მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის?

ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები უვადოდ აირჩევიან, შემდეგ კი განსაზღვრონ მათი ატესტაციის წესი და ფორმა. კანონის თანახმად უმაღლესმა სასწავლებლებმა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების არჩევისა და ატესტაციის საკითხის დასრულება წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის ინფორმაციით, პირველ თებერვალს, საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით გამართულ კონფერენციაზე, განიხილეს კანონში შესული ცვლილებების იმპლემენტაციის ვადების საკითხი და ამ პროცესების დასრულება 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს:

„სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ატესტაციის წესები უნივერსიტეტებმა უნდა დაამტკიცონ 2016 წლის ბოლოსთვის, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს ატესტაცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

რამდენად არიან მზად უმაღლესი სასწავლებლები ამ ცვლილებებისთვის და რა ეტაპზე არიან ისინი მუშაობის პროცესში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ბათუმის სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმართა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე აღნიშნავს, რომ რადგან საზღვაო აკადემია სპეციფიკურად მუშაობს – აკადემიის მარეგულირებელი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, მათ ერთობლივად მოუწევთ ცვლილებებზე მუშაობა.

„ჩვენ ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად. დაახლოებით ერთ თვეში მზად ვიქნებით ცვლილებების შესატანად. ზოგადად კი, ჩვენი პროფესია განსხვავდება სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან: ჩვენთან პროფესორის არჩევისას სავალდებულო არ არის პირი მაინცადამაინც დოქტორი იყოს. შეიძლება კაპიტანი, „სტარპომი“, უფროსი მექანიკოსი ან მეორე მექანიკოსი იყო და მაინც შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ ის პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული“, – ამბობს ირაკლი შარაბიძე.

საზღვაო აკადემიაში დღეისათვის 15 სრული პროფესორი მუშაობს.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორის უვადოდ არჩევის საკითხზე მუშაობა არ დაუწყიათ. ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ჯერ მზად არ არის ამ პროცესისთვის. თუმცა, საწესდებო ცვლილებების დამუშავება უკვე დაწყებული აქვთ:

„ატესტაციის ფორმა და წესი, ჯერჯერობით, არ შეგვიმუშავებია. ახლა ვამზადებთ წესდებაში ცვლილებებს. რაც შეეხება პროფესორის თანამდებობაზე არჩევასა და მუდმივ სტატუსზე გადაყვანს – ამ საკითხზე მოსამზადებელი გვაქვს ცალკე წესი, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, რადგან ეს სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ჯერჯერობით მზად არ ვართ ამისთვის“, – ამბობს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს მუდმივი პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. ამ თანამდებობაზე პროფესორებს ჯერ აირჩევენ და მათი ატესტაციის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში. ამ ეტაპზე სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა უნდა აირჩიონ მეცნიერები და მათი ატესტაცია დაამტკიცონ.

საწესდებო ცვლილებებზე სამუშაოდ ბსუ-ში კომისია უკვე შექმნილია.

„ჩვენ ცვლილებები გავაცანით აკადემიურ საბჭოს, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დირექტორებს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებს. უკვე შექმნილია კომისია, რომელშიც ჩართულია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. აუცილებელია, კანონში გატარებული ცვლილებების შესაბამისად შევიდეს ცვლილებები წესდებაში. აი, ამის შემდეგ დავიწყებთ ყველა იმ ცვლილების იმპლემენტაციას, რაც კანონში შევიდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს შემდეგ ავტორიზაციამდე არჩეული უნდა ჰყავდეს მუდმივი პროფესორის რანგის პროფესორები.

შემდეგი ავტორიზაცია ბსუ-ს 2017-2018 სასწავლო წელს ექნება გასავლელი. აქ მუდმივი პროფესორები სწორედ ამ დრომდე უნდა აირჩიონ. ბსუ-ში ამ ეტაპზე 64 პროფესორი და 6 მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ უვადო პროფესორად არჩევაში.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ზოია სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა გააჩნია, როგორ განისაზღვრება ატესტაციის წესები.

„ამაზე უნდა იმსჯელოს უნივერსიტეტმა და უნდა შეირჩეს ისეთი კომისია, წევრებმა შესაფასებელზე ცოტა მეტი მაინც რომ იცოდნენ. შედეგი იმის მიხედვით დადგება, თუ რამდენად იქნება ობიექტურობა დაცული“, – ამბობს ზოია სიხარულიძე.

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძეც ობიექტური კრიტერიუმების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, უნივერსიტეტები ჯერ მზად არ არიან მსგავსი ცვლილებებისთვის.

„თუ პროცესი იქნება ობიექტური, ბევრი პირი ვერ დაიკავებს ამ თანამდებობას. ეს უნივერსიტეტის გამოწვევაა: უნივერსიტეტს შეუძლია სტანდარტები მოარგოს თავის პროფესორებს და, შესაბამისად, ამ პროცესს ყველა წარმატებით გაივლის, მაგრამ თუ საერთაშორისო სტანდარტებს აიღებს, მაშინ ბევრის თანამდებობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, ამიტომ ეს უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ისევ მიკერძოებული ვიქნებით, როგორც წარსულში ვიყავით კონკურსებსა თუ ზოგიერთი პროფესორის არჩევისას, ეს იქნება არაობიექტური პროცესი… მზად ალბათ არ ვართ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა უნივერსიტეტი“, – აღნიშნავს მალხაზ ნაკაშიძე.

რატომ გახდა ეს ცვლილებები აუცილებელი? – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შეერთების შემდეგ კანონში წარმოქმნილი უზუსტობების გამო ზოგიერთი მეცნიერი თავს დაუცველად გრძნობდა. ასევე დაბალი იყო სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესებში, რის გამოც არ ხდებოდა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.

ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე

ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი.

ჯემალ ფარტენაძის ოჯახი სახელმწიფო შემწეობას 2005 წლიდან იღებდა. სოციალური დახმარება, რომელიც ჯემალის მეუღლის, ხათუნა ღომიძის სახელზე იყო რეგისტრირებული, 2015 წლის ივნისში შეუწყვიტეს. ხუთსულიანი ოჯახი ამ დროისთვის ჯემალ ფარტენაძის 100-ლარიანი პენსიით ცხოვრობს

„ჩვენს სახელზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული. ჩემი ძმა და მე ვცხოვრობთ ამ სახლში. სახლი ჩემი ძმის, რამაზ ფარტენაძის სახელზეა რეგისტრირებული. ჩვენ რამდენიმე ოთახში ვართ. არ მაქვს შესაძლებლობა, რომ სახლის ნაწილი ჩემს სახელზე ოფიციალურად დავირეგისტრირო. შარშან ჩემმა ძმამ მისი საკუთარი მიწის ნაკვეთი გაყიდა და ეს თანხა სოციალურმა მუშაკმა როგორც ჩვენი შემოსავალი, ისე დააფიქსირა~.
ჯემალ ფარტენაძის ძმა, რამაზ ფარტენაძე `ბათუმელებთან~ ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად მისი საკუთრება იყო და არა მისი ძმის.
`ამ ვითარებაში მყოფ ოჯახს დახმარებას ვინმე შეუწყვეტდა? ნახეთ რა მდგომარეობაშია სახლი, ხან ვის გამოვართვი სამშენებლო მასალა, ხან ვის, ცოტა მე ვიყიდე და კიბე ამოვაყვანინე, მაგრამ ცუდად გააკეთეს და ესეც ჩამოიშალა,“ – ამბობს რამაზ ფარტენაძე.

ხათუნა ღომიძე ამბობს, რომ გასულ წელს მძიმე სოციალური პირობების გამო სახლის ერთი ოთახი 70 ლარად გააქირავა, სოციალურმა მუშაკმა ეს ფაქტიც დააფიქსირა.

„სახელმწიფო დახმარება ცოტაა, სამ შვილთან არ მყოფნიდა, რა მექნა? ერთი ძროხა მყავს, რომელიც დღეში ორ ლიტრს იწველის და ისე დააფიქსირა ოქმში, თითქოს 15 ლიტრს იწველიდეს. ამის გამო მომემატა ქულები. ჩემი მეუღლისთვის რძის ნაწარმი აუცილებელია, ეს რძე მას ძლივს ჰყოფნის, ბავშვებსაც ხომ სჭირდებათ ნორმალური კვება?“

ჯემალ ფარტენაძის ოჯახი სოციალური დახმარების შეწყვეტის შემდეგ ვერც მუნიციპალური სასადილოთი სარგებლობს.

„მეცხრე თვეა რაც შემწეობა შეგვიწყდა. რამდენჯერმე ვთხოვე ბათუმის მერიას, სასადილოთი სარგებლობის უფლება მაინც მოეცათ, მაგრამ სიაში არ ჩაგვსვეს. რამდენიმე დღის წინ კიდევ ვიყავი მისული მერიაში და მითხრეს დამატებით სიაში ჩაგსვამთო. მე ძირითადად სიაში მინდა ვიყო, რადგან დამატებით სიაში მონარჩენი საჭმლის წამოღება მოგვიწევს და არც სხვა დახმარება არ გავრცელდება ჩვენზე.

ჯემალ ფარტენაძე
ჯემალ ფარტენაძე

წელს შეშა სოციალური შემწეობის ფარგლებში სტატუსის შეჩერებამდე ცოტა ხნით ადრე მომცა მერიამ, რომ არ მომესწრო, არ ვიცი რა გვეშველებოდა. ჩემი ოჯახისთვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, რომ სოციალურმა მუშაკმა გულისხმიერად იმუშაოს, სწორად დააფიქსიროს ოჯახის მონაცემები, შემდეგ ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ ოჯახები, რომლებიც მთლიანად სოციალურ შემწეობაზე ვართ დამოკიდებული,“ – ამბობს ჯემალ ფარტენაძე.

სოციალური მდგომარეობის ბოლო გადამოწმების მიხედვით, ფარტენაძეების ოჯახის სოციალური ქულა 69 120-მდე გაიზარდა. ოჯახი ამ მონაცემებს არ ეთანხმება და სოციალურ მუშაკს ოჯახის მდგომარეობის ხელმეორედ შეფასებს სთხოვს.

მოქმედი კანონის მიხედვით, ოჯახის სოციალური მდგომარეობა ორ-სამ თვეში ერთხელ მოწმდება. ამ ვადების შეცვლა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული ოჯახს სოციალური მდგომარეობა გართულდება, ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და კომისია განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავს.

ხათუნა ღომიძე ამბობს, რომ სააგენტოში ვადებთან დაკავშირებით მას სხვა რამე უთხრეს: „ახალი წლის წინა დღეებში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიყავი და იქ მითხრეს, რომ 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე არ მოხდებოდა ჩვენი ოჯახის გადამოწმება“.

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის განმარტებით, მუნიციპალური სასადილოთი მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი ოჯახები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 ათასამდეა.

„უფრო მაღალი ქულების შემთხვევაში მოქალაქე, რომელიც საჭიროებს უფასო სასადილოთი სარგებლობას, მხოლოდ დამატებით სიაში შეგვიძლია ჩავსვათ. ამისთვის მოქალაქემ მერის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება და კომისია განიხილავს“.

