ბრაზიანი ჩიტები ფინელი ფოტოგრაფის ობიექტივში

„ბრაზიანი ჩიტები“ მხოლოდ ცნობილი კომპიუტერული თამაშისა და მულტფილმის გმირები არ არიან, როგორც ფოტოების საშუალებით გაირკვა, ჩიტებს გარკვეულ მომენტებში მართლა აქვთ ბრაზიანი გამომეტყველება. ამ დეტალებს ფინელი ფოტოგრაფი, ოსი სარინენი დააკვირდა.

ფოტოგრაფი ფინეთში ველურ ბუნებას იღებს. სარინენი  ზამთარშიც, -20 გრადუს ყინვაშიც დადის ტყეში ცხოველების გადასაღებად და დიდხანს ელოდება კამერით შესაფერის მომენტებს. იგი მიიჩნევს, რომ ველური ბუნების ფოტოებზე ასახვით ადამიანებს უბიძგებს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებასა და გარემოზე.

ფინელი ფოტოგრაფის კადრები ვიდეოთამაშისა და მულტფილმის – „ბრაზიანი ჩიტების“ ნამდვილ პერსონაჟებს მოგვაგონებს.

 

წყარო: boredpanda

სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ

სტუდენტებს, რომლებმაც მატარებლით მგზავრობის დროს სპეციალური შეღავათით ვერ ისარგებლეს და მატარებლის ბილეთში სრული ფასი გადაიხადეს, გადახდილი თანხის ნახევარს უკან დაუბრუნებენ.

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტებმა წერილობით „საქართველოს რკინიგზას“ უნდა მიმართონ ბილეთების შეძენის სალაროებში და პირადობის მოწმობის, ასევე შეძენილი ბილეთის ასლი უნდა დატოვონ. მათ შეძენილი ბილეთის 50 პროცენტი მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

„სტუდენტებისთვის სპეციალური შეღავათი არც გაუქმებულა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა მედიით,“ – ამბობს დაჩი ცაგურია, „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი თქმით, 19 თებერვალს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა პროგრამაში, რის გამოც სტუდენტებმა სპეციალური შეღავათით, რაც 50-პროცენტიან ფასდაკლებას გულისხმობს თითოეულ ბილეთზე, ვერ ისარგებლეს.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და სტუდენტებს ისევ შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. სტუდენტური ფასდაკლებით.

სპორტული მოედანი დაგლეჯილი მავრთულებით ქედაში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებული მოედანი ქედის ცენტრში.  მოედანზე ლითონის ბადეები დაგლეჯილია, მოედნის ირგვლივ ძელები კი – ჩამტვრეული. 
სპორტსკოლის დირექტორის, გივი ბარამიძის თქმით, ფეხბურთის მოედნის შეკეთება წელს იგეგმება, მანამდე კი ბავშვები სასპორტო სკოლის შენობაში ივარჯიშებენ. 

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

უბედური შემთხვევა – დაშავებულია ერთი კაცი 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში, სატვირთო მანქანის ბორბლის გახეთქვის შედეგად კაცი დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, დარტყმის ძალამ მამაკაცი რამდენიმე მეტრის მანძილზე გადააგდო და მას, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვს, ასევე აღენიშნება ღია ჭრილობები.

ადგილზე უკვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

 

ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს ბინებს გადასცემს

ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად.  2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის  საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

რა იცი მარიხუანაზე? [ტესტი]

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ბევრ დეტალს გულისხმობს, ზუსტად იცი რა დოზის ტარება როგორ ისჯება? დაშვებულია თუ არა შენახვა-კულტივაცია? რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში? გაეცანი ტესტს და გაიგე რა იცი მარიხუანაზე.

აჭარის მთავრობა ენმ-ის აქციას ეხმაურება

აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება. მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება.

ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრა გააპროტესტეს.

მთავარი ფოტო: აქცია მთავრობის სახლთან / 27.02.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ამავე თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

 

პოლიციამ ბათუმში ნაღმის ნაცვლად სუნამოს ფლაკონი იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე დატოვებული ნივთი არა ნაღმი, არამედ სუნამოს ფლაკონი აღმოჩნდა.

მიტოვებული ნივთის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები.

აბუსერიძის ქუჩა პოლიციას ორივე მხრიდან ჰქონდა გადაკეტილი. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დადგინდა, რომ შეფუთულ ყუთში სუნამოს ცარიელი ფლაკონი იყო.

პოლიცია

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს.

სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ – მათ ქუჩის გადაკეტვის ნებართვა არ აქვთ.

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ.

საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სთხოვს / 27.02.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტოები
მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის გამო საპატრულო პოლიციამ კ. გამსახურდიას ქუჩა გადაკეტა / 27.02.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო
სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე / 27.02.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

 

 

 

შსს: ჯერ არ ვიცით, ქუჩაში ნაპოვნი ნივთი არის თუ არა ნაღმი

ამ წუთებში ბათუმში აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთი პოლიციას აქვს გადაკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ამ მონაკვეთზე ნაღმს ეძებს. თუმცა, როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ განუმარტეს, პოლიცია ეძებს არა ნაღმს, არამედ ამოწმებს კონკრეტულ ნივთს.

„მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ქუჩაში დევს კოლოფი, რომელსაც პატრონი არ უჩანს. პოლიცია გასულია და ამოწმებს ამ კოლოფს“,- აცხადებენ შსს-ში.

ამ დროისთვის აბუსერიძის ქუჩა ორმხრივად გადაკეტილი აქვს პოლიციას.

შედეგების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოგაწვდით.

ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე პოლიცია საეჭვო ნივთს სწავლობს
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე პოლიცია საეჭვო ნივთს სწავლობს
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა სამი წელი შეიძლება გახდეს ოთხი წლის ნაცვლად, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად.

რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.

„ჩვენ ველოდებით კანონპროექტის განხილვას და ინიციატივის ძალაში შესვლას,“ – აცხადებენ ცენტრში. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების შემცირებას?

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, დღეს არსებული მოდელი ხისტია, რადგან არსებობს ევროპული გამოცდილებაც, სადაც ყველა სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამა ოთხი ან ორი წელი არ არის.

„ხისტია მოდელი, როცა მოითხოვს, რომ მაინც და მაინც ოთხი წელი უნდა ისწავლო საბაკალავრო პროგრამაზე ან ორი წელი მაგისტრატურაზე.

მე, პირადად, ჰარვარდში ერთლიან სამაგისტრო პროგრამაზე ვისწავლე და ევროპაშიც არსებობს სხვადასხვა გამოცდილება,“ – გვეუბნება ის.

რაზეა დამოკიდებული პროგრამის ხანგრძლივობა? ჯანაშიას თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, მეორე ფაქტორი კი პროგრამის შინაარსია.

„მაგალითად, რაც უფრო პროფესიულია პროგრამა, ითვლება, რომ მას ნაკლები დრო სჭირდება და რაც უფრო აკადემიურია, უფრო მეტ დროს მოითხოვს. ეს კომბინაციებიც განსაზღვრავს დროს.

გარდა ამისა, პროგრამები როცა მოკლეა, ეს უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს სტუდენტებისგან.

ამერიკულ უნივერსიტეტებში არის წელიწადნახევრიანი სამაგისტრო პროგრამებიც. განათლების მიმართულებით ჩვენთანაც არის ერთწლიანი პროგრამა, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრატურასთან. ასე, რომ მოდელი უნდა იყოს უფრო მოქნილი და არა ხისტი,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება ხარისხს, ჯანაშიას აზრით, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების ხარისხი იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი უნივერსიტეტები სტუდენტების შერჩევის მექანიზმს შეცვლიან და მაგისტრატურაში უფრო მაღალი კომპეტენციის ადამიანებს შეარჩევენ.

