რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობისას

„როცა კარავი და აღჭურვილობა გაქვს ზურგზე მოკიდებული და მიდიხარ, ხვდები, რომ სადაც არ უნდა მიდიოდე, ნებისმიერი პატარა ადგილი, სადაც შეგიძლია ეს კარავი გაშალო, შენი სახლი გახდება. ეს იდეა ასევე შეგიძლია გადმოიტანო ურბანულ სამყაროში – შეგიძლია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წახვიდე ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდეს სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი, შენი სახლი მიგაქვს ყველგან“, – ამბობს 27 წლის ფილოსოფიის მაგისტრი თბილისიდან, დავით ბარათაშვილი.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება კარვებით მოგზაურობითა და ლაშქრობით. აქამდე თუ ძირითადად საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტები იყენებდნენ მოგზაურობის ამ მეთოდს, დღეს უკვე ქართველ მოლაშქრეებსაც ხშირად შეხვდებით. თითქმის ყველა საკურორტო ზონაში მოიძებნება საკარვე ადგილი, ზოგან კარვების გაქირავების სერვისიც მუშაობს.
წელს პირველად გაიხსნა საკარვე ბანაკი გოდერძის უღელტეხილზე. მის ორგანიზებას მთის კურორტების განვითარების კომპანია ახორციელებს. ბანაკზე მოქმედებს „ზაფხულის ბარათი“, რომელიც 60 ლარი ღირს და მთელი სეზონის განმავლობაში ადაპტირებულია კიდევ სამ [გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი] სამთო კურორტზე. ბარათით უფასოდ სარგებლობთ საბაგიროს მომსახურებით და რამდენიმე დღით გოდერძის კარვების ბანაკში კარვების უფასოდ გამოყენების უფლებითაც. კარვების ბანაკი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, გარდა ამისა კარვებით ჩამოდიან ტურისტები სანაპირო ზოლზეც. მათ კარვებს ბათუმის დელფინარიუმის მოპირდაპირედ, საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე და ახალი ბულვარის სანაპირო ზოლზე შეხვდებით.

ბათუმელი აბიტურიენტი სალომე დეკანაძე სამი წელია რაც ლაშქრობებში საკუთარი კარვით დადის. როგორც იხსენებს, კარავი მეგობარმა აჩუქა. ამ დრომდე ათამდე ლაშქრობაშია ნამყოფი და მისთვის ლაშქრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფთან ურთიერთობაა, რადგან მისი აზრით, „ბედნიერება მხოლოდ მაშინაა სრულყოფილი, როდესაც ის გაზიარებულია“. ძირითადად მეგობრებთან ერთად ლაშქრობს, თუმცა ფეისბუქჯგუფში დაგეგმილ ლაშრობებშიც მიუღია მონაწილეობა და მისთვის არც უცნობ ადამიანებთან ერთად ლაშქრობაა უცხო. სალომეს თქმით, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რადგან საკმაოდ რთულია სხვადასხვა ხასიათის ადამიანების გაცნობა, მათთან შეგუება და გარკვეული დროით თანაცხოვრება. თავად მისთვის კი ეს დამატებითი ადრენალინია: „ერთხელ 30 უცნობთან ერთად ვიყავი ლაშქრობაში, დაუვიწყარი გამოცდილება იყო. მე ვფიქრობ, ეს მზრდის და ჩემს ხასიათსაც წვრთნის“.

დავით ბარათაშვილმა კი, როგორც ის ამბობს, პირველად დაახლოებით ორნახევარი წლის წინ იმოგზაურა კარვით. „მეგობარი მიდიოდა ჯგუფთან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალში სალაშქროდ და ერთი ადგილი ჰქონდა. მაშინ არ ვიცოდი ეს რა იყო და არ მინდოდა, რამდენჯერმე დარეკვა დასჭირდა, რომ წავეყვანე, თუმცა უკანა გზაზე მივხვდი, რომ ამის შემდეგ მე თუ დამჭირდებოდა ვინმესთვის დაძალება, რომ წავეყვანე~, _ ამბობს ღიმილით და დასძენს, რომ მაშინ სალაშქრო აღჭურვილობიდან თითქმის არაფერი ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით თავისი ძმის სამგზავრო ჩანთას. დავითი დღეს უკვე მეგობრებთან ერთად ხშირად დადის ლაშქობებში და შესაბამისი აღჭურვილობაც აქვს. ის ამბობს, რომ აღჭურვილობა არც ისე ძვირი ჯდება, თუ საქართველოს პირობებს გავითვალისწინებთ და საშუალო დონის აღჭურვილობას შევიძენთ:

„ჩვენს პირობებში არ არის საჭირო ევერესტის დასალაშქრი აღჭურვილობა. ყველაფრის შეძენა შეიძლება საქართველოში და სადღაც 300-400 ლარამდე დაჯდება“.

დავითის თქმით, მთავარი აღჭურვილობა – ეს არის კარგი, ტევადი ჩანთა, რომლის შეძენაც შესაძლებელია 100 ლარად; საძილე ტომარა, რომელიც ასევე 100 ლარად შეიძლება იყიდოთ, პარალონი [საძილე ტომრის ქვეშ დასაფენი] 25 ლარის ფარგლებში, ფეხსაცმელი, რომელიც შესაძლებელია არა ბრენდულ მაღაზიებში, არამედ მეორადი გამოყენების ფეხსაცმელებში 50-100 ლარის ფარგლებში შეიძინოთ. ასევე კარავი, რომელსაც თუ ჯგუფთან ან მეგობართან ერთად იყიდით, თანხის გაყოფის შემთხვევაში 50 ლარი დაგიჯდებათ.

დავითი ამ აღჭურვილობით მეგობრებთან ერთად კარვით ძირითადად ბუნებაში, სალაშქროდ დადის. ამბობს, რომ მისთვის ეს არის ყოველდღიური რეალობიდან გასვლის და დასვენების შესაძლებლობა. ლაშქრობისთვის საუკეთესოდ ისეთი ადგილები მიაჩნია, სადაც ადამიანის გავლენა მინიმუმამდეა. უშუალოდ ლაშქრობა კი მისთვის დასვენების საშუალებაა, შესაბამისად, ტურისტულ ქალაქებს მთებში წასვლას ამჯობინებს. თუმცა ქალაქში კარვით მოგზაურობის გამოცდილება მაშინ მიიღო, როდესაც, „ბლექ სი არენაზე“ გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე დასასწრებად მეგობრებთან ერთად წამოვიდა და ორი ღამით სანაპიროზე დაბანაკდა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კარავი ყოველთვის კარგი არჩევანია. თუმცა მოგზაურობა ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფთან ერთად ურჩევნია. „კარვებით მოგზაურობა ურთიერთობის ბრწყინვალე გამოცდილებაა. ხშირად გვიან ღამემდე კოცონთან ვსხედვართ და ვსაუბრობთ, სხვადასხვა ამბებს ვყვებით, ვმღერით… ჩვენი ჯგუფი ყოველთვის მრავალფეროვანია, რაც მათთან ერთად ყოფნას საინტერესოს ხდის“.

დავითი აღნიშნავს, რომ იდეალურია 6-8-წევრიანი ჯგუფი. ფიქრობს, რომ მარტო ლაშქრობისას ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, რაც ლაშქრობის მთავარი ხიბლია, არ შედგება, ხოლო უცნობებთან ერთად წასვლაზე თავის შეკავება ურჩევნია: „ერთხელ ვიყავი უცნობებთან ერთად და ძალიან ცუდი გამოცდილებაა, იქ შეიძლება მოხვდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ლაშქრობა საქეიფოდ წასვლაა ან რაიმე სხვა ღირებულებით ასპექტებში მოდის შენთან წინააღმდეგობაში და ეს ყველაფერს აფუჭებს. ვერ შეძლებ სიამოვნების მიღებას“. ჯგუფს, რომელთან ერთადაც დავითი მიდის ლაშქრობებში, ახალი წევრების ერთგვარი „ტესტირების“ მეთოდიც აქვს: „ხანდახან ვინმეს მოჰყავს მეგობარი. ვაკვირდებით, ზოგჯერ ამართლებს და ჯგუფის ნაწილი ხდება, ხანდახან არის ცუდი გამოცდილებებიც, ასეთ შემთხვევებში თვითონაც არ უნდებათ შემდეგ ტურში წამოსვლა“.

ლაშქრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა, სადაც დავითი ყოფილა, სამი დღეა. ამ დროის განმავლობაში კი, როგორც თავად ამბობს, შიშის ფაქტორი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, როდესაც ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რაჭის ტყეში, სადაც მგლების ყმუილი ისმოდა. დანარჩენ შემთხვევაში კი, ჯგუფთან ერთად ყოფნის შეგრძნება შიშს ანეიტრალებს და ბუნებისგან გაუცხოების მომენტი მინიმუმამდე დაჰყავს.

მისგან განსხვავებით, 27 წლის პროგრამისტი დათო დათიაშვილი ქუთაისიდან არც ისე ხშირად დადის ლაშქრობებში, თუმცა აქვს ხანგრძლივი ლაშქრობის გამოცდილება, რომელიც უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ის გვიყვება, მსგავს ლაშქრობას სჭირდება კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობა. ასევე საჭიროა შეეგუო გარემო პირობებს. „გარდა ამისა, ცხრა დღის საკვები, რითიც უნდა იკვებო, პლუს ტანსაცმელი და სხვა აღჭურვილობა ფაქტობრივად შენი სატარებელია ზურგით, რაც საკმაოდ რთულია. ამას ემატება ის, რომ ფეხით გიწევს ალპურ ზონებში სიარული, სადაც ამინდიც არ იცი როგორი იქნება, რელიეფიც ძალიან რთულია“. გარდა ამ დეტალებისა, დათოც საუბრობს ჯგუფური მოგზაურობისა და თანადგომის პრინციპზე. მისი თქმით,

როცა ლაშქრობაში დიდი ხნით მიდიხარ, მზად უნდა იყო, რომ თუ კი რომელიმეს გაუჭირდება ან ფეხს იტკენს, ან რამე სხვა გაუთვალისწინებელი მოხდება, მისი ტვირთის გადანაწილება ჯგუფს მოუწევს. „ჯგუფი ერთიანია და დანიშნულების ადგილთან ერთად უნდა მივიდეს“, – ამბობს ახალგაზრდა პროგრამისტი ხევსურეთში ცხრადღიანი ლაშქრობის შემდეგ და ლაშქრობის დაგეგმვის მსურველებს ურჩევს თან იქონიონ პირველადი დახმარებისთვის საჭირო სააფთიაქო ყუთი და ერთი ნაჯახი,

თუ კი ლაშქრობას ტყეში გეგმავენ, სადაც ბილიკის გაწმენდა ან შეშის მომარაგება დასჭრიდებათ კოცონის დასანთებად. თოფის ან რაიმე სხვა იარაღის ტარებას კი საჭიროდ არც ერთი მათგანი არ მიიჩნევს. მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების შეგრძნებისთვის საკმარისია ჯგუფის წევრების ნდობა და ერთიანობის განცდა.

 

ფოტო: დავით ბარათაშვილი

ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, იმედას სწავლა შემდეგ წელსაც სრულად დაუფინანსდება.

იმედას მრავალფეროვანი რეზიუმე აქვს – იცის სამი უცხო ენა, უკრავს ფორტეპიანოზე, ფლობს ფილოსოფიის ბაკალავრისა და მათემატიკის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხებს, არის სერტიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი და აქვს სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, ბოლო ერთი წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მეთოდისტად მუშაობს და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ გააგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტში. როგორც თავად ამბობს, არც სკოლიდან წამოსულა საბოლოოდ: „დროებით გათავისუფლების შესახებ დავწერე განცხადება და ვფიქრობ, რომ რაღაც ფორმით აუცილებლად დავუბრუნდები სკოლას. თუნდაც ერთ კლასს ავიყვან, ან მასწავლებლებს შევთავაზებ რაიმე ტრენინგებს სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით“.

იმედა ამბობს, რომ „ჩვეულებრივი, საშუალოდ ნიჭიერი ბავშვი“ იყო. მამა ადრე გარდაეცვალა და ფილოლოგმა დედამ გაზარდა. მიიჩნევს, რომ ყველა პოზიტიური გავლენა დედისგან მიიღო: „დედას მასწავლებლად არასდროს უმუშავია, მაგრამ ჩანაწერებს აკეთებდა და მაკითხებდა ხოლმე. ახლაც ასეა. წერის თავისებურმა – შეჯერებულმა აკადემიურმა და თავისუფალმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე“.

ბოლო სასწავლო წელი სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც იმედა აღნიშნავს, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარების გამო ქალაქის სკოლაში სიარულს ვეღარ უთავსებდა, თავადაც ფერიაში ცხოვრობდა და ეს არჩევანი გააკეთა. სწავლის დასრულების შემდეგ სწორედ ამ სკოლაში დაბრუნდა მასწავლებლის სტატუსით 21 წლის ასაკში, თუმცა მანამდე ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში. ამბობს, რომ ფილოსოფია მისი ახალგაზრდული გატაცება იყო: „16-17 წლის ასაკში უფრო სიღრმისეული რაღაცები გიტაცებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიაზე, როგორც პროფესიაზე, აღარ მიფიქრია, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბაკალავრიატში ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან ფილოსოფიამ მომცა ისეთი ინტელექტუალური ბაზა, რაზეც შემდეგ გამიმარტივდა სხვა ცოდნის დაშენება“.

ფილოსოფიის პარალელურად სწავლობდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, ფორტეპიანოს მიმართულებით. ფილოსოფიაში განსაკუთრებით ლოგიკა და ონტოლოგია აინტერესებდა, ამიტომაც დამატებითი შემოსავლის წყაროდ ბაკალავრიატის სტუდენტს აბიტურიენტების ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში მომზადება გამოადგა. როგორც იმედა იხსენებს, სწორედ ამ საქმიანობამ მიახვედრა, რომ განსაკუთრებით მოსწონდა ადამიანებისთვის ინფორმაციის გაზიარება, ახსნა და მათთან ერთად ძიება. ასე დაუკავშირა ერთმანეთს ბავშვობის საყვარელი საგანი – მათემატიკა და სწავლა-სწავლების სურვილი: „საჭირო და საყვარელი საქმე ერთდროულად გამომივიდა – მათემატიკის მასწავლებელი გავხდი“.

იმედა ფერიის საჯარო სკოლაში V-XII კლასებს ასწავლიდა მათემატიკას. ამბობს, რომ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას თავისი ხიბლი აქვს – პატარებისთვის საგნის მასწავლებლის გარდა ღირებულებების, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში ერთგვარი გიდიც იყო, რაც მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და დადებითი აზარტი, მუხტი იყო მუშაობის პროცესში. შედარებით უფროსებთან კი ასაკობრივი სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ მათთან უფრო მეგობრული მიდგომა ჰქონდა და მოსწავლეებიც მეტი ინიციატივით გამოირჩეოდნენ.