ბადრი გოგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალური სასადილოთი 3 500-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

„ამდენი ბენეფიციარიდან, ბუნებრივია, ყოველდღე ყველა არ მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ მათთვის განკუთვნილი საჭმელი გავანადგუროთ, ამიტომ დამატებით სიაში ვინც არის, მათზე ვანაწილებთ“ – ამბობს ის.

ქალაქის თითოეული სასადილოს დამატებით სიაში ამ დროისთვის 50-50 მოქალაქეა რეგისტრირებული.

რა უნდა ვიცოდეთ გენერიკულ წამლებზე

რით განსხვავდება გენერიკული პრეპარატები ორიგინალებისგან, რა განაპირობებს მათ დაბალ ფასს და რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიციინო უნივერსიტეტის პროფესორს, ალიოშა ბაკურიძეს ესაუბრა.

ბატონო ალიოშა, რა არის გენერიკული მედიკამენტები და რით განსხვავდება გენერიკები ორიგინალი მედიკამენტებისგან?

გენერიკული პრეპარატები ფაქტობრივად არის ასლი ორიგინალური პრეპარატებისა, რომლებსაც არა აქვთ საპატენტო დაცვა და სწორედ ამ მიზეზით ისინი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მწარმოებლისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის საერთაშორისო, არაპატენტირებული, კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი.

გარკვეულ შემთხვევაში სწორედ დაბალი ფასი იწვევს მოსახლეობის ეჭვს ხარისხთან დაკავშირებით – რატომ ღირს უფრო იაფი, თუ ეს წამლები კარგი ხარისხისაა?

ორიგანალი სამკურნალო საშუალებების შემუშავებას სჭირდება საშუალოდ 10-12 წელი. ორიგინალი პრეპარატის ღირებულება, მოლეკულიდან – წამლის ფორმამდე და სერიულ წარმოებამდე, შეადგენს დიდ თანხას, დაახლოებით 500-700 ამერიკულ დოლარს. ბუნებრივია, ეს დანახარჯები ამოღებული უნდა იქნას რეალიზებული პროდუქციის ხარჯზე. ამას ფარმაცევტული კომპანიები უზრუნველყოფენ იმით, რომ წარმოებული პრეპარატი ეკუთვნის შემმუშავებელს, მას აქვს ექსკლუზიური უფლება, რომ მხოლოდ მან აწარმოოს პრეპარატი. იმავე პრეპარატს ვერ აწარმოებს სხვა, იმიტომ, რომ მას იცავს პატენტი. მას შემდეგ რაც გადის პატენტის მოქმედების ვადა, 20 წელი, პრეპარატი ხდება ე.წ. „საყოველთაო მოხმარების პროდუქტი“ და სხვა მწარმოებლებიც იწყებენ მის წარმოებას. ამ დროს სამკურნალო საშუალებაზე გაწეული დანახარჯები სავარაუდოდ უკვე ამოღებულია.

სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს გენერიკული პრეპარატების დაბალ ფასს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 20 წლის შემდეგ პირდაპირ რომ დავიწყოთ ორიგინალი პრეპარატის ასლის, ანუ გენერიკულის გამოშვება – ეს ასე მარტივად არ ხდება. ნებისმიერმა მწარმოებელმა უნდა დაამტკიცოს გენერიკული პრეპარატის ორიგინალთან ექვივალენტობა. თუ ის ორიგინალის ექვივალენტური არ არის, მის წარმოებაზე ნებართვა, ბუნებრივია, არ გაიცემა. ჩვენს ქვეყანაში მიღებულია მოთხოვნა ბიოექვივალენტობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გენერიკული პრეპარატი იმავე დოზით, იმავე ფორმაში უნდა იძლეოდეს იმავე თერაპევტულ ეფექტურობას, რასაც იძლევა ორიგინალი პრეპარატი.

ამერიკელებს აქვთ მაგალითად კოდირებული გენერიკული პრეპარატები. ისინი გენერიკულ პრეპარატებს ორ ჯგუფად ჰყოფენ: არის A და B კოდის პრეპარატები. A კოდის გენერიკული პრეპარატი გახლავთ ისინი, რომლებმაც გაიარეს კლინიკური გამოცდა თერაპევტულ ექვივალენტობაზე და ბიოექვივალენტობაში სხვაობა არის არაუმეტეს 3-4 პროცენტისა. B კოდის პრეპარატებს კი არ გაუვლიათ გამოცდა თერაპევტულ ექვივალენტობაზე, მათ გაიარეს მხოლოდ ბიოექვივალენტობაში ტესტირება და ასეთი პრეპარატები არ მიიჩნევიან ორიგინალი პრეპარატების ალტერნატივად.

ანუ არჩევანი გენერიკებზე არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი იყიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნაკლებ ეფექტურ წამალს?

ადამიანი როდესაც იღებს გენერიკს, ეს არ ნიშნავს, რომ ის იღებს ნაკლებ ეფექტურ პრეპარატს. ეს იქნება ორიგინალის იდენტური მოქმედების სამკურნალო საშუალება, თუ რეგისტრაციის პროცესში დაცულია ყველა პროცედურა და ასევე დაცულია შენახვის, ტრანსპორტირების და სხვა მოთხოვნები. ზოგადად, წამლის ეფექტურობა დამოკიდებული არ არის მხოლოდ მასში შემავალ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტზე, არამედ დამხმარე ნივთიერებებზეც. მოქმედების ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია მათ თანაფარდობებზე, მომზადების ტექნოლოგიებზე, შენახვის, ტრანსპორტირების პირობების დაცვაზე და ასე შემდეგ. მაგალითად, რომ ავიღოთ პარაცეტამოლი, იგი შეიძლება მზადდებოდეს 30 ტექნოლოგიით და ყველა მათგანი აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ რომელი გამხსნელიდან მოხდა მისი გამოკრისტალება, ის უკვე შეიძლება იყოს სხვადასხვა სიწმინდის. ამიტომაც არა იმდენად ეფექტი, რამდენადაც გვერდითი მოქმედება იქნება განსხვავებული. და მაინც, რომ დავაზუსტოთ, მაინც უნდა აღვნიშნოთ: ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენერიკი იგივეა ასი პროცენტით, რაც ორიგინალი. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ 3-4 პროცენტი განსხვავება დასაშვებია. გენერიკი 95-97 პროცენტით არის ორიგინალთან მიახლოებული სამკურნალო საშუალება.

როგორ უნდა გააკეთოს პაციენტმა არჩევანი გენერიკულ პრეპარატზე? ვინ წყვეტს ამას, ექიმი თუ თავად პაციენტი?

არჩევანის საკითხი დამოკიდებულია ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაზე. გენერიკი უფრო იაფია. თუ გენერიკი უკვე სააფთიაქო ქსელშია, ანუ მისი შესაბამისობა ორიგინალთან დადასტურებულია, მაშინ ჩვენ მისგან არანაირ საფრთხეს არ უნდა ველოდოთ. არჩევანი კი უნდა გააკეთოს ექიმმა. ჩვენ დიდ განსხვავებას არ უნდა ველოდოთ სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებით.

რამდენად მართალია მოსაზრება, რომ გენერიკების შემთხვევაში ფალსიფიცირების ალბათობა იზრდება?

ფალსიფიცირების პრობლემა არის მსოფლიო პრობლემა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის. მთავარია, ჩვენს ქვეყანაში წამლისა და ფარმაციის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ წამალი კომერციული პროდუქციაა, მაგრამ იგი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, ამიტომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დარეგულირებული შესაბამისად. ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. წამლის ქსელიდან ამოღება და შემოწმება აუცილებელია, მაგრამ ამით წამლის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება. ასე მხოლოდ დასკვნა, ანგარიში შედგება და მეტი არაფერი. ფალსიფიცირებისგან რომ დავიცვათ თავი, ორი რამ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში: უნდა დარეგულირდეს წამლის პრემარკეტ კონტროლი, რომელიც მოიცავს რეგისტრაციის რეჟიმს და ნებართვების გაცემას საქმიანობაზე და მეორე – პოსტმარკეტ კონტროლი. დღეს ჩვენს ქვეყანაში 4000-ზე მეტი აფთიაქია, მარეგულირებელში დასაქმებულთა რაოდენობა კი, სამწუხაროდ – ცოტა.

დავით ბერძენიშვილი მომავალ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატზე

ნაწყვეტი დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება („რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ ნეტგაზეთმა ჩაიწერა).

ბატონო დავით, ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი მასალკინი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ბათუმში საარჩევნო კოდექსით სამი მაჟორიტარული ოლქი არის განსაზღვრული. ამ სამი ოლქიდან “რესპუბლიკელებს” ერთ ოლქზე პრეტენზია რომ გვექნება, ეს არავისთვის არის მოულოდნელი და ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. თუ ბათუმში “რესპუბლიკელებს” ექნებათ მაჟორიტარული ოლქი, ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე შესაძლო კონკურენტუნარიან კანდიდატს.

როგორ აფასებს პარტიის ბათუმის ოფისის მუშაობას და ამ მხრივ რაიმე ცვლილებებს ხომ არ გეგმავს რესპუბლიკური პარტია?

“რესპუბლიკური პარტია” ბათუმში ტრადიციულად ძლიერია, ან არაუშავს. სპეციფიკა ასეთია – ბათუმში მიღებული შედეგები ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში. რესპუბლიკური პარტიისთვის ბათუმი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. საარჩევნო ასპარეზზე ყველაზე დიდი წარმატება რაც მოიპოვა “რესპუბლიკურმა პარტიამ”, ეს იყო 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები, სადაც ორივე მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ. ეს იმ დროს, როცა ან “მრგვალი მაგიდა” იგებდა და ან კომუნისტური პარტია. მოვიგეთ იმიტომაც, რომ ბათუმი კვალიფიციური ამომრჩევლებით დასახლებული ქალაქია და ჩვენც ძალიან ძლიერი ორგანიზაცია გვქონდა.

ყოფილა უფრო რთული პერიოდებიც, ასლან აბაშიძის 13-წლიანი მმართველობის დროს არ ყოფილა არც ერთი დღე, წუთი და წამი “რესპუბლიკელებს” რომ შეეწყვიტათ არსებობა. ანტიასლანური ორიენტირი ყოველთვის იყო “რესპუბლიკელების” სახით, იგივე მასალკინის სახით, ირაკლი ჩავლეიშვილის სახით და უამრავი სხვა რესპუბლიკელის სახით.

თქვენ, რომ გაიხსენოთ 2004 წლის არჩევნებში რა სია ჰქონდა სააკაშვილს და რა სია “რესპუბლიკურ” პარტიას, ნახავთ, რომ ჩვენ პარტიას ჰქონდა აჭარის რევოლუციის სახეებით დაკომპლექტებული სია, იმ სიაში ვინც კაი იყო, ისინი ახლა ჩვენთან არიან.

სოფელ თიკერში ეკალ-ბარდები იწვის

ქობულეთში, სოფელ თიკერში, 100 ჰექტარ მიწის ფართობზე, ბამბუკებსა და ეკალ-ბარდებს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, „ეს არ არის ტყის მასივი, როგორც ახლახან მედიამ გაავრცელა ინფორმაცია – იწვის ეკალ-ბარდები და ბამბუკის დაბალი ხეები. ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული ჯერ არ არის”.

ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო ავტოცისტერნა – “მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ჭაობია და ყველა მანქანა ვერ შედის ადგილზე. ეს არ არის ტყის მასივი, ხეზე საერთოდ არ ყოფილა ცეცხლი. გვიმრებია ძირითადად და დაახლოებით 1000 კვადრატზე პატარა ბამბუკის ბუჩქები. ხანძარი ლოკალიზებულია და რამდენიმე წუთში სულ ჩავაქრობთ.”

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.ზვიად ჯაფარიძის თქმით, მას გამოძიება დაადგენს.

 

 

2016-02-19 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე


სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 384 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის ყველაზე მეტი, 296 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 11 -დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 57 – ნიშანში დგომის გამო, 14 ტროტუარზე დგომისთვის და 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბათუმში მშენებარე ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა

დღეს გამთენიისას, კაჩინსკების ქუჩაზე, 39-სართულიანი შენობის მშენებლობის ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა. როგორც “ბათუმელებს” ადგილზე განუცხადეს, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანდა ქვაფენილისა და აუზის ნაწილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

სამშენებლო სამუშაოებს “ორბი ჯგუფის” ხელოსნები ახორციელებენ, კოშკურა-ამწესთან დაკავშირებულ სამუშაოებს კი “ორბი ჯგუფის” ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია – შპს “მირაჟი”. ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის დირექტორის, ომარ ბერიძის განმარტებით, კოშკურა-ამწის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი. “სამუშაოები მიმდინარეობდა ჩვეულ რეჟიმში და მოულოდნელად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, წაიქცა ამწე. ეს მოხდა დაახლოებით დილის შვიდ საათზე. ვაპირებდით ამ ამწის დაშლას და ახლის დამონტაჟებას, ნაწილები უკვე ჩამოსული იყო. ამწე არ იყო ძელი, არც მისი რესურსი, ჩვეულებრივ მუშა მდგომარეობაში იყო და ტექნიკურად გამართული იყო. შემთხვევისას არავინ დაშავებულა,”  – ამბობს ომარ ბერიძე.

[ვიდეო]

 

 

მძღოლებმა გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს

ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა [მერიის წინ] გადაკეტილია. საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ.

მძღოლები  ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას რამდენიმე დღის წინაც აპროტესტებდნენ. დღეს ისინი კონკრეტულ მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის მერთან შეხვედრაა.

Jpeg

სასამართლო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა დევნილის სტატუსს ომარ როდონაია

14 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული, რომლის შედეგად უნდა გადაწყდეს, მიანიჭებს თუ არა სასამართლო შშმ პირს, ომარ როდონაიას დევნილის სტატუსს. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, ნიკა დუმბაძე იცავს.

სტატია ომარ როდონაიას შესახებ – ”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ” – გაზეთ „ბათუმელებში“ 2015 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. ომარ როდონაია ბათუმში მარტო ცხოვრობს. მას საკუთრება არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ გალში დაბადებული ომარ როდონაია დევნილის სტატუსს მიიღებს, სახელმწიფო ვალდებულია მის საცხოვრებელ ფართობზეც იზრუნოს.

ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

„ის არის“, – თითით მიმანიშნა პატარა ნიკაზე მასწავლებელმა, რომელსაც ვთხოვე ინკლუზიურ კლასში შევეყვანე, რომ საგაკვეთილო პროცესს დავსწრებოდი. ნიკა ბათუმის #26 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ის წინა მერხთან მარტო ზის, მისი მაგიდა კი ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი დაახლოებით 15-20 წუთის დაწყებულია. ნიკას თანატოლები დავალების წერის პროცესში არიან. ჩემი თანმხლები მასწავლებელი მასთან მივიდა და სახატავი რვეული და ფანქრები ამოაღებინა ჩანთიდან. გახარებულმა ნიკამ მასწავლებელს უთხრა, რომ მაკრატელი და ფერადი ფურცლებიც ჰქონდა ჩანთაში.

#26 სკოლაში ახლახან გაიხსნა სპეციალური სწავლების ცენტრი, სადაც 44 მოსწავლეა, მათგან 30 სპეცჯგუფებში სწავლობს, ხოლო 14 მოსწავლე გადანაწილებულია ამავე სკოლის სხვადასხვა კლასში.

პანდუსი ბათუმის #26 სკოლაში
პანდუსი ბათუმის #26 სკოლაში

2006 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხოლო ამ მოდელით სწავლება – ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მოვალეობა. კვლევის – „მშობელთა უნივერსიტეტი ინკლუზიური განათლებისთვის“ – მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წელს ბათუმის 27 საჯარო სკოლაში სულ 204 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობდა.

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ინკლუზიურ განათლებას განმარტავს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ამავე კანონის თანახმად, განათლების სამინისტროში არსებულმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა შეაფასოს მოსწავლე მშობლის ან მასწავლებლის მიმართვის შემდეგ. შეფასების საფუძველზე უნდა დადგინდეს, არის თუ არა მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე – თანატოლებთან შედარებით უჭირს სწავლა და საჭიროა მისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მორგება (მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა). შემდეგ ეს მოსწავლე ასაკის შესაბამის ან მაქსიმუმ ორი წლით დაბალ სასწავლო საფეხურზე ირიცხება მშობლის მიერ შერჩეულ უახლოეს სკოლაში. თავის მხრივ მასწავლებლები ვალდებულნი არიან, შეიმუშავონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ამ გეგმით ასწავლონ, შეაფასონ მოსწავლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდისთვის აჭარაში სამი შტატი აქვს გამოყოფილი. როგორც გუნდის ხელმძღვანელი ციალა ტუღუში ამბობს, მათი ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს და გუნდი პრაქტიკულად ორი თანამშრომლისგან შედგება, რის გამოც ვერ ახდენენ სკოლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და არც იმაზე შეუძლია პასუხი, რამდენად სრულდება ის ინდივიდუალური გეგმები, რომლებიც წლის დასაწყისში იწერება:

„თითქმის ყველა სკოლა ჩართულია ინკლუზიური სწავლების პროცესში, ჩვენ მოვახერხეთ, რომ მათთვის უზრუნველგვეყო სპეცმასწავლებლები, რომელთა ფუნქციაც სხვა მასწავლებლების დახმარებაა. ყველა მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სსსმ მოსწავლეს, კანონით ვალდებულია შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ასწავლოს და შეაფასოს ეს მოსწავლე. თავიდან გვქონდა პრობლემები, დღეს მეტწილად მოწესრიგდა ამ გეგმების შემუშავების საკითხი.
თუმცა, რამდენად მუშაობენ მასწავლებლები ამ გეგმით და რამდენად ხარისხიანია ეს პროცესი, ჯერჯერობით მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ამის შემოწმებას. ფაქტობრივად დღეს მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ, სკოლები კი უამრავია, ბათუმის გარდა რეგიონებშიც, თითქმის მთელ აჭარაში მოგვიწევს სკოლების შემოწმება. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სკოლებისთვის თვითშეფასების კითხვარი შევიმუშავეთ“, – ამბობს ციალა ტუღუში.

ლელა ჯინჭარაძე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებელია ბათუმის #4 საჯარო სკოლაში. როგორც ის ამბობს, წელს პირველად შევიდა ინკლუზიურ კლასში. მეხუთე კლასში ორი სსსმ მოსწავლე ჰყავს. მათთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობს. ის ამბობს, რომ არსებობს რიგი სირთულეები, თუმცა ტრენინგების გავლის შემდეგ ახერხებს ეფექტურად იმუშაოს მთელ კლასთან.

„ამ ბავშვების ინტეგრირება აუცილებელია, თუმცა დიდ სირთულეებს ვაწყდებით… მასწავლებელი ცდილობს სსსმ ბავშვების დონის შესაბამისი დავალება ან ტესტი მისცეს მოსწავლეებს, დაასაქმოს გაკვეთილზე აქტივობებით, რომლებიც მათი განვითარების ზონას შეეფარდება. მათ ვერ მოვთხოვთ იმას, რასაც სხვა ბავშვებს ვთხოვთ. ბუნებრივია, შეფასებას ვაძლევთ“, – ამბობს ლელა ჯინჭარაძე და დასძენს, რომ `სკოლებში მწირია მასალები აქტივობებისთვის და თვალსაჩინოებები, რომლებიც გაკვეთილზე გამოიყენება… თუმცა, სკოლებში არსებულ „რესურსოთახში“ „სპეცმასწავლებელი“ მხოლოდ სსსმ ბავშვებისთვის ატარებს გაკვეთილებს ყველა შესაბამისი თვალსაჩინოების დახმარებით“.

სპეციალური განათლების ცენტრის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ბაზაზე გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსწავლემ ინკლუზიური კლასის (სადაც ის სწავლობდა მეექვსე სკოლაში) ნაცვლად სპეციალურ კლასში განაგრძო სწავლა. სპეცკლასის მასწავლებლის, მანანა მაჩალაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სასწავლო პროგრამა ვერ დაძლია:
„მასწავლებელი კი ცდილობდა, მაგრამ, რადგან ჩვეულებრივი პროგრამისგან ძალიან შორს იყო ბავშვი, მშობელთან შეთანხმებით ვარჩიეთ, რომ სპეციალურ კლასში სწავლა აჯობებდა მისთვის. კლასი არაფერ შუაშია“.

ციალა ტუღუში ამბობს, რომ შესაძლოა კარგად არ იცნობს ამ საკითხს, მაგრამ, რადგან თითოეული მოსწავლისთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, შეუძლებელია, მუშაობის შემთხვევაში, მოსწავლემ ვერ შეძლოს მისი დაძლევა:
„მგონი ასაკობრივი უფრო იყო ის, რომ ბავშვი ცენტრში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად იყო საგაკვეთილო პროცესებში ჩართული. ვიცი, რომ კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.

რამდენად ეფექტურია დღეს არსებული ინკლუზიური განათლება და რამდენად ახერხებენ სსსმ მოსწავლეები სკოლებში იმ ცოდნის მიღებას, რაც გათვალისწინებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით? – ამ კითხვას ციალა ტუღუში ვერ პასუხობს, რადგან საკითხის შესამოწმებლად შესაბამისი მონიტორინგის, შეფასების სისტემა არ არსებობს:

„პროგრესი გვაქვს, ადრე თუ პრობლემები მოსწავლეების მშობლებთანაც გვექმნებოდა, დღეს ეს შესამჩნევად შემცირდა, თავად იმ მშობლებმაც კი, რომლებიც საკუთარ შვილებს მალავდნენ, უფრო აქტიურად დაიწყეს ბავშვების სკოლაში შეყვანა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, სწავლის პროცესში აღწევს თუ ვერა შედეგს მოსწავლე, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იქნება მაგალითები, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ამის გაკონტროლება მხოლოდ ოჯახსა და სკოლის დირექციას შეუძლია“.

მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა

მარიხუანას შეძენა-შენახვასა თუ მოხმარებაზე საქმეებს სასამართლოები ვერ იხილავენ. პრობლემა კანონია, რომელიც არ არსებობს. კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება დანაშაულად რჩება, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც შეიძლება დამნაშავეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აკრძალა და იგი წამების ტოლფასად მიიჩნია. პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თაროებზე ამჟამად 35 საქმეა, რომლებიც მარიხუანას შეძენა-მოხმარებას ეხება. ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლეები საქმეების განხილვას ვერ იწყებენ, რადგან 24 ოქტომბრიდან დღემდე პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის კოდექსში სანქციის შეტანა ვერ მოახერხა. „გვაქვს პრეცედენტი: არსებობს დანაშაული, მაგრამ არ არსებობს სასჯელი. 70 გრამამდე მშრალ მარიხუანაზე პირს არაფერი ემუქრება, რადგან სანქცია ბუნებაში არ არსებობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა. მან ცოტა ხნის წინ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მარიხუანას შეძენა-შენახვაზე, ანუ დანაშაულის არსებობა დააფიქსირა, მაგრამ სასჯელი ვერ მიუსაჯა:

„უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და უნდა დაბრუნებულიყო საკუთარ ქვეყანაში. ამიტომ გახდა აუცილებელი ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში იყო კანონის ანალოგის გამოყენება. როცა კანონში არსებობს ხარვეზი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ანალოგის გამოყენებას, თუკი ამით არ ირღვევა ბრალდებულის უფლებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნას და მისი მოხდისგან გათავისუფლებას, თუკი განაჩენის გამოტანის დროისთვის ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დანაშაულებრიობა“, – ამბობს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე - „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ფოტო "ბათუმელების" არქივიდან
საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე – „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ფოტო “ბათუმელების” არქივიდან

ადვოკატი რამინ პაპიძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს: „მოსამართლის გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. მოსამართლეებს არ აქვთ დღეს უფლება მიიღონ ამ კუთხით გადაწყვეტილებები“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს: „სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა მოსამართლე, რადგან თავისუფლების აღკვეთას სასჯელად ვეღარ განსაზღვრავდა. პრობლემა არსებობს და გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტში უნდა შედგეს კონსესუსი. საგაზაფხულო სესიაზეც თუ ვერ მოახერხებენ ამას, კიდევ უფრო გაიწელება პროცესი, რადგან მაშინ ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა დაველოდოთ“.

პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. „თუკი ამ კანონპროექტში არაფერი შეიცვალა, მხარდაჭერას არ ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ. კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გიგა ბუკია: „მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონპროექტს. „კონსერვატორებმა“ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ეს მიდგომა, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, არაა რელევანტური ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა ან მოხმარება მკაცრად უნდა იყოს დასჯილი და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმას _ 100 ლარს ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარამდე დაჯარიმებას. მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარება 500 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით.

საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ალტერნატიულ კანონპროექტზე მუშაობს. რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, ამაზე საუბარი კანონპროექტის ავტორებს არ სურთ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ თანხმობა უმრავლესობაში ამ საკითხზე მიღწეული არ არის: „ამდენ დეპუტატში ამის მიღწევა მარტივი გგონიათ? ვიდრე არ გვექნება თანხმობა, ვერც სამართლებრივ ნორმას დავაწესებთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ნათელმხილველი არ ვარ“.

იმის გამო, რომ კანონმდებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კანონი არ დააზუსტეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაც შეუფარდა მარიხუანას მოხმარებისთვის კონკრეტულ პირებს. ეს ის შემთხვევები იყო, როცა ბრალდებულებს ნედლი მარიხუანას მოხმარება დაუდგინდათ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი მარიხუანას მშრალ ოდენობას ეხებოდა.

რა გამოსავალს სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს? კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიგა ბუკია გამოსავალზე არ ფიქრობს, რადგან მისი აზრით, მოსამართლეებს ისევ შეუძლიათ პატიმრობა გამოიყენონ, თუკი ისინი ამის აუცილებლობას ხედავენ: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ 260-ე მუხლს, მაგრამ ის არ შეხებია 273-ე მუხლს, რომელიც ჯარიმებსაც ითვალისწინებს და პატიმრობასაც. თუ რომელიმე მოსამართლე არასწორად კითხულობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეგ არ ვიცი“.

„გიგა ბუკიას აქვს უფლება, ჰქონდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პოზიცია. სამწუხაროა, რომ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასეთ ინტერპრეტაციას ახდენს“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად აიკრძალა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე – საუბარია 70 გრამამდე, ხოლო 273-ე მუხლი, პირიქით, მარიხუანის მცირე ოდენობის მოხმარებაზეა და პატიმრობის გამოყენება გამორიცხულია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია წინააღმდეგია იმ კანონპროექტის, რომელზეც მისივე პოლიტიკური გუნდი მუშაობს: „მე არ ვიცი, რა კანონპროექტზე მუშაობენ. წინააღმდეგი ვარ, მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოირიცხოს. თუ მოსამართლე ხედავს, რომ ადამიანი გამოუსწორებელი ნარკომანია და სხვასაც უბიძგებს ამისკენ, მან პატიმრობა უნდა გამოიყენოს“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიგა ბუკიამ. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და რა გამოსავალს ხედავს კანონმდებელი, როცა კანონში სამართლებრივი ნორმის დაწესებას პარლამენტი ვერ ახერხებს? – ამ შეკითხვას გიგა ბუკიამ აღარ უპასუხა: „მეტი არ მცალია, სხდომაზე შევდივარ“.

მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 18 თებერვალს, აეროპორტის გზატკეცილზე ბათუმის # 10 მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი, ასევე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მსუბუქ ავტომობილს, რის გამოც ადგილზე მისული იყო სახანძრო სამსახური. „გამოძიების დასრულებამდე გადაყვანილი იქნება ავტობუსიც და მსუბუქი მანქანაც საჯარიმო სადგომზე. ჯერ არ ვიცით, რა ხარისხის ზიანი მიადგა ავტობუსს ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,“  – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დუმბაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს

18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები“ – „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემებზე, სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ცირა ელისაშვილის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას.

ცირა ელისაშვილი

„ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს წარდგენა. ვფიქრობ, ეს არ არის ის სეგმენტი, რომელსაც შეიძლება ლექცია წაუკითხო კულტურული მემკვიდრეობის საჭიროების შესახებ. თქვენი აქტივობით თქვენ უკვე დაადასტურეთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის მოძველებულია და ეს მისასალმებელია ჩემთვის, რადგან იყო ბათუმში პერიოდი, როცა ამ ქალაქს უჭირდა, სჭირდებოდა სამოქალაქო აქტიურობა, მაგრამ ეს აქტიურობა, სამწუხაროდ, არ იყო. ამიტომ ვისაუბრებ ჩემს დამოკიდებულებაზე ბათუმის მიმართ.

ყველა ქალაქს აქვს თავისი სიმბოლო. ბათუმში ეს ჩემთვის არის რამდენიმე ობიექტი, რომელიც პირდაპირ ასოციაციას იწვევს სიტყვა ბათუმის ხსენებისას. ეს არის: „ინტურისტის“ შენობა; ფოსტა; წიგნების მაღაზია, რომელიც ახლა სახეცვლილია; სუპერმარკეტი [მაღაზია აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ეროვნული ბანკის შენობის ქვეშ], რომელიც იყო სრულიად ეკლექტიკური ნიმუში და შესაძლოა, ხელოვნების მწვერვალი არ იყო, მაგრამ იდენტიფიცირების თვალსაზრისით, ქალაქთან მიმართებაში, ერთ-ერთი სიმბოლური მახასიათებელია.

რა დაგვრჩა? რა სახე აქვს დღეს ამ ჩამონათვალს? რა მივიღეთ იმ ობიექტებისაგან, რომელიც, ჩემი აზრით, არის ბათუმის ის სიმბოლოები, რომლებიც უნდა დარჩენილიყო, უნდა გადაცემოდა თაობიდან თაობას?

ნებისმიერ ქალაქს აქვს შენებისა და ნგრევის ფაზები, მაგრამ ნგრევას არასოდეს არ ჰქვია ეს სახელი, მას უწოდებენ რეაბილიტაციას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იმასთან, რასაც ჰქვია შენება ძველის ნგრევის ხარჯზე და ეს ძველი, როგორც წესი, არის ისტორიული ქალაქი. ეს ხდება ბათუმში, ეს ხდება თბილისში, ეს მოხდა ყველა ქალაქში, რომლის რეაბილიტაციის პროცესიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდანაც „წარმატებით“ გრძელდება.

ასეთ დროს, ჩვენ, გარდა კონკრეტული შენობებისა, ქალაქის ძველ, ურბანულ მახასიათებლებს ვკარგავთ.

ის, რაც ბათუმმა დაკარგა, მაგრამ მაინც, კუნძულების სახით არის შემორჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს კუნძულები შენარჩუნდება – არის ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც იყო ამ ქალაქის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საზღვაო ქალაქისათვის. სამწუხაროდ, თუ დააკვირდებით ქუჩებს, დაინახავთ, რომ მრავალსართულიანი შენობები კეტავს სივრცეს და ეს პროცესი გრძელდება დღემდე.

მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი

ბათუმის კიდევ ერთი მახასიათებელია ქუჩაზე გადასასვლელები [სანიაღვრე არხებზე], რაც სხვა ქალაქში არ შემხვედრია. შეიძლება იფიქროთ: ეს ხომ დეტალია? დიახ, მაგრამ ქალაქი სწორედ ასეთ დეტალებშია და არა მხოლოდ ურბანულ სივრცეში, არა მხოლოდ ქუჩათა ქსელში.

ხშირად მესმის რიტორიკული შეკითხვა: „ჩვენ ხომ ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ?“ ანუ კულტურული მემკვიდრეობა ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას – არა. მაგრამ საქმე ის არის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის გემოვნების საგანი, მასზე დავა არ შეიძლება, ის არის ფაქტი. დავა შეიძლება ხელოვნებაზე, კონკრეტული ადამიანის შემოქმედებაზე, მაგრამ დავა – მოგვწონს თუ არა კულტურული მემკვიდრეობა – სრულიად მიუღებელია.

ქალაქის განვითარების სტადიაში, როცა ქალაქის მართვის პოლიტიკა მიმართულია არა – ურბანული პრობლემების მოსაწესრიგებლად, არა – კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, ჩვენ მივდივართ ტერმინამდე – ურბოციდი, ურბანული გენოციდი. ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს, ვაშენებთ ქალაქს ისტორიული ქალაქის, ისტორიული შენობების ნგრევის ხარჯზე. თუ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, აქ უკვე ძალიან ძნელია მოქმედება, თუმცა არა – წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ბრძოლას ქალაქისთვის ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც წინასწარ შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ აქედან არაფერი გამოვა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მაგალითი იყოს სხვისთვის.

ურბანიზაციის მეორე ეტაპი იწყება მაშინ, როცა ცენტრალური ტერიტორიები გაჯერდება შენობებით, კომერციული შინაარსის ფუნქციით და ადგილი არაფრისთვის არ რჩება. მაშინ მიდის განაშენიანების ტენდენცია ცენტრიდან – პერიფერიისკენ. ეს პროცესი უკვე დაიწყო და ამ შემთხვევაში ძალიან სწორი შეფასებაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ვაშენოთ, განვაახლოთ ეს ქალაქი, განვავითაროთ, შევქმნათ ახალი ტერიტორიები და იქ გავაშენოთ თანამედროვე, ისეთი ბათუმი, რომლის სანახავადაც ძველი ბათუმის ნახვის შემდეგ ტურისტი წავა და ახალ ქალაქსაც ისეთივე ინტერესით დაათვალიერებს, როგორც ძველს.

