შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი; ოთხ თვეში ამოღებულია 8 კილოგრამამდე ჰეროინი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის – ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ: „ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის” 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ასევე საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი”.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება,“ – აცხადებს შსს.

„ ჩვენ მეტი გვჭირდება“ – შეხვედრა მოსწავლეებთან ხულოში

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მეცხრე შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში 6 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი მოსაზრებები და შეხედულებები გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა, მაგდა მარუაშვილმა და ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ კორესპოდენტმა, ეკა ბარამიძემ მოისმინეს.

მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად გვეძლევა საშუალება, რომ ასე პირისპირ მოვისმინოთ ახალგაზრდების მოსაზრებები მაღალმთიან რეგიონში. ბათუმის მასშტაბით როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, მაგრამ მე პირადად ხულოში ასეთი უშუალო კონტაქტი ჯერ არ მქონია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვართ.

„ჰეშთეგი“ არის სოციალური გადაცემა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მიმართულებას ვეხებით. ყოველდღე თითო ჟურნალისტი მუშაობს თითო რუბრიკაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა თემას შევეხოთ. მე პირადად ლიტერატურის მიმართულებით ვმუშაობ, ვცდილობ, ვიპოვო ლიტერატურული კლუბები და გავიგო, რას ფიქრობენ ბავშვები არა მარტო წიგნების შესახებ, არამედ ზოგადად, ლიტერატურული პროცესების შესახებ. მაგალითად, რამდენად ისწავლება საზღვარგარეთის ლიტერატურა, ბიბლიოთეკები რამდენად ცდილობენ, რომ იყვნენ ლიტერატურის  შემგროვებლები და გამავრცელებლები, რამდენად ხშირია სკოლებში ახალგაზრდა შემოქმედებთან შეხვედრა. ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს გადაცემის თემის ინიციატორი. მაგალითად, თუკი სპორტული მოედანი არ არის თქვენთან, შეგიძლიათ მობილურით გახვიდეთ, გადაიღოთ ესა თუ ის პრობლემა და გამოგვიგზავნოთ.

შეხვედრა ხულოში

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების“ კორესპონდენტი: „ბათუმელები“ აშუქებს ნებისმიერ თემატიკას, ეს იქნება  ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ა.შ. ჩვენი თემატიკა შეუზღუდავია, თქვენც შეგიძლათ მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ინფორმაცია, შეგიძლიათ იყოთ ავტორები, დაწეროთ მოსაზრებები და გამოგვიგზავნოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, ჩვენ რომ მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელიღაც სოფელში არსებული პრობლემის შესახებ, თქვენ გარეშე ამის გაგება რთულია, ამიტომაც უნდა ვიყოთ აქტიურები. მინდა, რომ ბევრ საკითხზე ისაუბროთ, გვითხრათ, რა პრობლემებია, როგორ გესახებათ ამ პრობლემების გადაჭრა.

ივერი შაინიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლე: ერთ-ერთი პრობლემა, რაც მე მაწუხებს, ესაა სამოქალაქო აქტივიზმის დეფიციტი. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი და  მოტივირებული ახალგაზრდა მყავდეს გვერდით. რაც უფრო მეტად დავინტერესდებით კონკრეტული პრობლემებით, რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, უკეთესი იქნება.

ტრენინგებზე დასწრების ინტერესი არის, მაგრამ სხვადასხვა პრობლემა იქმნება. მაგალითად, შაბათ-კვირას ყველას სამუშაო აქვს, შორს არის და ტრანსპორტიც პრობლემას წარმოადგენს, თორემ ინტერესი ყველას აქვს. სოფლებში ჩვენზე გაცილებით მეტად განათლებული ახალგაზრდები არიან, მაგრამ რატომღაც არ არიან სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულები.

მაგდა მარუაშვილი: სკოლამაც შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს. როცა ბავშვი ვერ ახერხებს ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს ის, რომ თვითონ სკოლა იყოს აქტიური და ბავშვებს აღარ მოუხდეთ სხვაგან წასვლა. მაგალითად, რომ შეიქმნას თუნდაც სამოქალაქო კლუბები. ივერი, შენ როგორ ფიქრობ, ბავშვებს რომ ჰქონდეთ ამის სურვილი და ეს სურვილები გააცნონ დირექტორებს, რას გააკეთებს სკოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიქმნას?

ივერი შაინიძე: ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი ძალიან აქტიურია, თითქმის ყოველ წელს ტრადიციად გვექცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, ჩვენი ხარჯებით ვაგროვებთ ტანსაცმელს, საკვებს და ვეხმარებით. ასევე, ვატარებთ არჩევნების მოდელირებას. დანარჩენ სოფლებში ზუსტად რა ხდება, არ ვიცი.

შეხვედრა ხულოში

ეკა ბარამიძე: ხშირად გვსმენია, რომ სოფლებში, როცა სკოლა იხსნება, ბიბლიოთეკებში მოძველებული ლიტერატურა მიაქვთ და ამბობენ, რომ ეს არის მაკულატურა. ვთქვათ, რომელიღაც ბიბლიოთეკამ ჩამოწერა წიგნები და შემდეგ სოფლებში მიაქვთ. ასეთი ფაქტი ხომ არ ყოფილა?

ლია ბოლქვაძე, ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: მართალია, ჩვენ ახალი წიგნები ვერ შევიძინეთ, მაგრამ თბილისიდან გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, თანამედროვე, ლამაზად გაფორმებული წიგნებიც გვაქვს, მაგრამ ქუთაისის ბიბლიოთეკამ ორჯერ ჩამოიტანა წიგნები. კი, მართალია, ბავშვს ის „ვეფხისტყაოსანი“ თუ ილია ჭავჭავაძე უნდა რომ ახალი იყოს, მაგრამ სულ არარაობას ხომ სჯობს ცოტა ძველი წიგნები იყოს. წიგნი რაც უფრო ძველია და გაცვეთილია, მით უფრო მეტი ფასი აქვს, იმიტომ, რომ მას ბევრი მკითხველი ჰყავს. ჩვენთვის ესეც ძალიან დიდი დახმარებაა.

მაგდა მარუაშვილი: აქ ახლოს წიგნების მაღაზია არის?

ლია ბოლქვაძე: არ არის, თუმცა ვგეგმავთ, მოლაპარაკება მაქვს.

მაგდა მარუაშვილი: თქვენი აზრი მაინტერესებს, სკოლა რისთვის არსებობს, რას უნდა აძლევდეს ახალგაზრდებს და დღეს რას აძლევს?

ივერი შაინიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლე: ჩემი აზრით, დღევანდელ განათლების სისტემა მორგებულია, ასე ვთქვათ, მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეებზე. ყველა ხომ განსხვავებულები ვართ, ყველას ერთნაირი გაგების უნარი არა აქვს, შეიძლება ერთი მოსწავლე სამი წაკითხვით სწავლობს, მეორე კი თვალს გადაკრავს და უკვე იცის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ სკოლა არ აძლევს იმდენ  განათლებას, რამდესაც უნდა აძლევდეს. როცა მოსწავალე ამთავრებს სკოლას, აუცილებლად უნდა წავიდეს რეპეტიტორთან, იმიტომ, რომ საატესტატო გამოცდებს ჩააბარებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს.

ირაკლი ზოიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის  მოსწავლე:  ჩვენ მეტი გვჭირდება. არ გვჭირდება მხოლოდ H2O, გვჭირდება დამტკიცება. მასწავლებლებს თუ რაიმეზე შევეკამათე, თვლიან, რომ უზრდელი ბავშვი ვარ და მათ ვეწინააღმდეგები.

ირა გელაძე, მოსწავლე: გაკვეთილზე თუ გაგიჩნდა ერთი კითხვა, მერე მეორე, მესამე, ამან შეიძლება პედაგოგის მხრიდან ის გამოიწვიოს, რომ „იცი რაა, შენ მგონი გაკვეთილის მოსმენა არ გინდა, დროის გაყვანას ცდილობ“. დრო აღარ რჩება, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი მივიღოთ და ალბათ, ამის ბრალია, რომ იმ კითხვებზე პასუხებს ვერ ვიღებთ, რაც გვაინტერესებს.

ირაკლი ზოიძე, მოსწავლე: მასწავლებლის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გაკვეთილის ჩატარებას სავალდებულოს ხდიან. არ ეძებენ მრავალფეროვნებას.

ელისო ჯოყილაძე, ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე:  ჩვენს სკოლაში მოსმენის პრობლემაა, მასწავლებლებთან და დირექტორთან დიალოგი საკმაოდ რთულია. იმიტომ,  რომ როცა მათთან დისკუსიაში შედიხარ, კი არ გვისმენენ, არამედ ამბობენ – „რა ტლიკინა ბავშვია“, მხოლოდ თქვენი უფლებები იცითო.

მაგდა მარუაშვილი: კომპიუტერები, პროექტორი თუ გაქვთ სკოლებში ან ინტერნეტი თუ მუშაობს?

ლია ბოლქვაძე: კომპიუტერებიც და ინტერნეტიც არის, მაგრამ მხოლოდ ინფორმატიკის საგნის გაკვეთილზე შედიან და მორჩა. აღჭურვილობა გვაქვს და როცა ბავშვებს დავალებებს აძლევენ, ინფორმაციის მოსაძიებლად აქ მოდიან. ან თვითონ წერენ, ან ჩვენ ვუბეჭდავთ.

ელისო ჯოყოლაძე:  ქედლების საჯარო სკოლაში ვსწავლობ და ორი კომპიუტერია გამართული, ინტერნეტიც ნაკლებად მოგვეწოდება. ბავშვები ინტერნეტში არაფერს არ იძიებენ, იქ არავინ არ ჩადის და თუ ჩავიდა, შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ კომპიუტერი  დაკავებულია. სურვილიც აღარ მიჩნდება, რომ ჩავიდე და მოვიძიო. შარშან, მაგალითად, ისტორიაში გვქონდა მოსაძიებელი ინფორმაციები. ინტერნეტთან წვდომა ვისაც არ ჰქონდა, ვერ წერდნენ დავალებას.

ნატო გელაძე, მოსწავლე: ჩემს სკოლაში კომპიუტერები კი არის, მაგრამ  მხოლოდ მასწავლებლები იყენებენ. ხშირად გვაძლევენ დავალებებს, მაგრამ ზოგი ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ სოფელში ოჯახებში ინტერნეტი არ არის. ზოგს აქვს, ზოგს – არა. შემდეგ კი, მხოლოდ ის მოსწავლეები გამოირჩევიან, ვინც დავალება შეასრულა.

ანა ბოლქვაძე, ხულოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე: ერთ-ერთი უარყოფითი ის არის, რომ ჩვენს სკოლას არ აქვს პროექტორი. სკოლაში როცა გვინდა პრეზენტაციის გაკეთება, ბიბლიოთეკაში ჩამოვდივართ და აქედან ვთხოულობთ. ინტერნეტი კი ჩვეულებრივადაა, მასწავლებელიც და მოსწავლეც იძიებს ინფორმაციას.