 

„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი,  მურმან დუმბაძეც. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია ხეების გლეჯვის და სწორედ ამიტომ მივიდა აქციაზე პოზიციის გამოსახატად.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

„თუ არ გამოვა ათ წუთში, უმაღლესი საბჭოს წევრები შევალთ და მოვითხოვთ შეხვედრას,” –  განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მოქალაქე აპროტესტებს მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას
ფოტო: ცაგო კახაბერიძე 27.02.2018

მურმან დუმბაძე აქციაზე ფოტო: ცაგო კახაბერიძე 27.02.2018

 

 

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს.

„ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც ასე სრულდებოდა: „მე თქვენზე ხელი ჯერ არ ჩამიქნევია“ .

„ხელი ჩაიქნია“ თუ რატომ ვერ მოხვდა „ბათომი“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა? – ვკითხეთ მერიის პრესსამსახურს, სადაც განმარტეს, რომ „ხელის ჩაქნევის დრო ჯერ არ დამდგარა“.

„წერილი მოამზადა აპარატმა, ბათუმში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა და, ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოწერდნენ, თუმცა ორგანიზაციები შეთანხმდებიან და მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ წარმოადგინონ კანდიდატურა „ბათომიდან“, „ბათომსაც“ შეუძლია წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა,“ – ამბობს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა.

მიუხედავად იმისა, რომ  „ბათომს“ არ მიუმართავს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად შეარჩიეს.

სამ კანდიდატს შორისაა ასევე თომა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“. ეს ორგანიზაცია შშმ პირების უფლებებისთვის მუშაობს.

მესამე კი ნათია აფხაზავაა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს.

ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები.

მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წინადადებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტები.

საბჭომ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ მერს სარეკომენდაციო წერილით უნდა მიმართოს, მერს აქვს უფლება არ გაიზიაროს ის. კანონმდებლობით საბჭო მერისთვის დამაბრკოლებელი ორგანო არ არის.

 

ქალის საქმე კასრში აღმოჩენილ ასაფეთქებლებზე – სასამართლო

დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 თებერვალს, მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ იმ პოლიციელების ჩვენება მოისმინა, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს.

საუბარია ქობულეთში, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელებმა თქვეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს ჩხრეკა. ადვოკატმა მათ ჰკითხა, რატომ არ დაესწრო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას თავად ბრალდებული, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაკავებული იყო. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ იყვნენ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელები და ამაზე გადაწყვეტილებას მათ არ იღებდნენ.

მორიგ პროცესზე მთავარ მოწმეებს დაკითხავენ – ორ ადამიანს, რომლებიც პოლიციას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ქობულეთში, მდინარე კინტრიშის სანაპიროზე, კასრით საბრძოლო იარაღი იყო დამარხული.

ამ ჩვენებების მოსმენის შემდეგ სასამართლო მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს. ბრალდებულ ფემბე ოლუნს მოწმე არ ჰყავს.

ამ თემაზე:

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ქედის სოფლებს მალე მეორე ნაგავმზიდი მოემსახურება

ქედის თვითმმართველობას სუფთა მუნიციპალიტეტის ამბიცია აქვს. ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა მერიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

თვითმმართველობის მოხელეები ყოველ წელს, პერმანენტულად, დასუფთავების აქციებსა და კამპანიებში მონაწილეობენ, რის საშუალებითაც არაერთი ხელოვნური ნაგავსაყარი და ხევი დასუფთავდა. გარდა ამისა,  საინფორმაციო კამპანია – ,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს” – წარმატებით წარიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უკანონო ნაგავსაყრების აღმოფხვრა, დაბინძურებული კერების დასუფთავება და ბუნკერულ სისტემაზე გადასვლა გახლდათ.

ამჟამად, 64 სოფელში, ჯამში - 219 კონტეინერია განთავსებული.
ამჟამად 64 სოფელში ჯამში 219 კონტეინერია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის საბოლოო გადასაჭრელად გასულ წელს თვითმმართველობამ სპეცავტომობილი და ყველა სოფლისთვის ნაგვის კონტეინერები შეიძინა. მანამდე კი, ქედის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 120 ნაგავშემკრები ურნა იყო განთავსებული ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში, დაბა ქედის ქუჩებში, აწჰესსა და  მერისის ხეობაში. სხვა სოფლებში პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა. ამჟამად 64-ვე სოფელში ჯამში 219 კონტეინერია განთავსებული.

საინფორმაციო კამპანია ,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს"
საინფორმაციო კამპანია ,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს” წარმატებით წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე სისტემატიურად გააქვთ, ქედის მერია სერვისის გასაუმჯობესებლად კვლავ აქტიურად მუშაობს. სწორედ ამ მიზნით უახლოეს დღეებში თვითმმართველობა ქედის კომუნალურსერვისს ახალ ნაგავმზიდს გადასცემს, რომლის შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარი იყო გათვალისწინებული და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,თეგეტა თრაქ ენდ ბასი“  მიაწვდის. ასევე, 50 000 ლარად დაგეგმილია 70 ნაგვის ურნის შეძენა, რომლებიც სოფლებში დამატებით განთავსდება.

თვითმმართველობა ქედის კომუნალურსერვისს ახალ ნაგავმზიდს გადასცემს, რომლის შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარი იყო გათვალისწინებული
თვითმმართველობა ქედის კომუნალურსერვისს ახალ ნაგავმზიდს გადასცემს, რომლის შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა და სხვადასხვა სერვისის შექმნისა თუ განვითარების კუთხით არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

ბინა საჩუქრად და მანქანები 44 500 დოლარად – მუხრან ვახტანგაძის ოჯახის წლის შენაძენი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის წინ, ახლახან ლითონის კონსტრუქცია ააგეს, სადაც ავტომანქანებს აჩერებენ. აქ თავის ავტომანქანას აჩერებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მუხრან ვახტანგაძე. ავტოფარეხი ბოქლომით იკეტება.

„ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ირმა ნიჟარაძემ. მუხრან ვახტანგაძე ამ სასპორტო სკოლის დირექტორი იყო 2015 წელს. 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მუხრან ვახტანგაძეს უწერია, რომ ამავე სკოლაში  ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობს.

კომპანია „ორბი“ სასპორტო სკოლის უკან სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რისთვისაც აჭარის მთავრობამ კომპანიას სასპორტო სკოლის ფლიგელები და გარკვეული ტერიტორია გადასცა.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ტერიტორია, სადაც სასპორტო სკოლა დგას და რომლის წინ ავტოფარეხია მოწყობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მას აიპ „ბათუმის სასპორტო სკოლა“ სარგებლობს.

მუხრან ვახტანგაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი.
ფოტო: ლელა დუმბაძის

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის  2017 წლის სექტემბრის თვეში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მუხრან ვახტანგაძეს მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ 2016 წელს, განვადებით – 36 ათას აშშ დოლარად შეუძენია. ამავე დეკლარაციით, პარლამენტარს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ხოლო ბინა თბილისში.

მუხრან ვახტანგაძის მეუღლეს 2017 წელს საჩუქრად მიუღია ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე.

2017 წელს მუხრან ვახტანგაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი შენაძენი ჩანს – მისი 20 წლის შვილს ავტომანქანა BMW შეუძენია 8 500 დოლარად.

ყოფილი ოლიმპიური პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. ის დეპუტატის უფლებამoსილების განხორციელებას 2016 წლის ნოემბრიდან შეუდგა.

„ავტოფარეხი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან / 27.02.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

ინიციატივა ბაღის მასწავლებლების ხელფასების მომატებაზე საკრებულომ არ განიხილა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც საბავშვო ბაღების მასწავლებლებისთვის ხელფასის მინიმუმ 100 ლარით გაზრდას შეეხებოდა, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდარის, სულიკო თებიძის თქმით, საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასები გაზრდილია. „ამ თვეში აიღეს 80 ლარით გაზრდილი ხელფასი და ვიცი მერის პოზიცია, რომ კიდევ გაიზრდება,“ – განაცხადა სულიკო თებიძემ.