21 წლის მასწავლებელმა სკოლაში, მათემატიკის გაკვეთილების გარდა, სიახლეებიც შეიტანა. სასკოლო ცხოვრებაში არასამუშაო საათებში იყო ჩართული და მოსწავლეებთან ერთად ცდილობდა მის გამრავალფეროვნებას. მოსწავლეებმა იმედას ხელმძღვანელობით ორი სასკოლო კლუბი შექმნეს და ორჯერ გაიმარჯვეს აჭარის განათლების სამინისტროს სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამაში. პირველი „ხელოვანთა კლუბი“ იყო, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა და მიმართულებას ეცნობოდნენ, ქმნიდნენ ნამუშევრებს და აწყობდნენ გამოფენებს. მეორე კლუბს „სოციოპანორამა“ დაარქვეს და მოსწავლეები მის ფარგლებში სოციალურ თემატიკაზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ: „აქ მოსწავლეები იყვნენ მსახიობებიც, რეჟისორებიც, სცენარისტებიც, ოპერატორებიცა და მემონტაჟეებიც. ვიდეოები დღემდე შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელებში. ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა, ამან ბევრად მეტი მომცა, ვიდრე გავეცი“, – ამბობს იმედა იაკოვენკო.

ორი წლის წინ იმედა იაკოვენკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვევა მიიღო და უნივერსიტეტში მათემატიკის მეთოდისტად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მიხვდა, რომ უნდოდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონოდა, მეტი უნარები და ცოდნა, ახალი გამოცდილებები, რათა მომავალი მასწავლებლებისთვის უკეთ შესძლებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარება, ამიტომ უცხოური პროგრამების მოძიება დაიწყო. მისთვის საუკეთესოდ ნებრასკას განათლების უნივერსიტეტი მიიჩნია და გამოცდებიც ჩააბარა. ჩაბარების შემდეგ, უკვე დაფინანსების პრობლემები იყო მოსაგვარებელი. როგორც თავად ამბობს, საერთაშორისო განათლების ცენტრი დაეხმარა, სხვადასხვა წყარო გამოინახა, რამდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება მოიპოვა.

ახლა 27 წლის მათემატიკის მასწავლებელს დიდი გეგმები აქვს. უნდა, რომ ჩამოსვლის შემდეგ თავისი ცოდნა რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს. მიიჩნევს, რომ ქართული განათლების სისტემა გარდამტეხ მომენტშია სასკოლო სწავლების მეთოდიკის თვალსაზრისით და აუცილებელია კარგად მოხდეს თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდის დანერგვა, რადგან მასწავლებლების საქმიანობაში ყველაზე დიდ გავლენას ეფექტურობაზე სწორედ სწავლების მეთოდი ახდენს.

„იმ სტუდენტებს, რომლებიც მასწავლებლობისთვის ემზადებიან და მალე საკლასო ოთახებში შევლენ, მინდა რაც შეიძლება მეტი სიახლე გადავცე. სკოლაშიც აუცილებლად მინდა დაბრუნება რაიმე ფორმით, თუმცა ჯერ ამაზე ჩამოყალიბებული არ ვარ. მთავარია, რომ ჩვენ, ახალგაზრდა მასწავლებლებმა, კარგად გავიაზროთ მოსწავლეებთან მიდგომის, ურთიერთობის მეთოდები და მუდმივ ძიებაში ვიყოთ სწავლების პროცესში, რადგან თუ ორმხრივი კომუნიკაცია არ შედგა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ვერც ერთი დისციპლინა ვერ განვითარდება და სწავლის ხარისხზე გამოცდების შედეგების შემდეგ მსჯელობის გარდა ვერაფერს მოვახერხებთ“.

როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს

„დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ეს 22 წლის დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის მიხედვით, ის პოლიციელმა სცემა და აიძულებდა ეთქვა, ვის ჰქონდა დათესილი სხვადასხვა სოფელში მარიხუანა. გამოძიება დაწყებულია პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორ სრულდება პოლიციელთა წინააღმდეგ დაწყებული საქმეების გამოძიება? – „ბათუმელებმა“ რომან იაკობაძის ისტორია გაიხსენა.

რომანი 2013 წელს მოძალადე პოლიციელებს ადიგენიდან გამოექცა და ბათუმში ფეხით ჩამოვიდა. გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სამაგიეროდ, პოლიციელი, ვის წინააღმდეგადაც საქმე აღძრულია, იმ უწყებაში გადაიყვანეს, რომელიც პოლიციელის ბრალეულობას იძიებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

2013 წელს ადიგენიდან ბათუმში ჩამოსული რომან იაკობაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ რამდენიმე პოლიციელი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მეზობელ სოფელში მცხოვრები ნათესავის, ოთარ ბერიძის ბოსელში იარაღის ჩადებას აიძულებდა. ოთარ ბერიძე მეორე დღესვე რომანის სმს-ს შეტყობინების, „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დააკავეს. ადიგენის პოლიციამ რამდენიმე დღეში ოთარ ბერიძე გაათავისუფლა და რომან იაკობაძეს აიძულა იმის დაწერა, რომ „აღმოჩენილი“ იარაღი მას ეკუთვნოდა. ბათუმში გამოქცევამდე რომანს უთხრეს, რომ პოლიციაში დაიბარებდნენ და დააკავებდნენ: „თუ არ ჩაგვიშვებ, ორ-სამ დღეში გამოგიყვანთ, თუ ჩაგვიშვებ, რვა წელს გაგიცოცხლებთ… ან ციხეში მოგკლავთ, ან გარეთო,“ – ყვებოდა რომან იაკობაძე, რომელიც მანამდე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და გათავისუფლებული რვაწლიანი პირობითი სასჯელით. საჯარო განცხადების შემდეგ რომან იაკობაძეს ბრალი მოუხსნეს და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა. მაშინვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ადიგენის პოლიციის სამართალდამცველების წინააღმდეგ დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით.

„არ აწყობდათ და ალბათ, ამიტომ არ გამოიძიეს,“ – ამბობს დღეს რომან იაკობაძე. ის თბილისში არაერთხელ ჩასულა და ადვოკატთან ერთად გამოძიებისთვის ჩვენება მიუცია. გვიყვება, რომ იმდროინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც შეხვდა, რომელიც ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა. რომანი დღეს ქუჩაშიც ხვდება პოლიციელებს, ვინც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ: „ისევ პოლიციელების ფორმაში არიან, თვალს მარიდებენ, როცა სადმე, ქუჩაში მხვდებიან… პროკურატურისგან ერთი წერილი გასული წლის შემოდგომაზე მივიღე, მეორე – გაზაფხულზე. ორივეში ერთი და იგივე ეწერა – მიმდინარეობს გამოძიებაო. მეტი პასუხი აღარ მოსულა“.

დასრულდა თუ არა ადიგენის პოლიციელების სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეზე დაწყებული გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელების“ შეკითხვას არ უპასუხა. უწყებაში არც ის გვითხრეს, სად მუშაობენ პოლიციელები, ვისაც რომან იკობაძე ძალადობას ედავებოდა. „გამოძიება რომ დასრულებულიყო, ამის შესახებ აუცილებლად აცნობებდნენ მხარეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს და ზედამხედველობს პროკურატურა“, – ამბობს რომანის ადვოკატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რევაზ რევაზიშვილი. მისი ინფორმაციით, პოლიციელები, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ, პოლიციის სისტემაში განაგრძობენ მუშაობას.

ადიგენის პოლიციის მაღალჩინოსანი აკაკი ფხიკიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც რომან იაკობაძე ამხელდა. ის ადიგენის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა 2013 წელს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფხიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს, ანუ გამოდის, რომ აკაკი ფხიკიძემ საკუთარი და თავისი ყოფილი კოლეგების სავარაუდო დანაშაული უნდა გამოიძიოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს აფარებს პოლიციელებს. ფაქტია, რომ ასეა…“ – ამბობს ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი: „საგამოძიებო ორგანოები არ იჩენენ სათანადო ინტერესს და ნებას, რომ ამ ტიპის საქმეები გამოიძიონ. აშკარად ჩანს, რომ ამ დროს სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, ოღონდაც პროცესი გაიწელოს. პოლიციაში არსებობს დაუსჯელობის განცდა და განზოგადდა კიდეც ეს მიდგომა“.

ადიგენის პოლიციის უფროსად 2013 წელს გელა კოხოძე მუშაობდა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი აბასთუმნის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დეტექტივ-გამომძიებლად. 2015 წელს ის სოფელ მოხეში ახალგახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დანიშნეს და დღემდე იქ მუშაობს. გელა კოხოძის დანიშვნა მაშინ გააპროტესტა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, გელა კოხოძე უშუალოდ მონაწილეობდა 2013 წელს ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს პოლიციელთა მხრიდან მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებაში, ასევე 2014 წელს სოფელ მოხეში კულტურის სახლის ყოფილი შენობის გამო მომხდარ დაპირისპირებაში.

რომან იაკობაძე მუქარაზე საუბრის დროს კიდევ ორ პოლიციელს ასახელებს – ლევან აბულაძეს და შმაგი იაკობაძეს. ლევან აბულაძე 2013 წელს ადიგენის პოლიციის გამომძიებლად მუშაობდა. ამჟამად ის აბასთუმნის პოლიციაშია იმავე პოზიციით. შმაგი იაკობაძე კი, რომან იაკობაძის თქმით, ისევ ადიგენის პოლიციის უბნის რწმუნებულად მუშაობს.

„ეს არის სისტემური მიდგომა და როცა დემურ სტურუამ სამტრედიაში მოიკლა თავი, ესეც ამ სისტემის ლოგიკური შედეგია,“ – ამბობს ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოიმატა მომართვიანობის მაჩვენებელმა საქმეებზე, სადაც ადამიანები პოლიციელთა ძალადობაზე საუბრობენ. იურისტი მიიჩნევს, რომ ბევრი საქმე ადვოკატებთანაც არ მიდის და იჩქმალება, რადგან საზოგადოების ნაწილს არ აქვს ობიექტური გამოძიების მოლოდინი: „რთული წარმოსადგენია, რომ იგივე აღარ მოხდება, ვიდრე ადეკვატურ რეაგირებას არ დავინახავთ. გარედან იგრძნობა დამოკიდებულება – თუკი დაისჯება პოლიციელი, ამით პოლიციის რეპუტაცია შეილახება. არადა, პირიქით არის. რატომ ხდება ასე? ვერაფერს გეტყვით…“

წლების განმავლობაში პოლიციელთა მხრიდან გამოჩენილი არაერთი ძალადობის მიუხედავად, პარლამენტმა კანონმდებლობის შეცვლა ამ კუთხით ვერ მოახერხა. ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე: „გეთანხმებით, რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარით, არსებობს შესაძლებლობების ზღვარი, ჩემი კომიტეტი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობდა. მაგალითად, პოლიციის შესახებ ახალი კანონი მივიღეთ, ესეც ხომ მნიშვნელოვანი იყო?“

კამპანია „ეს შენ გეხებას ფარგლებში~ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულის შესასწავლად ცალკე საგამოძიებო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მხოლოდ პარლამენტთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული. კანონპროექტი დაახლოებით ერთი წლის წინ შემუშავდა, მაგრამ მასზე პარლამენტს ჯერ არ უმსჯელია.

„რომ შევქმნათ ცალკე საგამოძიებო სამსახური და მერე ამ სამსახურის თანამშრომელმა ჩაიდინოს დანაშაული, ეს ვინ უნდა გამოიძიოს?… ასე მარტივი არ არის,“ – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ. ამბობს, რომ ცალკე საგამოძიებო ორგანოს შექმნას მხარს დაუჭერს, თუკი ის კონკრეტულად სავარაუდო წამების ფაქტებს შეისწავლის. კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, პარლამენტში არ დარეგისტრირებულა. ავტორები ამბობენ, რომ შეტანას აზრი არ ჰქონდა, რადგან გასაუბრების დროს იდეის მხარდამჭერი დეპუტატები ვერ იპოვეს.

გურამ იმნაძე, `ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის~ იურისტი: „ურთიერთდამოკიდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის ძალიან დიდია, რეალურად შეუძლებელია პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება პროკურატურის მხრიდან. პარლამენტის ცალკეული წევრები ამ ხედვას იზიარებდნენ ჩვენთან შეხვედრების დროს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავეს. იმედია, ამ კანონპროექტის გააქტიურებას ახალი მოწვევის პარლამენტში შევძლებთ“.

გურამ იმნაძე სამტრედიაში დაღუპული დემურ სტურუას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირების ინტერესებს იცავს: „ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება და იკითხებიან მნიშვნელოვანი მოწმეები. ამ საქმეზე ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით…“

12 აგვისტოს სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ 38-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა „ძალადობრივი“ პოლიციური სისტემის და „მკვლელი~ ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოება იკრიბება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ძალადობრივი სისტემის შეცვლა აიძულოს.

ამავე თემაზე:

ონისე იაკობაძე: „ჩემი შვილი იმ პოლიციამ დააკავა, ვინც მოკვლით ემუქრებოდა“

ადვოკატი: პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ იაკობაძეზე, დაკითხული არიან

ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში.

მუხრან ვახტანგაძე
მუხრან ვახტანგაძე

აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. მუხრან ვახტანგაძის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარ ღირსებად სპორტულ სფეროში მიღწეული წარმატებები მიიჩნევა. მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, მის სპორტულ კარიერაში არაერთი ჯილდოა, რის გამოც ვახტანგაძე 2000 წელს- ღირსების, 2001-2003 წლებში კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო სიაში ის წინა ხელისუფლებამაც ჩაწერა, როგორც თავად ამბობს, ეს მასთან შეთანხმებული არ იყო და `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, თუმცა მაშინ მას საარჩევნო სიაში მოხვედრა ხმამაღლა არ გაუპროტესტებია. ვახტანგაძემ აბსურდი უწოდა ასევე პარლამენტარ მურმან დუმბაძის ბრალდებებს, როდესაც მან ის ჯერ ასლან აბაშიძის ხელისუფლების, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ზონდერად მოიხსენია.