_________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი კვლევა პარალელურ სამყაროებზეა

გარდაცვლილი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის ბოლო კვლევა ჩვენი მსგავსი, პარალელური სამყაროების არსებობის საკითხს ეხება.

ჰოკინგის კვლევა ასტრონომებს უბიძგებს დაიწყონ კვლევები პარალელური სამყაროების არსებობის დამადასტურებელი ნიშნების აღმოსაჩენად. ასტროფიზიკოსის ბოლო კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of High-Energy Physics-ს მეცნიერის გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე გადასცეს.

1980 წელს ჰოკინგმა ამერიკელ ასტროფიზიკოსთან, ჯეიმს ჰარტლისთან ერთად შეიმუშავა სამყაროს წარმოშობის ახალი თეორია.

ჰარტლი-ჰოკინგის თეორიამ აინშტაინის თეორიის ორაზროვნებას დაუსვა წერტილი, რომლის მიხედვითაც სამყარო 14 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, თუმცა თეორიაშია არ იყო დაზუსტებული, როგორ მოხდა ეს.

მეცნიერებმა კვანტურ ფიზიკას მიმართეს, რათა აეხსნათ თუ როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო სამყარო არაფრისგან.

ჰარტლი-ჰოკინგის თეორია პასუხობს ერთს, თუმცა აჩენს უამრავ სხვა კითხვას. თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქების შედეგად დიდი ალბათობით შეიქმნა არა ერთი, არამედ უამრავი სხვადასხვაგვარი სამყარო.

ჰარტლი და ჰოკინგი მიიჩნევენ, რომ პარალელური სამყაროების ერთი ნაწილი ჩვენსას ჰგავს და არსებობს დედამიწის მსგავსი პლანეტებიც, ჩვენი მსგავსი საზოგადოებებით და ასევე მსგავსი ადამიანებით.

სამყაროების მეორე ნაწილში, ამავე თეორიის მიხედვით, შესაძლოა არსებობდეს  დედამიწისგან განსხვავებული პლანეტა, რომელმაც დინოზავრების პოპულაცია შემოინახა.

მესამე ტიპის სამყაროები მეცნიერებს წარმოუდგენიათ ბევრად განსხვავებულად: ეს შესაძლოა იყოს სივრცე მიწის, ვარსკვლავებისა და გალაქტიკის გარეშე, სამყარო, რომელიც ფიზიკის სხვაგვარი კანონების მიხედვით მოქმედებს.

ყველაფერი ფანტასტიკასავით ჟღერს, თუმცა ჰარტლი – ჰოკინგის თეორიის მათემატიკური გათვლების მიხედვით, ეს შესაძლებელია.

კვლევის მიხედვით არსებობს უთვალავი სხვადასხვა სამყარო, რომლებიც ფიზიკის სხვადასხვა წესებით მოქმედებენ, თუმცა თეორია ვერ ხსნის ჩვენ სად ვიმყოფებით ზუსტად და როგორია ჩვენი თავისებურებები სხვა სამყაროებთან შედარებით.

სწორედ ამ პარადოქსის ახსნას ცდილობს ჰოკინგი უკანასკნელ თეორიაში, ბელგიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორთან, ტომას ჰერტოგთან ერთად.

„არც სტივენს, არც მე, ამაზე შეჩერება არ გვაკმაყოფილებდა. გამოდის, რომ მულტისამყარო შემთხვევით წარმოიქმნა და მეტს ვერაფერს ვიტყვით. ხანდახან ვამბობდით, რომ იქნებ ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ არ გვინდოდა შერიგება ფაქტთან, რომ პასუხებს ვერ ვიპოვიდი“, – უყვება BBC-ს ტომას ჰერტოგი.

თეორიის მიხედვით, ჩვენს სამყაროში მოქმედი ფიზიკის კანონების ფარგლებში შესაძლებელია პარალელური სამყაროების შესწავლა, რადგან ყველგან ფიზიკის კანონები უნდა მოქმედებდეს, თუმცა გარკვეული სახეცვლილებებით.

არსებობს ფიზიკოსების დიდი ჯგუფი, რომლებიც ჰარტლი-ჰოკინგის თეორიის მიხედვით კვლევას განაგრძობენ.

როგორც სტივენ ჰოკინგის თანამოაზრე, მეცნიერი ტომას ჰერტოგი ამბობს BBC-თან, ფიზიკის კანონები, რომლებსაც მეცნიერები ლაბორატორიებში ამოწმებენ, ყოველთვის არ არსებობდა. არავინ იცის მომავალში თანდათანობით რა ახალი კანონები გაჩნდება, რადგან ჩვენი სამყარო ფართოვდება და შეიცვლება ფიზიკის წესებიც. ეს შეუქცევადი პროცესია.

ტომას ჰერტოგი მიიჩნევს, რომ ახალი თეორიის მიხედვით, მეცნიერებს შეუძლიათ იკვლიონ პარალელური სამყაროების კვალი ჩვენს გალაქტიკაში და, პირველ რიგში, ეს შესაძლებელია დიდი აფეთქების მიკროტალღური კვალის შესწავლით.

წყარო: BBC

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა“.

ეს ფაქტი დღისით, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა, შესაბამისად, ამბავს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. მათი თქმით კი, რომელიც ასევე ამ ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც დასტურდება, შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავეს არა პოლიციელებმა, არამედ დააკავა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა.

ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არა ერთ პირს, არამედ ორს. ასევე ჩანს ისიც, როგორ იხდის ერთ-ერთი დაკავებული მაისურს და გარბის, მაგრამ მას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ისევ აკავებს. რამდენიმე წუთში ე.წ. ხოფის ბაზრობის წინ, ანუ დაკავების ადგილზე, მიდის შს სამინისტროს პიკაპი. პოლიციელები მანქანაში სვამენ დაკავებულ პირს და მიჰყავთ.

„ბათუმელები“ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან თვითმხილველს, ასევე სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს, ესაუბრა.

„დღის ოთხის ნახევარი იქნებოდა, მეზობელ თანამშრომელთან შევედი, ყავა დავლიოთ-მეთქი. კარი გამოხურული იყო და დავინახე, ოპერატორისთვის პისტოლეტი ჰქონდა ყელზე მიბჯენილი. თავდამსხმელმა ხელით მანიშნა, ხმა არ ამოიღოო, ის კასის ძალით გაღებას ცდილობდა. მე ყვირილი დავიწყე, მოგვეხმარეთ, გვიშველეთ-მეთქი. ვუთხარი იმ გოგოს, რომ კასა არ უნდა გაეხსნა. თავდამსხმელს  სამედიცინო პირბადე ეკეთა, მარტო თვალები უჩანდა… ამ დროს მოვარდა ვიღაც კაცი სამოქალაქო ფორმაში, ძალით გააღო კარი და გამოათრია ის ბიჭი გარეთ. გარეთ მეორე კაციც მოვიდა. მეგონა, დაგვეხმარება-მეთქი. თურმე, ისიც თანამზრახველი ყოფილა, ალბათ, არ ვიცი, გამოძიება დაადგენს. ეს ორივე დააკავა იმ ბიჭმა, მაგრამ დაუსხლტა. ის ბიჭი, რომელიც სავალუტო ჯიხურში შევარდა, მაისური გაიხადა და გაიქცა, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს დააკავა ისევ იმავე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, ვერ მოასწრო გაქცევა, მეორე – მიიმალა. ამასობაში მოვიდა პოლიციაც,“ – გვიყვება თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

იმედა ბასილაძე სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეა. მან გვითხრა, რომ შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ყველა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი დაათვალიერა.

„მე რაც ვნახე, ის ბიჭი [თავდამსხმელი] სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა დააკავა, მერე ხელიდან დაუსხლტა და ქუჩის მეორე მხარეს ისევ დააკავა. პოლიციაც მოვიდა მაგ წუთებში…“ – გვითხრა იმედა ბასილაძემ.

ის ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს სათამაშო პისტოლეტი უნდა ჰქონოდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაში დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის ამ სახით გავრცელება? – ვკითხეთ შს სამინისტროს პრესცენტრს, სადაც ისევ გაიმეორეს, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული საბოლოოდ ვინც დააკავა, ნამდვილად პოლიციელი იყო. მას სამოქალაქო ფორმა ეცვა და ოპერატიულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, გემზე წასვლამდე სამუშაო კონტრაქტებს ყურადღებით გაეცნონ. ამასთან, სააგენტო ქართველი მეზღვაურების ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს.

„25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია მეზღვაურთათვის. იმისათვის, რომ გავაცნოთ, თუ რა უფლებები აქვთ დასაქმების შემთხვევაში, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხის შემცველი იმ რეგიონების შესახებ, სადაც მათი დასაქმება არ არის უსაფრთხო,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, ყოველდღიურად ასობით მეზღვაური მიდის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის ასაღებად. მეზღვაურები საბუთებთან ერთად იღებენ საინფორმაციო ბროშურას. ბროშურაზე განთავსებულია ინფორმაცია საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიების შესახებ.

მთავარი გაფრთხილება, რასაც საზღვაო სააგენტო მეზღვაურებს აძლევს, არის ის, რომ დასაქმების დროს ყურადღებით გაეცნონ შრომითი ხელშეკრულების პირობებს და მოიძიონ დაწვრილებითი ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ. სააგენტო მეზღვაურებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს შრომითი ხელშეკრულების დეტალურად შესასწავლად.

ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოავარიის დროს მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც, სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ასევე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ტაქსისტი ქალი: კაცი ტაქსის მძღოლები მავიწროებენ და არ მამუშავებენ, ქალს ქუჩაში რა უნდაო

ბათუმში, ევროპის მოედანთან, მაია იმნაძე მეორე წელია საკუთარი ავტომანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევხვდით. მაია ამბობს, რომ კაცი ტაქსის მძღოლები ავიწროებენ, სიტყვიერად შეურაცხყოფენ სისტემატურად და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

„მეორე წელია, რაც ტაქსისტად დავიწყე მუშაობა. მარტოხელა დედა ვარ, მანამდე 8 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი,“ – გვიყვება მაია იმნაძე. მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაცია მაშინ იქმნება, როცა სასტუმრო „პრინცესას“ მიმდებარედ ტაქსები მორიგეობის პრინციპით ჩერდებიან და მთელი ღამე ემსახურებიან სასტუმროდან ან კაზინოდან გამოსულ ადამიანებს.

„რიგი მიწევს, კი, მაგრამ არ მითმობენ მგზავრს. ეუბნებიან, რომ მეძავი ვარ, მაფიაა ეს ქალი, არ ჩაუჯდე მანქანაშიო და ასე შემდეგ. როცა ხმას ვიღებ, მეუბნებიან, რომ პატიოსანი ქალი შუაღამისას თურმე ქუჩაში არ უნდა ვიყო. რამდენჯერმე გამოვიძახე პოლიცია, მაგრამ როცა პოლიციელები მიდიან, შემდეგ ყველაფერი ძველებურად გრძელდება,“ – აღნიშნავს მაია იმნაძე.

ერთ-ერთი გამოძახების დროს პოლიციელებმა ადგილზე წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა დააფიქსირეს. ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე დღით, ბათუმის მე-3 განყოფილებამ  ორი კაცი, ტაქსის მძღოლი, დააკავა.

წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა.

„მტკიცებულება რა უნდა მქონოდა, როცა მაგინებდნენ, მაგ დროს ვიდეოს ვერ გადავუღებდი. მოწმეები კიდევ ისეთი ხალხი მოიყვანა პოლიციამ, რომლებიც დაპირისპირების დროს იქ არ იმყოფებოდა,“ – აღნიშნავს მაია იმნაძე.

ქალი ტაქსის მძღოლი ყვება იმასაც, რომ ტაქსის ადგილის მოსაპოვებლად ხშირად იმართება ე.წ. ქურდული გარჩევები. მაიას თქმით, ის სასტუმრო „პრინცესას“ გახსნამდე ბევრად უფრო ადრე გაჩერდა იქ იმისთვის, რომ „სამსახური ეშოვა“.

„სხვაგან არ დამაყენეს არსად, ვერ გაჩერდები. აქ მომიწია რიგი, მაგრამ ქალი თურმე არ უნდა ტაქსაობდეს, ასეთი ვითომ განაჩენი გამომიტანეს კაცებმა… არ დავნებდები, ყველგან ვიდავებ, სახალხო დამცველსაც მივმართავ, თუ ისევ შემავიწროებენ,“ – ამბობს მაია იმნაძე.

„არავინ არ ავიწროებს მაგას, პირიქით, უნდა, რომ ყველა მგზავრი მისი იყოს, მასე სადაა, ჩვენც გვინდა მუშაობა,“ – გვითხრა ტაქსის ერთ-ერთმა კაცმა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

 

ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო

ბათუმში აპრილის შუა რიცხვებიდანაც ჩნდებიან ზღვის სანაპიროზე ბანაობის განსაკუთრებულად მოყვარულები, თუმცა მაისის დასაწყისში მობანავეების რაოდენობა გაცილებით მეტია. დღეს, 7 მაისს, შეზლონგებითა და ქოლგებით არაერთი ტურისტი გამოჩნდა ზღვაზე. ზოგიერთი ბანაობს, ზოგიერთიც უბრალოდ ირუჯება. მობანავეები ამბობენ, რომ ზღვა ძალიან თბილი ჯერ არ არის, მაგრამ ჩასვლა არავის გაუჭირდება. გასარუჯად მოსულები გვეუბნებიან, რომ მაისი საუკეთესო პერიოდია გასარუჯად, რადგან ამ თვის რბილი მზის რუჯი  სექტემბრამდეც კი ნარჩუნდება.

 

სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილს და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ კირტავას, ქობულეთის სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი გზის რეკონსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ეს გზა ერთხელ უკვე შეკეთდა 2016 წელს, რისთვისაც მაშინ 762 650 ლარი დაიხარჯა.

აჭარის პროკურორისადმი გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია: „მოხდეს გზის მიმდებარედ ხეების აღწერა, რადგან უახლოს პერიოდში იგეგმება უკანონოდ გაჩეხვა და შემდგომ შეუძლებელი იქნება მიყენებული ზიანის დადგენა… ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად შეწყდეს ალამბარი-ზენითის მიმართულებით გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების ხელშეკრულება და არ მოხდეს ბიუჯეტიდან 1 962 990 ლარის არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვა, აქვე შესწავლილი იქნას 2016 წელს გზის სამშენებლო სამუშაოების მიზნობრიობა და დანიშნულება“.

ამავე თემაზე:

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე. ბრალდება იყო, რომ მოვიპოვებდით ნავთობს და უკანონოდ გაგვქონდა იტალიაში. დიდი ძალისხმევა გაიღო  უნგრეთის საკონსულომ, ჩემი სასამართლო შედგა და გამათავისუფლეს,“- თქვა სოსლან კაკაბაძემ შეხვედრაზე.

უნგრული მხარის დახმარებას გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმაც.

„დღევანდელ დღეს წინ უძღოდა ძალიან რთული და ინტენსიური სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი, ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი, რომ მეზღვაურები გაგვეთავისუფლებინა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო უნგრული მხარის ფასდაუდებელი დახმარება. ისინი ახდენდნენ მეზღვაურების საკონსულო დაცვას ადგილზე, ასევე აქტიურად გვყავდა ჩართული თურქეთისა და ბრიტანეთის საელჩოები ტრიპოლში,“ – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ  მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის ეკიპაჟში იყო. ის ტანკერზე მზარეულად მუშაობდა. თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან სოსლან კაკაბაძე ლიბიის სასამართლომ 2018 წლის 29 აპრილს გაათავისუფლა.

პატიმრობაში რჩება კიდევ ორი მეზღვაური – გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, დაკავებული მეზღვაურების სასამართლო პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული.

სოსლან კაკაბაძე

 

 

სულხან ხალვაში შპს სტადიონის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ინფორმაცია, რომ შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის, „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს. მთავრობის ინფორმაციით, მას კერძო სექტორიდან კარგი შეთავაზება აქვს, ამიტომაც მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „სტადიონის“ ახალ დირექტორად კურორტ „გოდერძის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის კანდიდატურა განიხილება. მთავრობაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შპს „სტადიონის“ დირექტორად მოიაზრებენ: „თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.

ზურაბ ჭურკვეიძე კურორტ „გოდერძის“ დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შპს „სტადიონი“ აჭარის მთავრობამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით შექმნა და მოგვიანებით ამ ორგანიზაციას გადააბარა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობაც.

ბათუმში 170-ნომრიანი სასტუმრო იხსნება

წელს, ივნისში, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება. სასტუმროში 170 ნომერი იქნება და წლის ოთხივე სეზონზე იმუშავებს.

„სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროში 100 ადამიანია ამჟამად დასაქმებული“, – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ [ე.წ. „სემირამიდას ბაღები“] ბათუმში, ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2013 წლის აგვისტომდე უნდა გახსნილიყო.

„აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“, – აღნიშნა დღეს, 7 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

კომპანია „მაფას“ სასტუმროს მშენებლობა კომპანია SW INN LLC-მა დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. სასტუმრო კომპლექსში 130-ზე მეტი ნომერი, დასაქმებულთა 90% კი საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.

მშენებლობის დამკვეთი შპს „გლორიაა“. „გლორია“ კი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, იგივე SW INN LLC-ია, რომელსაც სახელწოდება 2010 წელს შეიცვალა. კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ზარიფა გამზაევამ კომპანიის კაპიტალში დამატებით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მისამართზე – კ. გამსახურდიას ქუჩა #8-10 [საკონსტიტუციო სასამართლოსთან].

შპს „გლორიას“ წილის 50,8 პროცენტს ზარიფა გამზაევა ფლობს, დანარჩენი წილი კი რეგისტრირებულია ჯამილა და მალახატ ასკეროვებზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ისინი ზარიფა გამზაევას შვილები არიან.

რატომ ვერ მოესწრო სასტუმროს გახსნა 2013 წელს? რა მიზეზების გამო იყო შეჩერებული მშენებლობა და როდის განახლდებოდა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“, სამი წლის წინ, აზერბაიჯანშიც სცადა და თბილისშიც, სადაც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენლობის ოფისია, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იმ დროისთვის გარკვეული იყო, რომ ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტის, ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილთან,  არზუ ალიევასთან ერთად, „Silkway Holding“-ში შემავალი „Silkway Holding“-ის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს – „გაზელი“.

 

 

ამავე თემაზე:

შპს ‘გლორიას’ განმარტება სტატიაზე – როდის გაიხსნება სემირამიდას ბაღები

როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს

 

ბათუმში ორ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, რომლებსაც ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს, 7 მაისს, დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიყვანეს. ერთი ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მეორე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქვეითები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეოთხეკლასელების მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულად გააზრებას – კვლევა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.

კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორისაა, წიგნიერების კვლევა, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წაკითხვა და გააზრება, ასევე ეთნიკურ უმცირესობებში აკადემიური მიღწევების საერთაშორისო შეფასებები.

PIRLS -ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი. კვლევის მონაწილეები მეოთხეკლასელი მოსწავლეები იყვნენ.

კვლევის კოორდინატორი ნათია ანდღულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წაკითხულის გააზრების კომპონენტში გაუმჯობესება არ გვაქვს.

„სამწუხაროდ, წინსვლა არ არის ამ მიმართულებით. მსგავსი კვლევა ხუთი წლის წინ ჩატარდა. დროის ამ მონაკვეთში წაკითხულის გააზრების მხრივ, ქართულ სკოლებში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა“, – გვეუბნება ის.

შეფასების დონეების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულყოფილად გააზრებას. ეს იმას ნიშნავს, რომ  მოსწავლეს კარგად შეუძლია კითხვა, გააზრება და ანალიზი.

მიღწევების მაღალ საფეხურზეა მოსწავლეების 22 პროცენტი, საშუალო საფეხურზე – 60, ხოლო დაბალ საფეხურზე 86 პროცენტი.

წაკითხულის გააზრებას კი 14 პროცენტი ვერ ახერხებს.

კვლევის შემდეგი კომპონენტი ეხება ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წაკითხვას და გააზრებას. ნათია ანდღულაძის თქმით, კვლევამ დადებითი შედეგები ვერც ამ მიმართულებით აჩვენა.

კვლევის კომპონენტი მოიცავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აკადემიურ მიღწევებსაც. კვლევაში 4142  მეშვიდეკლასელი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეების 60 პროცენტი მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს.

კვლევა მოიცავდა დონის შემოწმებას კითხვაში, წერასა და ლაპარაკში. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა 2016 წელს ჩატარდა.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS, 2016) უახლესი მონაცემები

მთავრობა „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ მაღლივი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავს

მთავრობა არც უარყოფს და არც ადასტურებს  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობებში უკვე წლებია უსახლკარო ოჯახები ცხოვრობენ, მაღლივი კორპუსების მშენებლობა განიხილება. მთავრობაში გვიპასუხეს, რომ „ოცნების ქალაქის“ განვითარებასა და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის საკითხზე მთავრობაში სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა ვერსია განიხილავს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება „ოცნების ქალაქის“ ადგილის შეთავაზება სამშენებლო კომპანიებისთვის მაღლივი კორპუსების ასაშენებლად – ტერიტორიაზე შეიძლება 16-18-სართულიანი კორპუსები ააშენონ.

გარდა ყოფილი სამხედრო ბატალიონის მიტოვებული შენობებისა, აქ სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ცხოვრობენ მიგრანტები  – სოციალური, ეკოლოგიური, შრომითი, სხვა რეგიონებიდა უკუმიგრირებულები; ისინი  მძიმე პირობებში წლებია ცხოვრობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დაკავებული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

 

ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“  შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა.

ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია მოგვაწოდა „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომაც“. ინფორმაცია ვერც მერიის მიერ დაარსებული „ბათუმის წყლისგან“ მივიღეთ“, – ამბობს ქამადაძე.