ენმ-ეს წევრების განცხადებით კი, საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი არ გაზრდიათ. უბრალოდ, საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მოხდა პრემიის, დანამატისა და ხელფასის გაერთიანება.

„თქვენ რაც განაცხადეთ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მათი სახელფასო ფონდიდან მოხდა თანხის გადმოტანა და არა ზრდა. კეთილი ინებეთ და მხარი დაუჭირეთ ამ ადამიანების ხელფასების ზრდას და არა მათი პრემიებიდან და მე-13 ხელფასიდან გადაანაწილოთ თანხა,“ – განაცხდა ლევან ანთაძემ.

„თქვენ გულმოდგინეთ ამტკიცებდით, რომ ჩვენი ხელფასები კი არ იზრდება, ამას ისედაც ვიღებდით, უბრალოდ გაერთიანება ხდება პრემიის და ხელფასისო, ბაღის თანამშრომლების შემთხვევაში კი რატომ ითვლება ეს ხელფასის ზრდად?“- ჰკითხეს საკრებულოს თავმჯდომარეს ენმ-ს წევრებმა.

ენმ-ს წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

რა საფრთხეს უქმნიდა მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს – ინტერვიუ

„ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც ვივარაუდე,“ – ამბობს დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შავაძეზე საუბრის დროს. მოსამართლე ირაკლი შავაძემ 23 თებერვალს განაცხადა საჯაროდ, რომ მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს დავით მამისეიშვილი უშლის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ ირაკლი შავაძე საფრთხეს წარმოადგენდა მისთვის. რა გააკეთა სასამართლოს თავმჯდომარემ, თუკი აღმოაჩინა, რომ მოსამართლე საფრთხეს ქმნიდა, ვის მიმართა და ესაუბრა ამის შესახებ? – ეს და სხვა რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს დაუსვა.

ბატონო დავით, თქვენ აღნიშნავთ, რომ ირაკლი შავაძეს აქამდე უნდა ეთქვა, თუ მას პრობლემა ექმნებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაში. თქვენ ვის ესაუბრეთ აქამდე, თუკი მოსამართლე ირაკლი შავაძე ქმნიდა საფრთხეს, როგორც ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით. 

მოსამართლის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით და მოსამართლე ვალდებულია მის გადაწყვეტილებაში გამოიყენოს მხოლოდ კანონი და ის მტკიცებულებები, რომლებიც მას მხარეებმა წარუდგინეს. ბატონ შავაძესთან ჩემი კომუნიკაციის გაწყვეტა არსებით მნიშვნელობას ვერ მოახდენდა მის მიერ საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. იგი უზრუნველყოფილი იყო, მას ჰქონდა კაბინეტი, ჰყავდა თანაშემწე, სხდომის მდივანი, შესაბამისად, მას შეეძლო მის მიერ განსახილველ საქმეებზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ბატონ შავაძისთვის არავის მოუთხოვია პასუხი, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. მას აქვს უფლება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს და თუკი ორი წლის განმავლობაში მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონდა, ეს ნიშნავს, რომ ბატონ შავაძეს, რომელიც მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჰქონდა სრული თავისუფლება საქმეების განხილვის დროს.

თქვენ ხართ სასამართლოს თავმჯდომარე და თუკი თქვენ გიქმნიდათ საფრთხეს ირაკლი შავაძე, გამოდის, რომ ეს საფრთხე გაცილებით დიდი იყო სხვების მიმართ, ვის საქმეებსაც იგი განიხილავდა. 

ძალიან გლობალურად და თეორიულ შედეგზე მისვამთ შეკითხვას. როცა ის გამწესდა მოსამართლედ, ეს იყო 2016 წლის იანვარი, მასთან კომუნიკაციის შედეგად მან დააფიქსირა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ეს შეეხება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკას. მას მიაჩნდა, რომ პრაქტიკის გაზიარება მისთვის მისაღები არ იყო და ის მიიღებდა გადაწყვეტილებას, რაც მას მიაჩნდა სწორად. ეს იყო მისი ნება.

მე, როგორც მენეჯერმა ჩავთვალე, რომ ამ ადამიანს რაიმე პრობლემა რომ შექმნოდა სასამართლო სისტემაში საქმიანობის დროს, ჩემზე, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეზე, ნეგატიური განწყობით დაიწყებდა საუბარს. ჩემი ვარაუდი ასრულდა ორი წლის შემდეგ. შესაბამისად, მხოლოდ მე მეხებოდა ეს საფრთხე და არა ადამიანებს.

ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ სტატისტიკა, მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ასევე უზენაესიც ვნახოთ რამდენიმე, სადაც ვნახავთ, რომ ცვლილებები არის შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღმოვაჩენთ, რომ ამ გადაწყვეტილებების უმრავლესობა ბატონ ირაკლის მიერ იყო მიღებული. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ თუკი ის ხედავს, რომ არსებობს პრობლემა, ან რაიმე პრაქტიკიდან განსხვავებული მიდგომაა, მოახდინოს ცვლილება… არ შეიძლება ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დროს ორ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებულად მოექცე.

კონკრეტულად რომელი საქმეების განხილვის დროს თქვა ირაკლი შავაძემ სასამართლო პრაქტიკის გაზიარებაზე უარი?

სამწუხაროდ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ 2016 წელს ბევრი გადაწყვეტილება იყო, რაზეც ხდებოდა ახალი პრაქტიკის დადგენა და სადღაც თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებოდით შეცვლილ გადაწყვეტილებებთან დაკავშიორებით… გამონაკლისი ყოველთვის არის. მაგალითად, მკვლელობის საქმეებზე ყოველთვის ვიყენებთ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, მაგრამ ერთ-ერთ საქმეზე არ გამოვიყენე პატიმრობა, რადგან სტანდარტული სიტუაციისგან განსხვავებული იყო. სააპელაციოში გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო პროკურორის საჩივარი, ანუ გაიზიარა ხედვა, რომ ეს იყო გამონაკლისი. გამონაკლისი სწორედ ამ პრაქტიკებით ყალიბდება, პრაქტიკას ადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. თუ გადაწყვეტილებები იცვლება აპელაციაში, ან კასაციაში, ვისიც არ უნდა იყოს საქმე, ყველა მოსამართლეს ურიგდება ეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მიდის მსჯელობა: სად დავუშვით შეცდომა, რა ნაწილში იყო შეცდომა. სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაა პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდეს მოსამართლეებთან. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის, პირველი ინსტანციის მოსამართლეებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის.

თქვენი ნათქვამის მიხედვით გამოდის, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძე ადამიანებს, განსასჯელებს უქმნიდა საფრთხეს. თქვენ, როგორც სასამართლოს მენეჯერი არ იყავით ვალდებული, რომ ამის შესახებ ვინმესთვის გეთქვათ? 

ვერც ერთი სასამართლოს თავმჯდომარე ვერც ერთ მოსამართლეს ვერ აუკრძალავს მისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღებას. არ შეიძლება სასამართლოს თავმჯდომარემ რომელიმე მოსამართლეს უთხრას, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, ასეთი რამ შეუძლებელია. კანონით არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამართლის საქმიანობაში, მათ შორის, არც მე და არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სასამართლოს შეცდომას ვუწოდებთ ამას, როცა ზემდგომ ინსტანციაში გადაწყვეტილება იცვლება. ჩემი გადაწყვეტილებებიც შეცვლილა, მაგრამ მე ამ ადამიანში დავინახე, როგორც ჩემთვის და სასამართლოსთვის პრობლემა. ორი წლის წინ ვივარაუდე ის ნიაღვარი, რაც წამოვიდოდა ამ ადამიანისგან.

რა ინტერესი უნდა ჰქონდა მოსამართლე ირაკლი შავაძეს, რომ დაპირისპირებოდა დავით მამისეიშვილს, რომელსაც სისტემაში აქვს ავტორიტეტი და გავლენა? 