კითხვას, რისი შეცვლა გსურთ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში? მუხრან ვახტანგაძემ უპასუხა: „სპორტსმენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საპატიოდ არ უთვლიან გაცდენებს, როცა ისინი სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან ჩემპიონატებში თუ სხვადასხვა სასწავლებლებში მონაწილეობის მისაღებად. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. გარდა ამისა, მე მხოლოდ სპორტის სფეროთი არ შემოვიფარგლები, დარწმუნებული ვარ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ბევრი პრობლემა ექნება და მე ამ მიმართულებითაც ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, შევეცდები სპორტსმენებისთვის საქართველოში შესაბამისი პირობები შეიქმნას.“

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მუხრან ვახტანგაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს სოფელ ახალსოფელში და ბინას თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე [68 კვ/მ]. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მუხრან ვატანგაძეს „ქართუ ბანკის“ ანგარიშზე აქვს 10 503 ლარი. სხვა ფასიანი ქაღალდები ან რაიმე სახის ქონება მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არ ფიქსირდება.

ნუკრი ბეჟანიძე
ნუკრი ბეჟანიძე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ექიმი ნუკრი [ლევან] ბეჟანიძეც. ის ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს ხელმძღვანელობს. პოლიტიკურ საქმიანობას მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებამდე არც ის ეწეოდა და არც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა. რის შეცვლას შეეცდება საქართველოს კანონმდებლობაში თუნდაც ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, ის ამაზე `ბათუმელებთან~ არ საუბრობს: „ახლა ვყალიბდებით და მერე მოგახსენებთ“. ნუკრი ბეჟანიძეს საჯარო მოხელედ არასდროს უმუშავია, შესაბამისად არც ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია. რეესტრის მონაცემებით ის ფლობს არასასოფლო სამეურნეო ფართობს [208კვ/მ] ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე და რამდენიმე მიწის ნაკვეთს სოფელ მახინჯაურში.

„ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ფატი ხალვაში, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაა. ის ამ დრომდე ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. ოთხი წლის განმავლობაში ფატი ხალვაში მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა.

ნუგზარ სურმანიძე
ნუგზარ სურმანიძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. დასახელებულ კანდიდატებს შორის ის ერთადერთია, რომელსაც პოლიტიკურ თანამდებობაზე საქმიანობის გამოცდილება აქვს. ნუგზარ სურმანიძე პროფესიით ექიმია და მინისტრობის პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა. რამდენჯერმე ის სტიქიასთან დაკავშირებულ კომისიასაც ხელმძღვანელობდა. კონკრეტულ პროექტებზე არც ნუგზარ სურმანიძე საუბრობს. იმაზე, თუ რას ეტყვის ის ამომრჩეველს, პასუხობს, რომ „ახლა მუშაობს“.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ სურმანიძე თანასაკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ სახლს ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, [280] კვ/მ და ამავე მისამართზე 1200 კვ/მ მიწის ნაკვეთს. ის ფლობს ასევე კიდევ ერთ, 37კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში. საბანკო ანგარიშების მიხედვით, მინისტრს მნიშვნელოვანი დანაზოგი არ აქვს. მის მეუღლეს, სვეტლანა სურმანიძეს კი 10 035 ლარი აქვს `პროკრედიტ ბანკის~ შემნახველ ანგარიშზე. ნუზარ სურმანიძე შპს „ვიტაფარმის“ პარტნიორია, თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, ის კომპანიისგან შემოსავალს არ იღებს. მინისტრს წინა წელს შემოსავლის სახით 57 000-ზე მეტი ლარი მიუღია.

ილია ვერძაძე
ილია ვერძაძე

უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სახელით იყრის კენჭს პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე. რეესტრის მონაცემების მიხედვით, ილია ვერძაძე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მანსარდულ სართულზე ფლობს 54 კვ/მ ბინას და კიდევ ერთ ბინას ხიმშიაშვილის ქუჩაზე [83კვ/მ]. ილია ვერძაძის თქმით, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში იგივე დარჩება.

„საკანონმდებლო ინიციატივების საშუალება მექნება უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, პრემიერმა ჩემი წარდგენისას აღნიშნა, რომ მე მაქვს ბევრი ინფორმაცია დასაქმებულთა უფლებებზე, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება არ ემალება ამ პრობლემებს და მათ კარგად იციან, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას. 2012 წლიდან ჩემს ყველა გამოსვლას თან სდევდა კომენტარები, რომ მე იდეოლოგიურადაც და პოლიტიკურადაც მხარს ვუჭერდი დღევანდელ ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ დაგავიწყდეთ, რომ ის არის ზუსტად იმ მემარცხენე იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის არის მთავარი და განმსაზღვრელი.“

ილია ვერძაძის აზრით, მისი მაჟორიტარად დასახელებით „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობაზე ფიქრობს. კითხვაზე, თუ ასეა, რატომ იყო ეს საკითხი ოთხი წლის განმავლობაში კრიტიკის საგანი მისივე მხრიდან, ილია ვერძაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ ამ მიმართულებით ბევრი გააკეთა, კერძოდ – „კოდექსი შეცვალა“.
ილია ვერძაძე ასლან აბაშიძის დროს აჭარის პარლამენტის წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ვახტანგ წულაძე
ვახტანგ წულაძე

„ოცნებამ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად ვახტანგ წულაძე დაასახელა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი, რომლის უკანონო გადაწყვეტილებაც აჭარის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა. საუბარია გარემოს დაცვის სამმართველოში მომხდარ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ წულაძე მნიშვნელოვან დანაზოგს ან სხვა სახის ქონებას არ ფლობს.

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

loუსკოს ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს იწურება.

საარჩევნო ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

როგორც უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “2016 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ბლოკის შექმნის მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს“.

მერიის რეაგირება “ძველ ბათუმში” უკანონო მშენებლობებზე

ძველ ბათუმში რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ უკანონო მშენებლობებზე არაფერი შეცვლილა. ქალაქის მერია კი უკანონო მშენებლობებზე რეაგირებას თებერვალში დაგვპრიდა. 2013 წელს შემუშავებული რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ამ ნაწილში შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს.

„გადაგზავნილია მოთხოვნები იძულებით აღსრულებაზე. თუ ეს კომპანიები არ მოიყვანენ პროექტთან შესაბამისობაში მშენებლობებს, მაშინ მათ სამმაგი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწევთ კიდევ სამი თვის განმავლობაში,” – უთხრა “ბათუმელებს” მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლემა, თენგიზ ბოლქვაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ სანებართვო მოწმობასთან მშენებლობის მოყვანის ვადა სამთვიანია და სამჯერ ეძლევა კომპანიას საშუალება, თავად დაანგრიოს შენობის ის ნაწილი, რომელიც უკანონოა. პირველი ჯარიმის ოდენობა 1000 ლარს შეადგენს.

“ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე” – ეს სტატია “ბათუმელებმა” მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა და მასში იმ უკანონო მშენებლობებზე იყო საუბარი, რაზეც ბათუმის მერიას რეაგირება მოხდენილი არ ჰქონდა. მაგალითად, ზუბალაშვილის ნომერ 7-ში კომპანია “ჩემპიონი 2”-ის მიერ აშენებული შენობის სიმაღლე მერიის არქიტექტურის სამსახურის მონაცემებით, 19, 70 მეტრს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებული სანებართვო პირობებით კი, ეს სიმაღლე 14, 85-ს უნდა შეადგენდეს.

კიდევ ერთი შენობა, რაზეც “ბათუმელები” წერდა, მაზნიაშვილის 35-37-ში მდენარეობს. აქ კომპანიამ “სახლი პიაცასთან” ხუთსართულიანი სახლი ააშენა და მეექვსეს მშენებლობა აქვს დაწყებული.

როცა ზემოაღნიშნული სტატია გამოქვეყნდა, ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა, ირაკლი ახალაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ეს კომპანიები უძულებული იქნებოდნენ დამტკიცებულ პირობებთან შესაბამისობაში მოეყვანათ მშენებლობა და მათ ამის შესახებ გაფრთხილება უკვე მიეცათ. მერიამ კომპანიები მას შემდეგ გააფრთხილა წერილობით, რაც საზოგადოება “ბათომის” დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ  ამ შენობების ფოტოები ბათუმის საკრებულოს წევრს, ზაურ ახვლედიანს გაუგზავნა.

დღეს ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ მათთან პროექტის შეცვლის შესახებ განცხადება არ შესულა: “თუ შემოვა, განვიხილავთ და ვნახოთ. ჯერ-ჯერობით მოთხოვნა უცვლელია. ფაქტია, რომ ამ მისამართებზე მოცემულობა არ შეცვლილა, მაგრამ მერია მათგან მოითხოვს საპროექტო პირობების დაკმაყოფილებას.”

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან მოქალაქეების გადმოსვლა შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან ასეულობით მოქალაქე საპასპორტო კონტროლისგავლას ელოდება. მოქალაქე ზურაბ [ქემალ] ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით საბაჟოზე გაურკვეველი მიზეზით სპეციალური პროგრამაა გამორთული და სისტემა არ მუშაობს.

sabajo 1
რიგი სარფის საბაჟოსთან, ქემალ ცეცხლაძის ფოტო

საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რის გამო არის შეფერხებული მოქალაქეების გადმოსვლა თურქეთიდან საქართველოში. სამუშაო საათების დასრულების გამო, კომენტარი არ გააკეთეს თურქეთის საკონსულოშიც.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ბათუმში, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმის N68 ოლქი: პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუგზარ ვარშანიძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – ჯაბა ბერიძე.

ბათუმის N69 ოლქი: პარლამენტში – ნინო ბერაძე, უმაღლეს საბჭოში – კობა ჩხეიძე.

ბათუმის N70 ოლქი: პარლამენტში – თეიმურაზ ხაბაძე, უმაღლეს საბჭოში – არმაზ ბახტაძე.

რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს. ქობულეთში მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში არის სოსო ნოღაიდელი, უმაღლეს საბჭოში – კახა კაკალაძე.

ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში – ნინო ლორთქიფანიძე, უმაღლეს საბჭოში – პაატა ზაქარაძე.

ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში დაპუტატობის კანდიდატი პარლამენტში – თეიმურაზ ავალიანი, უმაღლეს საბჭოში – ოთარ ცეცხლაძე.

„აჭარას აქვს ყველა ბუნებრივი პირობა, იმისთვის, რომ იყოს გამორჩეული ევროპული რეგიონი. მაგრამ, მას აკლია ერთადერთი, კომპეტენტური კვალიფიკაციის მატარებელი ხელისუფლება. სწორედ, 2016 წლის არჩევნებში გვეძლევა შანსი, რომ ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც სწორედ კომპეტენტურობის ნიშნით დააკომპლექტებენ მთავრობას.“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები

მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქიდან მოსახლეობა არჩევანს სამი [68-ე, 69-ე და 70-ე] მაჟორიტარული ოლქის მიხედვით გააკეთებს.  თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში მხოვრები საკუთარ მაჟორიტარს აირჩევს, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში.

ბათუმის 68-ე მაჟორიტარიული ოლქის საზღვარი იწყება ქობულეთის სოფელი ციხისძირიდან. ის მოცავს სოფლებს: ციხისძირს, შუაღელეს, ზედა და ქვედა აჭყვას, სტალინის უბანს, საჩინოს, გორგაძეებს, ჩაისუბანს, ხალას, ჩაქვს, სახალვაშოს, მწვანე კონცხს, დაბა მახინჯაურს. ასევე თამარის, ბარცხანის, ბონისა და გოროდოკის დასახლებებს; ოლქის საზღვრებშია მაიაკოვსკის, შავშეთის, სულაბერიძის, წერეთლის, 9 მარტის ქუჩები;  68-ე მაჟორიტარული ოლქის საზღვარი სრულდება ძველ ბათუმთან, ის მოიცავს ბათუმის პორტს და მიმდებარე ტერიტორიას.

ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქი მოიცავს „ძველ ბათუმს“ და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. საზღვარი იწყება საბაგიროდან და გადის ჭავჭავაძის-ესენინის-წერეთლის-ჭავჭავაძის- ასათიანის-პუშკინის-თავდადებულის-ბაგრატიონის მთისძირის ქუჩებზე [მოიცავს ე.წ. ჭაობის ძირითად ნაწილს და ურეხის დასახლებას მთისძირის ქუჩამდე]; ოლქის საზღვარი მთისძირის ქუჩით გადის გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, აქედან ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩებზე, შემდეგ გრძელდება პუშკინის ქუჩაზე, აქედან ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, საიდანაც გადის გრიბოედოვის, გორგილაძის პარალელურად და ჯავახიშვილის ქუჩით ზღვისპირამდე.

ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქი მოიცავს ქალაქის ტერიტორიას ახალი ბულვარისა და ანგისის დასახლებიდან კვარიათის ჩათვლით. ამავე ოლქში შედის ლუდის ქარხნის დასახლების ნაწილი, ინასარიძის, შ. ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის ქუჩის დასახლებები, ასევე ადლია, მინდა, ურეხი, თოდოგაური, კახაბერი, მეჯინისწყალი, ავგია, გონიო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბათუმის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: N68 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 52 477; N69 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 52 164; N70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 51 900 ამომრჩეველი.

ბათუმის მაჟორიტარული ოლქები:

14087508_10210858107315410_300156938_o

ამავე თემაზე:

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები 

„რამდენი დემონიც გნებავთ“ – 2 სექტემბრიდან ბათუმის ახალ სცენაზე

2, 3 და 4 სექტემბერს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის – „რამდენი დემონიც გნებავთ“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია იაცეკ გლომბი, პოლონეთიდან.

სპექტაკლში მოქმედება ვითარდება იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით და რეალურ მოვლენებს ასახავს.

„სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში, სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც დგას, იკარგება ახალგაზრდა გოგონა. მთელი სოფელი დაკარგულ გოგონას ეძებს. უჩნდებათ კითხვები: იქნებ გოგონა სახლიდან გაიქცა? იქნებ გონიეცის ყოვლისშემძლე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავთ იგი დამწყვდეული? ან სოფლელთაგან ერთ-ერთმა ხომ არ გამოასალმა სიცოცხლეს? აგრეთვე შესაძლოა ყველაფრის უკან ის დემონები დგაგან ასე ხშირად რომ ახსენებენ სოფლის მცხოვრებლები? რა იცით, რომ ისინი არ არიან შემოქმედნი ყოველივე ცუდისა რაც ჩვენში არსებობს? სიბნელით მოცულ კრიმინალში ყოველ წევრს საკუთარი დიდი თუ პატარა საიდუმლო გააჩნია. აქ რაციონალური და ზებუნებრივი სამყარო ერთმანეთს ერწყმის და თქვენზეა დამოკიდებული ამათგან რომელს იწამებთ. ისტორია ერთმანეთში აერთიანებს გამორჩეულ იუმორსა და ფუნდამენტურ კითხვებს ადამიანის ბოროტი ბუნების შესახებ“ – აღნიშნულია ანოტაციაში.