მისი თქმით, მერიის შპს-ეები არ აწვდიან სახელობით სიას დასაქმებული პირების შესახებ, რაც, მისი აზრით, ნეპოტიზმის ეჭვს იწვევს. „შესაძლებელია დასაქმებული ჰყავდეთ ნათესავები. ამიტომ ეს ეჭვები რომ არ გვქონდეს, ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ.“

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრს კანონით უფლება აქვს, მერიისა და საკრებულოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციიდან ყველა ინფორმაცია მიიღოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, შეხვედრას სთხოვს.

ამავე თემაზე:

„უკვე დაგეგმილი მქონდა სხვა შეხვედრა“ – ბათუმის მერი საკრებულოს ოპოზიციას არ შეხვდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო რადიოკავშირის სისტემას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ ასათიანმა და იტალიური კომპანია ELMAN S.R.L -ს აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა დღეს მოაწერეს.

აღჭურვილობას სააგენტოს სწორედ ეს იტალიური კომპანია მიაწვდის.

საზღვაო რადიოკავშირის სისტემა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისa და გემების მონიტორინგის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისთვისაა განკუთვნილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს ტექნიკას ყიდულობს.

საზღვაო რადიოკავშირის სისტემის შესაძენად 900 ათასი ლარია გამოყოფილი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნდა სრულყოფილი საზღვაო-სამაშველო კომუნიკაციის საშუალებები საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში განსაცდელში აღმოჩენილი გემებისა და ადამიანების დასახმარებლად.

ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით რკინიგზამ რეისი დაამატა

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

19 მაისს, Black Sea Arena-ზე,  იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ. დამატებითი რეისის მიხედვით:  მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00.05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა წლებთან შედარებით დაავადების სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა ბოლო წლებში დაავადებულთა მაჩვენებელი სტაბილურად 400-იდან 500-მდე მერყეობს.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის, დიმიტრი ცეცხლაძის ინფორმაციით, 2018 წელს ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას გადის 10-იდან 12 წლამდე ასაკის 5 ბავშვიც.

„ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და თუ პაციენტი ბოლომდე არ მკურნალობს, ის დაავადების გამავრცელებელი ხდება.

როცა მკურნალობას შუა გზაზე წყვეტენ, დაავადება უფრო მწვავე ფორმაში გადადის და შემდეგ უფრო რთულია მისი განკურნება“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

ტუბერკულოზის ორი ფორმაა ძირითადად გამოვლენილი, ეს არის ფილტვგარეშე და ფილტვის ტუბერკულოზი. ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი.

„ე.წ. რეგულარული ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობის კურსი ექვსიდან რვა თვემდეა. მეორე, უფრო მძიმე ფორმის არსებობის დროს კი, მკურნალობა 24 თვემდე გრძელდება. ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გაცილებით მაღალია“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე.

მისი თქმით, დაავადების გავრცელების წყარო, ძირითადად, ტუბერკულოზის მატარებელი პირები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა, პაციენტებს მკურნალობა მაინც არ მიჰყავთ ბოლომდე.

როცა კვირაში 5 დღეს უნდა მიიღოს წამალი, ისინი ორჯერ ან სამჯერ თუ მოდიან. ზოგი ოჯახური მდგომარეობის გამო არ მოდის, ზოგი თურქეთშია სამუშაოდ და შემდეგ იქედან ძალიან მძიმე ფორმით ბრუნდება.

პრობლემაა ისიც, რომ თუ პაციენტი ბაცილაგამომყოფია, ის საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს. გარდა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა, მათ სხვა პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

გარდა იმისა, რომ დაავადების მაჩვენებელი პროგრესირებადია, მძიმე მდგომარეობაშია ტუბსაავადმყოფოს ინფრასტრუქტურაც. შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. პაციენტებს კეთილმოუწყობელ გარემოში უწევთ ვიზიტები.

დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, ორგანიზაციამ – „ექიმები საზღვარგარეთ“, მძიმე ფორმის ტუბერკულოზის მატარებელი პაციენტებისთვის რამდენიმე ოთახი გაარემონტა,  საავადმყოფოს დანარჩენი ნაწილი კი გაურემონტებელია.

„რეაბილიტაციის საკითხი თითქმის ყოველ წელს დგას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ეს საკითხი მაინც ჭიანურდება“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე. მისი თქმით, სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ინფექციური და ტუბსაავადმყოფო გაერთიანებულია, თუმცა ისინი სხვადასხვა შენობაშია განთავსებული. „დღემდე ვერ გადაწყდა ეს საავადმყოფოები ერთ შენობა უნდა განთავსდეს თუ ცალკე შენობებში უნდა დარჩეს, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა“, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

ტუბერკულოზით დაავადებიანობის დინამიკა, აჭარა, 2006-2017 წელი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს რეგიონში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის  323  ახალი შემთხვევა (ინციდენტობის მაჩვენებელი 95), რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია (2016 წელს აღირიცხა 397 ახალი შემთხვევა);

მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 247 იყო (2016 წელს – ფილტვის ახალი 246 შემთხვევა). მიუხედავად კლებადი დინამიკისა, რეგიონის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სხვა რეგიონის მაჩვენებლებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის 452 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი – 133), მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის  – 376  შემთხვევა (2016 წელს-397 შემთხვევა). 2017 წელს რეგისტრირებულია ფილტვგარეშე ტუბერკულოზის 76  შემთხვევა, რაც  2 ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით.

ახალი აუთლეტმაღაზია ბათუმი ცენტრალში – Outlet 2 go!

ახლახან „ბათუმი ცენტრალში“ ახალი მაღაზია გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდების კოლექციები. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ბრიტანული, ფრანგული, კანადური, ესპანური ბრენდების ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და აქსესუარები დიდი ფასდაკლებით.

ახალი აუთლეტ მაღაზია ბათუმი ცენტრალში - Outlet 2 go
ახალი აუთლეტმაღაზია ბათუმი ცენტრალში – Outlet 2 go

აუთლეტმაღაზიას ოპერირებას Retail Group Georgia უწევს, რომელიც Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა და 35-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის 50-მდე მაღაზიას ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში.

ასეთი კონცეფციის მაღაზია თბილისში სითი მოლ გლდანში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და დიდი წარმატებით სარგებლობს მომხმარებლებში.

ახალი აუთლეტ მაღაზია ბათუმი ცენტრალში - Outlet 2 go
ახალი აუთლეტმაღაზია „ბათუმი ცენტრალში“ – Outlet 2 go

“მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოლექციის ბათუმში წარმოდგენით ჩვენ საინტერესო შოპინგგამოცდილებას ვთავაზობთ ბათუმელებს და ამ ქალაქის სტუმრებს. მაღაზია, რომელიც 600  კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეს მოიცავს, საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი, რაც ადვილს და სასიამოვნოს ხდის ყიდვის პროცესს. დარბაზში განთავსებული მრავალფეროვანი კოლექცია გულგრილს არავის დატოვებს, ყველა შეძლებს შეარჩიოს მისთვის სასურველი მოდელი მისაღებ ფასად. აუთლეტის ხიბლიც ხომ სწორედ ესაა – შეიძინო მსოფლიო ბრენდების კოლექციები ძალიან დიდი ფასდაკლებით! თბილისში არსებული მაღაზიის უზარმაზარი წარმატება გვაფიქრებინებს, რომ მას ისევე შეიყვარებს ბათუმელი მომხმარებელი და ძალიან მალე ბათუმი ცენტრალის აუთლეტ 2გოუ მათ საყვარელ ადგილად იქცევა,“ – ამბობენ რითეილ გრუპ ჯორჯიაში.

[highlight color=”red”]მაღაზია მუშაობს ყოველ დღე, 10:00-დან 22:00 საათამდე.[/highlight]

[highlight color=”red”]მის: ბათუმი ცენტრალი, მე-2 სართული, თამარ მეფის გზატკ.4[/highlight]

www.facebook.com/rggsale

ახალი აუთლეტ მაღაზია ბათუმი ცენტრალში - Outlet 2 go
ახალი აუთლეტმაღაზია „ბათუმი ცენტრალში“ – Outlet 2 go

მაისი აბასთუმანში

როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო.

უზარმაზარ მთებში ჩაკარგული დაბა ხალხით ივსება, ზამთრობით დაკეტილ სახლებში სიცოცხლე ბრუნდება და მდინარე ოცხეს ხმაურს დასასვენებლად ჩამოსული ბავშვების ჟრიამული ერთვის.

დაბა აბასთუმანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, პატარა, ერთ და ორსართულიანი ძველი სახლებია, რომლებსაც თავზე უზარმაზარი წიწვოვანი ტყე დაჰყურებს. ზოგი სახლი გზის პირასაა, ზოგიც საერთოდ ტყეშია ჩადგმული. მდინარეზე ათამდე პატარა ხიდია გადებული, მთელ სიგრძეზე მწვანე პარკია გაშენებული და პარკში ალაგ-ალაგ ხეებზე ცხენებია მიბმული. სახლები უმეტესად ლურჯ, ყვითელ და მწვანე ფერშია შეღებილი. თითქმის ყველა აივანი მოჩუქურთმებულია და გიჩენს განცდას, რომ თანამედროვე დასახლებაში კი არა, სადღაც, მე-19 საუკუნეში მოხვდი.

 

მთავარი სიმდიდრე, რაც აბასთუმანს აქვს, ჰავაა და მისი სამკურნალო თვისებები. ნაძვისა და ფიჭვის ყვავილობის დროს დაბაში დასვენება მათთვისაა სასურველი, ვისაც ბრონქიტი და სასუნთქი გზების პრობლემები აქვს. აბასთუმანში ამბობენ, რომ მაისსა და ივნისში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან ჰყავთ სტუმრები, ივლისში კი ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც იწყებენ დამსვენებლები ჩასვლას.

ზაფხულს არ ელოდებიან ბაიკერები, რომლებიც აბასთუმანში ადრე გაზაფხულზე ჩნდებიან ხოლმე და გვიან შემოდგომამდე იყენებენ დაბას სატრანსპორტო დერეფნად.

ბაიკერები აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით იმერეთში გადადიან

აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გადავლით, იმერეთში, საირმეში შეიძლება ჩასვლაა. ზეკარიდან იშლება სუნთქვის შემკვრელი ხედები, საზაფხულო საძოვრებზე შეფენილი მწყემსების ხის ქოხები, ექსტრემალური გზა – ეს ისაა, რის გამოც ამ მარშრუტს ყოველწლიურად ათეულობით ბაიკერი ირჩევს. ამბობენ, რომ ზეკარის უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილიდან მზიან ამინდში შავი ზღვის სანაპიროც კი ჩანს. ზაფხულობით, საათში ერთხელ, უღელტეხილისკენ სპეციალური ავტობუსი მოძრაობს. სულ რაღაც ერთ ლარად მსურველს შეუძლია უღელტეხილიდან გადაშლილი ჯადოსნური ხედებით დატკბეს.