გავლენით არ ვსარგებლობ, ამაში არ დაგეთანხმებით. ავტორიტეტი ნამდვილად გამაჩნია კოლეგებს შორის, როგორც ისინი არიან ჩემთვის ავტორიტეტები. დაახლოებით 15 წელია მაქვს მენეჯერული გამოცდილება. მე ვივარაუდე ბატონი შავაძის მხრიდან სიცრუის ნიაღვარი, რომელიც მას შეეძლო განეხორციელებინა ჩემ მიმართ.

რაში სჭირდებოდა ეს?

მას ეს სჭირდებოდა, რადგან განიცადა წარუმატებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.

ორი წლის წინ გამიჩნდა ეს მოლოდინიო, ხომ აღნიშნეთ… 

ჩემი ვარაუდი ეფუძნებოდა მის კომუნიკაციას ჩემთან, როცა მან პრაქტიკის გაზიარებაზე უარი თქვა. ამ დროს სასამართლოს თავმჯდომარისთვის ნათელი ხდება, რომ „განტევების ვაცის“ ძებნას დაიწყებდა. „განტევების ვაცი“ კი, ყველა შემთხვევაში მე აღმოვჩნდებოდი. ეს დაპირისპირებაც არ იყო. მე პირადად გავწყვიტე მასთან ურთიერთობა იმიტომ, რომ არ მსურდა რაღაც ფორმით დაპირისპირება ყოფილიყო. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბატონ შავაძეს ჩვენ შორის რაიმე დაპირისპირებას, ან შეურაცხმყოფელ საუბარს, ან, ზოგადად, ხმამაღალ საუბარს როდისმე თუ ჰქონდა ადგილი. ასეთი ფაქტი არასდროს ყოფილა. მე ვგრძნობდი ამ ადამიანისგან, რომ თუკი რაიმე წარუმატებლობა ექნებოდა, ჩემ მიმართ გადმოიტანდა სიცრუის ნიაღვარს. ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც ვივარაუდე…

ამბობთ, რომ არ გაქვთ გავლენა, მაგრამ ადასტურებთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები თქვენი ახლო მეგობრები არიან. თქვენი ეს შეხედულებები ირაკლი შავაძის შესახებ, როგორ ფიქრობთ, არ მოახდენდა გავლენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე? 

იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდა ინფორმაცია ჩემგან ირაკლი შავაძის შესახებ. ისინი მეგობრები არიან, მაგრამ ხშირი კომუნიკაცია არ მაქვს. მე მათ ვხვდები მოსამართლეთა კონფერენციებზე, ან ისეთ ადგილებზე, სადაც მიმდინარეობს ტრენინგი, ან ზაფხულში, როცა დასვენების დღეებია და ისინი ბათუმში მოხვდებიან. მე რატომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში, ეს იყო კონკრეტულად ჩემი და ირაკლი შავაძის ურთიერთობა.

წესი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების უვადოდ გამწესება ხდება, არის თუ არა სამართლიანი? არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შერჩევის ეს წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი ფორმით მოსამართლის შერჩევას.

არ ვფიქრობ ასე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონის მიხედვით, რომელიც მოქმედებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედებები არის დაფუძნებული მხოლოდ კანონზე. შეუძლებელია, რომ ეს კრიტიკას დაექვემდებაროს. ჩემთვის მისაღებია ყველაფერი, რაც კანონიერია.

მაგალითად, საია მიიჩნევს, რომ ეს წესი უნდა შეიცვალოს, რადგან ის შეიცავს კონკრეტულ რისკებს… 

მოცემულ შემთხვევაში მე ხსენებული ორგანიზაციების მოსაზრებას არ ვიზიარებ. რაც მე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვარ, 100-ზე მეტი გამამართლებელი განაჩენი იქნა მიღებული, ან ნაწილობრივ გამამართლებელი, გინახავთ სადმე, რომ საიას ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ეთქვას, რომ ყოჩაღ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ან საზოგადოებისთვის ეცნობებინათ, რომ რთული კატეგორიის საქმეებზე მიღებულია ეს გადაწყვეტილება?

მადლობა უნდა გადაეხადათ?

მე არა, საზოგადოებას უნდა აცნობონ, რომ სასამართლოში სასიკეთო ძვრები არის, რომ სასამართლო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო მანამდე და სასამართლო ყოველწლიურად ვითარდება, თორემ მადლობის თქმას საიას არ ვთხოვ. ისინი ყოველთვის ნეგატიური ხასიათის ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე.

საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს სასამართლოს შესახებ და თუკი მუდმივად მოხდება სასამართლოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება, იმ მოქალაქეს, რომელიც სასამართლოში ნამყოფი არ არის, ჩამოუყალიბდება ნეგატიური განწყობა. ცოტა კარგიც ხომ ხდება, ცოტა დადებითიც ხომ უნდა იყოს, არა?

ირაკლი შავაძის საკითხს დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა განიხილოს თქვენ შორის დაპირისპირება? 

ეს უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, სავარაუდოდ. ზუსტად არ ვფლობ ინფორმაციას. ინსპექტორი არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული დამოუკიდებელი ორგანო. ასევე, როგორც მოვისმინე დღეს, ჩვენი თანხმობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აპირებენ, რომ მოგვისმინონ. მე თანახმა ვარ ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ, მივაწოდო, რომ რაიმე კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

ბოლოს მინდა გკითხოთ ვიდეოკლიპზე, რომელიც საახალწლოდ გავრცელდა მოსამართლეების, მათ შორის, თქვენი მონაწილეობით. რატომ ვერ მოხვდა ამ კლიპში ირაკლი შავაძე? 

ეს კლიპი გადავიღეთ 2016 წლის თებერვალში და იმ დღეს ირაკლი შავაძე სამსახურში არ იყო… ეს იყო შიდა კორპორაციული სარგებლობის და ჩვენივე ხარჯებით მოვამზადეთ. კურიერი გვყავს რეპერი და შემოგვთავაზა ტექსტი, მღერის, ცნობილი რეპერია, ზურა ანარქია 98-ს ეძახიან რეპერები, სტუდია აქვს და დაგვეხმარა. კორპორაციულ ზეიმზე გამოვიყენეთ ეს კლიპი. შემდეგ, იმ კორპორაციულ ზეიმზე უკვე ბატონი შავაძეც იყო და მოუსმინა ამ კლიპს.

კონკურსი სამოქალაქო განათლების წლის პედაგოგის გამოსავლენად

კონკურსს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს. გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება ეროვნულ კონფერენციაზე  2018 წლის 9 ივნისს.
ღონისძიება იმართება პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს წარწერით – „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი – 2017“.

2017 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთში, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთში.

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2018 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით. განაცხადის ფორმა მიწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელფოსტის მისამართზე – info@ctf.org.ge

განაცხადის ფორმა შევსებული უნდა იყოს თანმიმდევრულად, ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. აქვე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი.

დაჯილდოებისას ფასდება მხოლოდ  2017 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:

  • პროფესიული განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა;
    • პედაგოგის მიერ დამხმარე სახელმძღვანელოების: „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ და „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით;
    • მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა პედაგოგის მიერ (პროექტული სწავლება).

 

ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს, 26 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას, როცა მოსამართლეები უპირობოდ უცხადებენ უნდობლობას კოლეგას და სჯერათ იმის, რასაც ხელმძღვანელი ამბობს.

ბატონო დავით, ირაკლი შავაძემ ორი დღის წინ თქვა, რომ „თუ დავით მამისეიშვილი მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში“. დღეს თქვენი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად თქვეს, რომ ირაკლი შავაძე ცრუობს, როცა ზეწოლაზე საუბრობს. მოსამართლე, როგორც ვიცით, ეყრდნობა დადასტურებულ ფაქტებს. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, თქვენ უშლიდით თუ არა ხელს ირაკლი შავაძეს მართლმსაჯულების განხორციელებაში. მოსამართლეების ეს განცხადება გიქმნით თუ არა უხერხულობას? 

