფარვაც დანაშაულია.   

 

შეხვედრაზე გიორგი ბარამიძეს სტუდენტების შეფასების მოსმენა მოუხდა.

 

  

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა, აკაკი გვიანიძემ  გიორგი ბარამიძეს უთხრა, რომ მის გამოსვლაში პროპაგანდასა და დემაგოგიას ხედავს:

 „თქვენ დღეს ბიბლიდან მოიყვანეთ ფრაზა – „უცოდველი არავინ არის“.  ბიბლიაში საუბარია ასევე სოდომის და გომორის ცოდვაზეც, რაზედაც ღმერთი არ არის შემწყნარებელი. თქვენ საუბრობთ პასუხისმგებლობის აღებაზე, გეყოთ ვაჟკაცობა და მოხსენით საკუთარი თავი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობიდან, მაინც გახდებით პარლამენტარი, სიაში მესამე ხართ. დაგვიმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის აღება, დავიღალე დღეს თქვენი ერთსაათიანი რიტორიკით. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ვერ იპოვის თქვენზე უკეთეს ხელისუფლებას საქართველოში. მე, როგორც რიგითი სტუდენტი, თქვენს დემაგოგიას 1 ოქტომბერს დავუსვამ  წერტილს.“  

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წამომადგენელი, თომა ხალვაში ორჯერ შეეცადა სტუდენტებისთვის აზრის გამოთქმაში შეეშალა ხელი, მოტივით – „აქ პოლიტიკური დებატების დრო არ არის.” 

 

 

გიორგი ბარამიძემ ორსაათიან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს და რუსეთის ერთობლივ ინტერესებზე,  მნიშვნელოვანი დრო დაუთმო  ტვ 25-ის  კრიტიკას, რომელმაც, მისი თქმით „გუშინ  ბასკოში მისი შეხვედრის ვიდეო ისე დაჭრა, რომ დედაზე ლექსი დედაზე გინებად გადაქცია“, შეეხო ოპონენტების თემას და მათ მიმართ ერთ კონტექსტში გამოიყენა ფრაზა – „წარმოგიდგენია ესენი რომ ხელისუფლებაში  მოუშვა“. 

 

 

გიორგი ბარამიძესთან შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა, ორი სტუდენტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლის გარდა „ბათუმელებთან“ საუბარი შეხვედრის შესახებ არც ერთმა სტუდენტმა არ ისურვა.  

 

 

შეხვედრის დასასრულს გიორგი ბარამიძე ტაშით დააჯილდოვეს. 

 

 

აქცია ბათუმში განახლდა – პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც უერთდებიან

  ქეთი ლაბაძის ფოტორეპორტაჟი  

 

პატიმრების წამებას დღეს ბათუმში ისევ აპროტესტებენ. საპროტესტო აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეურთდენენ ტრასფარანტებით: „ვგმობთ ძალადობას”, „გამოცოცხლდი”!  

 

batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე გააშუქებს საპროტესტო აქციას ბათუმში  

 

უკვე ქართველების გარეშე

მეოთხედფინალურ ეტაპზე ეკატერინე გორგოძე რუს იულია კალაბინასთან 6:7 (3:7), 2:6 დამარცხდა,  სოფო ქვაცაბაიამ კი უკრაინელ ანა შკუდუნთან – 5:7, 5:7 წააგო. წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძე-ქვაცაბაიას წყვილმა რუსულ დუეტთან (კალაბინა-პაშკოვა) 5:7, 6:4, 9:11 წააგო.



ბაჩო ახალაია გადადგა

შს სამინისტროს ვებ გვერდის ცნობით შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა.  

 

შს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

„მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით“. 

„არ აწამო” – ბათუმის უნივერსიტეტთან [ფოტორეპორტაჟი]

ივეტა ამაღლობელის ფოტორეპორტაჟი

SONY DSC
SONY DSC
SONY DSC
SONY DSC
SONY DSC
SONY DSC
SONY DSC

ბაჩო ახალაია ვიკილიქსის მასალებში

 „აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური სპეკულაცია, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნათქვამი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში”, – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ეს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა. 