როცა ძველი ბულვარის განვითარება მოხდა ახალი ბულვარის მიმართულებით, ეს იყო სწორი ურბანული ტენდენცია. სხვა საკითხია ხარისხთან მიმართებაში როგორი იყო ახალი ბულვარი, მაგრამ მთავარი ტენდენცია ნამდვილად იყო სწორი.

რაც შეეხება ქაოტურ გეგმარებას: ქალაქს აქვს ერთი მახასიათებელი. მაგალითად, შეიძლება წიგნის კითხვა დავიწყოთ, არ მოგვეწონოს და დავხუროთ, შეიძლება კინო არ მოგვეწონოს და და გადავრთოთ, მაგრამ თუ ქალაქში ისეთი რამ შენდება, რაც არ მოგვწონს, მას უბრალოდ ვერ ავცდებით, ის მაინც თქვენს თვალსაწიერში ხვდება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ბათუმი არის ქაოტური ურბანიზაციის ძალიან ცუდი მაგალითი. ჩარევის თვალსზრისით ბათუმში უფრო მეტია ჩარევა, ვიდრე თბილისში. ანუ ბათუმმა უფრო მეტი დაკარგა ამ თვალსაზრისით, ვიდრე თბილისმა და ის რაც ჩვენ მივიღეთ ამ ურბანულ გარემოში, სრულიად გაუგებარი დეტალები… ჩვენ მდარე ხარისხის არქიტექტურა შემოვიტანეთ ქალაქში, რომლის არქიტექტურა იყო მაღალი ხარისხის, როგორც შესრულების, ასევე არქიტექტურული ხასიათიდან გამომდინარე.

ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის ბულვარის თემა, ეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაიდენტიფიცირებელი ადგილია, მე ვფიქრობ, რომ მას თუ რაიმე ტიპის ჩარევა სჭირდება, ეს უნდა იყოს დენდროლოგიური პროექტი.

მისასალმებელია, რომ დღეს შეხვედრას ესწრება ქალაქის მერი და ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრას არ ესწრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. პირადად მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არის ის ინსტიტუცია, რომელიც პირდაპირ მოწოდებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის. მისი დღევანდელი ხელმძღვანელის პოზიცია ჩემთვის შეიძლება იყოს პოზიცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ინვესტორს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. ეს არის პრობლემა ქალაქისთვის.

არ იფიქროთ, რომ ამ თვალსაზრისით ბათუმი გამონაკლისია, თბილისშიც იგივე პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათ და ეს წინააღმდეგობა არის სრულიად უკომპრომისო. შესაძლებელია რაღაც კონსესუსამდე მივიდეთ სხვა საჯარო მოხელეებთან, მაგრამ არა – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან.

ბოლოს, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო – ეს არის „ცენტრალ პარკის“ მაგალითი ნიუ იორკში.

ცენტრალური პარკი ნიუ იორკში
ცენტრალური პარკი ნიუ იორკში

ვინმემ რომ მითხრას ნიუ იორკის მხოლოდ ერთი მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო დავასახელო – ეს იქნება „ცენტრალ პარკი“. არა მხოლოდ იმ გაგებით, რაც ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პარკს ნიუ იორკელებისათვის, არამედ იმ მკვეთრი ხაზის გამო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ეს ხაზი არის მორალის ნაწილი და არა მხოლოდ ხაზი, რომელიც ყოფს ლანდშაფტსა და ურბანიზაციას. ეს ხაზი არის სინდისის ხაზი, რომელიც არ შეიცვლება ნიუ იორკში, ვინც არ უნდა მართოს ნიუ იორკი. ამას უბრალოდ არ დაანებებს მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს. ეს არის ხაზი, რომელიც გადის სწორ დაგეგმვაზე, ქალაქის მართვის სწორ პოლიტიკაზე, სწორ მენეჯმენტსა და სინდისზე – როგორც გითხარით. მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება კარგი ქალაქი აგვიშენოს. თუ ეს პროფესიონალიზმი სინდისის ხაზზე არ გადის, არ არის მოქცეული მორალის ჩარჩოში, მაშინ ასეთი პროფესიონალიზმი ძალიან საშიშია.

მე კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, მარტონი არა ხართ. თუ ჩვენი მხრიდან საჭირო იქნება რაიმე სახის მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ, ორგანიზაციული, პროფესიული რესურსის თვალსაზრისით, რომ ჩავებათ ამ პროცესში. ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, რომ არ გაჩერდეთ, არ მოტყუვდეთ, არ ჩავარდეთ ხიბლში და არ გეგონოთ, რომ გაიმარჯვეთ.“

ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

ბათუმში, ცენტრალური ქუჩებში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული „ზებრები” თითქმის წაშლილია. იმავე მდგომარეობაშია ღერძულა ხაზებიც, რაც, განსაკუთრებით ღამის საათებში უქმნის მძღოლებს პრობლემას.

ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის. სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ქუჩებში საგზაო მოძრაობის ნიშნების გადაღებვა, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ მოხდება.

„ველოდებით, როდის მოგვცემს კლიმატური პირობები ამის საშუალებას, იმიტომ, რომ შეღებვას თავისი სტანდარტი აქვს ტენიანობის, ასფალტის ტემპერატურის. წლის შესაბამისი პერიოდი უნდა იყოს. პირველი მაისიდან აუცილებლად უნდა დავიწყოთ, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგცემს. კაპიტალურად ერთხელ იღებება წელიწადში, ორჯერ ფიზიკურადაც ვერ ვიზამთ კლიმატური პირობების გამო, ექვსი თვე მიდის სამღებრო სამუშაოები. წელს საღებავებისთვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაგრამ ჯერ ტენდერები არ ჩაგვიტარებია და რა ციფრზე გავალთ, ჯერ არ ვიცი. ეს ძირითადად საღებავის თანხაა,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

„ზებრა" პლაზასთან
„ზებრა” პლაზასთან
გორგილაძის ქუჩა
გორგილაძის ქუჩა
წაშლილი "ზებრა"
წაშლილი “ზებრა”
მემედ აბაშიძის ქუჩა
მემედ აბაშიძის ქუჩა

5

ჭავჭავაძის ქუჩა
ჭავჭავაძის ქუჩა
წაშლილი "ზებრა"
წაშლილი “ზებრა”

პოლიციელები ციხისძირის აქციის მონაწილეების დაკავების სამართლებრივ საფუძველს ვერ ასახელებენ – სასამართლო პროცესი გრძელდება

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრების – ბონდო თედორაძისა და ოლეგ ბროლაძის საქმეს განიხილავს. ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარის ადვოკატებმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ, პოლიციის ჩაქვის განყოფილების პოლიციელებს კითხვები დაუსვეს.

„პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით, პოლიციელის მოთხოვნა ტერიტორიის დატოვების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს კანონის კონკრეტულ ნორმას. რა სამართლებრივ  საფუძველს ეფუძნებოდა თქვენი მოთხოვნა?“ – ეს შეკითხვა პოლიციელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, პაატა დიასამიძემ დაუსვა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული პირების ინტერესებს იცავს. პოლიციელებმა ვერც ერთი სამართლებრივი საფუძველი ვერ დაასახელეს.

„რომელ კანონს, არ ვიცი… ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ვიმოქმედეთ კომპანია „ზიმოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით“, – თქვა სასამართლო სხდომაზე პოლიციელმა – ლევან საგინაძემ.

პოლიციელების ჩვენების მიხედვით, 12 თებერვალს ზარი 112-ზე შევიდა, რის შემდეგაც მათ კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა დოკუმენტაციაც გააცნო. პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ ნახეს ნებართვა, რითაც ხეების გადატანისთვის  ტექნიკური სამუშაოები ნებადართულია და იგი 12 თებერვალს, დილით გაიცა. პოლიციელებს თარიღი შეახსენა ოლეგ ბროლაძისა და ბონდო თედორაძის კიდევ ერთმა დამცველმა, გურამ ჩალაგაშვილმა: „ამ ნებართვას ვერ ნახავდით, მაგრამ 10 თებერვალს რომ კიდევ 5 პირი დააკავეს, ეს ამბავი როგორ იყო?“

IMG_0008

პოლიციელები არც „ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის პოზიციას დაეთანხმნენ, რომ ამ დაკავებით შეკრებისა და მანიფესტაციის კანონიერი უფლება დაირღვა. „ეს არ იყო შეკრება და მანიფესტაცია, ეს იყო კანონიერ საქმიანობაში ხელის შეშლა“, – თქვა პოლიციელმა.

პოლიციელებმა ვერ დააკონკრეტეს, რა მიიჩნევა ხეების გადატანის პროცესში სამშენებლო სამუშაოების ზონად, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. პოლიციელების თქმით, ამას თავად სამუშაოების მწარმოებელი კომპანია განსაზღვრავს, თუკი საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხება სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმოს“ ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბონდო თედორაძესა და ოლეგ ბროლაძეს ჯარიმა _ 2 ათასამდე ლარი, ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ორი წევრის – ნოდარ დუმბაძისა და ელგუჯა ბაგრატიონის, ასევე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ განიხილავს.

IMG_0007

 

ბულვარის ბილიკები [ფოტო]

ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ არჩილ ხაბაძეს მიმართავს

18 თებერვალს სასტუმრო „ჰილტონში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით გამართულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ მიმართვა გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დისკუსიაზე ჯგუფის წევრმა, ნანა მეგრელიძემ გააჟღერა.

„ვფიქრობთ, მხოლოდ „შპს ლიმტომთან“ მიღწეული შეთანხმება არაა საკმარისი ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფი ვითხოვთ აჭარის არ მთავრობამ სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზის“ შორის დადებული ხელშეკრულების (#01/151 07/10/2015) მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ხელშეკურლებაში/დანართში ძირეული ცვლილებების განხორციელება ან/და შეწყვეტა, რადგანაც:

1. სსიპ „ბათუმის ბულვართან“ არსებული კომისიის მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე ობიექტის – ბათუმის ბულვარის კონცეფციის ტექნიკური დავალება ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს.

2. კომისია, რომელმაც განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ტექნიკური დავალება, არ იყო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, რის გამოც ტექნიკური დავალება შეიცავს ხარვეზებს და ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის საფრთხეს.

3. აუცილებელია, ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ მიღწეული იქნეს შეთანმხება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

4. ბათუმის ბულვარის ადექვატური განვითარების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ბულვარის კონსერვაციის გეგმა. კონსერვაციის გეგმის მოსამზადებლად კი გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი.

5. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კვლევის ჩატარება, რომლის ფარგლებში მოხდება ბულვარში არსებული შეუსაბამო ობიექტების იდენტიფიკაცია. აღნიშნული ობიექტების მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაუგრძელდეთ იჯარის ხელშეკრულება.

6. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიმდინარე წლის ტენდერები დაიგეგმოს ისე, რომ წლის ბოლომდე მოხდეს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულება. 2017 წლისთვის კი ბათუმის ბულვარი სამართავად დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს,“ – აღნიშნულია მიმართვაში.

ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

17 თებერვალს, ღამით, ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. იგი ამჟამად ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

ოთხი წლის ბავშვი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა 16 თებერვალს მიიყვანა. ექიმის თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ორივე ბარძაყზე, ყურებსა და საფეთქელზე. მას სამხარაულის ბიუროში, ბათუმში, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმას მეორე მუხლით მიმდინარეობს [ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ერთიდან სამ წლამდე].