მოსამართლეთა განცხადება როცა ინტერნეტით გავრცელდა, მაშინ გავეცანი. იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხანია მიცნობს მე, ვიდრე ბატონი შავაძე. ვინ ვინ და მოსამართლეებმა ყველაზე კარგად იციან ჩემთან ურთიერთობა.

ბატონი შავაძე რამდენიმე წლის წინ გამწესდა მოსამართლედ, ხოლო მე მე-6 წელია ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომ ის მოსამართლეები, ვინც ეს განცხადება გაავრცელეს, მათთვის კარგად იყო ცნობილი ჩემთან ურთიერთობა, ჩვენი ერთმანეთთან დამოკიდებულება, მე როდისმე რაიმე ინტერესი მქონია თუ არა რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. თუკი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ეს მოსამართლეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში და არ მომიკითხავს არასოდეს მათ  წარმოებაში არსებული საქმეები, რატომ მაინცადამაინც შავაძეს მოვკითხავდი? ეს განცხადება გამოხატავდა განწყობას, თუ რა დამოკიდებულება მაქვს მე მოსამართლეებთან…

ერთია განწყობა და მეორეა, როცა მოსამართლეები უპირობოდ იღებენ ხელმძღვანელის პოზიციას და არ სჯერათ კოლეგის, რომელიც ამბობს, რომ თქვენ მასზე ზეწოლას ახდენდით. მათ ხომ ზუსტად არ იციან, თქვენ ახდენდით თუ არა ზეწოლას ირაკლი შავაძეზე? 

მოსამართლეებმა ამ შემთხვევაში გამოხატეს თავიანთი ვარაუდი და მოსაზრებები. ირაკლი შავაძე არის ერთი მოსამართლე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ათეულობით მოსამართლე მუშაობდა, რომლებთანაც მე მიწევდა როგორც სამოსამართლეო საქმიანობა, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეობა. ვინ ვინ და სწორედ ამ მოსამართლეებმა იციან, როგორი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, როგორი დამოკიდებულება მაქვს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მათი ვარაუდები არის გაჯერებული სწორედ ამ ფაქტებით, თუ როგორი ურთიერთობაც ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ამიტომ მე არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ეს განცხადება.

ბატონი შავაძის განცხადებები მიმართული იყო არა მხოლოდ ჩემი, როგორც დავით მამისეიშვილის დისკრედიტაციისკენ, არამედ მთლიანად სასამართლო კორპუსის წინააღმდეგ. ის თავის განცხადებაში უთითებს, რომ თითქოსდა ის არის წამებული, ის არის ბრჭყალებში ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დანარჩენი მოსამართლეები თითქოსდა ემორჩილებიან ჩემს მითითებებს, მან დანარჩენს 10 მოსამართლეს ბრალი დასდო ე.წ. მორჩილებაში. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ბატონი შავაძის განცხადებები, ამიტომ გამოთქვეს მათ ეს პოზიცია, თუ რატომ არ მიაჩნიათ ბატონი შავაძის განცხადებები საფუძვლიანად.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად იციან მოსამართლეებმა, როგორია თქვენთან მუშაობა. მაგალითად, მოსამართლე ირმა ტოგონიძე, რომელიც ახლახან გამწესდა მოსამართლედ და ისიც აწერს ხელს მოსამართლეების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. მან საიდან იცის, როგორ მუშაობთ თქვენ, ან ცრუობს თუ არა მოსამართლე ირაკლი შავაძე? 

სწორედ ამ ნაწილში ისინი უთითებენ, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის დიდი ხანი ცნობილი ჩემთან ნაცნობობა, იქ არ არის მითითებული, რომ ყველა მათგანი ირაკლი შავაძეზე უფრო ადრე მიცნობდა. ეს არის ზოგადი ტექსტი, რომელიც ალბათ მოსამართლეებმა ერთად, თათბირის შემდეგ გაავრცელეს. ვიმეორებ, ეს ჩემთვის ცნობილი გახდა, როცა ინტერნეტში გავრცელდა…

არავინ ამახვილებს ყურადღებას სამოსამართლეო ეთიკის წესებზე, მოსამართლეების დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონზე, ვინაიდან სამოსამართლეო ეთიკის წესებში განმარტებულია, რომ მოსამართლეს არ აქვს უფლება მეორე მოსამართლეზე გაავრცელოს ნეგატიური ინფორმაცია.

თუკი მოსამართლე ხედავს, რომ რაიმე ფორმით ხორციელდება ჩარევა, ან ზეწოლა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა  მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ქალბატონი ტოგონიძე როდესაც გაეცნო ამ ბრალდებებს ტელევიზიით, მისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელია, რომ მოსამართლემ ორი წელი არაფერი განაცხადა, ვიდრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღო. რა გამოდის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ მას უვადოდ გაამწესებდა, მაშინ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა?

P.S. დავით მამისეიშვილთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ქედის მერია საქონლის ვაქცინას შეისყიდის

ქედის მერია ზოონოზური [ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება] დაავადებების, პასტერელოზისა და ემკარის ვაქცინას შეისყიდის და ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს ნებაყოფლობით ვაქცინაციას ჩაუტარებს.  2 500 – მდე სული პირუტყვის ასაცრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 500 ლარი გამოიყო.

პასტერელოზსა და ემკარზე რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ხორციელდება.

ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ ამ დაავადებებზე პირუტყვთა ვაქცინაცია მოსახლეობამ მოითხოვა:

„ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, პროგრამა მუშავდება, რომლის ფარგლებში ვაქცინას შევისყიდით, ეს იქნება საქონლის ნებაყოფლობითი ვაქცინა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაცია ემკარსა და პასტერელოზზე თვითონ მოსახლეობამ მოითხოვა და აცრის წინააღმდეგიც არ უნდა იყვნენ.  ვაქცინას ელექტრონული ტენდერით შევისყიდით“.

 

აჭარის მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას.

თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და გვჯერა, რომ ისინი არ მოტყუვდებიან.

საქმე ეხება სასამართლოში ფიზიკური პირის ქონების დავის საკითხს. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება.

ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი განცხადება არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიის ნაწილი,“-ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

ბათუმში ავტობუსების გადაადგილების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის გამო პირველი მარტიდან მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების მარშრუტები შეიცვლება.

? #2 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა ადლიის, სვიშევსკის, ინასარიძის, ფიროსმანის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირსა და თამარის დასახლებაში.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#2 მუნიციპალური ავტობუსი – თბ. მოედანი, ჭავჭავაძის, ფიროსმანის , ინასარიძის, ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, გორგილაძისა და ბარათშვილის ქუჩებსა და თბ. მოედნამდე.

#2 ა მუნიციპალური ავტობუსი – თბ. მოედანი, ბარათაშვილის, გორგილაძის, ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ფიროსმანისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე თბ. მოედნამდე.

? #3 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, წერეთლის, მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირსა და თამარის დასახლებაში.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#3 მუნიციპალური ავტობუსი – თბ. მოედანი, ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი და თამარის დასახლება. უკუმიმართულება იგივე.

? #8 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, მაიკოვსკისა და გოგოლის ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურში.

უკუმიმართულება – მახინჯაური, თამარ მეფის გზატკეცილი, გოგოლის, მაიაკოავსკის, შავშეთის, ბაქოს, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, ორბელიანის, ლეონიძისა და აღმაშენებლის ქუჩები.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#8 მუნიციპალური ავტობუსი – ჯავახიშვილის, პუშკინის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი და მახინჯაური.
უკუმიმართულება – მახინჯაური, თამარ მეფის გზატკეცილი, ნონეშვილის, მაიაკოვსკის, შავშეთის, ბაქოს, ჭავჭვაძის, აბუსერიძის, შარტავას, პუშკინის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე.