 

 

მისივე თქმით, ბაჩო ახალაია აშშ-სა და ევროპაში ძალიან დადებითად ხასიათდება და მას რეფორმატორად მოიხსენიებენ. წიკლაური ასევე აცხადებს, რომ ყოველივე იმასთან, რაც დღეს ხდება, ბაჩო ახალაიას არავითარი კავშირი არ აქვს. 

 

 

 დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ბაჩო ახალაიას პერსონასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია „მიშას ბიჭია“ და არა „ვანოს ბიჭი“ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შს სამინისტროს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“,  ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. 

 

 

ერთ-ერთი წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის წუხილია გამოთქმული ბაჩო ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე.

2011 წელს  „ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აშშ-ის თბილისის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში 2009 წლის სექტემბრის მიწურულს გაგზავნილი კონფიდენციალური წერილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს ვიზიტის დეტალები. 

 

 

წერილში წერია, რომ თინა ქეიდენაუმ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის თაობაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ ახალაიასთვის მიეცა შანსი, რათა მას დაემტკიცებინა რეფორმისადმი ერთგულება. 

 

 

„ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის ცუდ წარსულზე. სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უპასუხა ქეიდენაუს, რომ მისთვის გაუგებარია ახალიას მინისტრად დანიშვნაზე საერთაშორისო კრიტიკა. 

 

 

სააკაშვილის თქმით, სასჯელარსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას ახალაია საქართველოში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო პასუხისმგებელი და საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,” –  წერია აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.

 

 

 ბაჩო ახალაიას შესახებ

 ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალაია, საზოგადოებრივ ასპარეზზე 2003-04 წლებში „თავისუფლების ინსტიტუტის” კოორდინატორის რანგში გამოჩნდა, 2004-05 წლებში კი მუშაობა გააგრძელა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე. 

 

 

 2005 -2008 წლებში ახალაია  სასჯელაღსურულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება უფლებადამცველების ყველაზე კრიტიკა, ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან და ციხეში მომხდარ ბუნტთან  დაკავშირებით, რა დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.

 

 

2008-2009 წლებში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა,  ამავე სამინისტროში კი მინისტრის თანამდებობა 2009 წლიდან 2012 წლის 4 ივლისამდე ეკავა. 

 

 

სტუდენტების საპროტესტო აქცია საღამოს 6 საათზე განახლდება

ბათუმის უნივერსიტეტის წინ სტუდენტების მიერ ორგანზებული საპროტესტო აქცია დღეს, საღამოს 6 საათზე განახლდება. 

აქცია უნივერსიტეტის წინ მეორე დღეა მიმდინარეობს. გუშინ მონაწილეთა რაოდენობა 30-50 ადამიანს არ აღემატებოდა, დღეს კი ასეულობით სტუდენტთან ერთად აქციაზე ლექტორებიც გამოჩნდნენ. 

აქციას შემოურთდნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც.  

 სტუდენტები მოითხოვენ გადადგეს ბაჩო ახალია.  

 

  

წინასაარჩევნო კამპანია აჭარაში კამერების გარეშე

 

გუშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამით  „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩვენო შეხვედრა არ გაშუქებულა. კირთაძე ამბობს, რომ „ეს მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრა  იყო და ჟურნალისტები არ მოუწვევიათ.“ 

 

 

კირთაძე ამბობს, რომ დღეს რობერტ ჩხაიძეს და გია ბარამიძეს აქვთ შეხვედრები, თუმცა არ დაუკონკრეტებია – სად. ჯერჯერობით ნაცმოძრაობის სპიკერს არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ამ შეხვედრების გაშუქება მედიისთვის ხელმისაწვდომი. „თუ დავუკავშირდებით, ყველას დავუკავშირდებით, მათ შორის თქვენც, თუ თქვენ არ გიკავშირდებიან, მაშინ ჩემი ბრალი ყოფილა.“ – აღნიშნა გორგი კირთაძემ. 