დისკუსია ბათუმის ბულვარზე აჭარის მთავრობის გარეშე

დღეს, 18 თებერვალს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის ოფისის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: “ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”.

დისკუსიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დისკუსიის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ დისკუსიას არ დაესწრება აჭარის მთავრობა, მათ შორის, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელსაც მოხსენება უნდა წაეკითხა თემაზე: „ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია და აჭარის მთავრობის პოლიტიკა“, მიუხედავად იმისა, რომ თემა წინასწარ იყო შეთანხმებული და პრესრელიზებშიც აღნიშნული იყო დისკუსიაში აჭარის მთავრობის ჩართულობის შესახებ.

შეხვედრას არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ესწრება.

დისკუსიას ესწრებიან: ბულვარის თემით დაინტერესებული პირები, ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი; ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიაზე სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ: კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თემაზე: „ბათუმი, როგორც დასაცავი ღირებულება” და ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი თემაზე: „ბათუმის ბულვარის ისტორია ხელოვნებათმცოდნეობის ჭრილში”.

დისკუსიის მიზანია ბულვარის თემის განხილვა სადისკუსიო სივრცეში და დაინტერესებული მხარეებისათვის ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება განსხვავებული აზრის მოსასმენად.

ქვორუმი არ შედგა – დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს ვეღარ უყრიან

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა 15 წუთის შემდეგ ისევ გამოცხადდა, თუმცა სხდომაზე რეგისტრირებულ დეპუტატთა რაოდენობა არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ სხდომაზე დასასწრებად. შესაბამისად ქვორუმი არც მეორე ჯერზე შედგა.

უმაღლესმა საბჭომ ამით უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურის განხილვის 14-დღიანი ვადა ამოწურა.

დავით კვაჭაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 29 იანვარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ წარადგინა. დავით კვაჭაძეს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ.

საკონკურსო კომისიას დავით კვაჭაძის გარდა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძისათვის ორი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი: პარმენ ჯალაღონია და დავით ქარცივაძე.

ამჯერად არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ამ ორ კანდიდატს შორის შესაძლებელია იყოს დავით კვაჭაძეც, ან არ იყოს. თუმცა, იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

საბოლოოდ, იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო ხელახლა წარდგენილი ორი კანდიდატისგანაც ვერ აირჩევს უსკოს თავმჯდომარეს, მაშინ ამ თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

საჯარო მოხელეებისა და სკოლის ექიმის ვაკანსია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგეობა რვა ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 26 თებერვალია.

გამგეობაში კონკურსი ცხადდება გამგებლის თანაშემწის ვაკანსიაზე – თანამდებობრივი სარგო 790 ლარს შეადგენს.

ხელვაჩაურის გამგეობა, ასევე, აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე:

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის საპროექტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი. ანაზღაურება – 810 ლარი.

გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჩიქუნეთში, ქოქოლეთსა და ქვედა ქოქოლეთში. ანაზღაურება – 790 ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე, არის სკოლის ექიმის ვაკანსია, სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში. ანაზღაურება – 395 ლარი.

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ რამდენიმე დღეში, 2 თებერვალს, ხელახლა გაათავისუფლა.

3 თებერვალს მერიამ ისევ წააგო საქმე, ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი, ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერმა უკანონოდ გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მერიას კანონის ძალით ლაშა ბერძენიშვილის სამსახურში დაბრუნება მოუწია, თუმცა რამდენიმე დღეში იურისტმა მერმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების თავის ასარიდებლად „სხვა გამოსავალი“ იპოვა: ააიპ-ის არასასურველ დირექტორს აუდიტის დასკვნა წარუდგინა. საუბარია მერიის შიდა აუდიტის სამსახურზე, რომლის ხელმძღვანელს ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ლაშა ბერძენიშვილს სამართლებრივად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმარება. ამ ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე ყურადღებას მოვლენების თანმიმდევრობაზე ამახვილებს, რაც ეჭვებს აჩენს აუდიტის დასკვნის მიუკერძოებლობის კუთხით: „როცა ლაშა ბერძენიშვილი პირველად, ანუ 2015 წლის 23 აპრილს გაათავისუფლეს, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზებზე არაფერი ეწერა. სასამართლოში მერიამ ასევე ვერაფერი კონკრეტული ვერ წარმოადგინა თავის შესაგებელში იმის დასადასტურებლად, რომ ლაშას გათავისუფლებას რაიმე საფუძველი ჰქონდა. ამის შემდეგ მერიის შიდა აუდიტის სამსახური ინტერესდება ლაშა ბერძენიშვილის ააიპ-ით და დასკვნას დებს „ბათუმის სასაფლაოებზე“, რასაც მერია ლაშა ბერძენიშვილის ხელახლა გასათავისუფლად იყენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ.

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მამუკა დარჩიამ კომენტარზე უარი გვითხრა. მისთვის უნდა გვეკითხა, რა გამორიცხავს მერის ზეგავლენას აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლად მუშაობაზე, როცა მერს კონკრეტული პირის – ლაშა ბერძენიშვილის გათავისუფლების აშკარად გამოხატული ინტერესი უკვე ჰქონდა და მერს აქვს უფლება გაათავისუფლოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსიც.

„ეჭვი ნამდვილად ჩნდება, რომ აუდიტის დასკვნა გარკვეული მითითებებით დაიწერა. მერიამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინა აუდიტის სამსახურის მიერ ობიექტური და მრავალმხრივი დასკვნის დადებაზე. ამ საკანონმდებლო მოცემულობით, რომელიც გვაქვს, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. დეტალურად ჯერ არ შეგვისწავლია დასკვნა, მაგრამ ჩანს, რომ იგი მორგებულია კონკრეტულად დირექტორის – ლაშა ბერძენიშვილის საქმიანობაზე და არა ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ გაწეულ სამუშაოებზე. კანონით აუდიტი მთლიანად სამსახურის მუშაობას სწავლობს და არა კონკრეტული პირის“, – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

თავად ლაშა ბერძენიშვილი აუდიტის დასკვნას მერის, გია ერმაკოვის „ზღაპრებს“ უწოდებს: „ეს წმინდა პოლიტიკური თემაა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი. გია ერმაკოვი პირდაპირ მოითხოვდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ მქონოდა. გათავისუფლებამდე ერმაკოვმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს თავი დავანებო“.

არც ამ შეხვედრის და არც მერიიდან სხვა გათავისუფლებულების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს ბათუმის მერს – გია ერმაკოვს.

ლაშა ბერძენიშვილის გარდა სასამართლოში მერიის წინააღმდეგ საქმე ააიპ „ბათუმის კორპუსის“ სამმა თანამშრომელმაც მოიგო: ლაშა კილაბერიამ, თომა ხალვაშმა და ირაკლი მექვაბიშვილმა. მათ 11 თვის განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს მერიამ (რაც 22 880 ლარს შეადგენს). შესაძლოა, მეტიც გადაიხადოს მერმა თავისი შეცდომების გამო საზოგადოების ხარჯზე, რადგან ააიპ „ბათუმის კორპუსში“ ის სამი შტატიც გაუქმდა, რომლებზეც ზემოთ ხსენებული პირები მუშაობდნენ. მერია ამჟამად სასამართლოს განმარტებას ელოდება – რა უნდა ჩაითვალოს ამ სამი პირის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობად. განმარტების მიღების შემდეგ მერიას მათი სამსახურში დაბრუნება მოუწევს. თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ დაიდება შიდა აუდიტის დასკვნები და მერი ხელახლა არ გაათავისუფლებს სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილ მოხელეებს.

მერიას ასევე მოუგო სასამართლო ირაკლი მოდებაძემ, რომელიც 2015 წლის 15 აპრილამდე ააიპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის” დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ეს წაგებაც ბათუმის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ მერიამ საჯარო მოხელე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ეს პირები მერიიდან გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

მერიაში უკანონო გათავისუფლებების სერიას თვითნებობას არქმევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „მერიის მოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმგებლო და თვითნებობა. გარდა იმისა, რომ მერიას მოუწევს განაცდურის ანაზღაურება, იხარჯება მერიის ადამიანური რესურსიც სასამართლოებში. მერის პასუხისმგებლობაზე, ალბათ, უნდა მოახდინოს რეაგირება როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე თვითმმართველობამ“, – ამბობს იურისტი ნინო სიორიძე.

ბათუმის საკრებულოს მერიის „თვითნებობაზე“ ჯერ კითხვები არ დაუსვამს. საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ის მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. სასამართლოს გზით აღდგენილი პირის ოთხი დღის შემდეგ ხელახლა გათავისუფლების შესახებ მერისთვის არაფერი უკითხავს არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს. „არაფერი მიკითხავს მერისთვის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

საკრებულოს წევრი ამ პროცესში საკრებულოს, როგორც მერიის მაკონტროლებლის როლს, ვერ ხედავს. ირაკლი ჩავლეიშვილი: „ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე ვერ ვიქნები ვერც ლაშა ბერძენიშვილის და ვერც გია ერმაკოვის ადვოკატი, თუმცა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ლაშა ბერძენიშვილი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს და მის მიმართ შენიშვნა არ მქონია. ლაშამ სამართლებრივი გზით უნდა დაამტკიცოს თავისი სიმართლე და თუ ვერ დაამტკიცა, მაშინ ერმაკოვი ყოფილა სწორი. თუ სასამართლოს მერი წააგებს ისევ, ქალაქი გააკეთებს შეფასებას მორიგ არჩევნებზე“.

60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე

ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის, თემურ ქორიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თემურ ქორიძე ამბობს, რომ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად უკვე 60 განაცხადია შესული.

საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ იურისტები დასაქმდებიან. რატომ დავიწროვდა სახალხო დამცველის აპარატში დასასაქმებელ პირთა პროფესიული წრე და რამდენად სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ აპარატში მხოლოდ იურისტები უნდა დასაქმდნენ?

„დიახ, ნამდვილად იურისტები გვჭირდება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ აბრკოლებს განაცხადის შემომტანს, რომ ელექტრონულად გადმოგზავნოს მონაცემები. როცა იქნება შერჩევა, შეირჩევიან იურისტები.

რატომ მხოლოდ იურისტები? ჩვენ გავაფართოვეთ რეგიონული ქსელი, გავუზარდეთ მათ უფლებამოსილებები, დავამატეთ ადამიანური რესურსი, შეიქმნა რეგიონული დეპარტამენტი რეგიონული სამმართველოს ნაცვლად და მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილებები, რომ ადგილზე იმუშაონ უფრო მასშტაბურად. ამიტომ, ამ თანამდებობაზე, ვფიქრობ, იურისტი საჭიროა, რათა კარგად გაუძღვეს საქმეებს, ამავე დროს სპეციალისტების მიერ მომზადებული საქმეების ანალიზიც შეეძლოს,“ – ამბობს თემურ ქორიძე.

მისი თქმით, სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში ხელმძღვანელის გარდა სხვა თანამშრომლებიც იურისტები იქნებიან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად საკმარისია მხოლოდ იურისტის პროფესია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების მიმართ მეტი მგრძნობელობა ჰქონდეს სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელს, თემურ ქორიძე ამბობს, რომ ეს მათ არ უშლის ხელს ისეთ საქმეებზე, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება საქმის წარმოებას, სხვა პროფესიის ადამიანებიც დაასაქმონ.

