ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე


ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი.

ჯემალ ფარტენაძის ოჯახი სახელმწიფო შემწეობას 2005 წლიდან იღებდა. სოციალური დახმარება, რომელიც ჯემალის მეუღლის, ხათუნა ღომიძის სახელზე იყო რეგისტრირებული, 2015 წლის ივნისში შეუწყვიტეს. ხუთსულიანი ოჯახი ამ დროისთვის ჯემალ ფარტენაძის 100-ლარიანი პენსიით ცხოვრობს

„ჩვენს სახელზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული. ჩემი ძმა და მე ვცხოვრობთ ამ სახლში. სახლი ჩემი ძმის, რამაზ ფარტენაძის სახელზეა რეგისტრირებული. ჩვენ რამდენიმე ოთახში ვართ. არ მაქვს შესაძლებლობა, რომ სახლის ნაწილი ჩემს სახელზე ოფიციალურად დავირეგისტრირო. შარშან ჩემმა ძმამ მისი საკუთარი მიწის ნაკვეთი გაყიდა და ეს თანხა სოციალურმა მუშაკმა როგორც ჩვენი შემოსავალი, ისე დააფიქსირა~.
ჯემალ ფარტენაძის ძმა, რამაზ ფარტენაძე `ბათუმელებთან~ ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად მისი საკუთრება იყო და არა მისი ძმის.
`ამ ვითარებაში მყოფ ოჯახს დახმარებას ვინმე შეუწყვეტდა? ნახეთ რა მდგომარეობაშია სახლი, ხან ვის გამოვართვი სამშენებლო მასალა, ხან ვის, ცოტა მე ვიყიდე და კიბე ამოვაყვანინე, მაგრამ ცუდად გააკეთეს და ესეც ჩამოიშალა,“ – ამბობს რამაზ ფარტენაძე.

ხათუნა ღომიძე ამბობს, რომ გასულ წელს მძიმე სოციალური პირობების გამო სახლის ერთი ოთახი 70 ლარად გააქირავა, სოციალურმა მუშაკმა ეს ფაქტიც დააფიქსირა.

„სახელმწიფო დახმარება ცოტაა, სამ შვილთან არ მყოფნიდა, რა მექნა? ერთი ძროხა მყავს, რომელიც დღეში ორ ლიტრს იწველის და ისე დააფიქსირა ოქმში, თითქოს 15 ლიტრს იწველიდეს. ამის გამო მომემატა ქულები. ჩემი მეუღლისთვის რძის ნაწარმი აუცილებელია, ეს რძე მას ძლივს ჰყოფნის, ბავშვებსაც ხომ სჭირდებათ ნორმალური კვება?“

ჯემალ ფარტენაძის ოჯახი სოციალური დახმარების შეწყვეტის შემდეგ ვერც მუნიციპალური სასადილოთი სარგებლობს.

„მეცხრე თვეა რაც შემწეობა შეგვიწყდა. რამდენჯერმე ვთხოვე ბათუმის მერიას, სასადილოთი სარგებლობის უფლება მაინც მოეცათ, მაგრამ სიაში არ ჩაგვსვეს. რამდენიმე დღის წინ კიდევ ვიყავი მისული მერიაში და მითხრეს დამატებით სიაში ჩაგსვამთო. მე ძირითადად სიაში მინდა ვიყო, რადგან დამატებით სიაში მონარჩენი საჭმლის წამოღება მოგვიწევს და არც სხვა დახმარება არ გავრცელდება ჩვენზე.

ჯემალ ფარტენაძე

ჯემალ ფარტენაძე

წელს შეშა სოციალური შემწეობის ფარგლებში სტატუსის შეჩერებამდე ცოტა ხნით ადრე მომცა მერიამ, რომ არ მომესწრო, არ ვიცი რა გვეშველებოდა. ჩემი ოჯახისთვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, რომ სოციალურმა მუშაკმა გულისხმიერად იმუშაოს, სწორად დააფიქსიროს ოჯახის მონაცემები, შემდეგ ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ ოჯახები, რომლებიც მთლიანად სოციალურ შემწეობაზე ვართ დამოკიდებული,“ – ამბობს ჯემალ ფარტენაძე.

სოციალური მდგომარეობის ბოლო გადამოწმების მიხედვით, ფარტენაძეების ოჯახის სოციალური ქულა 69 120-მდე გაიზარდა. ოჯახი ამ მონაცემებს არ ეთანხმება და სოციალურ მუშაკს ოჯახის მდგომარეობის ხელმეორედ შეფასებს სთხოვს.

მოქმედი კანონის მიხედვით, ოჯახის სოციალური მდგომარეობა ორ-სამ თვეში ერთხელ მოწმდება. ამ ვადების შეცვლა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული ოჯახს სოციალური მდგომარეობა გართულდება, ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და კომისია განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავს.

ხათუნა ღომიძე ამბობს, რომ სააგენტოში ვადებთან დაკავშირებით მას სხვა რამე უთხრეს: „ახალი წლის წინა დღეებში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიყავი და იქ მითხრეს, რომ 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე არ მოხდებოდა ჩვენი ოჯახის გადამოწმება“.

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის განმარტებით, მუნიციპალური სასადილოთი მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი ოჯახები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 ათასამდეა.

„უფრო მაღალი ქულების შემთხვევაში მოქალაქე, რომელიც საჭიროებს უფასო სასადილოთი სარგებლობას, მხოლოდ დამატებით სიაში შეგვიძლია ჩავსვათ. ამისთვის მოქალაქემ მერის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება და კომისია განიხილავს“.

ბადრი გოგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალური სასადილოთი 3 500-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

„ამდენი ბენეფიციარიდან, ბუნებრივია, ყოველდღე ყველა არ მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ მათთვის განკუთვნილი საჭმელი გავანადგუროთ, ამიტომ დამატებით სიაში ვინც არის, მათზე ვანაწილებთ“ – ამბობს ის.

ქალაქის თითოეული სასადილოს დამატებით სიაში ამ დროისთვის 50-50 მოქალაქეა რეგისტრირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com