წარმოდგენა ერთმოქმედებიანია. ტექსტი თარგმნეს მარია ფილინამ და ირაკლი სამსონაძემ. ინსცენირების ავტორია კატიჟინა კნიხანსკა, მხატვარი – მალმოჟატა ბულანდა–გლომბი, კომპოზიტორი – ბარტოშ სტაბუჟინსკი, სასცენო მოძრაობა – ვიტოლდ იურევიჩი, რეჟისორის თანაშემწეა ზვიად მურვანიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ: თათია თათარაშვილი, მერი ნაკაშიძე, მაია ცეცხლაძე, მარინა ბურდული, კახა კობალაძე, ზურაბ ქავთარაძე, ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, ლაშა კონცელიძე და მამუკა მანჯგალაძე.

ბილეთის ფასია 12 ლარი.

14047388_975612832550112_8881169166901439819_o (1)

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 12-წევრიან ოჯახს ქედის გამგეობა ვერ დაეხმარება

ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის სოფ კუჭულაში გორგაძეების 12-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხის ერთსართულიან სახლს ხანძარი დაახლოებით დილის ათ საათზე გაუჩნდა და მთლინად განადგურდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

“არჩევნების დასრულებამდე, ქედის გამგეობა ამ ოჯახს ვერ დაეხმარება,” – უთხრა “ბათუმელებს” ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ. მისი განმარტებით, ქედის გამგეობა შემთხვევას მას შემდეგ შეისწავლის, როცა გამოძიება გადასცემს მასალებს.

გამგებელი ამბობს, რომ დაზარალებული ოჯახის დახმარებას ქედის გამგეობის თანამშრომლები საკუთარი ხელფასიდან აპირებენ, რადგან სარეზერვო ფონდში თანხა აღარ არის: “მართლა ვერაფრის გადარჩენა მოხერხდა. სამწუხაროდ უკვე სარეზერვო ფონდში აღარ გვაქვს თანხა, რომ ოჯახს გადავცეთ. ბიუჯეტის კორექტირებას წინასაარჩევნო პერიიდში ვერ მოვითხოვთ.”

გამგებლის განმარტებით, ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს, ზოგადად, ქედის გამგეობა დაახლოებით 5 ათასი ლარით ეხმარება.

მიმდინარე წელს ქედაში ხანძრის შედეგად ხუთი სახლი დაიწვა.

უსკო საიას სარჩელს ხვალ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ხვალ, 25 აგვისტოს, განიხილავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ. უსკოს უკვე ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელმაც ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს.

სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საარჩევნო კანონმდებლობის იმ ნორმის დარღვევაზე მიუთითებდა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

ხვალინდელ სხდომაზე უსკო იმსჯელებს, იყო თუ არა კანონიერი ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილება, როცა მან საიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

 

რიო, საქართველო, „ადამიანი საქართველოს სახელით“ და ოპტიმიზმის აპარატი

ნათია კაპანაძე

ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ამ შედეგებით დაასრულა საქართველომ რიოში “ოლიმპიადა 2016” . რამოდენიმე დღე სოციალურ ქსელებს და მედიასაშუალებებს ღიმილივით გადაურბინა ქართველი ოლიმპიელების მცდელობებმა.

ყველამ გავიხარეთ.

და დაასრულა-მეთქი რომ ვამბობ, მართლა დასრულებას ვგულისხმობ:

  • პარალელურად, არავინ იფიქრებს საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებს ხომ არ შეეწირა უფრო მეტი მომავალი ჩემპიონი?
  • რატომ ირჩეოდნენ ფეხბურთელები ჩაწყობით კლუბებში?
  • რატომ ვარჯიშობენ დაჭაობებულ დარბაზებში სპორტსმენები?
  • შეიძლება თუ არა უფრო მეტი წარმატებული შედეგი გვქონდეს?
  • რა შემიძლია გავაკეთო მე, ერთმა რიგითმა ადამიანმა?
  • რა შეიძლება გააკეთო შენ, მეორე რიგითმა ადამიანმა?
  • რა შეიძლება გავაკეთოთ მე და შენ ერთად?
  • რაში ვხარჯავთ თანხას, რომელსაც ყველანი ჯიბიდან ვიღებთ და ერთ ყულაბაში ვდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტი რომ ჰქვია?

თუ ასე გავაგრძელებთ ისევ უტენდეროდ და უგემოვნოდ ჩაცმული სპორტსმენებით მოგვიწევს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა იაპონიაში.

ჩვენ ან სხვას საკუთარი გამძლეობის ხარჯზე მოგიხდება ჩემპიონობა.

კითხვები ბევრია. ყველაზე მეტი კითხვა კი სპორტული დარბაზების გამართულობაა.  რატომ არ აქვთ სათანადო პირობები ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს წარმატება უნდა მოუტანონ?

მახსოვს, 7 წლის რომ ვიყავი, ყველაზე მეტად კლასიკური მუსიკის დაკვრა მინდოდა. შავ-თეთრ ტელევიზორში არცთუ იშვიათად (უფრო ბადის შესავსებად) გასული სიმფონიური კონცერტები თავისთავად ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას და იმიტომაც. დავდიოდი კიდეც მუსიკის სასწავლად. მაშინ ქუჩაში მხედრიონელები წამლიან შპრიცებსაც ისროდნენ და ტყვიებსაც.

მახსოვს, მუსიკის მასწავლებელი თითებს როგორ მითბობდა მეორეკლასელს, ნოტიდან ნოტის აღებამდე გაყინულ თითებს.

მერე ამ სიტუაციის ატანა-გატანის გამძლეობა მეც გამომელია და ჩემ მშობლებსაც. ახლა პიანინოს დანახვაზე მხოლოდ მცივა. და ეგაა.

წარმოვიდგინე, სპორტდარბაზის გახსენებაზე ჩვენ ოლიმპიელებს დაჭაობებული დარბაზი, ან ჩამოვარდნილი ჭერი რომ გახსენებოდათ, რამდენს დავკარგავდით?!

არადა, ხელისგულივით ჩანდა და ჩანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმიზნოდ დახარჯული თითოეული თეთრი, ელექტროენერგიაში, დედამიწის გარშემო მოგზაურობისათვის საკმარის საწვავში, სასტუმროებში, ყავაში და სტრიპტიზბარშიც კი გაფლანგული ეროვნული ინტერესები. და ასე, სხვების პრემიების და დანამატების, ჯიპების, უსარგებლო ავეჯის შეძენაში დაიკარგნენ „ადამიანები საქართველოს სახელით“.

ჩვენ გვიყვარს ჩემპიონები, მაგრამ იშვიათად ვაძლევთ ძალას ერთმანეთს გამარჯვებისთვის.

ჩვენ გვიყვარს მითები, მაგრამ არასოდეს ვეხმარებით ერთმანეთს დასამახსოვრებელი და სასარგებლო საქმეების გაკეთებაში.

დღეს ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო  ნამდვილი ოლიმპიური მონაპოვარია. მით უფრო, როცა ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მთავარი ჩემპიონობა სხვების ნიჰილიზმთან გამკლავება და საქმის ახლებურად,  ბოლო ამოსუნთქვამდე კეთებაა.

გამოსავალი ერთია.

  • საჯარო პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს უფრო მეტი მომავალი ჩემპიონი.
  • აღარ უნდა ავარჩიოთ ფეხბურთელები ჩაწყობით კლუბებში.
  • აღარ უნდა ვარჯიშობდენ დაჭაობებულ დარბაზებში სპორტსმენები.
  • დავგეგმოთ და უფრო მეტი წარმატებული შედეგი გვქონდეს.
  • ვიფიქრებ, რა შემიძლია გავაკეთო მე, ერთმა რიგითმა ადამიანმა.
  • იფიქრე, რა შეიძლება გააკეთო შენ, მეორე რიგითმა ადამიანმა.
  • ვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მე და შენ ერთად.
  • თვალი ვადევნოთ, რაში ვხარჯავთ თანხას, რომელსაც ყველანი ჯიბიდან ვიღებთ და ერთ ყულაბაში ვდებთ სახელმწიფო ბიუჯეტი რომ ჰქვია.

ჩვენ გვინდა მეტი „ადამიანი საქართველოს სახელით“ მეტი სამართალი „საქართველოს სახელით“.

მე მჯერა. ეს შესაძლებელია ქვეყანაში, სადაც ყოველდღე წნევასავით ვიზომავ ოპტიმიზმს.

მეორე მოწმე, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში დაკითხა

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დახურულ სხდომაზე მეორე მოწმე დაიკითხა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც კონკრეტულ პირებს გამოძალვას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ედავებიან. პირველი მოწმე თაღლითობის საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიმდინარე წლის აპრილში დაკითხა.

ახალი წესის მიხედვით, რომელიც 20 თებერვლიდან მოქმედებს, მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. ახალი ნორმა ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ დროს  პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე პროკურატურის ნაცვლად, სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

მეორე მოწმის დაკითხვის აუცილებლობა პროკურატურამ იმით ახსნა, რომ მოწმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის მალე აპირებდა ქვეყნის დატოვებას. პროკურატურას დასაბუთება ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა. სასამართლოს უარის შემთხვევაში, პროკურატურას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი მოწმეს ჩვენების მიცემა მოსთხოვოს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს: ნუ ენდობით სმს-ით მიღებულ ინფორმაციას

24 აგვისტოს აბიტურიენტემა მიიღეს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის შესახებ ინფორმაცია ფასიანი სმს შეტყობინებით. ბევრი აბიტურიენტი გამოცდების წარმატებით ჩაბარებასაც აღნიშნავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო შედეგი არ არის და აბიტურიენტებმა დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს.

ამის შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 9333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც.” აქვე აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოს და ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება.

გამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი

“ბათუმელებმა” გამოცდების ეროვნულ ცენტრის პრესსამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისათვის [00:28] პრესსამსახურს ვერ ვუკავშირდებით.

ფეისბუქზე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას აბიტურიენტთა აღშფოთება მოჰყვა.

Screen shot 2016-08-24 at 12.38.01 AM

Screen shot 2016-08-24 at 12.37.13 AM

sms-ის მიღება გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 50 თეთრი ღირს, არაერთი აბიტურიენტი რამდენჯერმე აგზავნის სმს-ს გამოცდების შედეგების მისაღებად.

 

ფერადი „ზებრა“ ბათუმის ქუჩებში

პუშკინის ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ყვითელ და თეთრ ფერებში მოხატეს. მერიის ინფორმაციით, ჭაობის დასახლებაში, ყველა ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ფერადი იქნება.

ჭაობის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრთან“, რომელმაც ჭაობის დასახლაბაში ახალი ქუჩები დააპროექტა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სავალი ნაწილის, ასფალტის საფარის შეკეთება და საგზაო მონიშვნებიც, მათ შორის ფერადი ზებრაც პროექტის ნაწილია“.

თენგიზ პეტრიძის თქმით, ფერადი ზებრები უკვე საქართველოს ბევრ ქალაქშია აპრობირებული და ამ წამოწყებამ მძღოლების აღქმადობას უნდა შეუწყოს ხელი.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ. “ზებრაზე” მოქალაქეს გზას არ დაუთმობს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 20 ლარით დაჯარიმდება.

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

ქართულისა და უცხო ენების გამოცდებზე წელს ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ძირითადი საგნების [უცხო ენებისა და ქართული ენის]  პირველადი შედეგბის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და სირთულის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვარიანტებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ვარიანტი – 21 ქულა; მეორე ვარიანტი – 19 ქულა; მესამე ვარიანტი – 16 ქულა ; მეოთხე ვარიანტი – 20 ქულა.

ამ საგანის გამოცდაზე, დარეგისტრირებული 35 804 აბიტურიენტიდან დაახლოებით 1 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა, ხოლო მაქსიმალური – 80 ქულა არცერთ ვარიანტში არ დაფიქსირებულა. წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაფიქსირებულმა მაქსიმალურმა ქულამ 79 შეადგინა და სულ ცხრა აბიტურიენტმა მიიღო. ყველაზე ხშირად ქულები 41-60 შუალედში დაიწერა. 

გასულ წელს, მიმდინარე წელთან შედარებით ჩაჭრილთა უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 1 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, სულ დარეგისტრირებული იყო 35 403 აბიტურიენტი. მათგან 27 913 აბარებდა ინგლისურ ენას, 6 219 – რუსულს, 1 080 გერმანულს, 191 კი ფრანგულს. სულ უცხო ენებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 1 700-მდე აბიტურიენტმა. გასული წლის მონაცემებით კი ჩაჭრილთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებდა.

მაქიმალური შეფასება 100 ქულას შეადგენდა და სულ ოცდათხუთმეტმა აბიტურიენტმა მიიღო. შეფასებები, ძირითადად 21-40 ქულებს შორის მერყეობდა.

გუშინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც, სააპელაციო განაცხადებმა, ნაშრომების საერთო რაოდენობის [150 ათასზე მეტი ნაშრომის] 1,34 % შეადგინა. სააპელაციო კომისიის მიერ ხელახალი გასწორების შედეგად 389 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება: 361 აპლიკანტს ქულა მოემატა, ხოლო 28-ს დააკლდა.

როგორც „ბათუმელებს“ NAEC-ის პრესსამსახურში უთხრეს, აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე იხილეთ:

ზოგად უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 800-ით გაიზარდა.

სატრანსპორტო სააგენტო: შუქნიშნების გამორთვა ბათუმში ტურისტულ სეზონს უკავშირდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშანი არ მუშაობს. დღეს გამორთული იყო შუქნიშანი მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. უკვე რამდენიმე კვირაა შუქნიშანი არ მუშაობს რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ასევე რუსთაველის ქუჩაზე „მაკდონალდსთან“.

მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის განმარტებით, მერიამ რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნების გამორთვის გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით „შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით“ მიიღო.

„მერიამ შუქნიშნები გამორთო პატრულის დავალებით, რათა ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით არ იყოს მოძრაობის შეფერხება“.

რაც შეეხება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის კვეთაზე შუქნიშნის გამორთვას, სააგეტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება დენის გამორთვას უკავშირდებოდეს.

გიგა ჩხეიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციიის დავალებით გამორთული შუქნიშნები ტურისტული სეზონის შემდეგ ჩაირთვება.

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში დაახლოებით დილის 11 საათზე, პლაჟზე [ახალი ბულვარის მიმდებარედ] 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

ბათუმის სასაწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწარაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა და ის, სავარაუდოდ, ზღვაში დაიხრჩო.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი გოგონა ზღვაში არ დამხრჩვალა. ის ეპილეფსიით იყო დაავადებული და მისმა თანხმლებმა პირმა მაშველებს მას შემდეგ მიმართა, რაც ის პლაჟზე ცუდად გახდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ბათუმის ახალ ბულვარში გველი იპოვეს

ბათუმის ახალ ბულვარში, „აკვაპარკის“ მიმდებარედ გველი იპოვეს. თვითმხილველების თქმით გველი იქვე მყოფმა სანაპიროს მაშველებმა მოკლეს.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე ინფრომაციას ადასტურებს. ის ამბობს, რომ იყო წყლის გველი: „ ეს არის ჯიში ანკარა, რომელიც არ არის შხამიანი და სავარაუდოდ ბინადრობს არდაგანის ტბაში. მაშველებმა ის მოაცილეს იმ ტერიტორიას სადაც იქნა ნაპოვნი“.
მისივე ინფრომაციით, ქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები არ აქვთ.