თემურ ქორიძის ინფორმაციით, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. რაც შეეხება გიორგი ჩარკვიანს, რომელიც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო აჭარაში, თემურ ქორიძე ამბობს, რომ მას განაცხადი არ შეუტანია. დარჩება თუ არა ჩარკვიანი სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოდ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სავარაუდოდ მას სამსახურში ხელშეკრულებით დაასაქმებენ. გიორგი ჩარკვიანს არ აქვს იურიდიული განათლება.

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა.

„ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი].

მიმწოდებელმა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მოცულობის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღის განმავლობაში. მომსახურების შესრულების საბოლოო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი; მომსახურების შესრულების ადგილი – ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის ქ. N19, წერეთლის ქ. N2, ჯავახიშვილის ქ. N72, აბუსერიძის ქ. N6, შპს ,,ბათუმის წყლის“ ადლიის გამწმენდი ნაგებობა, წყალმომარაგების ჩაქვის, ჩაისუბნის, მეჯინისწყლის სათავე ნაგებობები, ასევე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

„მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების შესახებ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში; წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს შეუსრულებელი მომსახურების მოცულობების ანაზღაურებაზე,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013-2014 წლებში „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსების კანონიერად და რაციონალურად ხარჯვა ეჭვქვეშ დააყენა. აუდიტის მიხედვით, საწარმოს 2014 წლის სრული შემოსულობები 10 316 576 ლარით განისაზღვრა, დანახარჯებმა კი 10 233 857 ლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 5 მილიონზე მეტი – თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებში გაიხარჯა. აუდიტის დასკვნით, ხარვეზები იყო ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებითაც. აუდიტის მიერ მომზადებულ მასალებზე კი გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობდა.

„ბათუმის წყლის“ ძირითადი შემოსავალი აბონენტების მიერ წყლის საფასურის სახით გადახდილი თანხაა. საწარმო ბათუმის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას. შპს „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი კი ბათუმის მერიაა. 2015 წელს „ბათუმის წყლის“ დასაფინანსებლად ბათუმის ბიუჯეტში 1 მილიონ 680 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.

„ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას აკეთებს ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა? – როგორც გვითხრეს, მიმართვები დაგზავნილი აქვთ, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებიან.  არადა, ამ ნუსხაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილია. შემდეგ, მომდევნო 10 წელი ეს სია კანონით აღარ გადაიხედება. რამდენადაც ვიცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია ინიციატივით შევიდეს პარლამენტში და მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრმა, ბექა ქობულაძემ.

მისივე თქმით, მაჭახლის ხეობის სოფლების პრობლემა ისაა, რომ ზღვის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე ზევით არ მდებარეობს, „სხვა მხრივ ხეობა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა ამის გარეშეც, როგორც ისტორიული-გეოგრაფიული მხარე, ალბათ შეიძლებოდა სტატუსის მინიჭება“.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები, რომლებზეც ვრცელდება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონით დაწესებული შეღავათები, ეს არის მაგალითად, ზემო სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი… მათ შორის მოხვდა მაღალმთიანი აჭარაც –  ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები.

ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შაშიკაძის განცხადებით: „მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ დაავალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეემუშავებინა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დასახლებისთვის სტატუსის მინიჭება. სამინისტრომ შეიმუშავა სამი კრიტერიუმი – დემოგრაფიული, სასოფლო-სამეურნეო და პერიფერიულობის კრიტერიუმი. ბოლო ორს მაჭახლის ხეობის სოფლები აკმაყოფილებს, მაგრამ დემოგრაფიული კრიტერიუმია, ასე ვთქვათ, გადასახედი. ანუ, დასახლებამ რომ მიიღოს სტატუსი, 2002 წლის საყოველთაო  აღწერისა და 2014 წლის აღწერის მონაცემების შედარებით, მოსახლეობის კლება უნდა იყოს 25% და მეტი, ამასთან, დასახლებაში მცხოვრებთა საშუალო ასაკი უნდა იყოს 40 წელი და ზემოთ“.

ნიშანდობლივია, რომ 2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგებს, სტატისტიკის დეპარტამენტი 2016 წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნებს. შესაბამისად, უცნობია რა მონაცემებს დაეყრდნობა სამინისტრო და საბჭო, რათა მაჭახლის სოფლები დემოგრაფიული კრიტერიუმით შეაფასოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან მაჭახლის ხეობა ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ზევით არ მდებარეობს, მან სამივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს [თუ დასახლება 800-დან 1100 მეტრ სიმაღლეზეა, საკმარისია ორი კრიტერიუმი დააკმაყოფილოს, ხოლო თუ 1100 მეტრზე ზევითაა, მაშინ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაც საკმარისია, სტატუსი რომ მიენიჭოს].

აჭარის მთავრობაში აცხადებენ რომ კანონი რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს, თუ რაიმე შესაბამისი წესი არ შეიცვალა.

„მუშა პროცესია, უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ მაჭახლის ხეობის საკითხს. გარდა მაჭახლის სოფლებისა გვინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემის რამდენიმე სოფელს და ასევე ჩაქვისთავს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი“ – აცხადებს კახა შაშიკაძე.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

„სახალხო კრება“ მაჭახლის ხეობაში
„სახალხო კრება“ მაჭახლის ხეობაში

ბათუმში ამერიკული ჯგუფი The Exchange ჩამოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფის „The Exchange” -ს კონცერტი ბათუმში მარტის ბოლოს შედგება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებიც მიიღებენ, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ერთობლივად შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს.

ჯგუფი “The Exchange” ბათუმში კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გამართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურის ატაშეს დემიენ უომპლერსა და კულტურული პროგრამების კოორდინატორს თამარ რთველიაშვილს შეხვდა.  შეხვედრის დროს განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. „ამ შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ამერიკული ჯგუფის “The Exchange” -ს კონცერტიც“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ვის ჩაუტარებს ტრენინგს დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში

ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ განიხილავს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ინფორმაციით მას პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ტეპუტატებთან კონსულტაციები ჰქონდა.

„მათ პიროვნულად ჩემთან პრეტენზიები არ ჰქონიათ, წარდგენის წესთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები,“ – ამბობს დავით კვაჭაძე.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

კითხვაზე, ვინ იგულისხმა, როდესაც წინა წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა „ … იქით ჩავუტარებ მათ ტრენინგებს“ – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უპასუხა: „ მე ვიგულისხმე საჯარო მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კანონის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ.“

დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მას „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.

1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.

 

პოლიტიკური მანიპულაციები სექსუალური უმცირესობების თემით

მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, რომ ოჯახის განმარტება უნდა მოხდეს როგორც ქალისა და კაცის, კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის ერთობა. ამის საფუძველზე ის სექსუალური უმცირესობების სახელით მოითხოვს ერთნაირსქესიან ადამიანთა შორის ქორწინების აღიარებას. გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალურ განცხადებაში ტატიშვილის ქმედებას პრორუსული, პოლიტიკური თუ რელიგიური ძალების მართული უწოდეს.  როდის, რატომ და ვის მიერ აქტიურდება სექსუალური უმცირესობების თემა საქართველოში და არის თუ არა ის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა.

ბატონო გრიგოლ, ლგბტ ორგანიზაციებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ტატიშვილის სარჩელის უკან პრორუსული პოლიტიკური ძალები დგანან. ისინი ასევე საუბრობენ ამ თემით საპატრიარქოს მხრიდან სპეკულაციაზეც. თქვენი შეფასებით, როდის და რატომ აქტიურდება ეს თემა საქართველოში და ვინ დგას ამ ინიციატივის უკან?

ძირითადად ასეთ თემატიკას მკვეთრად ანტიდასავლური ძალები იყენებენ, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში აქტიურდებიან ხოლმე, რომ დააშინონ საზოგადოება და შექმნან მითები საფრთხეებზე. ყველაზე აქტიურები ეს ძალები წინასაარჩევნო პერიოდში ხდებიან, როცა ყველა ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას.

 გახსოვთ ალბათ, გიორგი თარგამაძემაც [ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა] თავის დროზე სწორედ სექსუალური უმცირესობების თემა გამოიყენა წინასაარჩევნოდ და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მაშინ როცა ამის საფუძველი არ არსებობდა. ამ ტიპის კამპანიასთან გვაქვს ახლაც საქმე?

მახსოვს ეს ყოვლად კომიკური კამპანია. ამ თემით მაშინ მხოლოდ გიორგი თარგამაძე იყო დაინტერესებული. თუმცა, პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს საკითხი აღარ გახსენებია.

 დღეს რომელი ჯგუფის ინტერესებში შედის სექსუალური უმცირესობების ან რელიგიური თემით სპეკუკირება? ხშირად ამ ორ თემას ერთმანეთთან კავშირში განიხილავენ.

ეს თემა შეიძლება ბევრ ჯგუფს აწყობდეს, თუნდაც ე.წ. „ქართველ კონსერვატორებს“, რომელთაც კონსერვატიზმთან საერთო არაფერი აქვთ, რეაქციულ, ზოგადად, ანტიდასავლურ ძალებს. პრინციპში, ეს არის ამ ძალების მთავარი გამაერთიანებელი ხაზი, ისინი თანხმდებიან, რომ საქართველო არ უნდა იყოს თავისუფალი სახელმწიფო და უნდა იყოს რუსეთის ვასალი. მნიშვნელოვანია ევროპის დისკრედიტაციის ფაქტორი, როცა ამბობენ, რომ თუ დავადგებით ამ გზას, გვემუქრება კულტურული დეგრადაცია და ა.შ.

 სექსუალური უმცირესობების ქორწინების თემა აგორდა ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინაც. ითქვა, რომ ევროკავშირი, გაწევრიანების სანაცვლოდ, სექსუალური უმცირესობების ქორწინების დაკანონებას ითხოვდა. დრომ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ბოლო შემთხვევაც მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება?

არჩევნებს უკავშირდება პირდაპირ, თუმცა მეორე მხრივ, ანტიდასავლური ძალების დაუოკებელ ჟინს, რომ საქართველო არ გახდეს ღირსეული, სტაბილური და თავისუფალი სახელმწიფო. ევროპული ქვეყნის არაერთ სახელმწიფოში არ არის ერთნაირი სქესის ადამიანთა ქორწინება დაკანონებული და არც აპირებენ დაკანონებას. ეს შიდა პროცესია და თუკი ეს ოდესმე მოხდება, ეს იქნება საქართველოს დემოკრატიული გადაწყვეტილება რეფერენდუმის სახით, ამას სხვანაირად ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს. ევროპის კავშირში ან რომელიმე სხვა კავშირში წევრობასთან ამ თემას არანაირი კავშირი არ აქვს.

სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში გარდა პრორუსული ძალებისა, საუბრობენ საპატრიარქოს ინტერესებზეც. „სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნა, რათა შეშინებული ხალხით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს მათ დამცველად“, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.  საპატრიარქომ თხოვა შს სამინისტროს გიორგი ტატიშვილისთვის გამოეყო დაცვა. სასულიერო პირები, რომლებიც 17 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და მათი უფლებების დამცველებს, დღეს რატომ ზრუნავენ ერთი კონკრეტული პირის უსაფრთხოებაზე. იკითხება რაიმე ქვეტექსტი?