ტურისტული მარშრუტებიდან აბასთუმანში ძალიან პოპულარულია საცხენოსნო ტურები. აბასთუმნელ ამირან ჩიქოვანს სამი ცხენი ჰყავს – ლილუ, მერანა და გოგო. ახლახან აზერბაიჯანიდან შოტლანდიური პონი ჩამოიყვანა, რომელსაც მისმა შვილებმა სპირიდონა დაარქვეს. ამირანი ერთ ცხენს დღეში 50 ლარად აქირავებს. ტურისტს თავადაც მიჰყვება ტურში და გიდობას უწევს. დაბაში ბევრი საცხენოსნო მარშრუტია, მაგრამ ყველაზე პოპულარული ზეკარის უღელტეხილი, მახვილოს მთა და თამარ მეფის ციხეა.

დაბა აბასთუმანი

აბასთუმანი დაცულ ტერიტორიებზე ხეტიალის მოყვარულებისთვისაც იდეალური ადგილია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი შესასვლელი სწორედ აბასთუმანში მდებარეობს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სულ 12 მარკირებული საფეხმავლო ბილიკია, აქედან მხოლოდ ერთი ბილიკი იწყება აბასთუმნიდან და მას ზეკარის უღელტეხილის ბილიკს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ საფეხმავლო ტური ორდღიანია, რელიეფის გამო საკმაოდ რთული დასაძლევია და კარგი ფიზიკური მომზადება გჭირდება, სანამ მას დაადგები.

ზეკარის უღელტეხილზე ფეხით ასვლა აბასთუმანში, ეროვნული პარკის დაცვის საგუშაგო პოსტიდან იწყება და უხვევს მდინარე ოცხეს ხეობისკენ. ორ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ იწყება ყველაზე რთული მონაკვეთი – ციცაბო ფერდობი, ამ სირთულის დაძლევის და ექვსი კილომეტრის გავლის შემდეგ, შეიძლება ღამე დიდმაღალის ტურისტულ თავშესაფარში გაათიო. მეორე დღეს საფეხმავლო ბილიკი იმერეთისა და აჭარის ქედის გადავლით დასავლეთისკენ მიემართება და ამ გზით მეცხვარე მწყემსების საზაფხულო სახლებთანაა მისვლა შესაძლებელი ნასაბაჯვარში. ნასაბაჯვრიდან ბილიკი მდინარე ოცხეს ხეობისკენ ეშვება და აბასთუმანში გაბრუნებს.

 

აბასთუმანი ერთგვარი სამოთხეა ასტროფოტოგრაფებისთვის. თავისი უნიკალური მდებარეობის გამო, დაბაში ე.წ. „სინათლის დაბინძურების“ დონე დაბალია, შესაბამისად, ასტროფოტოგრაფიის მოყვარულები ხშირად ირჩევენ ამ ადგილს ღამის გადაღებებისთვის.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მთა ყანობილზე, 1932 წელს დაარსდა. თუმცა პირველი დაკვირვებები ცაზე ამ ტერიტორიიდან გაცილებით ადრე, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ისევე როგორც აბასთუმნის იერსახე და არქიტექტურული სტილი, დაბაში ასტრონომიული დაკვირვებების დაწყებაც რუსეთის იმპერატორის ძმას, გიორგი რომანოვს უკავშირდება.

ტუბერკულიოზით დაავადებულ, აბასთუმანში სამკურნალოდ ჩამოსულ გიორგი რომანოვს თან ჩამოუყვანია თავისი მეგობარი რუსი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი. გლაზენაპი მცირე ლინზური ტელესკოპით ზომავდა მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავების მდებარეობებს კოშკში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და მას „გლაზენაპის კოშკს“ უწოდებენ.

აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმანში ვისაც არ უნდა სთხოვო დაბის ისტორია მოგიყვეს, ყველა ერთ ქალთან, 80 წლის თინა ნათელაშვილთან გადაგამისამართებს. თინა 64 წელია აბასთუმანში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 1953 წელს სიმონა ნათელაშვილს რომ გაჰყვა ცოლად, იმის შემდეგ დაბას არ მოშორებია.

თინა ნათელაშვილი გვიყვება, რომ აბასთუმნის, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის აღმოჩენა ჯარისკაცებს უკავშირდება. სამცხე-ჯავახეთის ოსმალეთისგან გათავისუფლების შემდეგ ბრძოლით დაღლილი ჯარისკაცები მდინარე ოცხეს ხეობაში (რომელსაც მაშინ ოძრხეს ეძახდნენ), ბუნებრივ აბანოებში გაუგზავნიათ. ჯარი კარგა ხანი დარჩენილა ხეობაში. დაჭრილი ჯარისკაცები განკურნებულან. სწორედ მაშინ გამხდარა ცნობილი აბასთუმნის ჰავისა და გოგირდის აბანოების სამკურნალო თვისებების შესახებ.

კიდევ ერთი ლეგენდა აბასთუმნის ეტიმოლოგიას უკავშირდება. თქმულების თანახმად, ერთხელ, თურმე, აბასთუმნის აბანოებში შაჰ-აბასი ბანაობდა, რომელსაც თავს მტერი წამოსდგომია. შაჰ-აბასს ჩაცმა ვერ მოუსწრია და საცვლის ამარა დარჩენილა. ამის დანახვაზე ხალხს სიცილი დაუწყია – „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ „თუბანი“ ოსმალურად ქვედა საცვალს ეწოდება და თითქოს სწორედ აქედან მოდისო დაბის სახელწოდება.

აბასთუმანი

ისტორიული წყაროების თანახმად, 1869 წელს კავკასიაში თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველო დაარსებულა, ხოლო 1871 წელს მის უფროსად დაუნიშნავთ გერმანელი ექიმი ადოლფ რემერტი. სწორედ მას დაექვემდებარა ამიერკავკასიის მინერალური წყლები. იყო დრო, როცა აბასთუმანში თითქმის ყველაფერი – ჩანჩქერი, ხიდი, შადრევანი, დასასვენებელი პარკი რემერტის ეკუთვნოდა. 1892 წელს კურორტი რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ შეისყიდა. სწორედ აქედან იწყება რომანოვების ხანა დაბაში. აი, რას იხსენებს თინა ნათელაშვილი გიორგი რომანოვზე:

„გიორგი რომანოვი გართობისა და დროსტარების დიდი მოყვარული ყოფილა. საკუთარი გემი ჰქონია და დასეირნობდა თურმე აქეთ-იქით. ჩასულა ინდოეთში და თავი უგრძვნია ძალიან ცუდად. დაუდგენიათ ტუბერკულოზი. ამ დროს დაემთხვა ისე, რომ ექიმი ადოლფ რემერტი ბევრს მოგზაურობდა და ცდილობდა აბასთუმნის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას. სწორედ მისი მეშვეობით გაიგეს რომანოვებმა აბასთუმნის შესახებ. ჩამოსულა დაბაში გიორგი რომანოვი და ჩამოუტანია იქაური ცხოვრების წესი. ჯერ ბინა ჰქონია ნაქირავები, შემდეგ კი ორი ულამაზესი სასახლე აუშენეს – საზაფხულო და საზამთრო.

იმდენად მოწონებია აქ, აბასთუმნიდან წასვლას არ აპირებდა. ცხენით ჯირითი ჰყვარებია ძალიან, მოაჯდებოდა ცხენს თურმე და დაჯირითობდა ამ თავიდან იმ თავში. მერე ველოსიპედი უჩუქებია მისთვის დედას და ჩამოუყვანია აბასთუმანში. კარგად ვერ ატარებდაო, მაგრამ მაინც არ ერიდებოდა, სიფრთხილეს არ იჩენდა. 1899 წლის ზაფხულის ერთ დილას ტრადიციულად ამდგარა, წასულა ამ ველოსიპედით და ზეკარისკენ მიმავალ გზაზე კლდეს შეჯახებია. ნეკნები გაუტყდა და ფილტვებში შეესოო – ამბობდნენ.

იმ გზაზე ყოველ დილით ერთი მერძევე ქალი დადიოდა, ანა დასაევა ერქვა ამ ქალს. იალაღებიდან რძე, მაწონი და ყველი მოჰქონდა ხოლმე ურიკით, ის წადგომია თავზე გიორგის. გადმოუყრია ამ ხის ურიკიდან ყველაფერი, უფლისწული ასეთ დღეში რომ უნახავს და სულ სირბილ-სირბილით ჩამოუყვანია დაბა აბასთუმანში. ძალიან ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი უშველეს, გიორგი რომანოვი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ ადგილას, სადაც გიორგი კლდეს შეეჯახა, რომანოვებმა თეთრი მარმარილოს ობელისკი დადგეს, ხოლო მერძევე ქალს, რომელმაც გიორგის გადარჩენა სცადა, როშაში (დასახლებაა აქვე) აუშენეს ულამაზესი ყვითელი სახლი. კომუნისტები რომ მოვიდნენ, გიორგი რომანოვის ობელისკი დაანგრიეს და ის დღეს მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

როგორც ამბობენ, აბასთუმანი ადრე მდიდარი ხალხის კურორტი ყოფილა. მართალია, ახლა დაბაში რუსული სტილით ნაგები, მდიდრული სახლების მხოლოდ აჩრდილებია დარჩენილი, მაგრამ სტილი მაინც იგრძნობა. „აქ დაჩა იყოო, აი, ეს სასტუმრო კი ბენარის ბეგის ფეიზულა ხანის მიერაა აშენებული 1883 წელსო,“ – გვეუბნება თინა ნათელაშვილი და აბასთუმანში გიდობას გვიწევს.

საბჭოთა პერიოდში აბასთუმანში სანატორიუმები იყო, სადაც ტუბერკულოზის და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობდნენ. აბასთუმნის ყველაზე ცნობილი პაციენტები პოეტი ლადო ასათიანი და კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი იყვნენ.

მოგვიანებით, მათი გარდაცვალების შემდეგ, ის პალატები, სადაც ისინი იყვნენ მოთავსებულნი, ერთგვარ მუზეუმად იქცა. თუმცა 90-იან წლებში ეს „მუზეუმებიც“ განადგურდა.

ტუბერკულოზით დაავადებული ზაქარია ფალიაშვილი ერთი წელი ცხოვრობდა რომანოვების ყოფილ სახლში. იმ პერიოდში კომპოზიტორი შეყვარებული ყოფილა ერთ მომღერალზე. ამბობენ, ფალიაშვილმა აბასთუმანში დაწერა ოპერა „დაისი“ და პირველად მარიას არია სწორედ აბასთუმანში აჟღერდაო.

აბასთუმანში ადრე ხუთი ადგილი ყოფილა, საიდანაც თერმული წყალი ამოდიოდა, დღეს კი მხოლოდ სამი წყაროა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორი წერტილი მიწისძვრის დროს დაიკარგა. თითოეულ გოგირდის აბანოს თავისი სახელი აქვს – გოლიათის წყალი, გველის წყალი და სურავანდის, რომელსაც ადგილობრივები მუნის აბანოსაც უწოდებენ. გოგირდოვანი წყლის ბუნებრივი აბანოებით სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ.