 

 

დღეს, 20 სექტემბერს გიორგი ბარამიძე პარტიულ აქტივს სპორტულ კომპლექს „ბასკოში” შეხვდა. „ბათუმელების“ შეკითხვა, არის თუ არა სამართლიანი ბაჩო ახალიას გადადგომის მოთხოვნა, ბარამიძემ უპასუხოდ დატოვა.   

 

 

გუშინ  „ტვ 25″-ის პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ „დიალოგში”  გამართულ დებატებში მონაწილეობა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელს უნდა მიეღო. „მთელი საღამო სათუო იყო, მოვიდოდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა” – ამბობს „ბათუმელებთან” თოქ-შოუს პროდიუსერი ირმა ზოიძე.  

 

 

„ვინაიდან ეს დებატები  „ენდიაის“  ეგიდით იმართება, გადაცემა 10 დღის წინ  იყო დაგეგმილი, მაგრამ  გელა ცხომელიძემ კითხვები წინასწარ მოითხოვა და მიიღო პირობა, რომ  ციხეში წამების ამსახველ კადრებთან მხოლოდ ერთ შეკითხვას დავუსვამდით.  ჩვენ ამ პირობაზე წავედით, რომ გადაცემა არ ჩავარდნილიყო“ -აცხადებს  ირმა ზოიძე. 

 

 

„ახალი მემარჯვენეები“ ერთადერთი პარტია რომელმაც „ბათუმელებთან“ ღიად განაცხადა,  რომ მათ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში  შექმნილი ვითარების  გამო შეწყვიტეს  და დაგეგმილი შეხვედრები გადადეს. 

 

 

„ახალი მემარჯვენეების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა მგელაძე აცხადებს, რომ წინასაარჩვნო კამპანიას დღეს საღამოს ისევ განაახლებს. 

 

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ნაზიბროლა ქობულაძე აცხადებს, რომ  მათ გუშინ ერთი შეხვედრა ჰქონდათ საღამოს 5 საათზე – „უბრალოდ წინასწარ იყო დაგეგმილი და აღარ გავაუქმეთ. შეხვედრამ   კამერების გარეშე ჩაირა. გუშინ შექმნილი სიტუაციის გამო არ ჩავთვალეთ საჭიროდ პრესა მიგვეწვია, დილით კი ჩვენც  აქციაზე ვიყავით“ – ამბობს ნაზიბროლა ქობულაძე. 

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი დავით რობაქიძე კი ამბობს, რომ  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მათ წინასაარჩვნო შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია: „ჩვენი შეხვედრები დღესაც და გუშინ ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.“ 

 

 

კოალიცია „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლმა,  ავთანდილ ბერიძემ თქვა, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებს მათ გეგმებზე არანაირი კორექირება არ მოუხდენია:  „გარდა იმისა, რომ მოგვემატა  პათოსი და სასაუბრო თემა“. 

 

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დღეს სამი შეხვედრა აქვს დაგეგმილი მოსახლეობასთან.

 

კოალიცია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხსნას ითხოვს

 ნათია ზოიძე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, რობერტ ჩხაიძის საარჩევნო პლაკატზე  „ქართული ოცნების“ კოორდინატორი  თინათინ მიქელაძეა  გამოსახული – დღეს ამ თემაზე ბათუმში კოალიცია“ ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

 

 

თინათინ მიქელაძემ თავიდან მედიის წარმომადგენლებს  განუმარტა, რომ ის საცხოვრებელ სახლთან, მელაშვილის #1-ში რობერტ ჩხაიძეს შეხვდა,  როგორც ქალაქის მერს და ავარიული საცხოვრებელი კორპუსის შესახებ ესაუბრებოდა, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ რობერტ ჩხაიძე უკვე არ იყო ქალაქის მერი. 