 

? #10 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა აეროპორტიდან, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურში. უკიმიმართულება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#10 მუნიციპალური ავტობუსი – აეროპორტიდან, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილზე ბათუმი ცენტრალის(რკინიგზის სადგური) მიმართულებით. უკიმიმართულება იგივე.

? #12 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა გოგოლის (მეტროს ავტოასადგური), მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ხალვაშის (ხელვაჩაური) ქუჩებზე. უკუმიმართლება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#12 მუნიციპალური ავტობუსი – თბ. მოედანი, ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ხალვაშის (ხელვაჩაური) ქუჩები. უკუმიმართულება იგივე

? #16 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა გოგოლის (მეტროს ავტოასადგური), მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, აფსაროსისა და ანდრია პირველწოდებულის ქუჩებსა და სარფში. უკუმიმართულება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

#16 მუნიციპალური ავტობუსი – თბ.მოედანი, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩები, აეროპოპრტის გზატკეცილი, აფსაროსისა და ანდრია პირველწოდებულის ქუჩები სარფის მიმართულებით.

 

ქუჩები ბათუმში, სადაც წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყალი” ქალაქის სამი სხვადასხვა უბნისთვის მიწოდებული და გახარჯული წყლის საერთო რაოდენობების შედარების მიზნით, ნულოვანი ტესტირების ჩატარებას გეგმავს.

ტესტირების სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 00:00-დან 05:00 სთ-მდე, შეუწყდება: ლადო ასათიანის, სულხან-საბა ორბელიანისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს.

სელიმ ხიმშიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს, ჭავჭავაძის, პუშკინის, გ. ბრწყინვალის, ჩაიკოვსკის, მამია კომახიძის, ოსტროვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში.

ასევე, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩას – ჭავჭავაძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე. 26 მაისის ქუჩას – ჭავჭავაძიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.

ლუკა ასათიანის ქუჩას – ჭავჭავაძიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე, ლერმონტოვის ქუჩას – ბაგრატიონიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.

გენ. აბაშიძის ქუჩას – ვარშანიძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე, ჰ. აბაშიძის, მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს – ჭავჭავაძიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე.

ზემოაღნიშნულ ქუჩებზე ნულოვანი ტესტის ჩატარების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ექნება ზუსტი მონაცემები მოსახლეობის მიერ გამოყენებული და სხვადსხვა დაზიანებისა თუ მცირე გაჟონვის შედეგად დაკარგული წყლის საერთო რაოდენობის შესახებ.

 

საკრებულოში კომისიის სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა 2013 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში ზ. გამსახურდიას ქ.N11-ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 2013 წლის 21 სექტემბერს ძველ ბათუმში ზ.გამსახურდიას ქ.N-11-ში ხანძრის შედეგად დაიწვა 221 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და საცხოვრისის გარეშე დარჩა ცხრა ოჯახი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 2014 წლის 02 მაისის N-2 საოქმო გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიას გამოეყო 45 000 ათასი ლარი მითითებულ ოჯახებზე გადასაცემად და ასევე, მიეცა რეკომენდაცია ხანძრის შედეგად განადგურებული სახლის რეაბილიტაციისათვის ინვესტორთა მოზიდვის ან ძველი ბათუმის პროექტის ფარგლებში სახლის აღდგენის თაობაზე.

თუმცა აღნიშნული სახლის აღდგენა ვერ განხორციელდა და ამ მიზნით ვერც ინვესტორი იქნა მოძიებული. საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაზარალებულ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ზ.გამსახურდიას N-11-ში მდებარე დამწვარ სახლში არსებული, მათ საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართების დათმობის სანაცვლოდ, დაზარალებულებს საკუთრებაში გადაეცემათ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდში რიცხული ბინები (შეთახმდა კონკრეტული ფართები), ამასთანავე მიეცემათ რემონტის თანხები – 1 კვ.მ 250 ლარის ოდენობით, საკუთრებაში გადასაცემი იმ ბინებისათვის, რომლებიც საჭიროებენ რემონტს, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულს დამატებით მიეცემა 5,81 კვ.მ საბაზრო ღირებულება კომპენსაციის სახით.

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

როგორც სხდომაზე ითქვა, დაზარალებულებზე საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებისათვის გაიცემა თანხა, ჯამში 107 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები კი გათვალისწინებული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში, რა მიზნითაც დაგეგმილია შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემრბის N-41 დადგენილებაში. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს  მხარი დაუჭირეს და მისი განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

კომისიამ, ასევე, იმსჯელა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხის „საბავშვო ბაღების პედაგოგთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მინიმუმ 100 ლარით გაზრდის თაობაზე წინადადების მოწონების შესახებ“.

საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, „უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, საკრებულოს შესთავაზოს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ მოხდება ბაღის თანამშრომელთა შრომის ანაზრაურების გაზრდა და რამდენი პროცენტით“.
საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, „უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, საკრებულოს შესთავაზოს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ მოხდება ბაღის თანამშრომელთა შრომის ანაზრაურების გაზრდა და რამდენი პროცენტით“.

კომისიის წევრთა უმრავლესობამ, წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან, როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, მერიის მიერ უკვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და თებერვლის თვიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლები 20 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. არჩილ ვანაძის განცხადებით, ზრდა არის 60-დან 80-ლარამდე. „საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასი განისაზღვრა დარიცხვით ხუთასი ლარის ოდენობით, თუმცა ეს ზრდა არ არის საბოლოო. მიმდინარე წელს კიდევ იგეგმება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდა. კონკრეტული ზრდის ოდენობა განსაზღვრული იქნება საბიუჯეტო პარამეტრების შესაბამისად. უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, საკრებულოს შესთავაზოს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ მოხდება ბაღის თანამშრომელთა შრომის ანაზრაურების გაზრდა და რამდენი პროცენტით“, – განაცხადა არჩილ ვანაძემ.

სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.

ექსპედიცია შავ ზღვაში [ფოტო]

შავი ზღვის ეროვნული სააგენტო ზღვაში ექსპედიციას აგრძელებს. ექსპედიციის მიზანი სარფიდან ანაკლიამდე შავი ზღვის მონაკვეთის ეკოლოგიური შეფასებაა. ამ კვლევის შესაბამისად სააგენტო მომავალი წლის რეწვის კვოტებს დაადგენს. წელს დაგეგმილი ექსპედიციის ფარგლებში სპეციალისტები ზღვაში ექვსჯერ გავლენ, აქედან ოთხი გასვლა ზღვის ძუძუმწოვრების კვლევას, ორი კი ჰიდრობიოლოგიურ კვლევას დაეთმობა.

ექსპედიცია შავ ზღვაში / ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

 

ექსპედიცია შავ ზღვაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, სარფიდან ანაკლიამდე მონაკვეთზე სპეციალისტები კომპლექსურ კვლევებს ჩაატარებენ. დააკვირდებიან ზღვის ძუძუმწოვრებს, ჩაატარებენ მათ სახეობრივი შემადგენლობის ანალიზს, შეაფასებენ მარაგებს:

„ამ კომპონენტებს ვაანალიზებთ და ამის საფუძველზე  ვახდენთ ჩვენი სანაპიროს გარემოსდაცვით შეფასებას. კვლევები გვაძლევს  ინფორმაციას, თუ რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე.“

კვლევის დასრულების შემდეგ სპეციალისტები შეფასების მასალებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენენ. ეს მასალები ხვდება ეროვნულ ანგარიშებსა და საერთაშორისო კვლევების ანგარიშებშიც:

„ამავე დროს, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული შავი ზღვის სამდივნოს მიმართ, მონაცემები წარედგინება შავი ზღვის მუდმივმოქმედ ცენტრს და სამდივნო სეკრეტარიას, რომელიც სტამბულშია. წარედგინება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასაც.“