მიუხედავად იმისა, რომ აბასთუმნელები მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად მიიჩნევენ აბასთუმანს, აქ ინფრასტრუქტურა მოძველებული და მოსაწესრიგებელია. რომანოვების მიერ აშენებული სახლები და სასახლეები დიდი ხანია რეკონსტრუქციას საჭიროებს. აბასთუმნის ცნობილი გოგირდის აბანოები კი, ძირითადად, უფუნქციოდ არის დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ზაფხულობით სხვა ქალაქებიდან ჩასულ დამსვენებლებს.

გირჩის მურაბა

#ძალა ევროპაშია – ღონისძიება კამპანიის ფარგლებში ბათუმში 7 მაისს გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 7 მაისს, 19 საათზე, კამპანიის- #ძალაევროპაშია ფარგლებში ღონისძიებას გამართავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  გამომცემლები: ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი, მომღერალი სოფო ხალვაში და ბათუმის ნობელების მუზეუმის მმართველი, თამარ ორაგველიძე.

თემატური დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც გამოფენილი იქნება თემატური სტენდი ფოტოსესიისთვის, ეკრანზე აჩვენებენ  პროექციას ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად განხორციელებულ აქტივობებზე, ასევე, ძველი ბათუმის ევროპული წარსულის ამსახველ ფოტოებს.

ბათუმელი სტრიტარტისტი იოსებ ჯორბენაძე საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის დახატავს, მისი ნამუშევარი საქართველოს ევროინტეგრაციას მიეძღვნება.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის ეთნიკური მრავალფეროვნების აღსანიშნავად ეროვნულ სიმღერებსა და ცეკვებს შეასრულებენ სხვადასხვა დიასპორის   წარმომადგენლები, საღამო კი დასრულდება მუსიკოსებისა და შემსრულებლების: პაატა ძიძიგურის, სოფო ხალვაშისა და ირაკლი ფაღავას კომპოზიციებით.

ღონისძიება გაიმართება მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“, მემედ აბაშიძის 60 ნომერში. დასწრება თავისუფალია.

ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

4 მაისს ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გამართა დისკუსია თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“. გთავაზობთ ზვიად ქორიძის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას.

ზვიად ქორიძე: ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები, გვაქვს განსხვავებული ხედვა ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა არის უცვლელი. ეს არის პრობლემა, რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ თქვენთან მესაუბრა.

ამ 27 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ ვხედავთ ჩვენი განვითარების რამდენიმე ფაზას; პირველი ფაზა უფროსი ასაკის ადამიანებს გახსოვთ ალბათ, ახალი პოლიტიკური ძალა რომ მოვიდა კომუნისტური რეჟიმის დარღვევის დროს, ე.წ. ეროვნული მოძრაობა, მან საზოგადოებას შესთავაზა ეთნონაციონალური ლოზუნგი – საქართველო ქართველებისთვის. პირველად ვინ თქვა ეს, ვერავინ გეტყვით, მაგრამ ეს იყო ლოზუნგი, რომელიც ყველამ მიიღო და აიტაცა. გაჩნდა ასეთი მიდგომა: რაკი ახლა ჩვენს ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, საქართველოში ქართველების გარდა სხვა არ უნდა იყოს.

თბილისში იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც 24 საათი მისცეს ოსებს, რომ დაეტოვებინათ ქალაქი. მათ სახლებს პირდაპირ წითელი ჯვრები დაუსვეს. მათ დატოვეს სახლები და წავიდნენ. როდესაც ხედავ, რომ ასეთი ეთნონაციონალისტური მიდგომა არის, თავისთავად კითხვა უნდა გაგიჩნდეს, ამან ხომ არ შეიძლება გააჩინოს ქართულ-ოსური დაპირისპირება, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების თემა იქნება?!

არც ზვიად გამსახურდია, არც გია ჭანტურია და არც ირაკლი წერეთელი პირადად არ დადიოდნენ და თავად არ სვამდნენ ჯვრებს სახლებზე. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობდნენ, შეიძლება საერთო სამეურნეო საქმიანობაც ჰქონდათ, ერთადაც მუშაობდნენ, მაგრამ ამ ეთნონაციონალისტურმა ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი კონკრეტული ეთნოსების წინააღმდეგ.

ამ ლოზუნგის გამო არ განხორციელდა რესტიტუცია, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თემა. საბჭოთა კავშირის დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ძალიან ბევრს ჰქონდა, თბილისში გაჩნდა თემა – რესტიტუცია რომ აღვადგინოთ, რა ქონებას დაიბრუნებენ სომხები? ამიტომ არ გააკეთეს რესტიტუცია. მე არ ვყვები ზღაპრებს, ეს ხდებოდა 90-იანი წლების საქართველოში. ამან გამოიწვია არმენოფობიური განწყობები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმა. ჩვენ იმაზე კი არ შევთანხმდით, რომ მულტიკულტურული საზოგადოება ვიყავით ყოველთვის და ამიტომ ვიყავით ძლიერი. ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, რომ უნდა გავხდეთ მონოკულტურული საზოგადოება და აი, მანდ გაგვიჩნდა სერიოზული პრობლემა, რაც დღემდე გვიტოვებს გამოუვალობის განცდას.

ძალიან ცნობილმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დაწერა „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ პერიოდში პოპულარულ გაზეთში, სტატია აფხაზებზე. მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე დამანგრეველი სტატია, რაც გაჩნდა ქართულ რეალობაში. მან პირდაპირ მოიხსენია აფხაზი ხალხი, როგორც მთიდან, კავკასიიდან ჩამოსული ტომი. ქართველს არ ჰქონია მოძრაობის ტრაექტორია? რა თქმა უნდა, ქართველიც დადიოდა, როგორც სომეხი, თურქი, ბერძენი, მაგრამ აი, ეს შეძახილი ძალიან პოპულარული გახდა პოლიტიკოსებისთვის.

ზვიად გამსახურდია და მარიკა ლორთქიფანიძე ერთმანეთს აგინებდნენ. ზვიად გამსახურდია ეძახდა მარიკა ლორთქიფანიძეს წითელ პროფესორს, მარიკა ლორთქიფანიძე ზვიად გამსახურდიას – ფაშისტს. ამ დროს ორივემ ძალიან კარგად აიტაცა ანტიაფხაზური განწყობა. გამოვიდა მიტინგზე ზვიად გამსახურდია – ხალხო, არავინ არ მოგატყუოთ, აფხაზი ერი არ არსებობსო. ეს რით განსხვავდება მარიკა ლორთქიფანიძის წერილისგან?! არაფრით. ჩვენ დავიწყეთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და აღმოვჩნდით ერთ ომში ოსებთან, მეორე ომში – აფხაზებთან.  სახელმწიფოს შენება არ უნდა დაიწყო ომით, უნდა დაიწყო თანხმობით. ჩვენ აღმოვჩნდით ომში და წავაგეთ ორივე ომი.

გადავწყვიტეთ, რომ თავი დაგვენებებინა ეთნოომებისთვის და მივიღეთ შემდეგი ვითარება: სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არ ჰქონდა მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ის მოვიდა შეიარაღებული გადატრიალების გზით, მისი ლეგიტიმაცია იყო ძალიან სუსტი.

მეორე მხრივ იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიტინგები, სადაც დადიოდნენ ილია მეორეს სურათით, რომლებზეც იყო წითელი ჯვრები გადახაზული. ილია მეორეს მაშინ ხალხი არ პატიობდა, რომ მან არ გამოუცხადა სოლიდარობა კანონიერად არჩეულ გამსახურდიას. წარმოიდგინეთ, არის შევარდნაძის მმართველობა და არის ილია მეორის მმართველობა. პოლიტიკურმა ძალამ შესთავაზა ეკლესიას, რომ ისინი მათ აღიარებდნენ მთავარ რელიგიურ ძალად  და ილია მეორემ უთხრა, რომ ეკლესია მათ აღიარებდა მთავარ პოლიტიკურ ხელისუფლებად.

ამ შეთანხმებით დაიწყო პროცესი, რომელსაც დავარქმევდი რელიგიური ნაციონალიზმის ეტაპს. საქართველოში დაიწყო იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც ჰქონდათ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები. მანამდე არავის აწუხებდა საქართველოში, თუ რა რელიგიის იყო ადამიანი. ყველაზე სუსტი რგოლი, რომელზეც მოისინჯა რელიგიური ნაციონალიზმი, იყვნენ იეჰოვას მოწმეები. საზოგადოებაში გაჩნდა შეხედულება, რომ თუ არ საუბრობდი როგორც მართლმადიდებელი, ესე იგი იყავი იეჰოველი.

შეხვედრა ბათუმში

სხვათა შორის, გამსახურდიას დროს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მიიღო ფაქტი, როდესაც ილია მეორე ჩავიდა ბათუმში, გააღო კათოლიკური ეკლესია და თქვა, რომ დღეიდან ეს იქნება მართლმადიდებლური ეკლესია. რატომ? პასუხი მარტივია, რომ არ არის ბათუმში კათოლიკური თემი დიდი, პატარა თემია და იმათ ეყოფათ, რაც ასლან აბაშიძემ აუშენა. უკაცრავად, მაგრამ შენი რომ არ არის, არ უნდა აიღო, უპატრონოც რომ იყოს. სასამართლოში ამის გამო ისჯებიან ადამიანები. შენი არ არის და რატომ იღებ?! იღებ იმიტომ, რომ წაშალო კვალი, მათი წარმომავლობის კვალი. ბათუმისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის კათოლიკური თემი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

თბილისში ექვს ეკლესიაზე, ისტორიკოსების რწმუნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ აშენებული. 2018 წელია და დღემდე სადავოა ეს საკითხი. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულმა საზოგადოება თქვას, რომ ეს ეკლესიები არის სომხური სამოციქულო. ეს ეკლესიები თუ დაუბრუნდა სომხებს, გამოდის, რომ ქართველები ეთნონაციონალურად წავაგებთ. აი, ეს განწყობაა ახლა.

2002 წელს საქართველოს დადო საკონსტიტუციო  შეთანხმება, რითაც საქართველოს ეკლესიებს მისცა განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეკლესია არ იხდის გადასახადებს – სახელმწიფო ყოველწლიურად უხდის გადასახადს. ამ საკონსტიტუციო შეთანხმებით გაფორმდა ახალი ფილოსოფია – თუ ქართველი ხარ, უნდა იყო მართლმადიდებელი, თუ მართლმადიდებელი არ ხარ, აბა რისი ქართველი ხარ.

…რელიგიური ნაციონალიზმი უკვე მოითხოვდა განვითარებას და ეს განვითარება დაიწყო 2000-იანის წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც ახალი „ხიფათი“ დაგვანახეს. ახალი ხიფათი აღმოჩნდა დასავლეთი, დასავლეთი ჩვენ გვართმევს ქართველობას, გვართმევს მართლმადიდებლობას. თითქოს მართლმადიდებლობას ებრძვის სოროსი, ყველა ამერიკელი, ევროპელი, თუმცა ევროპულ სივრცეში არის ბევრი მართლმადიდებლური ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი…

რა არის დასავლეთი?! ეს არის ადამიანის უფლებები, საკუთრების თავისუფლების უფლების პრინციპი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი თანასწორობის.