ბათუმის ახალ ბულვარში გველი იპოვეს
ბათუმის ახალ ბულვარში გველი იპოვეს / ფოტო: მარი კვაჭაძე

გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? –  ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.

 დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან აბზანიძე, რომელსაც პოლიციაში ნარკოტესტირებისთვის სამი აბი შარდმდენი დაალევინეს. რით არის დემურ სტურუას შემთხვევა განსაკუთრებული, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი აღმოჩნდეს გარდამტეხი და რა შემთხვევაში? საზოგადოების მხრიდან რა ტიპის პროტესტი შეიძლება გახდეს ანგარიშგასაწევი?

მე ვფიქრობ, რაც უფრო მასობრივი იქნება საზოგადოებრივი პროტესტი, მით უკეთესი, იმიტომ, რომ ეს უბოროტესი და მანკიერი პოლიტიკა, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ანუ უკვე 10 წელია მძვინვარებს საქართველოში, რაღაცნაირად შეირყას მაინც.

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნარკოპოლიტიკა დღეს არა იმდენად ნარკომანიასა და ნარკოტიკების პრობლემას ეხება, რამდენადაც ეს თემა ხელისუფლების ინსტრუმენტია საკუთარი მოსახლეობის დაკნინებისა და დატერორებისთვის. ეს არის პოლიციური აღვირახსნილობა, რომელიც საქართველოში მძვინვარებს ამჟამად. რა თქმა უნდა, ალბათ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ის, რომ ეს ახალგაზრდა პოლიციელებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ეს ახალგაზრდას შეეხო, თან მნიშვნელოვანი იყო ის წერილი, რომელიც დემურ სტურუამ დატოვა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული შინაარსის წერილი. ძნელია, უემოციოდ მიიღო ამ წერილის ბოლო სტრიქონები, რომელიც ცალკეც კი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა ადგილებში კედლებზე წარწერის სახით. აუცილებელი მგონია, რომ ამ ფაქტით აღშფოთება არ დამთავრდეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატული თანაგრძნობით ან გაბრაზებით. ეს უნდა გადაიქცეს საყოველთაო რისხვად, იმიტომ, რომ აქ ნარკოტიკის მიღება-არმიღებაზე არ არის ლაპარაკი, ეს აქ მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკა ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში საკუთარი მოსახლეობის დატერორებისათვის, დაუძლურებისა და დამცირებისთვის.

თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია საზოგადოების რეაქცია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ზოგადად, მსგავსი ფაქტების მიმართ? გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანის უფლებების, შანტაჟის, წამების ფაქტებზე საზოგადოება რეაგირებს, ოღონდ მცირე დროით, ეს ბუნებრივია, თუ სამოქალაქო საზოგადოების პრობლემად, სისუსტედ შეგვიძლია განვიხილოთ?

მე გამოვყოფდი ორ ფაქტორს: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სიმცირე და სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე/ხარისხი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქართველოში იერარქიული საზოგადოებაა და აქტიური ნაწილი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, თუნდაც დაპირისპირებები არსებობდეს მათ შორის [საზოგადოების აქტიურ ნაწილს ვგულისხმობ] – ფაქტობრივად, მაინც ერთი წარმონაქმნია, ერთი სოციალური ფენაა და მნიშვნელოვანი მგონია სწორედ ის, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, ანუ არაცნობადი სახეები, გამომდინარე სწორედ ჩვენი ქვეყნის იერარქიული სტრუქტურებიდან – უხილავად არსებობენ, ისინი ვერ ხვდებიან ჩვენი ხედვის ჰორიზონტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი უბედურების საწყისი და სათავე.

თქვენი აზრით, პოლიტიკური წრეების საკმარისი მხარდაჭერა რატომ არ აქვს პოლიციური რეჟიმის და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას?

ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ რა ამბები იყო ციხის კადრებთან დაკავშირებით და ამან შეუწყო ხელი ამჟამინდელ მმართველ კოალიციას, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. გვახსოვს დაპირებები, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ეს სისტემა. როგორც დავინახეთ, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს, რეალურად ამ სისტემას არსობრივი ცვლილება არ განუცდია. ძალადობა ხორციელდება ყველგან, შეიძლება ეს ნაკლებად აღწევდეს მედიაში და ესეც გარკვეული პოლიტიკური თამაშების შედეგია. მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი იმ სისტემაზე, რომელიც უკვე არსებობდა. სისტემა არის პრობლემა. საქართველოში შექმნილია პოლიციური ძალადობის სისტემა და შესაბამისად არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, უარს ვერ ამბობს მოსახლეობის დათრგუნვის ამ იარაღზე. ზუსტად იგივე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც გამზადებული დახვდა სისტემა, რომელიც იყო იდეალური საშუალება მოსახლეობაზე ძალადობისა და მისი დათრგუნვის. ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ სანამ ისინი ხელისუფლების სათავეში არიან, ნარკოპოლიტიკაში არაფერი შეიცვლებოდა და რომ ისინი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მათ სიკეთეზე ზრუნავენ. ამ დროს ეს სიკეთე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს მომავალს უნგრევენ, სიცოცხლეს ართმევენ, თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.

ეს ხდება დღეს, იმ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ იმ დაპირებებით, რომ შეცვლიდა არსებულ სისტემას და არაფერი შეუცვლია. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ნება, სურვილიც კი, რომ შეცვალოს ეს სისტემა, ამიტომ აუცილებელი მგონია, რომ ხელისუფლება აიძულოს საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, რომელიც აუცილებელია, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს და ამ პოლიციური ტერორის მექანიზმებით დაშინებულმა ადამიანებმა, რომლებიც აქამდე ვერ ბედავდნენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას, ამოიღონ ხმა. ვფიქრობ, დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა სწორედ ეს ყინული დაძრა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ მისმა მეგობარმაც თქვა, რომ მასზე წლებია ზეწოლას ახდენენ პოლიციელები, თუნდაც ამ შემთხვევებიდან გამომდინარე რომ შეაფასოთ, თქვენი აზრით, რამდენად დიდია ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, თბილისის და თუნდაც ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და რატომ არის უფრო ადვილი მათი დაშინება?

პოლიციური ძალადობა ვლინდება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ რეგიონებში. ვფიქრობ რეგიონების პრობლემა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უთანასწორობასთან, რომელიც საქართველოში დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უბრალოდ სახელებია. ისინი ერთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები არიან, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებენ საზოგადოებრივ იერარქიულ სტრუქტურებს და სოციალურ უთანასწორობებს, შესაბამისად ქალაქის გარეუბნებში თუ რეგიონებში, სადაც ძალაუფლების ხარისხი და სოციალური უთანასწორობის უფსკრული კიდევ უფრო დიდი და ძლიერია, მოსახლეობის დატერორება და ჩაგვრა ბევრად უფრო ადვილია.

ცალკე საკითხია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს?! – პირველ რიგში, მე ამას ისევ დავუკავშირებდი საერთო პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება სწორედ სოციალურ უთანასწორობას. ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, არის ანტისოციალური, ე.წ. ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მომსახურე პერსონალს, საჭიროებს ნებადაკარგულ, ნებაგამოცლილ და დათრგუნულ ადამიანთა მასობრივ წარმოებას. სწორედ უსამართლოდ დასჯილი, დატერორებული და დაშინებული საზოგადოებრივი ფენები არის იდეალური მასალა ამ ტიპის საზოგადოებრივი მოწყობის ანუ სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა. სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ბევრი დაპირება ისმოდეს. სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე არასწორი ყოფილა მარიხუანას მოწევისთვის ადამიანის ციხეში გაშვება, თითქოს მისი მოგონილი არ იყოს ეს დასჯადი სისტემა. ახლა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგია და არასწორად მიაჩნია, რომ თურმე ნარკოტიკის მომხმარებელი გაუშვა ციხეში… ციხეში გაშვებაზე ხომ არაა, ეს არის ცხოვრების პერსპექტივის წართმევა ადამიანისთვის. სახელმწიფო თვითონ ქმნის კრიმინალს, იგი თვითონ ახდენს საკუთარი მოსახლეობის კრიმინალიზებას და ამას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ცვლის.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს შედეგი?

ძალიან ძნელია კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება. ფაქტია, პროტესტის ტალღა უნდა გაიზარდოს, უნდა მოხერხდეს შიშის დაძლევა. მაგრამ რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ პასუხს – „თქვენ რატომ გაკლიათ გაბედულება“. მათ გაბედულება დააკარგვინა სისტემამ.

ეს ადამიანები, რომლებსაც ემუქრება სისტემა, დაუცველები არიან, იმიტომ, რომ მათდამი სოლიდარობა არ არსებობს. თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ, თითქოს იყვნენ რაღაც საექსპერიმენტო ცხოველები, რომლებზეც შეუძლია ნებისმიერ ძალაუფლების მქონე ორგანოს იძალადოს და იცის, რომ მას შერჩება. საჭიროა, რომ ეს სოციალური უფსკრული იქნას დაძლეული. ისინი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, იმიტომ, რომ შეიძლება მოკლან, ან ოჯახი დაუწიოკონ, იძალადონ მათზე.

სწორედ ამ ხმაწართმეული ადამიანების დაცვაა საჭირო. ის ლიბერალური ელიტები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიან და ძვირფას იდეებს გვთავაზობენ, ვალდებულები არიან გამოიჩინონ სოლიდარობა, გამოვიდნენ ამ ჯოჯოხეთური სისტემის დასანგრევად, რადგან ისინი თავიანთი დუმილით ამ დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები არიან.

ხალხური რეწვის გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ხვალ, 24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხური რეწვის გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე პროექტის “აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება” – ფარგლებში შექმნილი პროდუქცია გამოიფინება.

გამოფენა 18:00 საათზე დაიწყება.

14053881_883054271828247_3648854559600902634_o
14086233_883054535161554_3403107611677488061_o

ხალხური რეწვის გამოფენა ბათუმში
ხალხური რეწვის გამოფენა ბათუმში

14124267_883054571828217_7336364609988030276_o

14138267_883054308494910_258409899041343448_o

14124502_883054615161546_8816770347420228058_o
14068383_883054275161580_2678641934648435262_o

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას?

DSCN1532
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

„მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან გადმოვდივართ მანქანით, ძალიან ცუდი გზაა, არავინაა მომხედავი. ერთი კაცი ფეხით მოყვება ნახირს, დილით მოდის. საღამოს უკვე აქაა…“ – გვიყვება ნათელა ჭაღალიძე. ის ამაყობს, რომ სახლი, სადაც ცხოვრობს, 100 წლის წინ აშენდა.

გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

მემთეურმა ქალებმა გვთხოვეს, მათ პრობლემებზე დაგვეწერა. სათქმელი ყველას ერთი აქვს, გომის მთის იალაღებზე მცხოვრებს თუ კურორტზე მყოფს – მთას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არსებობს სასმელი წყლის სისტემა. აქაურები მხოლოდ მთის წყაროს წყლებით სარგებლობენ და საღამოობით შეშის ღუმელებთან თბებიან.

ჟუჟუნა ბერიძეც მემთეურია. რძის ნაწარმს შემოდგომამდე აგროვებს. სექტემბრისთვის, მთის სეზონი რომ დასრულდება, ბათუმის ბაზარში ჩავა და გაყიდის: „მიხარია, მომრავლდა ხალხი. კურორტზე რომ ამოვა ხალხი, ჩვენც ადგილზე გავყიდით კაიმაღს, რძეს და მაწონს. წლების წინაც ასე იყო. იალაღებზე გადმოდიოდა ხალხი და ნატურალურ პროდუქტს ყიდულობდა…“

გომის მთაზე ძირითადად ქობულეთელებისა და ოზურგეთელების სახლებია. ზოგიერთმა ძველი სახლი აღადგინა, ზოგიერთმაც – ახალი ააშენა, ზოგიერთიც გაფართოვებას აპირებს. პრობლემა მიწის საკუთრებად რეგისტრირებაა. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედის საკომლო ჩანაწერებში თითოეული მათგანის ქონება აღწერილია, რეესტრი ქონების გაფორმებაზე უარს ამბობს.

გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

„ასეა, მეც უარი მითხრეს, არადა, გომის მთაზე გავიზარდე, სახლი მაქვს,“ – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის – „ოზურგეთში კულტურის და სპორტის ხელშეწყობის“ უფროსმა სპეციალისტმა, ზურაბ ჩხარტიშვილმა. ის ამ კურორტის განვითარებაზე მუშაობს. ზურაბს რეესტრისგან ვერ მიუღია პასუხი, რის გამო უთხრეს უარი. მისი თქმით, ქონების საკუთრებად დარეგისტრირების მსურველი ბევრია, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობს: „მხოლოდ მაშინ აშენებს ვინმე სახლს, თუკი ძველი შენობა მას ეკუთვნოდა და ამას მისი ორი მეზობელი დაადასტურებს. ნებართვები არ გაიცემა, მაგრამ სხვა არ შენდება. ისე გამგეობას გვითანხმებენ მშენებლობის დაწყებას“.

მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს ვუთხარით, რომ ვნახეთ სახლებიც, რომლებიც თავისუფალ ადგილებზე აშენდა ბოლო წლებში: „არ ვიცი, შეიძლება ასეცაა. ძალიან ვწვალობთ, ისე ვმუშაობთ. ჩემი სახლია იქ და ვჩერდები. პოლიციელებიც ასე ამოდიან, თორემ კურორტზე ოფისიც არ გვაქვს, კბილით გვიჭირავს იქაურობა,“ – გვიყვება ზურაბ ჩხარტიშვილი.

გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

„განაშენიანების გენერალურ გეგმას ველოდებით. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მიწის დარეგისტრირება“, – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ. მისი თქმით, მშენებლობის პროცესს კურორტზე ზედამხედველობის სამსახური აკვირდება, მაგრამ მან ვერ გვითხრა, რას აკვირდება ეს სამსახური, როცა მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მიწა არავის აქვს დარეგისტრირებული. გამგებელმა ასევე ვერ გვიპასუხა, რამ შეუშალა აქამდე ხელი მუნიციპალიტეტს, შემუშავებულიყო განაშენიანების გენერალური გეგმა: „ვინც აშენებს, ყველა მათგანს ადრე ჰქონდა იქ სახლი. თუ ვინმე უკანონოდ აშენებს, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ასეთ შემთხვევაში, რეესტრი მათ საკუთრებაში არ გადასცემს ქონებას. ამ პრობლემას მალე მოვაგვარებთ, რადგან მალე გამოვაცხადებთ კონკურსს განაშენიანების გენერალურ გეგმაზე“.