 

 

ბრიფინგზე  განაცხადეს, რომ  თინათინ მიქელაძე საკუთარი შვილი  დაუკავშირდა უცხოეთიდან  და უთხრა, რომ თუ ის იქნება ნაციონალური მოძრაობის ბილბორდზე,  მაშინ ის უარს იტყვის ოჯახზე. 

 

 

თინათინ მიქელაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წამების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, მას კატეგორიულად არ უნდა ჰქონდეს რაიმე საერთო  ნაციონალურ მოძრაოობასთან. 

 

 

მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეს იურიდიულ საკითხზე მეტად მორალური საკითხია, რადგან „ქალბატონი თინათინი მუშაობს  რობერტ ჩხაიძის   კონკურენტის,  აკაკი ძნელაძის სასარგებლოდ  და გამოსახულია  მისი მოწინაღმდეგის პლაკატზე“. 

 

მურმან დუმბაძე განმარტავს, რომ თუ პლაკატებს არ შეცვლის „ნაციონალური მოძრაობა“,  მაშინ ამ პლაკატებზე  თინათინ მიქელაძის  გამოსახულებას საღებავს გადაუსვამენ.

აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან

 13:26 სტუდენტების აქციის ორგანიზატორები სტუდენტებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ აქცია განაახლონ საღამოს 6 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან. 

13:21 სტუდენტები ითხოვენ აქცია პირდაპირ ეთერში გააშუქოს აჭარის ტელევიზიამ. აჭარის ტელევიზიის სანფორმაციო სამსახურის უფროსი, ცირა აბულაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზია ქალაქში მიმდინარე ყველა აქციას აშუქებს და ტელევიზიის ჟურნალისტები სტუდენტების აქციაზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მისი თქმით, პირდაპირი ეთერით გაშუქების ტექნიკური საშუალება აჭარის ტელევიზიას არა აქვს.  

13:08 სტუდენტების აქციას ლექტორების უმრავლეობა შეურთდა. სტუდენტები ითხოვენ გადადგეს ბაჩო ახალია. 

13:00 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:  „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უნივერსიტეტი უერთდება საზოგადოების მოთხოვნას შეიქმნას სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია და დასჯილ იქნას  თითოელი დამნაშავე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.“ 

12:35 „სად არის თვითმმართველობა?” -კითხულობენ  ბათუმის უნივერსიტეტთან  გამართულ აქციაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ აქციაზე  სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დილით იყვნენ და მას შემდეგ არ ჩანან. ამ წუთებში სტუდენტების აქციას  უერთდებიან მოქალაქეებიც. 

12:23 აქციაზე მოიტანეს ცოცხები და დაწვეს. უნივერსიტეტის ლექტორმა, მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტის მთელი პერსონალი შეიკრიბება სააქტო დარბაზში, რომ ხელისუფლებას მიმართონ საგანგებო წერილით.  

12:14 ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოდიან აკადემიის სტუდენტები. აქციაზე ელიან პირველი საჯარო სკოლისა და გიმნაზიის უფროსკლასელებს. 

12:08 სტუდენტები ითხოვენ ადგილზე მივიდეს აჭარის ტელევიზია და აქციაა სრულად გააშუქოს. 

11:51 ბათუმის საზღვაო აკადემიიდან აქციას შეურთდნენ აკადემიის სტუდენტებიც. სტუდენტური საპროტესტო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გრძელდება. 

11:32 ლექციები დატოვეს ბათუმის უნივერისტეტის პირველკურსელებმაც. 

11:27 აკადემიის მთავარი შესასვლელი ამ დრომდე ჩაკეტილია. შესასვლელთან სტუდენტები დგანან და სკანდირებენ: „გამოდით!” აკადემიის ლექტორები ფანჯრებიდან უყურებენ სტუდენტებს. აკადემისთან გრძელდება სტვენა და შეძახილები. 

11:25 აქციას თანდათან ემატებიან სტუდენტები საზღვაო აკადემიიდან. ამ წუთებში უნივერსიტეტთან რამდენიმე ასეული სტუდენტია. 