მივესალმები საპატრიარქოს ამ განცხადებას იმ მხრივ, რომ გიორგი ტატიშვილი არის საქართველოს მოქალაქე და ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. მეორე _ საპატრიარქო დღეს არის უფრო ფრთხილი, ვიდრე იყო აქამდე და ცდილობს გაემიჯნოს რენეგატი სასულიერო პირების განცხადებებს. თუმცა, საპატრიარქოს მისამართით მაინც ჩნდება კითხვები, თუ რატომ ადარდებს ასე ძალიან ერთი კონკრეტული პირის უსაფრთოება, როდესაც ვიცით, მისი ზოგადი პოზიცია სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს პირი არის ბუნდოვანი კანონპროექტის ინიციატორი და მის გარდა არც ერთი ლგბტ ორგანიზაცია არ ითხოვს ქორწინების უფლების დაკანონებას. პირიქით, ემიჯნება კიდეც.

რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სახელისუფლებო წრეებიდან იყოს წახალისებული, უფრო მნიშვნელოვანი თემების, თუნდაც სოციალური პრობლემების გადაფარვას ხომ არ ცდილობს ხელისუფლება?

ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კონტექსტში ხდება. თუ უფრო დავავიწროვებთ, იმ პროცესში, როცა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ რეალურმა მმართველმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სიების თაობაზე. ამიტომ, გარკვეულ პირებს, იგივე ბოლო პერიოდში გაკეთებული არაკორექტული განცხადებების ავტორებს, სურთ საკუთარი სისულელეების გადასაფარად გამოიყენონ ეს თემა. ბევრნაირი ინტერესი არსებობს, მაგრამ ცხადია, ანტიდასავლურ, პრორუსულ ძალებს აწყობთ ყველაზე მეტად მსგავსი რამ. იგივე ბურჯანაძე-ვასაძეს და დემოგრაფიული განვითარების თუ ცენტრის ხელმძღვანელ ტომარაძეს, რომელიც არის ავტორი ყოვლად უაზრო კანონპროექტის „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ, რომელიც ისეთივე პოლიტიკური სპეკულაციაა, როგორც სექსუალური უმცირესობების ქორწინების თემა.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ასევე ძალიან გააქტიურდა ანტიკამპანია გიორგი მაისურაძის და ზოგადად იმ პირების მისამართით, რომლებიც კრიტიკული მოსაზრებებით გამოირჩევიან საპატრიაქროს მისამართით. ესეც ამ პროცესის (ვგულისხმობ სარჩელის შეტანას) ნაწილია?

მანამდე იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია, როცა თქვეს რომ გიორგი მარგველაშვილი კომფორტის მოყვარულია, რაც ცალსახად კომიკურია. შემდეგ იყო პარლამენტში მისი გამოსვლის გაკრიტიკება, რადგან მარგველაშვილი რჩება ნეიტრალურ პიროვნებად  და ცალსახად პროდასავლურ პრეზიდენტად. შემდეგ ამას მოჰყვა თავისუფალ აზრზე თავდასხმები და ა.შ ასეთი დამთხვევები პოლიტიკაში არ არსებობს და ძირითადად არის გამიზნული, ერთობლივი კამპანია. ფართო გაგებით ეს არის ძალა, რომელიც იღწვის იმისთვის რომ საქართველოში არ დამკვიდრდეს თავისუფლება და სტაბილურობა.

 რადგან ამ პროცეს აქვს პერმანენტული სახე, როგორ ფიქრობთ, საზოგადოება აღარ მომწიფდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალების ანკესს არ წამოეგოს?

ჩვენ პრობლემა გვაქვს საბაზისო ცნებებთან, იმასთან, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე და რას ააშენო თავისუფალი სახელმწიფო. ჩვენ ამ ფუნდამენტურ ცნებებს განვმარტავთ სხვასთან მიმართებაში, მათ შორის ლიბერალური დისკურსიც კი ისე წარმოგვიჩენს პოლიტიკურ თავისუფლებას, თითქოს ეს არის იმპორტი, ფრანგული ან ინგლისური ბრენდი და არა ისეთი რამ, რაც ავთენტურად, ორგანული ფორმით საქართველოშიცაა. ჩვენ არ ვახსენებთ ხშირად ჭავჭავაძეს, ჯავახიშვილსა და ჟორდანიას, თავისუფლების ამ სამ თეორეტიკოსს. ჩვენ გვქონდა ეს ტრადიცია და ახლაც გვაქვს. უნდა მივიდეთ ჩვენი შიდა ცხოვრებით და გააზრებით ამ იდეებამდე და არა ასოცირების ხელშეკრულებით ან უვიზო მიმოსვლით, რომელიც უდავოდ კარგი პროცესის ფორმალური მხარეა.

 

დაფინანსება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
 სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
 დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
 მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.
 სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.
პროგრამა ხორციელდება აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს  2016 წლის  პროგრამის – „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ ფარგლებში,  საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე,  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  სამინისტროში 2016  წლის 17 თებერვლიდან  2016 წლის 4 მარტის ჩათვლით.

შუახევიდან და ხიჭაურიდან უპატრონო ძაღლებს ბათუმის თავშესაფარში გადაიყვანენ

დაბა შუახევისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე „უპატრონო, მაწანწალა ცხოველების დაჭერასა და თავშესაფარში გადაყვანაზე“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შუახევსა და ხიჭაურში სულ 88 უპატრონო  ძაღლის დაჭერასა და მათ ქ. ბათუმში, უპატრონო ცხოველების თავშესაფარში გადაყვანისთვის, მუნიციპალიტეტი მაქსიმუმ 5 ათას ლარს გადაიხდის.

„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დროებით სარგებლობის უფლების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით… მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, კვარტალში ერთი ვიზიტი, შემსყიდველის წერილობით ან სატელეფონო მოთხოვნიდან 2-3 დღის ვადაში, 2016 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

სასწრაფოდ იყიდება გასარემონტებელი ბინა ზღვის ხედით

სასწრაფოდ იყიდება ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, „აკვაპარკის“ მოპირდაპირედ, მე-5 სართულზე გასარემონტებელი ბინა ზღვის ხედით. აქვს ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი.

samaklero.ge

33358-1

აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“

„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი მურმან დუმბაძეც იყო, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. დეპუტატები დისკუსიაზე შეკრებილებს წინასაარჩევნო დაპირებების შედეგებზე ესაუბრნენ.

დეპუტატი აკაკი ძნელაძე მიიჩნევს, რომ ბულვარის კონცეფციაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით. „კონცეფცია იქნება იმის პირობა, რომ ბულვარს ხელი ვეღარ ახლონ. ყველა ხელისუფლებამ დააზარალა ბულვარი“, – თქვა აკაკი ძნელაძემ. მან დღეს „ჩაზნექილი სკამებიც“ გაიხსენა მისი წინასაარჩევნო გამოსვლიდან: „ზურგჩაზნექილი სკამი ბათუმის სიმბოლოა და ასეთი სკამები არა მხოლოდ ბათუმში, ევროპის ბევრ ქალაქში ყველაზე კარგად მოსასვენებელ სკამად ითვლება. მე პირადად ვნახე, მაგალითად, პარიზში“.

დისკუსიაზე აკაკი ძნელაძეს ბევრ კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა – „მიუღებელია“, მაგალითად, ქალაქის სივრცით დაგეგმარებაზე, არქიტექტურაზე, „ოცნების ქალაქზე“, „იაფ სახლზე“. დეპუტატს არ უთქვამს, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ან როგორ გადაიჭრას პრობლემა. მან არც ბათუმის თვითმმართველობაში დაფიქსირებული დაპირისპირების თემა განავრცო. „მე არ მომწონს ის დაძაბულობა, რაც არის ბათუმის მერიასა და საკრებულოს შორის“, – განაცხადა აკაკი ძნელაძემ.

თვითმმართველობაზე აკაკი ძნელაძის პოზიციას დაეთანხმა მურმან დუმბაძე: „მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი გია ერმაკოვის მერად არჩევის. ეს თვითმმართველობა არ ვარგა, ძალიან შენელებული ტემპებით მუშაობენ.“

წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე საუბრის დროს, მურმან დუმბაძემ მთავარი აქცენტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების ამნისტიაზე გააკეთა და თქვა, რომ ე.წ. „ენვერის“ საქმის მონაწილეების გათავისუფლებაში დიდი წვლილი მას მიუძღვის. ის ასევე შეეხო გონიოს მიწებს. „გონიო პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი. სამწუხაროდ, ეს ნება ამ ხელისუფლებას არ აქვს“, – თქვა მურმან დუმბაძემ და შესრულებულ დაპირებად მემედ აბაშიძის ძეგლისთვის ადგილის შეცვლა დაასახელა.

დაპირებების შესრულებაზე ისაუბრა დეპუტატმა აკაკი ძნელაძემაც. მისი შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ერმა ამოისუნთქა“ და „ევროპული და ქართული დემოკრატიები ერთმანეთისგან განსხვავდება“. მას შემდეგ, რაც დარბაზისგან კონკრეტიკის მოთხოვნა გააქტიურდა, დეპუტატმა თქვა: „კამოს ქუჩაზე მცირე თეატრალური სცენის ამოქმედებას აქტიურად შევუწყვე ხელი. ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული“.

დეპუტატ აკაკი ძნელაძეს დისკუსიაზე კითხვა ციხისძირის ხეებზეც დაუსვეს, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. „მე ძალიან ხშირად ვუყურებ  „დისქავერს“ და ამ ტიპის არხებს, ყველაფერი ხდება, მორალს ვერ მივიღებ და პასუხი ასეთი მაქვს – ხეები კი არა, ტაძრები გადააქვთ“.

IMG_3523

 

IMG_3434

 

IMG_3436

 

IMG_3405

 

IMG_3414

 

 

 

ერთობლივი წვრთნები ნატო-ს ხომალდების მონაწილეობით

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები:

„სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე, ბათუმს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვია, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. ერთობლივი საზღვაო წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად“.

ნატო-ს ხომალდები ბათუმის პორტში 12 თებერვალს შემოვიდნენ.

ერთობლივი წვრთნები
ერთობლივი წვრთნები – ნატო-ს ხომალდები ბათუმის აკვატორიაში

ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალი“ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს აფრთხილებს, რომ დღეს, 16 თებერვალს, საღამოს 23 საათიდან მომდევნო დღის დილის 8 საათამდე, შეუწყდებათ წყლის მიწოდება.

„ჩაქვი-ბათუმის 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 17 თებერვალს, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს“ – აღნიშნულია შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება

საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან  აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, საპატრულო პოლიციისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხორციელდება ერთობლივი მონიტორინგი და მოხდება კანონდამრღვევთა დაჯარიმება.

დღესვე გადაწყდა, რომ გაიმართება კანონიერი და არაფორმალური ავტოსადგურების მძღოლებთან შეხვედრა, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს. მანამდე ბათუმის მერიამ არაერთხელ მოუწოდა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, შეეწყვიტათ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება. გარდა ამისა, გასული წლის 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ,,იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისთვის“.

ბათუმის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ტერიტორიებიდან განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისაგან გათავისუფლების მიზნით, გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება“.

დღეს, 16 თებერვალს, საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ.

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016
მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016
Exit mobile version