„რატომ უშლის ხელს განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა მიწის რეგისტრაციაში გატარებას?“ – კითხვას ოზურგეთის გამგებელმა ასე უპასუხა: „სხვა კომენტარს ვერ გაგიკეთებთ, ძალიან კარგი პასუხი გაგეცით“.

DSCN1609
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

რატომ ამბობს საჯარო რეესტრი უარს გომის მთის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე, როცა არსებობს საარქივო ჩანაწერები? – რეესტრის პრესსამსახურის უფროსმა, ეკა ერგემლიძემ გვითხრა, რომ პრობლემა არ არსებობს და საკითხი რეესტრმა ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. მას შემდეგ, როცა რეესტრის წარმომადგენელს გამგებლის პოზიცია გავაცანით, ის საკითხის დაზუსტებას დაგვპირდა. საჯარო რეესტრმა კვირის ბოლომდე გომის მთის მიწების რეგისტრაციის პრობლემაზე „ბათუმელებს“ პასუხი არ გასცა.

ა(ა)იპ „გომის მთა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2012 წელს გაუქმებულა. ზურაბ ჩხარტიშვილს ახალი გამგებლის იმედი აქვს, რომ ძველი აიპი ისევ აღდგება, თუმცა ამ საკითხს ჯერჯერობით ოზურგეთის 2013 წელს არჩეული გამგებელი არ განიხილავს. „პირველ რიგის პრობლემად ჩვენ უწყლობას მივიჩნევთ. უკვე ჩანიშნულია ტენდერი და ველოდებით გამარჯვებულის გამოვლენას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და იგი მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჯამში დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯება წყლის რეზერვუარების მოსაწყობად. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყლის მიყვანას თითოეულ კოტეჯამდე, რომელიც გომის მთაზე დგას. ამ სამუშაოებისთვის ფული რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩაგვერიცხა, როგორც ტრანსფერი,“ – ამბობს მერაბ ჭანუყვაძე.

გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

ოზურგეთის გამგებელი ამბობს, რომ გომის მთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვს, მაგრამ სამუშაოები ძვირი ჯდება და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კონკრეტული პროექტი არ არსებობს არც საბაგირო გზის შესახებ, რომელმაც ურეკი გომის მთას უნდა დააკავშიროს. ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისაუბრა მედიასთან. მისი თქმით, კურორტის რეაბილიტაცია კარგი შეთავაზება იქნება ინვესტორებისთვის და გომის მთაზე შესაძლოა სათხილამურო ინფრასტრუქტურაც მოეწყოს. დაპირებებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ისაა შესრულებული, რომ გომის მთაზე ავტომანქანით ასვლაა შესაძლებელი. სხვა დაპირებებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასე გვიპასუხა: „ჩვენი დაპირებები რეალურია, ამას ყველა ხედავს. როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, ამ კურორტის პოპულარიზაცია დავიწყეთ“.

„ძირითადად პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა ზურაბ ჩხარტიშვილმაც, ა(ა)იპის – „ოზურგეთში კულტურისა და სპორტის ხელშეწყობა“ მთავარმა სპეციალისტმა. მისი თქმით, უცხოელი ტურისტები მას სოციალური ქსელით უკავშირდებიან: „მთაში მივყვებით, რომ იქ არ დაიკარგონ. ბევრი იკარგება, ამას ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენი ძირითადი საქმე ესაა.“

„არის თუ არა ჯერ მზად გომის მთა პოპულარიზაციისთვის?“ კითხვას ზურაბ ჩხარტიშვილმა ასე უპასუხა: „აბა, თუ გაკეთდა ყველაფერი, მერე რაღა საჭირო იქნება პოპულარიზაცია?“

გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე

გაძვირდება თუ არა თხილი

ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა.

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა.

„რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში ქარხნები ვერ ამუშავებენ თხილს და შეამცირეს მიღება. ამიტომ დაეცა ფასიც. ძველი, შარშანდელი თხილი ფაქტობრივად არავის უნდა. შესაძლოა 2,5 ლარი გადაგიხადონ აქ. კარგ, ახალ თხილში კი, მე 3,5 ლარს ვიხდი,“ – გვითხრა თხილის ერთ-ერთმა მიმღებმა.

IMG_20160818_090241კარგი და ხარისხიანი თხილი, მაგალითად ე.წ. „ბერძნულა“, შესაძლოა ბათუმში მაქსიმუმ 4 ლარადაც ჩააბარო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ერთ კილოგრამ თხილში მომხმარებელს 4-დან 6-ლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.

თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ნათინვესტში“, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასის დაკლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა: „შეხედავ თხილს, კარგია გარედან, მაგრამ რომ გატეხ, ბევრს გული არ აქვს, ან დამპალია. სამეგრელოში წელს არ ვარგა თხილი, გურიაში შედარებით არაუშავს. ზუგდიდში ახლა 4 ლარია მიღება, ქარხანაში ჩაბარების ფასი კი – 4,3-4,4 ლარი. ფასი თუ აიწია, მაქსიმუმ შეიძლება მიაღწიოს 6 ლარს, 7-ს არავითარ შემთხვევაში“.

მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობას გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც უკავშირებენ. „დაავადებულია თხილი, განსაკუთრებით სამეგრელოში – ნაცარი, სოკო… ამასთან, შხამქიმიკატები, რითაც წამლავენ, ალბათ უვარგისი და შეიძლება მავნებელიც კი არის მცენარისთვის. ათასი პრეპარატი შემოაქვთ და რომელია ადაპტირებული და კარგი ჩვენს შემთხვევაში, არავინ იცის,“ – გვითხრა „საგა 2008“-ს წარმომადგენელმა. ეს კომპანიაც ზუგდიდში მუშაობს.

აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსის,  მამუკა თურმანიძის განცხადებით, ფასებს ბაზარი არეგულირებს, ის ძირითადად ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა მიუხედავად არსებული ფასებისა, „არის კარგი მოლოდინები და თხილს საკმაოდ მზარდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია“.

რაც შეეხება მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს, მამუკა თურმანიძის თქმით, ისევე როგორც ყველა კულტურას, მეწლეობა ახასიათებს თხილსაც, თუმცა არა ისე მკვეთრად გამოხატული, როგორიც, ვთქვათ, ციტრუსს აქვს, ამიტომ მოსავლიანობაში სხვაობა წლების მიხედვით ფაქტობრივად უმნიშვნელოა: „ამასთან, მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაც – თუ რას და როგორ იყენებენ ფერმერები, ასევე გარემოფაქტორები, კლიმატური პირობები“.

აჭარაში, თხილის აქტიურად მოშენების პარალელურად, თავი იჩინა მავნებელმა დაავადებებმაც – თხილის ტკიპა, ხარაბუზა, ამ ბოლოს გავრცელდა თხილის ნაცარიც.  თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში რომელიმე მათგანის მასიურ გავრცელებასთან არ გვაქვს საქმე.

„ნაყოფის ხარისხსა და მცენარის შემდგომ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს ეს დაავადებები. ნაყოფის ხარისხზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ნივთიერების ნაკლებობაც ნიადაგში. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. რომელიმე ერთის, თუნდაც დაავადების გამოყოფა, რომ აი, კონკრეტულად ეს არის მცენარის ნაყოფის უხარისხობის მიზეზი, მიუღებელია,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე.

შხამქიმიკატებთან და აგროპრეპარატებთან დაკავშირებით მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სწორად შერჩევა და ზუსტად გამოყენება არანაირ ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევას არ გამოიწვევს და პირიქით, მოუხდება როგორც მცენარის შემდგომ გაჯანსაღებას, ასევე გააუმჯობესებს ნაყოფის ხარისხსაც: „ყველაფერს უნდა გონივრული მიდგომა და გამოყენება. პრეპარატები, რაც ჩვენს ბაზარზეა, არის გერმანული და შვეიცარული წარმოების, შესაბამისად, დანიშნულებისამებრ თუ მოხდება მათი გამოყენება, პრობლემა არ იქნება. ვიმეორებ, რომ საჭიროა კონკრეტული პრეპარატის სწორად შერჩევა კონკრეტულ დაავადებაზე და ამ პრეპარატის ზუსტი გამოყენება.“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები ჩართულები არიან და მიდის მუშაობა ფერმერებთან, თუ როგორ უნდა განახორციელონ თხილის, ასევე სხვა კულტურების წამლობა, რა პერიოდში, რა პრეპარატები გამოიყენონ.

საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული.

ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა.

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს.

როსტომ გუნთაიშვილი სასამართლოში ქობულეთში მცხოვრები სამი პირის ინტერესებს იცავს. მათ “ქართველ მუსლიმთა კავშირი” ქობულეთში პანსიონის გახსნის ხელშეშლის და შენობის კარზე ღორის თავის მიჭედების გამო დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. საქმეში მოპასუხე მხარეა შინაგან საქმეთა სამინისტროც, რადგან მუსლიმი მრევლი პოლიციელებს დაპირისპირების დროს უმოქმედობას და დისკრიმინაციის წახალისებას ედავება. სასამართლო ამ ინციდენტს 2014 წლის დეკემბრიდან განიხილავს. დღეს, 22 აგვისტოს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვები მოისმინა. რამდენიმე დღეში მან ამ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა თავის საპაექრო სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ქობულეთის პანსიონს, რომელიც 2014 წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო, ფეტულა გიულენთან ჰქონდა კავშირი. მისი თქმით, შპს “მუსტაფა ბიუკი”, როგორც მესაკუთრე, გიულენის ინტერესებს ახორციელებს, თუმცა ამის კონკრეტული მტკიცებულება ადვოკატს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

“არ შეიძლება, 21-ე საუკუნის ქობულეთში, გულო კაიკაციშვილის ქალაქში, გვყავდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი, არ შეიძლება ეს დაადგინოს სასამართლომ… ჩემი მარწმუნებლები არიან ტოლერანტები. როგორ შეიძლება უთხრათ ქალბატონ ჟუჟუნას ის, რომ მან ვინმეს უფლება შეზღუდა, როცა წლების განმავლობაში მოსწავლეებს ასწავლიდა: “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება”?… ღორის თავი მიაჭედეს სერბეთშიც, თან რამდენჯერმე, მაგრამ ასეთი ვაი-უშველებელი არ ატეხილა,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე როსტომ გუნთაიშვილმა. ადვოკატის მტკიცებით, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რაც მისი მარწმუნებლების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტს დაადასტურებდა.

ადვოკატმა ბრალი დასდო “წაქეზებაში” და “მიზანმიმართულ ინტერესში” მოსარჩელე მხარის დამცველი ორგანიზაციას – “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი”. როსტომ გუნთაიშვილის თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 2014 წლის ინციდენტამდე ხვდებოდნენ ადგილობრივებს: “მერე თამთა მიქელაძე [ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი] დაგვხდა სასამართლოში. ეს ორგანიზაცია იყო აქტიურად ჩართული მოხეში, ჭელაში და ნიგვზიანშიც. ყველგან იყვნენ, ვიდრე არ უთხრეს – წადით აქედან”.

„ღორის თავის მიჭედების შემდეგ, ჟურნალისტებმა თქვეს, რომ იქ პანსიონი იყო გახსნილი, არადა ასეთი რამ არ ყოფილა. იქ პანსიონი ვერ გაიხსნა იმის გამო, რომ არ იყო შეყვანილი წყალი, ელექტყროენერგია და ასე შემდეგ… მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეც გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის დანაშაული და დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. იგივე თქვა პრეზიდენტმაც. შედარებით მოზომილი კომენტარი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინსიტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ჰქონდა. მან თქვა, რომ თუკი რამ მოხდა, ეს უნდა იქნეს გამოძიებულიო.” – განაცხადა როსტომ გუნთაიშვილმა.

“პოლიციამ თავისი საქმე შეასრულა ბრწყინვალედ და დაიცვა ოქროს შუალედი,” – თქვა თავის საპაექრო სიტყვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესების დამცველმა, ნინო ქევხიშვილმა. მისი განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს. იურისტი გამოძიებასაც შეეხო, რადგან მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქობულეთის პანსიონის საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება. “სასამართლო ვერ დაადგენს, ჭიანურდება თუ არა საქმის გამოძიება.” – აღნიშნა იურისტმა.

ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს კიდევ ერთი იურისტი იცავს – მარიამ კერესელიძემ თავის გამოსვლაში “ნეიტრალურ მოწმედ” ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე დაასახელა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება წინა სხდომაზე მისცა. “ქობულეთის გამგებელმა დაადასტურა, რომ პოლიცია ასრულებდა თავის მოვალეობას და ის ცდილობდა დაეცვა, როგორც რელიგიის, ასევე გამოხატვის თავისუფლება,” – აღნიშნა მარიამ კერესელიძემ. იურისტების განმარტებით, სარწმუნო ვერ იქნება სახალხო დამცველის წარმომადგნელის ჩვენება, რადგან ის პანსიონის საქმის უშუალო მონაწილე არ იყო.

მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვებს რეპლიკით გამოეხმაურა ეთერ გვრიტიშვილი, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი. “თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, მაშინ მუსლიმი მრევლი დარჩება ისევ დაჩაგრული და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩაითვლებიან ისევ… ჩვენ უკვე მოვისმინეთ მხარის მუქარა, რა მოხდება, თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს”.

მოსარჩელე მხარის საპაექრო სიტყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ წინა სხდომაზე უკვე მოისმინა

IMG_0003
ფიზიკური პირების ადვოკატი როსტომ გუნთაიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები: ნინო ქევხიშვილი და მარიამ კერესელიძე

 

 

ბათუმის სასამართლომ დღეს 7 აფთიაქი დააჯარიმა

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევების შემთხვევები განიხილა. სასამართლომ 7 აფთიაქის ხელმძღვანელობა სამართალდამრღვევად მიიჩნია და შვიდივე 500-500 ლარით დააჯარიმა.

„მართალია, მედიკამენტებს ურეცეპტოდ გავცემდი, მაგრამ ეს იყო გამოწვეული მოქალაქეების დაჟინებული თხოვნით. ლამის ხელის დარტყმაზე მისულა საქმე, ოღონდ ერთი ტაბლეტი მომეციო. მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო ომობანას თამაშს,” – მიმართა მოსამართლეს ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ხელმძღვანელმა, ემზარ ვაშაყმაძემ. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს შეადგინა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ. ოქმის მიხედვით, აფთიაქი რეცეპტის გარეშე გასცემდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ წამლებს, მათ შორის, „ნიმესილს“.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა ემზარ ვაშაყმაძეს განუმარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული სანქცია უფრო მკაცრი იქნება.