როდესაც ვართ თანასწორები, უკვე ადვილია კონკურენცია, კონკურენცია ბიზნესში, განათლებაში, პოლიტიკაში, ჯანდაცვაში და ა.შ.  დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საშინელებაა თანასწორობის პრინციპი, როგორ შეიძლება ადამიანები იყვნენ თანასწორები, ანსხვავებენ ადამიანებს რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი სოფლიდან გაასვენეს 18 წლის გოგონა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის იყო. ჩვენ ის თვალითაც კი არ გვყავდა ნანახი. დაკრძალვის დროს სიჩუმე იყო იმ ეზოში, თითქოს დიდი სირცხვილი მოიშორეს თავიდან.

დღემდეა ეს განწყობები. მეტსაც გეტყვით, დღემდე ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდება იმას, რომ უნდა იყოს შესაბამისად ადაპტირებული გარემო. გამოდის ჯანდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ საავადმყოფოები და აფთიაქები არის ადაპტირებული. რაკი ვარ შშმ პირი, ჩემი წასასვლელი მხოლოდ საავადმყოფო და აფთიაქია?! არ შემიძლია, რომ წავიდე რესტორანში? აი, ეს არის თანასწორობის განცდა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია.

მეორე ამბავი ასეთი: იყვნენ ეს გეები და ლესბოსელები, მაგრამ მხოლოდ სახლში. სამსახურში არ იყვნენ, ჩვენს გვერდით არ იყვნენ, ნუ გვეხებიან, იყვნენ, ოღონდ სახლში. ილოცოს ბათუმში მუსლიმმა, ოღონდ არ დამანახო მეჩეთი, სახლში ილოცოს. ეს არის ის განწყობები, რის გამოც ვერ ვვითარდებით.

ამ პრინციპებზე გაერთიანებული საქართველო არის ფაშისტური საქართველო, რომელიც მე არ მინდა და მგონია, რომ არც არავის არ უნდა. ფაშისტური საქართველო ყველა სიკეთესთან ერთად არის ჩაკეტილი საქართველო, იზოლირებული საქართველო.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენს გვიჭირს ხმამაღლა ვისაუბროთ პრობლემებზე. ქართველები არ საუბრობენ ამ თემაზე, მით უმეტეს არაჰეტორო, არამართლმადიდებელი, არაქართველი ვერ ისაუბრებს ამ თემებზე, რადგან მასაც ჩრდილში ურჩევნია ყოფნა.

ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა როგორც დევნილი საქართველოში, უნდა მივიღო როგორც დევნილი. თუ ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ საქართველოში უნდა ცხოვრება, მე ის უნდა მივიღო, როგორც ქვეყნის მოქალაქე. თუ ჩამოვიდა ბიზნესის გასაკეთებლად, უნდა მივიღო როგორც ბიზნესმენი; თუ უცხოელი ჩამოვიდა ქურდობისთვის, ის უნდა მივიღო ისე, როგორც ქურდი და როგორც ვსჯი ქურდს საქართველოში, ისიც ისე უნდა დავსაჯო. ვინმე იტყვის, რომ აქ ირანელმა ან თურქმა იქურდა და არ დაისაჯა?!

თბილისში „ქართულმა მარშმა“ აღმაშენებელზე მოაწყო დიდი აქცია. აქციის წინა საღამოს ვიყავი თურქულ კაფეში, მითხრეს, რომ ხვალ უნდა დაეკეტათ კაფე, რადგან „ქართული მარში“ აწყობდა გამოსვლას. მენეჯერმა მითხრა, რომ მასთან იყო პოლიციის განყოფილების უფროსი და როგორც მეგობარს, ისე ურჩია კაფის დახურვა, საღამოს ექვსი საათიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ იცავს კერძო პირის საკუთრებას. საკუთრება არის ხელუხლებელი, ვისიც არ უნდა იყოს, ქართველის, სომხის, აზერბაიჯანელის თუ ბანგლადეშელის. მაგრამ შენ თუ მეტყვი, რომ ჩემს საკუთრებას მე დავიცავ და ბანგლადეშელის კანის ფერი არ მომწონს, ან მისი გამოხედვა, მეტიც, რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს და რაც ფაშიზმის ყველაზე მძლავრი ინდიკატორია, ეს არის როცა ვამბობთ, რომ აქვთ სპეციფიკური სუნი.

სწორედ ეს არის ფაშიზმი. ჰიტლერმა რით გაანადგურა ჯერ ბოშა, მერე პოლონელი და შემდეგ ებრაელი ხალხი?! მან გერმანელი ხალხი დააჯერა, რომ მათ ჰქონდათ სპეციფიკური სუნი. ეს ყველაზე მძაფრი რეცეპტორია ფაშიზმის და ეს გვესმის ყოველდღიურად.

მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სეგრეგაციის. ჩემთვის არ არსებობს ეთნიკური უმცირესობები, ჩემთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. მე არ მაინტერესებს ვინ არის რელიგიური უმცირესობა და ვინ – უმრავლესობა. ვერავინ ვერ გაიგებს მე სად და როგორ ვლოცულობ, კამერების თვალწინ სანთელს არასდროს დავიჭერ ხელში, ეს არ არის საზოგადოების საქმე, რადგან ეს არის პერსონალური სივრცე. სეგრეგაცია არის ძალიან ცუდი, რადგან ყველა სეგრერირებული ჯგუფი იწყებს მტკიცებას, რომ ისინი არიან ლოიალურები. ვუმტკიცებთ სხვებს, თუ როგორ გვიყვარს საქართველო. რატომ ვამტკიცებინებთ ამას ადამიანებს?!

საქართველოში არის ასეთი მიდგომა, რომ თუ ადამიანი საუბრობს განათლებაზე ის აუცილებლად უნდა იყოს ქართველი, მართლმადიდებელი და ჰეტეროსექსუალი. ლგბტ წარმომადგენლებს თითქოს არ ეხებოდეთ განათლების, ჯანდაცვის პრობლემები, ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, კულტურის პრობლემა, თითქოს მათი პრობლემაა ისაუბრონ მხოლოდ საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე.

__________

ქვეყნდება შემოკლებით. დისკუსია გაიმართა პროექტის – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

სიმსივნის სამკურნალო საშუალება ტაქსოტერი მწარმოებელმა ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებსა და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, შეწყვიტონ სამკურნალო საშუალება „ტაქსოტერის“ გაყიდვა და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან.

ინფორმაცია „ტაქსოტერის“ ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ 4 მაისით თარიღდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოში შევიდა კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ის შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტი – ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) 20 მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი N1, მწარმოებელი: „Sanofi-Aventis Deutschland GmbH“ გერმანია, სახელმწიფო რეგისტრაციის №რ-014875; სერია – 7F307A, 7F307C; ვარგისობის ვადა 01. 2019 წელი.

პანდუსი, როგორც ფასადური ადაპტირება

ეს „პანდუსი“ ხულოში, სოფელ ვაშლოვნის მრავალფუნქციურ შენობაზეა დამონტაჟებული. აქ ვაშლოვნის თემის ადმინისტრაციული ოფისი, სამედიცინო პუნქტი და სოფლის კლუბია განთავსებული. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ პანდუსი უფუნქციოა, ეტლით მოსარგებლე აქ ასვლას ვერ შეძლებს.

უსარგებლო პანდუსი. ეკა ბარამიძის ფოტო
უსარგებლო პანდუსი. ეკა ბარამიძის ფოტო
უსარგებლო პანდუსი. ეკა ბარამიძის ფოტო

საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს პანდუსების მოწყობას საქართველოს მთავრობის 2014 წელს მიღებული დადგენილება ავალდებულებს, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ ყველა საზოგადოებრივ შენობა­-ნაგებობაში თავისუფლად მოხვედრის საშუალება. ამავე დადგენილებაშია გაწერილი მოთხოვნები, რასაც პანდუსი უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილების მიღებიდან მოკლე ხანში საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე პანდუსები გამოჩნდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ორი რელსია, რომლებსაც არც საჭირო დახრილობა აქვთ და ეტლით მოსარგებლისათვის გამოუსადეგარი და მეტიც, საფრთხის შემცველიც არის.

_______________

ამავე თემაზე: 

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

„არ ქონას ეს არ ჯობია?“ – უსარგებლო პანდუსი

 

ქართველი მეზღვაური ლიბიაში თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ სახლში დაბრუნდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, საქართველოში დაბრუნდა.

სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობის ბრალდებით. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ  მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის ეკიპაჟში იყო. ის ტანკერზე მზარეულად მუშაობდა.

2018 წლის 29 აპრილს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ამჟამად ლიბიის ციხეში პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე – გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე, რომლებიც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გასულ წელს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისს არის ჩანიშნული.

სამი კვირის წინ ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ დაბრუნდა ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბაც.

მთავარი ფოტო: შეხვედრა ოჯახთან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფოტო

__________________

ამავე თემაზე: 

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე 

 

გაზაფხულის ხანმოკლე წვიმის სეზონი დაიწყო – ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 5  – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე ამჟამად 15, 5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ელჭექი და ხანმოკლე წვიმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით კი, სადაც უფრო გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი ქვეყნდება, ბათუმში ხანმოკლე წვიმა მთელი კვირის მანძილზეა მოსალოდნელი.

 

რა პრობლემები აქვთ სოფელ ვაშლოვანში – შეხვედრა ჟურნალისტებთან

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მერვე შეხვედრა 5 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში გაიმართა, სადაც მოსახლეობას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები შეხვდნენ.

მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენი გადაცემის პრიორიტეტია ხალხი, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აწუხებთ. პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ბაღის ბავშვიდან დაწყებული, უხუცესი ადამიანებით დამთავრებული, მაგალითად: ქუჩები – რომლებსაც არა აქვს ჯებირები, ზებრა გადასასვლელები,  სკოლის პრობლემები,  ბიბლიოთეკები, სპორტული მოედნები და ა.შ. დღემდე ვაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას და ვცდილობთ თანაქალაქელების პრობლემები სხვადასხვა ფორმით გაშუქდეს. ეს ფორმა შეიძლება იყოს  ინტერვიუ ერთ კონკრეტულ ადამიანთან ან  გამოკითხვა, რომელსაც ხშირად ვატარებთ. ახალ წელს ვიყავით ხულოში, გვაინტერესებდა როგორი საახალწლო განწყობა იყო და რის გაკეთებას ისურვებდით. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და რისი ძალაც გვაქვს. თუმცა ყველაფერი უშედეგო იქნება, თუკი თქვენ არ გამოიჩენთ ინიციატივას და არ ისაუბრებთ.

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების“ კორესპონდენტი: რეგიონში მომხდარ ყველა ამბავს ვაშუქებთ.  ჩვენი მიზანია ინფორმაცია ობიექტურად მოგაწოდოთ. გვინდა, რომ თქვენი პრობლემები მივიტანოთ საზოგადოებამდე, ხელისუფლებამდე.  ზოგადად, სოფლებში ხშირად გვსმენია საყვედური მედიის მიმართ, რომ მედია არ აშუქებს რაღაც კონკრეტულ პრობლემას. თუმცა, მედია აშუქებს ყველაფერს, რაც ჩვენთვის ცნობილია. თუ თქვენ არ მოგვაწვდით ინფორმაციას  პრობლემების შესახებ,  ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ყველაფრის გაგება.  მზად ვართ მოგისმინოთ, ყველა პრობლემა ჩავინიშნოთ, გავაშუქოთ და ხელისუფლების რეაგირებას დაველოდოთ.