11: 19 აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბათუმს უნვერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მხარში დაუდგება სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ ყველა ლექტორი უნდა დგეს იქ, სადაც არიან სტუდენტები. 

11:17 ამ წუთებში სტუდენტების ერთი ჯგუფი გეგმავს წასვლას საზღვაო აკადემიისკენ, მოთხოვნით, ადმინისტრაციამ გააღოს კარი და გამოუშვას სტუდენტები. 

11:13 „ძირს ძალადობა!”, „გაიღვიძეთ!“ – ისმის შეძახილები ბათუმის აქციაზე. აქციაზე სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ აქცია მათ სასარგებლოდ. 

 11:10 საპროტესტო აქციას უერთდებიან სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიიდან. სტუდენტები ამბობენ, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და სტუდენტებს გარეთ არ უშვებენ. 

11:00 დღეს დილიდან აქციაა ბათუმის უნივერსიტეტთან. ამ წუთებში 200-ზე მეტი სტუდენტი დგას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ, დატოვონ სასწავლო პროცესი და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.  

აქციაზე სტუდენტებთან ერთად არიან ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის ფაკულტეტის ლექტორი, პაატა აროშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ლექტორის ადგლი იქ არის, სადაც არიან სტუდენტები და მოუწოდა სხვა ლექტორებსაც, შეურთდნენ აქციას. აქციაზე სიტყვით გამოვიდა იური ბიბილეშვილიც, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი. 

 სტუდენტებმა გარკვეული დროით გადაკეტეს მოძრაობა, თუმცა ამას მძღოლების პროტესტი არ გამოუწვევია. მძღოლები გაბმული სიგნალებით გამოხატავენ მხარდაჭერას და ხელს უქნევენ სტუდენტებს. 

მასალაზე მუშაობენ: ქეთი ლაბაძე,  ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

 ფოტო: ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

გორგოძე-ქვაცაბაია ფინალისკენ მიიწევენ

მერვედფინალში კიდევ ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა იასპარეზა, თუმცა, ორივე უკრაინელ სპორტსმენთან დამარცხდა.  ნათია გეგიას ოლგა იანჩუკმა აჯობა. ხოლო მარგალიტა ჩიჩაშვილს – ელიზავეტა იანჩუკმა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ და ქვაცაბაიამ ანი გოგვაძეს და ეკატერინა წიკლაურს (რუსეთი) 6:3, 6:4 სძლიეს და ფინალში გადასასვლელად რუსებს – კალაბინას და პაშკოვას გაეჯიბრებიან. მარიამ ბოლქვაძემ და ბარბარე ერისთავმა უკრაინულ დუეტთან (ფომინა-შკუდუნი, მე-4) 1:6, 1:6 წააგეს.

გია ნოდია: ასეთ შემთხვევაში მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს

პატიმრების წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალებს გია ნოდია ფეისბუქზე ეხმაურება.

 

მან დაახლოებით 10 წუთის  წინ განაახლა  სტატუსი: „ შეიძლება ითქვას, მდგომარეობა ტრაგიკულია. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს. მაგრამ ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად ბიძინა და “ოცნება” გყავს,” – წერს გია ნოდია, რომელსაც განათლების მინისტრის პოსტი რამდენიმე წლის წინ ეკავა

ევროპის მოედანზე აქცია განახლდა

ცაგო კახაბერიძე

ნახევარი საათის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე პატიმრების სოლიდარობის აქცია განახლდა. პატიმართა წამების ფაქტებს ევროპის მოედანზე კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, მათი აქცია აპოლიტიკურია და არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ გამოხატავს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველოს გაუმარჯოს!”.

აქციას შეუერთდა დეკანოზი თეიმურაზ ყურაშვილი. „მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ხუთიანის დეპუტატი კი არ უნდა იყო, ესენი ვინც ამას აკეთებს, არ გეგონოთ მათ უნდათ,  მათ აქვთ დავალებული.  ხალხს სიტყვა ნაციონალური და ხუთიანი შეაძულეს.“ – ამ სიტყვებით მიმართა მან ახალგაზრდებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამებაზე

 ცაგო კახაბერიძე, ნათია ზოიძე

 

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი აჭარაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ. 