„ხშირად რეცეპტის მიღებას სჭირდება დრო, ხარჯები. ჩემი აზრით, რეცეპტის მოთხოვნა სავალდებულო არ უნდა იყოს ყველა შემთხვევაში,”- უთხრა “ბათუმელებს” ემზარ ვაშაყმაძემ. მან მაგალითად ჩიყვის სამკურნალო მედიკამენტი მოიყვანა, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში იღებენ: “რეცეპტის მაქსიმალური ვადა ერთი წელია და წლის განმავლობაში ადამიანს მხოლოდ ექვსჯერ შეუძლია სასურველი მედიკამენტის შეძენა ამ რეცეპტის საფუძველზე. რეცეპტის სპეციალური ფორმა მეტის საშუალებას არ იძლევა”.

რატომ გააქტიურდა აფთიაქების შემოწმება და რომელ აფთიაქებს ამოწმებენ – “ბათუმელების” ამ კითხვაზე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და სპეციალური კომისია ყველა აფთიაქში შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას.

„თეთრი მაგნოლიას“ მცხოვრებლები ბათუმის მერიას დახმარებას თხოვენ

გადავარჩინოთ ბათუმის „თეთრი მაგნოლია“ – ამ სლოგანით ბათუმში, „მაგნოლიის“ შენობაში მცხოვრებლები ქალაქ ბათუმის მერიას მიმართავენ დახმარების თხოვნით. ისინი ითხოვენ ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანას და ტერიტორიის შეწამლვას.

„თეთრი მაგნოლიის“ მობინადრეები მივმართავთ ბათუმელებს და პირველ რიგში ქალაქის მესვეურებს. საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ თავად საცხოვრებულ კორპუსში არსებულ ვითარებას… შენობა, შეიძლება თამამად ითქვას,  ვერ იტევს სამშენებლო ნაგავს, რასაც  თან ერთვის წვიმის შედეგად დატბორილი  ბინები, ანტისანიტარია, მღრღნელები, მწერები.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ჯერჯერობით არ არის ვალდებული შექმნილი პრობლემები მოაგვაროს, ჩვენ იძულებულნი ვართ უკიდურესი სიტუაციის გამო, მოვთხოვოთ მერიას გამოიჩინოს კეთილი ნება და დაგვეხმაროს შენობიდან სამშენებლო ნაგავის გატანაში“ – აღნიშნულია „მაგნოლიის“ მობინადრეთა წერილში.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „კორპუსის ადმინისტრაცია ამ პრობლემების მოგვარებაში, მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, უმწეოა.“

შენობაში მცხოვრებთა ერთი ნაწილი მერიას მოუწოდებს, მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ზომებს იმ მობინადრეების, თუ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ანაგვიანებენ შენობას და მის გარე პერიმეტრს, არ გააქვთ  კუთვნილი სამშენებლო, თუ საყოფაცხოვრებო ნაგავი.

როგორც „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, აღნიშნული შენობა ამ დროისთვის არ არის ექსპლუატაციაში შესული, ამიტომ მცხოვრებლებმა უნდა მიმართონ ბათუმის მერიას წერილობით და მერია ამის შემდეგ დაეხმარება მათ აღნიშნული ნაგავის გატანაში.

Untitled+++
ნაგავი „თეთრი მაგნოლიას“ ტერიტორიაზე / ფოტო აღებულია კორპუსის მცხოვრებთა წერილიდან

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შრი-ლანკის მოქალაქეები თურქეთის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს არ დაუშვან პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება

„საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.

საიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ „მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები“.

„ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული,  არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩვას ისახავს მიზნად“ – აცხადებს საია.

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

es

პირველ ფოტოზე ნიუ-იორკია ასახული, მეორეზე – პარიზი, მესამეზე კი – ბათუმი. ადვილი შესამჩნევია პირველ და მეორე შემთხვევაში როგორაა მაგიდები ტროტუარზე განლაგებული, იმისთვის, რომ ქვეითი არ შეფერხდეს. ბათუმში ყველაფერი სხვანაირადაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარები წითელ ბილიკებამდე კაფეებმა აითვისეს, წითელი ბილიკი კი ველოსიპედისტებს ეკუთვნით.

როცა ტროტუარზე მაგიდები და სკამები დგას, იძულებული ხდები ველობილიკზე გადახვიდე, ხოლო თუ ველობილიკზე მიმავალს ველოსიპედისტი ზარით გატყობინებს, რომ გზა უნდა გაუთავისუფლო, პირდაპირ სამანქანე გზაზე გიწევს გადასვლა. ამ დროს შენს უსაფრთხოებაზე ვერავინ იზრუნებს, უნდა გაგიმართლოს და გადარჩე.
კაფეების გარდა ბათუმის ტროტუარებზე ავტომანქანებს, მიმდინარე მშენებლობებსა და სხვა ტიპის მომსახურების ობიექტებსაც ნახავთ. ქალაქის გარეუბნებში ტროტუარები ავტომანქანების შეკეთების ობიექტებსა და სამრეცხაოებსაც აქვთ დაკავებული. უსაფრთხო არც სამანქანო გზაზე ქვეითისთვის გათვალისწინებული „ზებრა“ გადასასვლელია, რადგან მძღოლების უმეტესობა ქვეითს გადასასვლელზე გზას არ უთმობს.

წელს რამდენიმე კაფემ ტროტუარის რკინის კოსტრუქციით შემოსაზღვრაც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგიდების შემთხვევაში კაფეს სტუმრის შეწუხება გიწევდა, ახლა ტროტუარის იმ ნაწილს, რაც რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს, ქვეითი ვეღარ გამოიყენებს. ეტლით მოსარგებლისთვის კი აქ გავლა საერთოდ შეუძლებელია.

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

13509869_1315233828506589_1236282454_o

გადატვირთული ტროტუარები და ქვეითისთვის დატოვებული ვიწრო ადგილი განსაკუთრებულ პრობლემას ეტლით მოსარგებლეებსა და იმ დედებს უქმნის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.
„რამდენჯერმე როცა ასეთ ადგილს მივადექი, მომიწია კაფეში მყოფი ადამიანისთვის მეთქვა გამატარეთ-მეთქი, ვაწუხებ მათ და არასდროს ვეუბნები მადლობას, რადგან ეს ჩემი ადგილია, აქ მე უნდა გავიარო. ძველ ბათუმში როცა ტროტუარი კაფეს ან მანქანას აქვს დაკავებული, პირდაპირ ქვაფენილზე უნდა გადახვიდე, რაც ეტლით მოსაგებლისათვის ორმაგად პრობლემურია, ჯერ ერთი ქვაფენილზე ეტლის მართვა ჭირს და ამ დროს შეიძლება მანქანა დაგეჯახოს და მეორეც – ეტლი მწყობრიდან გამოდის,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც ეტლით გადაადგილდება.
პრობლემის მოგვარებას ბათუმელები შესაბამისი სტრუქტურებისგან ითხოვენ.

ბათუმი. კაფე „ტერასა“
ბათუმი. კაფე „ტერასა“

„მეც მაქვს კაფე, თუმცა ყველაფერი ისე განვათავსეთ, რომ ხელს არავის ვუშლით. ამ პრობლემაზე ხშირად ვსაუბრობთ, ფეისბუქშიც ვწერთ. სანამ მანქანა დაგვეჯახება, მანამდე უნდა იზრუნოს ამის გამოსწორებაზე მან, ვისაც ეს ევალება. ასეც რომ არ იყოს, ზოგიერთს აქვს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და თავადაც იცის, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს,“ – ამბობს პაატა ძიძიგური, კაფე „ვინილის“ მფლობელი.
საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, ტროტუარის ათვისების საზღვრებს კანონმდებლობა არეგულირებს. თუმცა ქართულ რეალობაში დადგენილ წესებს არ ასრულებენ, ან ამბობენ, რომ „ეს წესები არ ვარგა.“
ბათუმის ქუჩებში სხავადასხვა ტიპის მომსახურების ობიექტების განთავსებაზე ნებართვას ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს. ამ სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ტროტუარები კაფეებს დაკავებული აქვთ ევროპულ ქალაქებშიც და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს: „ევროპაშიც მაქვს ნანახი და ფოტოებიც მაქვს გადაღებული“. კითხვაზე, სად უნდა გაიაროს ქვეითმა? – ირაკლი ახალაძე პასუხობს, რომ გასავლელები დატოვებულია: „გასავლელებისთვის ადგილს ვტოვებთ კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ხშირად ნებართვის მიმღები შემდეგ უფრო მეტს მოინდომებს ხოლმე და დადგენილ საზღვრებს სცილდება. ამის კონტროლი უკვე სხვა სამსახურის პრეროგატივაა.“

საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობებზე ნებართვების გაცემისას მერია ბათუმის საკრებულოს 2011 წლის #8 დადგენილებით ხელმძღვანელობს. ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.

ასრულებს თუ არა ამ დადგენილებით დაწესებულ ნორმებს მერიიის არქიტექტურის სამსახური და ხომ არ არღვევს მეპატრონე ობიექტის განთავსების პირობებს უმეტეს შემთხვევაში, რაც ბათუმში ქვეითისთვის საფრთხეს ქმნის? ამაზე კონტროლი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. განყოფილების უფროსის თენგიზ მესხიძის თქმით, სამსახურის სპეციალისტები „ქალაქში რულეტკებით დადიან“ და ტროტუარების ათვისების მასშტაბებს ყოველდღიურად აკონტროლებენ.

„მოგეხსენებათ, ბევრი კაფეა და ხშირად ხდება ნებართვის პირობების დარღვევა. ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ ე.წ. რულეტკებით. თუ დარღვევა არის, ხშირ შემთხვევაში ვაფრთხილებთ, თუ არ გამოასწორებენ, შემდეგ ვაჯარიმებთ. ჩვენი მიზანია ქალაქში ყველაფერი წესრიგში იყოს და არ მოხდეს ზედმეტი სკამების, მაგიდებისა და კონსტრუქციების დადგმა ტროტუარებზე. აქედან გამომდინარე ჩვენთვის უფრო უპრიანია გაფრთხილება მივცეთ და გამოასწორონ. ამისთვის ერთ დღეს ვაძლევთ. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ძალიან ვიწროა გასავლელი და ჩვენ მათ ვერ ვაჯარიმებთ. საქმე იმაშია, რომ როცა 74 სანტიმეტრს დაიკავებს ობიექტის მეპატრონე ფართო ტროტუარზე, ეს მნიშვნელოვან პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ამავე დადგენილებით 75 სანტიმეტრის დაკავებაზეა გაცემული ნებართვა ვიწრო ტროტუარებზეც, რაც უკვე პრობლემურია. ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს თენგიზ მესხიძე. მისივე თქმით, ამ საჭიროებაზე მას საკრებულოს წევრებთან არ უსაუბრია, თუმცა `სამსახურის უფროსმა ეს კარგად იცის.“

საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას ვაჟა რამიშვილი ხელმძღვანელობს. გადატვირთული ტროტუარების თემა საკრებულოს წევრსაც აწუხებს, მაგრამ როგორ და ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, მან არ იცის: „მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, მანქანები დგას, ხალხი ვერ მიდის და ვერ მოდის. დავსვი საკითხი, პატრონი ვერ ვნახე. ტროტუარი არის მოსახლეობის, ფეხით მოსიარულეების. ყველა ღონეს ვხმარობ და მეტი რა გითხრათ. ძალიან არასასიამოვნო შესახედია, მე გეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს ასე.“ ვაჟა რამიშვილმა არ იცის, შესაცვლელია თუ არა რაიმე დადგენილებაში, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ტროტუარი ფეხით მოსიარულისაა, ამას „ლაპარაკი, დაფიქრება და კანონი არ სჭირდება.“

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ზედამხდველობის სამსახური დამრღვევს ერთხელ აფრთხილებს და შედეგის ვერ მიღწევის შემთხვევაში აჯარიმებს. ჯარიმა ფიზიკურ პირზე 500, ხოლო იურიდიულ პირზე 1500-დან 2000 ლარამდეა.

თენგიზ მესხიძის ინფორმაციით, ტროტუარის ათვისების ნებართვის წესების დარღვევისთვის ბოლო პერიოდში ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა რესტორანი „B.K.“ „არტ კაფე“ გამსახურდიას ქუჩაზე, „სუში ბარი“ რუსთაველის ქუჩაზე, „შაურმა“ გამსახურდიას ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქის რესტორანი ქუთაისის ქუჩაზე და სხვა. გასულ წელს დაჯარიმდნენ: `ბავარია~, გორგასლისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში „ხაჭაპურის კერია“.

ნებართვის საფასური ათვისებული ტერიტორიის მიხედვით კვადრატულ მეტრზე 30 ლარია, რასაც ობიექტის მეპატრონე სეზონზე ერთჯერადად იხდის. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ხშირად ეს თანხა წელიწადში 300 ლარი გამოდის, რისი გადახდაც არ უნდათ და ტროტუარებს ითვისებენ, რის გამოც შემდეგ 2000 ლარით ჯარიმდებიან.
ბათუმი (4)

როგორ ცდილობს მთავრობა პენსიონერების გულის მოგებას

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 12 პროცენტი, 200 000 ამომრჩეველზე მეტი, დაუსაქმებელია. საქართველოს მთავრობა კი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პენსიონერების დასაქმებაზე ალაპარაკდა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, იდეა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, ხოლო პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“ ერქმევა. იდეამ და მისმა დასახელებამ სოციალურ სფეროში მომუშავე ექსპერტებს წინა ხელისუფლების „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა, როგორც თავად ამბობენ, მათ ცხოვრების გაგრძელება არა, მაგრამ ამ პროგრამის არჩევნების შემდეგ გაგრძელების შესაძლებლობა აეჭვებთ.

პრემიერის განმარტებით, ახალი პროგრამა არ გულისხმობს არც პენსიისა და არც სოციალური შეღავათების მოხსნას და ეს არის დამატებითი შემოსავალი იმისთვის, რომ „ბევრმა ადამიანმა, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენონ ის და შესძინონ თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.“

მთავრობა პენსიონერების დასასაქმებლად კერძო კომპანიების წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესებით გეგმავს. პროგრამაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მუშაობენ.

იდეის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში „ბათუმელები“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ იმ პირებთან დაკავშირება ვითხოვეთ, რომლებიც პროგრამის მომზადებაში უშუალოდ არიან ჩართულები. პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ პროგრამის პრეზენტაცია ჯერ `ქართულმა ოცნებამ~ უნდა გააკეთოს, ამის შემდეგ კი სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. ფინანსთა სამინისტროდან კი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება გადმოგვიგზავნეს და გვითხრეს, რომ სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით [რომელიც პრესსამსახურიდან გადმოგვიგზავნეს] პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა. „ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე – პენსიონერებსა და იმ კომპანიებს, რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.“

ფინანსთა მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი.