ექსპედიციის ფარგლებში დაჭერილი თევზების ნაწილს სააგენტოს წარმომადგენლები უკან აბრუნებენ, ისინი ცდილობენ ექსპედიციამ გარემოს დიდი ზიანი არ მიაყენოს.
ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, წელს სააგენტო ბიულეტენის გამოცემას გეგმავს, სადაც მარტივ ენაზე იქნება აღწერილი  შავი ზღვის კონკრეტულ ლოკაციებში არსებული მდგომარეობა და ასევე იქნება კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასება ყველა მსურველს  შეეძლება:

„მაგალითად, სარფი-კვარიათის  მონაკვეთი  შეფერილი იქნება კონკრეტულ ფერად,  იქნება შეფასების ხუთი კრიტერიუმი: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო და კარგი. ეს არის ევროპის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა და  იმისთვის კეთდება, რომ არამხოლოდ მეცნიერებმა გავიგოთ რა ხდება შავ ზღვაში და ერთმანეთში განვიხილოთ ეს თემა. ერკვევა თუ არ ერკვევა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვინც ამ რუკას ნახავს, ყველა მარტივად გაიგებს, სად არის რთული მდგომარეობა, სად – საშუალო. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ინფორმაცია საიდან არის ეს ფერები მოტანილი, ეს იქნება დანართის სახით. ვისაც აინტერესებს,  წავა სიღრმეებში, ვისაც არ უნდა, გადახედავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას და ექნება ინფორმაცია საკუთარი გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეს ვალდებულებაა ჩვენი და ყველა მოქალაქეს  უფლება აქვს, მიიღოს ასეთი ინფორმაცია.“  – განმარტა არჩილ გუჩმანიძემ.

ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მიკრობოილოგიურ სინჯებს თვეში ორჯერ ჩაატარებს: „ გამომდინარე იქედან, რომ ქალაქს დიდი ტურისტული დატვირთვა აქვს.“

ექსპედიცია შავ ზღვაში/ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

 

სააპელაციო სასამართლომ ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა – „ბათუმის აქციის საქმე“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაშა დეკანაძის საქმეზე. ლაშა დეკანაძემ „ბათუმის აქციის საქმეზე“, დანაშაული არ აღიარა და სხვა 18 ბრალდებულისგან განსხვავებით, მასთან საპროცესო შეთანხმება პროკურატურას არ გაუფორმებია. არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეს განაჩენი შეაფასა, როგორც უკანონო.

ადვოკატის, დავით ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რის გამო დატოვა გადაწყვეტილება ძალაში. ლაშა დეკანაძეს ხულიგნობის მუხლით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა შეუფარდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით კი, განაჩენში არ ჩანს, რაში გამოიხატა ძალადობრივი ქმედება.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა მანამდე, 17 მარტს, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს.

ლაშა დეკანაძე დახურული ტიპის დაწესებულებაში რჩება, რასაც ადვოკატი დავით ჯაფარიძე აპროტესტებს. მისი თქმით, ირღვევა კანონი, რადგან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ღია ტიპის დაწესებულებაში უნდა იყოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში დარჩება, ვიდრე მულტიდისციპლინური ჯგუფი მსჯავრდებულის რისკის საკითხს არ შეაფასებს. სამინისტროში ვერ გვითხრეს, როდის შეფასდება რისკი. ლაშა დეკანაძე გასული წლის მარტიდან პატიმრობაშია.

3 ათასი ლარი ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს,  დედის დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, „თანხა გადაეცემა 14 დედას და 7 მეუღლეს“. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით კი, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს დამატებით 3 000-3 000 ლარსაც გადასცემს.

 

დიდყვავილიანი მაგნოლიას გზა ამერიკიდან ევროპამდე

საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი, დანიელ ლეჟენი,  ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს დიდი, თეთრყვავილიანი მაგნოლიას ისტორიას უამბობს, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან გავრცელდა XVIII საუკუნეში.

1703 წელს, იმ პერიოდში განთქმულმა ბოტანიკოსმა, მამა ჟაკ პლუმიერმა, ლუიზიანაში ექსპედიციის დროს აღწერა პრიალა, გამძლეფოთლებიანი ხე დიდი, თეთრი და სურნელოვანი ყვავილებით.

ჟაკ პლუმიერმა მოყვავილე ხეს „მაგნოლია“  ცნობილი ბოტანიკოსის, პიერ მაგნოლის (1638-1715) პატივსაცემად უწოდა, რომელიც მონპელიეს ბაღის განაშენიანებას ხელმძღვანელობდა.

   პიერ მაგნოლი

ფოტო: geboran.am

დიდყვავილებიანი მაგნოლიას (Magnolia grandiflora) პირველი, ცოცხალი ეგზემპლარის საფრანგეთში ჩაღწევამდე დიდი დრო გავიდა მამა ჟაკ პლუმიერის აღწერის შემდეგ.

ნანტის მერმა, რენე დერკისტადმა, 1711 წელს ჩაატანინა მაგნოლიას თესლი და ახალ გარემოში გაახარა, მელარდიერის შატოს ორანჟერეაში, ტორფიან ნიადაგში. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პირველ ჯერზე მაგნოლიამ ჭკნობა დაიწყო. ქალაქ ნანტის მერის ცოლმა ეგზოტიკური მცენარე სხვა ადგილას გადარგო, სადაც კარგად იხარა.

დანიელ ლეჟენი Le Figaro-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დერკისტადის ცოლის ძალისხმევა რომ არა, დასაფიქრებელია მაგნოლია გავრცელდებოდა თუ არა საფრანგეთსა და საერთოდ, ევროპაში.

თუმცა საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი თავადვე პასუხობს შეკითხვას და ამბობს, რომ მაგნოლია მაინც გავრცელდებოდა ევროპაში, რადგან ზუსტად ამავე პერიოდში, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, კანადის გენერალ-გუბერნატორმა, როლან მიშელ ბარინმა, Magnolia grandiflora-ს თითქმის იგივე, ოღონდ მეტად ყინვაგამძლე ჯიშის ნერგი ჩაიტანა საფრანგეთში.

არსებობს მაგნოლიას 80-მდე სახეობა, ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, ზოგიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმით. საქართველოში უმეტესწილად გავრცელებულია Magnolia grandiflora  – დიდყვავილიანი მაგნოლია. მოყვავილე ხეს ვხვდებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, თბილისში, ქუთაისსა და წინანდალში.

ბათუმში მაგნოლიები ძირითადად მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაურგავთ. ბულვარის ტერიტორიაზე მაგნოლიას 518 ხეა აღრიცხული.დიდყვავილიანი მაგნოლიას გარდა ბათუმში „Liliflora Magnolia-შროშანას ფოთოლა მაგნოლიასაც ვხვდებით.

წყარო: Le Figaro

ამავე თემაზე: მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხოელებისთვის ბილეთს 7 ლარით აძვირებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის საფასურს 7 ლარით აძვირებს. 2018 წელს უცხოელი ტურისტები ბოტანიკურ ბაღში 8 ლარის ნაცვლად 15 ლარად შევლენ. ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის განსხვავებული ფასის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასი შენარჩუნდა და მათ ბაღში შესვლა 8 ლარად შეეძლებათ.

როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დიფერენცირებული ფასები უცხოელებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფასთა დიფერენცირებით ტურისტებს ხელს შევუშლით, პირიქით, მე პირადად ვარ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკურ ბაღში ნამყოფი და იქაც არსებობს განსხვავებული ფასები. მინიმალური ფასი კი 7-8 ევროა,“ – ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია.

პრეზენტაციის დროს მათ ასევე მოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და აღნიშნეს, რომ საბერძნეთში აკროპოლისის დათვალიერება ზრდასრულებისთვის 20 ევრო ღირს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა 50-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობს.

„ინგლისში რეგიონების მიხედვით არსებობს ფასების დიფერენცირება, ესპანეთში 23 ევრო ღირს უცხოელებისთვის, ადგილობრივებისთვის კი – 15 ევრო.