 

 

არ აწამო! – აქციის მეორე დღე ბათუმში

  ამ დროსათვის ბათუმში სტუდენტების მცირე ჯგუფი მიემართება ბათუმის საზღვაო აკადემიისკენ. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებსა და სტუდენტებს შეურთდნენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ აპირებენ წასვლას. 

 

 

 ბათუმში, ევროპის მოედანზე 12 საათიდან განახლდა სამოქალაქო აქცია.  მოქალაქეებმა  ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ის რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდება, არის სისხლის სამართლის დანაშაული და  ხელისუფლებამ დამნაშავე ჩინოვნიკების მისამართით, კანონით გათვალისწინებული  ზომები უნდა მიიღოს.

 

 

 

ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს დაიცვან ეთიკური სტანდარტები პატიმართა წამების გაშუქებისას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს,, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას, იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები – ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ” რეალ ტვ” აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს.

 

“აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის;

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანიამ უნდა დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და უნდა გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია.

არა წამებას – აქცია ბათუმში 12 საათზე დაიწყება

“არა წამებას” – ამ სახელწოდებით  აქცია ბათუმში 12 საათზე ერას მოედანზე დაიწყება. 

 

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი გუშინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული  ვიდეო მასალებია, რომელიც გლდანის  მე–8  საპყრობილეშია გადაღებული. კადრებში ჩანს პატიმართა არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები. 

 

 

„დინამომ“ „ჩხერიმელა“ 3:0 დაამარცხა

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სტუმრებს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდათ სასურველი შედეგით მატჩის დასრულება, მაგრამ თავი იჩინა ბათუმელთა ვეტერანმა ამირან მუჯირმა, რომელმაც პირველი გოლი გაუტანა სტუმრებს. მომდევნო ორი გოლი ვაკო თედორაძისა და ნიკა დიასამიძის ანგარიშზეა. ბათუმის „დინამომ“ მეტოქე დაამარცხა და საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ საქართველო იქნა არჩეული

მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ.  კერძოდ, 2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.

 

 

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

 

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს.

 

 

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა როტაციის ან გეოგრაფიული, ან სხვა კრიტერიუმების, არამედ ყველა მონაწილე სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოების კენჭისყრის საფუძველზე.

 

 

კონგრესის მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით   

 

ეკომიგრანტები მიწისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

მარიამ ხანჯალიაშვილი

დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ ინიციატივით ეკომიგრანტთა განსახლების თემაზე შეხვედრა გაიმართა.  „ბორჯღალომ” ექსპედიცის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონის 13 სოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა და მათი პრობლემები შეისწავლა:

„ეკომიგრანტთა ძირითადი ნაწილი აჭარის მაღამლთიანი რეგიონიდან არიან გადასახლებულები და ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეძენილ ბინებში ცხოვრობენ. თუმცა ეს ბინა არ არის მათ საკუთრებაში გადასული და ძველ მეპატრონეებთან დავა აქვთ. საცხოვრებელი ბინები კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. გარდა ამისა რეალურად არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც დაამუშავებენ და ამით თავს ირჩენენ. მიწების დიდი ნაწილი მსხვილ ფერმერებს ეკუთვნით და ეკომიგრანტები, მათ შორის ქალბატონები, იქ დღიურ მუშად, დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ.

ზოგ რეგიონში, მაგალითად ქვემო ქართლში, მარნეულსა და წალკაში მესაქონლეობას მისდევენ, თუმცა მათაც მცირემიწიანობის პრობლემა აქვთ –  საძოვრები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არ აქვთ სკოლები, არ მუშაობს ამბულატორიები, სოფლებში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი” – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9000-ზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40 000 ადამიანია ჩასახლებული. 55 000 ადამიანი კი დღემდე რჩება საცხოვრებლად სტიქიურად საშიშ ზონაში.