საქსტატის 2015 წლის მონაცემებით საქართველოში 3 მილიონ 720 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 750 000 პენსიონერია. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, ანუ ე.წ სამუშაო ძალას შეადგენს 2 მილიონ 21 000 ადამიანი, ხოლო უმუშევარია 200 000- ზე მეტი ადამიანი. რაც საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 12 პროცენტია. უმუშევრობის ამ მონაცემებს საქართველოში სოციალურ სფეროში მომუშავე სპეციალისტები არ ენდობიან: „ყველამ იცის, რომ ეს არარეალური მაჩვენებელია და საქართველოში უფრო მეტს აქვს დასაქმების პრობლემა,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური მართვისთვის“ დირექტორი გია კაკაჩია, რომელიც ერთ- ერთია მათ შორის, ვისაც ახალმა ინიციატივამ წინა მთავრობის პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა:

„რეალურად, როდესაც ამ პროგრამის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, პირველი რაც თავში მომივიდა არის ის, რომ ერთადერთი, რასაც ამ პროგრამამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს, ზუსტად ღიმილიანი საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ „ღიმილიანმა საქართველომ“ ყველას ღიმილი მოჰგვარა და მოგეხსენებათ, ის პროგრამა როგორც დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ იდეურ დონეზე ის უფრო მისაღები იყო ხანდაზმულებისათვის, უფრო ლოგიკურად დასაბუთდებოდა, რომ ხანდაზმულთა სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს, ვიდრე მათი სამუშაო ბაზარზე გამოჩენა. ფაქტობრივად, ალბათ ეს პროგრამაც, როგორც ღიმიალინი საქართველო, არის განწირული და წინასაარჩევნო დაპირებად დარჩება.“

კითხვაზე, როგორ წარმოგიდგენიათ პროგრამის რეალურად განხორციელება, გია კაკაჩია ამბობს, რომ პროგრამის იდეაც კი არასწორია: „ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამუშაო ძალაში შედის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის 16-დან საპენსიო ასაკამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა არ შეუძლია. საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული სიბერით. ღირსეული სიბერე კი ნიშნავს სოციალურ გარანტიებს და საზოგადოებაში ინკლუზიას. თუ ადამიანს სურს, რომ იყოს დასაქმებული, ეს მისი პირადი უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო ამაზე დამატებით რესურსებს არ უნდა ხარჯავდეს. ეჭვი მეპარება, რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს, მაგრამ თუ ამოქმედდება, ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩრდილოვანი დასაქმების განვითარებას. აღმოჩნდება, რომ რეალურად მოხდება თუნდაც მამების გაფორმება და რეალურად ისინი ჩაანაცვლებენ ახალგაზრდა სამუშაო ძალას. მოგეხსენებათ, ქვეყანაში 750 000-მდე პენსიონერია, რეალურად ეს არის ამდენივე ამომრჩეველი, ამასთანავე, ყველამ იცის, რომ პენსიონერები საკმაოდ აქტიური ამომრჩევლები არიან. ფაქტობრივად, ამ გაუგებარი პროგრამით ცდილობენ პენსიონერთა გულები მოიგონ.“

საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 5 მილიონით მეტია.

თხილი და კაკალი საქართველოდან გატანილი პროდუქციის ათეულში მეოთხე ადგილზეა.

სტატისტიკის სამსასხურის მონაცემებით:

2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა;

ფეროშენადნობების ექსპორტი 100 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა;

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

Untitled

 

ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია „ვაით ჰაუსის“ ყოფილი თანამშრომლები ხვალ, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ისინი აჭარის მთავრობისგან კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ დარჩენილი ერთი თვის ხელფასის ასაღებად.

„ჩვენი მოთხოვნაა დარჩენილი ერთი თვის ხელფასები დაგვირიგონ, ორი თვის გვქონდა მისაღები, ერთი დაგვირიგეს, ერთი არა. მიზეზად გვისახელებენ, რომ თითქოსდა ჩვენი გაკეთებული საქმე არის უხარისხო.“ – ამბობს მანუჩარ ბერიძე, ერთ-ერთი ყოფილი დასაქმებული.

შენიშვნა: ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოქვეყნდა სათაურით: „მეტრო სითის“ თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ“, რის შემდეგაც დაგვიკავშირდნენ „მეტრო სითიდან“, რომ აღნიშნული პირები არიან „ვაით ჰაუსის“ თანამშრომლები. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ვაით ჰაუსი“ არის სს „მეტრო მეფის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც პროექტ მეტრო სითის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობს, ხოლო „მეტრო მეფს“ დღეის მდგომარეობით არავის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ აქვს.

ახალი გზები ბათუმში სახლებსა და ეზოებზე გაივლის

ახალი გზა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე ასამდე კერძო საკუთრებაზე გაივლის. მათ შორისაა: სახლები, ეზოები, ბოსტნები, ციტრუსის ბაღები, დამხმარე ნაგებობები და კომერციული ფართობები. ქონების მეპატრონეებმა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არაოფიციალურად, მხოლოდ „ჭორის დონეზე“ იციან. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, რომ ქონების დათმობაზე ვერ მოლაპარაკების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქონებას კანონიერად, „საზოგადოებრივი საჭიროების მქონე ობიექტის მშენებლობის“ მოტივით ჩამოართმევენ.

თემურ ბერიძის შვიდსულიანი ოჯახი ადლიის უბანში 2004 წლიდან ცხოვრობს. მანამდე იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობდა, სადაც საცხოვრებელი სახლი დაემეწყრა. მთავრობისგან დახმარების მიღების ამაოდ ლოდინის შემდეგ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ადგილიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ანგისაში სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა: „დღეს უკვე ორსართულიანი სახლი მაქვს, მას შემდეგ ამ სახლს ვაკეთებ. ნაწილი გავარემონტე, თუმცა არ დამისრულებია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თემურ ბერიძე თავის ნაკვეთში დედასთან ერთად
თემურ ბერიძე თავის ნაკვეთში დედასთან ერთად

სახლის ეზოს მიმდებარედ თემურის დედა, მერი, ბოსტანში მუშაობს, ბალახის ამოძირკვით და ნარგავების მორწყვით არის დაკავებული. საუბარში ისიც ერთვება. ამბობს, რომ კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის დატოვება არც მას უნდა და არც მის ოჯახს:

„ძლივს ავაშენეთ. როგორ არ მინდა, როგორ მენანება. მე მგონი, მეც მეხება, ასე ამბობენ. თქვენ თუ რამე იცით, მითხარით. ვიცი, რომ ნაკვეთს ეხება, ზოგი ამბობს – სახლსაცო. არ მინდა, რომ სახლს შეეხოს. ძლივს გავიკეთეთ სახლი. ახლა მე აღება მინდა?! – მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ნამდვილად არ მიხარია.“

იმ ტექნიკური ნახაზის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიწათსარგებლობის გეგმაში ცვლილების შესახებ დებულებასთან ერთად დაამტკიცა, თემურ ბერიძისმიწის ნაკვეთი და ის ადგილიც კი, სადაც სახლი დგას, წითლადაა მონიშნული. რუკის მიხედვით, წითლადაა მონიშნული ბერიძეების მეზობლის, თემურ ჯიჯავაძის სახლიც. ამ სახლის ჭიშკარზე განთავსებულ ტრაფარეტზე დიდი, წითელი ასოებით აწერია, რომ ის დამსვენებლებისთვის ქირავდება. თემური სახლშია, ის ხუთ წელზე მეტია უმუშევარია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც მისი მეუღლე, ლელა მუშაობს. ამ სახლში ცხოვრობენ თემურის შვილები და მოხუცი მშობლები. სახლი სამსართულიანია და ოჯახი მის მხოლოდ მცირე ნაწილში ცხოვრობს, ძირითად ნაწილში კი დამსვენებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეზოში კოტეჯსაც აქირავებენ. ზაფხულობით ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. წელს დამსვენებლის ნაკლებობაზე ჩივიან.

„ვიცი ახალი გზის ამბავი. კულუარულად გავიგე. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემთან ინვესტორი მოვიდა, დავრწმუნდი, რომ მართალი იყო. აქვე გვერდით ნაკვეთი მაქვს, ინვესტორს მისი ყიდვა და კორპუსის აშენება უნდოდა. მოვილაპარაკეთ კიდეც. მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა არ მისცეს, არ ვიცით, გზა სად გაივლისო. აღარ იყიდა ჩემი ნაკვეთი. არადა, ძალიან მჭირდებოდა, იმ აღებული ფულით აქით გავაკეთებდი, დამსვენებელი რომ მოდის, ყველას კარგი უნდა, წელში გავსწორდებოდი,“ – ამბობს თემურ ჯიჯავაძე.

თემურ ჯიჯავაძე მეუღლესთან და მამასთან ერთად
თემურ ჯიჯავაძე მეუღლესთან და მამასთან ერთად

იმას, რომ მშენებლობის ნებართვებს ამ უბანში მერია ახალი გზის შემუშავებისა და მის დამტკიცებამდე არ გასცემდა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურშიც ადასტურებენ. მიწათსარგებლობის ახალი გეგმისა და თანდართული რუკის მიხედვით, ახალი მაგისტრალი ბულვარის მიმდებარედ ანგისის, ადლიის, მინდას, აეროპორტისა და აღმაშენებლის უბნებში გაივლის. შესაბამისად, მერიას უკვე შეუძლია სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა როგორც რუკიდან ჩანს, თემურ ჯიჯავაძე ნაკვეთს ინვესტორზე ვეღარ გაყიდის, მას მოუწევს მიწა სახელმწიფოს მიყიდოს. გადაუხდის თუ არა მას სახელმწიფო კვ/მ-ზე იმავე რაოდენობის თანხას, რასაც მას ინვესტორი სთავაზობდა, ეს მომავალში გამოჩნდება. ამ დრომდე არსებული გამოცდილებით კი, მერიას მოსახლეობისთვის საბაზრო ფასი არასდროს შეუთავაზებია და ეს საკითხი არაერთხელ გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ბათუმში მომუშავე მაკლერების ინფორმაციით საბაზრო ღირებულების მიხედვით დღეს ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთი კვ/მ მიწის ფასი 200 დოლარია.

რაც შეეხება ნორმატიულ ფასს, ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით. ადლია კაჩინსკების ქუჩიდან, აეროპორტის დასახლება და მიდებარე ტერიტორიები სადაც ახალი გზა უნდა გავიდეს, ბათუმის პერიფერიული ზონის პირველ ქვეზონას მიეკუთვნება – საკრებულოს დადგენილებით, ამ ზონაში ერთი კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფასის საბაზისო განაკვეთი 425 ლარის ტოლია.
ინფორმაცია „ჭორის დონეზე“ იციან თემურის მეზობლებმაც, ყველა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ დათმობს ნაკვეთს, ეზოს, ეზოს ნაწილს, მაგრამ არა სახლს.

ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება ბათუმის საკრებულოში ისე დაამტკიცეს, რომ ამომრჩევლის საკუთრების უფლებებზე დიდხანს არ უმსჯელიათ. კითხვები, რომლებიც მომხსენებლის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიმართ დასვეს, ახალ გზებს შორის ერთ-ერთის გაბარიტებს შეეხებოდა. სხდომაზე ექსპროპრიაციის წესიც ახსენეს. საკრებულოში ამ უბნის მაჟორიტარმა ირაკლი მიქელაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ამომრჩევლის ინტერესების შესახებ იცის და მისი მოსაზრებით, ამ ცვლილების არ დამტკიცებით უფრო გაფუჭდებოდა საქმე, ვიდრე მისი დამტკიცებით.“
ახალი გზის საპროექტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აჭარსპეცპროექტმა“ ჩაატარა. ამ სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა. ახალი გზების პროექტს ექსპერტიზა არ გაუვლია. ასეთი მოთხოვნა მერიას ტენდერით გათვალისწინებული არ ჰქონდა. პროექტის მიხედვით, ახალი გზა 11 მეტრი სიგანის, ხოლო ტროტუარები 2 მეტრი სიგანის იქნება. შემდეგი ეტაპი გეოლოგიური კვლევაა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, მერიას ჯერ არ შეუსწავლია კონკრეტული ქონებები და მათი ღირებულება, სადაც ახალი გზა გაივლის: „ეს ცალკე კვლევის საგანია.“ მოსახლეობა ამბობს, რომ სახლებს არ დათმობს, ზოგიერთის თქმით კი, სახლის დათმობის აუცილებლობის შემთხვევაში შეთავაზება ადეკვატური უნდა იყოს: „შენ ამ ზღვის პირიდან გამიშვა და ბენზეში წადიო მითხრა, მასე არ გამოვა.“

მთლიანობაში ახალი ბულვარის მიმდებარედ მერია 40-კილომეტრიანი გზის გაყვანას გეგმავს. მერიაში მიიჩნევენ, რომ ახალი გზა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ქალაქური ინფრასტრუქტურის შექმნას და ამ ადგილით ინვესტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

ახალი ქუჩები [ყვითელი ფერი] / გენგეგმა
ახალი ქუჩები [ყვითელი ფერი] / გენგეგმა

ქაფის ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, დღეს მესამედ გაიმართა ქაფის ფესტივალი. ბოლო ღონისძიება დღეს, 18 საათზეა დაგეგმილი.  ფესტივალი  „ევროპა ბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.

14074953_1154634001276458_1023729678_o
ქაფის ფესტივალი, ბათუმი, 21.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

14074478_1154648261275032_112177958_o14074339_1154649714608220_789830095_o14060521_1154648121275046_1710687591_o14045128_1154648964608295_1426890441_o14044954_1154647997941725_180497416_o14113969_1154647984608393_867639551_o

„იალონი სტუდიო“ ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად

„იალონი სტუდიო“ მუსიკოს ვაჟა ცისკარიძის [ მუსიკოს კახა ცისკარიძის ძმა] დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას მართავს. პროფესიონალი ფოტოგრაფები მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობის სტუდიური ფოტოს გადაღებას სთავაზობენ ნებისმიერ ფასად. შემოსულ თანხას კი ვაჟა ცისკარიძის ანგარიშზე გადარიცხავენ.

ვაჟა ცისკარიძეს ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება.

საქველმოქმედო აქცია დღეს, 21 აგვისტოს, 12 საათიდან დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. „იალონი სტუდიოს“ მისამართია: ბათუმი. მემედ აბაშიძის 48.
საკონტაქტო ინფორმაცია: 596 220 220 ; 593 99 82 72;

Exit mobile version