ჩვენ დიფერენცირებული ფასები ადგილობრივ დონეზეც გვაქვს, ოკაცეს კანიონზე, სათაფლიას, პრომეთეს მღვიმეში, მარტვილის კანიონზეც განსხვავებული ფასებია უცხოელებისთვის,“ – ამბობენ ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები.

ბაღის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ბოტანიკური ბაღის არსებობა ფუფუნებაა და ის დიდ ხარჯს მოითხოვს.

„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ვეთანხმები იმ პრეტენზიებს, რომ ჩვენი სერვისები შესაძლებელია არ პასუხობდეს არსებულ ფასებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვიზუალიზაციისა და მომსახურების ნაწილში ხარისხი გაუმჯობესდება,“ – ამბობს არჩაია.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი: „13 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ვგეგმავთ, სადაც იქნება საპიკნიკე, საკემპინგე ადგილები, საბავშვო კუთხე, იქნება ბულვარი, სადაც ადამიანებს ოჯახებით შეეძლებათ დროის გატარება და ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამიტომ, ეს პროცესი არის მუდმივად განახლებადი და მას ბევრი ფინანსური რესურსი სჭირდება.“

არჩაიას თქმით, ბოლო წლებია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადმინისტრაციული ხარჯები ბოტანიკური ბაღის შემოსავლებიდან იფარება:

„ფასთა პოლიტიკა იმიტომ გადაიხედა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბოტანიკური ბაღი იდგეს თავის სიმაღლეზე და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მთავარი დანიშნულებაა, – ეს არის კოლექციებზე ზრუნვა, მუდმივი განახლება და კონსერვაცია, ასევე სამეცნიერო მუშაობა“.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურმა ბაღმა გასულ წელს 300 ათასამდე ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით 40 პროცენტით მეტია. მათივე ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 4 მილიონ 647 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ია, რომლისთვისაც ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში 1,17 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ბათუმელი მოსამართლეები მათი კოლეგის განცხადებას ზეწოლაზე, სიცრუეს უწოდებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. ირაკლი შავაძემ თავის განცხადებაში თქვა, რომ „დავით მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. თუ მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში“.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 მოსამართლე აწერს ხელს. ამ სასამართლოში სულ 12 მოსამართლე საქმიანობს:

„ბათუმის საქალაქო  სასამართლოს მოსამართლეები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სიცრუის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენივე კოლეგა ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

თითოეულ ჩვენგანს გათავისებული გვაქვს, რომ მოსამართლის კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სასამართლომ შეასრულოს თავისი როლი კანონის უზენაესობის დაცვაში.

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა ინდივიდუალურად დავიცვათ და პატივი ვცეთ იმ ნდობას, რომლითაც საზოგადოება ეკიდება მოსამართლის როლს და ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვით საქმიანობს. გვინდა შევახსენოთ ბატონ შავაძეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლეთა უმრავლესობას გაგვაჩნია მასზე ხანგრძლივი ურთიერთობა სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა  დავით მამისეიშვილის მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის დროს, რომ კონკრეტულ განსახილველ  საქმეზე ეთხოვა მისთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება.

პირიქით, მას ჩვენ ვიცნობთ არა როგორც სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ჩვენს მეგობარ კოლეგას, რომელიც რიგითი მოსამართლის დატვირთვით საქმიანობს და არ სარგებლობას არავითარი შეღავათით.

ბოლოს  გვინდა  გაკვირვება გამოვხატოთ ბატონი შავაძის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ დავით მამისეიშვილი ორი წლის წინ მასზე ახდენდა ზეწოლას. მას ყველა ჩვენგანთან ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და შეეძლო რომელიმესთვის მაინც ეთქვა ამის შესახებ. არასოდეს, მას ამ თემაზე არც ერთ ჩვენგანთან არ უსაუბრია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი (რასაც კატეგორულად გამოვრიცხავთ) ჩნდება კითხვა, რატომ დაელოდა ბატონი შავაძე მხოლოდ, მისი უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილებას მიღებას და მანამდე არ განაცხადა საჯაროდ მისივე განცხადებაში მითითებული ფაქტები.

ვემიჯნებით  მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებს და ბრალდებებს და ვთვლით, რომ აღნიშნული მიმართულია როგორც სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის, ასევე სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის და რეპუტაციის შელახვისკენ.“

მოსამართლეები:

ჯუმბერ ბეჟანიძე

გოჩა ფუტკარაძე

ლევან გელოვანი

ინდირა მაშანეიშვილი

თამარ ბეჟანიშვილი

სალიხ შაინიძე

ხათუნა ბოლქვაძე

ირმა ტოგონიძე

ვიოლეტა ფორჩხიძე

გიორგი გრატიაშვილი

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. სასწარაფო დახმარების  ბრიგადამ ის კლინიკა მედინაში გადაიყვანა. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა გულმკერდის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

დღეს დილით, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, განთიადის დასახლებაში, 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფოს ექიმის ინფორმაციით, ქალი კონტაქტური იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება.  საგამოცდო ცენტრები უქმდება ასევე ოზურგეთსა და ფოთშიც.

ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრების გაუქმების მიზეზი არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში არ არის უმაღლესი სასწავლებლები.

„აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი წელი უნდა გაატარონ იმ ქალაქში, სადაც ჩააბარებენ.  იქნება ეს ქუთაისი, თბილისი თუ ბათუმი, იქ, სადაც არსებობს უმაღლესი სასწავლებლები. ამიტომ ლოგიკურია,  მისაღები გამოცდები ჩატარდეს იქ, სადაც არის უმაღლესი სასწავლებლები. თუ ოთხი წელი აპირებს ადამიანი ცხოვრებას ქალაქში, ალბათ ოთხჯერ გამოცდაზე მისვლაც შესაძლებელია,“-ამბობს ივა მინდაძე.

ცენტრის ინფორმაციით, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.

ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება

დღეს, 26 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა, ბათუმში ასლან აბაშიძის ცოლისძმის და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ქონება, რომელიც უშიშროების ყოფილ მინისტრს სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩამოართვა, 2016 წლის 29 დეკემბერს, სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს სასამართლო განჩინებით სახელმწიფომ დაუბრუნა.

ამის შესახებ „ბათუმელები“, 23 თებერვალს წერდა. 

„ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები და აბსურდის თეატრია რეალურად, რადგან ვიცით, რა ფორმით ითვისებდნენ ასლან აბაშიძის დროს მაღალჩინოსნები ქონებას.

მთავარი აქ არის ის, თუ რატომ მაინც და მაინც სპეცსამსახურის შენობა შეირჩა. ეს არის პირდაპირ რევანშისტული ძალა, რადგან ის პიროვნებები, რომლებიც რეალურად დგანან ენვერ ცეცხლაძის უკან, აძლიერებენ რუსულ გავლენებს, რუსულ ძალას ქვეყანაში და რომლებიც აჭარაში რეალურად მოქმედებდნენ  თავის დროზე,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზის თქმით, აჭარის მთავრობს თავმჯდომარე ამ და სხვა გარემოებებით, აჭარაში რუსულ გავლენებს აძლიერებს. „უკვე მკაფიოდ ჩანს ეს ტენდენცია, რადგან ზურაბ პატარაძემ ადვილად მოახდინა ასლან აბაშიძისდროინდელი ჩინოვნიკების ინტეგრირება სახელმწიფო სამსახურში… ამის მაგალითია თუნდაც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძის დანიშვნა.“

 

 

ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს – რიგგარეშე სხდომა

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნეს. 27 თებერვალს საკრებულო  ზვიად გამსახურდიას #11-ში 2013 წლის სექტემბერში ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი უნდა გინიხილონ და დაამტკიცონ.

დაზარალებულ ცხრავე ოჯახს მერია ბინებს მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან გადასცემს.

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტენატიულ ბინებში გაცვლასთან დაკავშირებით.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილია ასევე, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

Exit mobile version