„წელს სახელმწიფომ მიიღო მიგრაციის სტრატეგია, სადაც სიტყვითაც კი არ არიან ნახსენები ეკომიგრანტები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ან საერთოდ ამოიღონ ეს დოკუმენტი მოქმედებიდან, ან დაერქვას მას გარე მიგრაციის სტრატეგია“, – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ბათუმის მთავრობის მიერ მიმდინარეობს 200 სოციალური სახლის მშენებლობა, რომელშიც ეკომიგრანტების შესახელბა იგეგმება. საცხოვრისების აშენების შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, თუ რომელი ოჯახები უნდა დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართით. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში ან რა კატეგორიის ეკომიგრანტები შესახლდებიან ახალაშენებულ სახლში.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ორგანიზაციის მიერ ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში გადაღებული მასალების მიხედვით იყო აგებული. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელშიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მოღალატეები არც პარტიას და არც ქვეყანას გამოადგებიან“ – დავით რობაქიძე ყოფილი თანაპარტიელების შესახებ

 

„თუ ასეთი გამყიდველების  ხარჯზე აპირებს ივანიშვილი საქართველოს აშენებას, მე ვიქნები  მისთვის პირველი მახვილი“ – აცხადებს „ბათუმელებთან“  ლეიბორისტური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე  დავით რობაქიძე. 

 

 

პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავჯდომარისთვის უკვე ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, „შოკისმომგვრელი“ იყო.   

 

 

„შეხვედრებზე ვიყავი შუახევის რაიონში, ეს არის ღალატი და ზურგში ჩამარტყეს მახვილი, უკვე უბნის  კომისიებში წევრების ჩანაცვლებისა და მაჟორიტარების  წარდგენის ვადაც მოწურულია, არ მინდა დავწვრილმანდე და ვთქვა, რისთვის გააკეთეს, თუ წინააღმდეგობა ჰქონდათ პარტიის კურსთან, ეთქვათ აქამდე.  მოღალატეები არც პარტიას და არც ქვეყანას გამოადგებიან“ – ამბობს დავით რობაქიძე. 

 

 

იგი ამბობს, რომ  უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს,  „ჩემს ხმაზე მიხვდა,  როგორ დღეშიც ვარ და მითხრა, მშვიდობიანდ  ჩადი და ბათუმში რომ ჩამოვალ, ისევ დავუკავშირდები და გავაგრძელებთ საუბარს“. 

 

 

რობაქიძე ამბობს, რომ  განსაკუთრებით მოულოდნელი  ბიძინა დუმბაძის   გადაწყვეტილება იყო: „2008 წელსაც მოხსნა ბიძინა  დუმბაძემ   მურმან დუმბაძის სარგებლოდ კანდიდატურა და რამდენი ძალისხმევა დამჭირდა რომ  პარტიიდან არ გაერიცხათ.  ასე დამიფასა“ – ამბობს რობაქიძე.  

 

 

თამაზ დევაძე ლეიბორისტური პარტიის წევრი იყო  2003 წლიდან, ბიძინა დუმბაძე კი  13 წლის განმავლობაში იყო ლეიბორისტურ პარტიაში. მათ  დღეს „ქართული ოცნების“  ბათუმის  ოფისში  განაცხადეს, რომ ლეობორისტური პარტიის კურსი  მათთვის მიუღებელი იყო.  

„ვენდეტა“ დასრულდა



მემარჯვენე მკლავჭიდელთა შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა ოთარ თავართქილაძე, რომელმაც ფინალში თამაზ კონცელიძე დაამარცხა, მესამე ადგილზე რატი რეხვიაშვილი გავიდა. მემარცხენეთა შორის „ვენდეტას“ გამარჯვებულის ტიტული მერაბ კაკაბაძემ მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახლავთ, მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ოთარ თავართქილაძემ და თამაზ კონცელიძემ დაიკავეს.

ოთარ თავართქილაძე ნოემბერში პოლონეთში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო თასისთვის გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

Exit mobile version