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. მოსახლეობის განცხადებით, „შუახევიჰესის“ გვირაბის მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა სარწყავი და სასმელი წყლის რაოდენობა, რის გამოც მაისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით, ისინი წყლით ვერ სარგებლობენ. მოსახლეობის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

კახა  რიჟვაძე: წყალი არ არის, რომ მწვანილი მოიყვანო. სოფელში ვცხოვრობთ და შარშან არ მოგვიყვანია კიტრი, პომიდორი… იმიტომ კი არა, რომ მუშაობა გვეზარება, არ გვეზარება, წყალი არ გვაქვს.

მაგდა მარუაშვილი: შეგიძლიათ თქვენს სახლებში მანახოთ ის ჭა, საიდანაც წყალს იმარაგებთ? რომ ეს ყველაფერი უფრო ხელშესახები გახდეს, მხოლოდ ზეპირი საუბარი არ იყოს და  ფაქტები მქონდეს, თუ როგორ ეზიდებით წყალს და რა სახის პრობლემა გაქვთ.

ზურაბ რიჟვაძე: დაახლოებით ერთ თვეში ამობრძანდით და ნახავთ მდინარეებიდან ვედროებით როგორ  ვეზიდებით წყალს.  დღეს მოდის წყალი, მაგრამ ერთ თვეში უკვე აღარ იქნება. ეს გრძელდება მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე.

კახა რიჟვაძე:  ყველამ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებში ყველამ 100 %-ით გაიზარდა ხელფასები. თუ იღებდნენ 400 ლარს, ახლა 800 ლარს იღებენ. ჩვენც საჯარო მოხელეებს წარმოვადგენთ და ჩვენ რატომ არ გაგვიზარდეს ხელფასები და მიზერულ თანხაზე გვამუშავებენ? მე ბაგა-ბაღების გაერთიანებას წარმოვადგენ.

ეკა ბარამიძე: ადგილობრივ მოსახლეობას ხომ გაქვთ უფლება, ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოთ?

კახა რიჟვაძე: ოფიციალურად მიმართავ და გეტყვიან, თუ არ გაკმაყოფილებს 150 ლარი, მაშინ წადი სამსახურიდანო. ბევრისთვის 150 ლარი მნიშვნელოვანია.

მაგდა მარუაშვილი: აბიტურიენტები მაინტერესებს. თუ მომეცემა საშუალება, რომ მათ შევხვდე და ვესაუბრო? მაგალითად, ქედაში ვიყავი და იქ ერთ-ერთი ბავშვი ბათუმში დადის, რათა სხვადასხვა საგანში მოემზადოს გამოცდებისთვის.

შეხვედრა სოფელ ქვედა ვაშლოვანში

კახა რიჟვაძე: მასწავლებლებს 800-1000 ლარი აქვთ ხელფასი და რატომ უნდა იარონ ბავშვებმა  რეპეტიტორთან?  ეს რეპეტიტორები ხომ ისევ ამ ბავშვებს ასწავლიან სკოლაში და გამოდის, რომ სათანადოდ ვერ ასწავლიან.  ადრე ერთ კლასში 30-40 ბავშვი სწავლობდა, დღეს ერთ კლასში 5 მოსწავლეა და ამ 5 ბავშვს ვეღარ უნდა მიხედოს მასწავლებელმა?

ეკა ბარამიძე: საინტერესოა, სასწავლებლად ვინც მიდის, უკან თუ ბრუნდებიან? ბევრი სტუდენტი და კურსდამთავრებული მინახავს, რომლებმაც სამუშაო  ბათუმში იპოვეს და სოფელში აღარ დაბრუნდნენ. აქ რა ვითარებაა ამ მხრივ?

მაგდა მარუაშვილი: იცნობთ ვინმე ისეთს, ვინც ისწავლა, შემდეგ დაბრუნდა და აქ მუშაობს?

მსმენელი: აქედან ვინც მიდიან, ოჯახიც მიჰყავთ და ისე მიდიან.

როლანდ აბულაძე:  სამეურნეო საქმიანობით ოჯახს ვერ არჩენ, ესაა დიდი პრობლემა და მეორე ის, რომ სამუშაო ადგილები არ არის.

ადგილობრივების  მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის ასევე გამოიყო ინტერნეტის დაფარვის ზონის სიმცირე, რის გამოც მის გამოყენებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, სოფელში წუხან ბავშვთა დაზიანებული სათამაშო მოედნის გამო, რომლის მოწესრიგებაც მოსახლეობამ ითხოვა, თუმცა მათი თხოვნა დღემდე არ გაუთვალისწინებიათ.

_________________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

სახიფათო ატრაქციონი საბავშვო ბაღის ეზოში [ფოტოამბავი]

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, სკოლისა და საბავშო ბაღის მიმდებარედ საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდანაა გამოსული და საშიშია ბავშვებისათვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ატრაქციონი სამი წლის წინ გაკეთდა და უკვე ორი წელია ასეთ მდგომარეობაშია.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

ეკა ბარამიძის ფოტო

შპრიცები ბათუმის სანაპიროზე – ფოტოამბავი

ეს ფოტოები ბათუმელმა ლევან სამსონაძემ 4 მაისს გადაიღო ბათუმში, თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან, პლაჟზე. ლევანი ამბობს, რომ რამდენიმე წელია პლაჟზე და, ზოგადად, ქალაქში, დანაგვიანებულ ადგილებს საკუთარი ინიციატივით ალაგებს, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ – მეგობრებთან ერთად. ეს შპრიცებიც საკუთარი „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მოაგროვა და ფოტოები გადაუღო.

ლევან სამსონაძის ფოტო
ლევან სამსონაძის ფოტო

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზოგიერთი შპრიცი უფრო ძველია, ზოგი – ახალი. თავზე მე დავახურე, რომ ხელი არ დამეზიანებინა. დღესაც რომ გახვიდეთ, ბევრს ნახავთ. სანდასუფთავებიდან დამიკავშირდნენ, სად არისო, დიდი ძებნა ამას არ სჭირდება. არაფერი განსაკუთრებული არ არის საკუთარი ქალაქის დალაგებაში, მე არ ვამბობ, რომ „სანდასუფთავება“ არაფერს აკეთებს, უბრალოდ, ეს ყველას ვალია და ამაში საგმირო არაფერია“, – ამბობს ლევანი.

თავდაუხურავი, გამოყენებული შპრიცი გარემოში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. შპრიცის ჩხვლეტა შეიძლება აივ/შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა ინფექციური დაავადების მიზეზიც კი გახდეს.

 

 

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებული მოჭიდავეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებულ სამ მოჭიდავეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

“ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს გუშინ, 4 მაისს, წაუყენეს ბრალი. 

“ისინი პირველივე დაძახებაზე მოვიდნენ და მისცეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება, მაგრამ გირაოს შეფარდება მაინც აუცილებელია, რომ მათ არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, ან არ მიიმალონ”, – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

შემთხვევა 24 მარტს მოხდა. აეროპორტის გზატკეცილზე პანაშვიდზე მისულ ჯელალ ქიქავას და მის ორ მეგობარს სცემეს. ჯელალ ქიქავამ მაშინ საჯაროდ თქვა, რომ მოჭიდავეებმა მას პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რადგან ქიქავამ ვახტანგაძე არაერთხელ მოიხსენია, როგორც “ზონდერი”.

“მუხრან ვახტანგაძე არაფერ შუაშია, გამორიცხულია ეს,” – უთხრეს მოჭიდავეებმა “ბათუმელებს”.

“ჩვენ ჯელალ ქიქავას არ ვიცნობდით, მაგრამ ცნობილი იყო მისი განცხადებები, რასაც მოჭიდავეებზე ამბობდა. პანაშვიდზე რომ დავინახეთ, ვკითხე, რას გვერჩი-მეთქი. აგდებულად გვიპასუხა. შევლაპარაკდით და შემდეგ მოხდა ეს,” – გვითხრა ბრალდებულმა ზურაბ კეკელიძემ.

მოჭიდავეებმა საუბარი მაშინვე შეწყვიტეს, როცა მათ ადვოკატმა, რამაზ ჯორბენაძემ გაჩუმება ურჩია.

სამივე ბრალდებული ოზურგეთიდანაა. ტარიელ კეკელიძეს სასამართლომ 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მირზა ვანაძესა და ზურაბ კეკელიძეს – 2 ათასი ლარი.

ბრალდებულებს გამოძიება ედავება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ჯელალ ქიქავა სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.


ჯეჯალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებს ბათუმში, 24 მარტს დაესხნენ თავს. თავად ჯემალ ქიქავა ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს და უშუალოდ თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ასევე ცნობილი მოჭიდავე, გოდერძი დავითაძე იყო.

გოდერძი დავითაძემ „ბათუმელებთან“ ქიქავას ცემასთან კავშირი კატეგორიულად უარყო: „რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას“ – განაცხადა მან.

შსს: შეიარაღებული კაცი ვალუტის პუნქტს აყაჩაღებდა, მისი შეჩერება მეზობლებმა სცადეს

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული 30 წლის კაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ, 4 მაისს, ბათუმში, „სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული გ.მ. წარსულში ნასამართლევია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღეს მომხდარი ავარიის ხუთივე მსხვერპლი კაცია – ფოტო ავარიის ადგილიდან

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალ გზაზე, „ღვინის სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი არიან. ყველა გარდაცვლილი კაცია, მათ შორის მამა-შვილი. 
ავარია. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
თამარ ნერგაძის ფოტო
თამარ ნერგაძის ფოტო
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ.
შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე, ხელვაჩაურიდან ქედისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. აქ მოძრაობა ჯერ კიდევ შეფერხებულია. მსუბუქი ავტომობილებისა საცობში აღმოჩნდა ტურისტების ჯგუფების ავტობუსები.
პოლიცია არ აზუსტებს ზუსტად როდის გაიხსნება გზა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საცობი გზაზე. თამარ ნერგაძის ფოტო
ტურისტების ჯგუფი გზის გახსნას ელოდება. თამარ ნერგაძის ფოტო
თამარ ნერგაძის ფოტო

ავარია ქედაში – დაიღუპა ხუთი ადამიანი

დღეს, 5 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიას ხუთი სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

“ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

“დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა ავარია. ათი წუთის მომხდარი იყო შემთხვევა, მე რომ გავიარე. დიდ, კარიერზე რომ მუშაობენ, ისეთ მანქანაზე იყო შეჯახებული ძველი მერსედერსი. თქვეს, რომ მანქანაში ყველა გარდაცვილი იყო. არ უთქვამთ, რომ მანქანაში ბავშვები იყვნენ და არც მე დამინახავს. სწორი ადგილია იქ, გზა საშიში არ არის”, –  ამბობს თვითმხილველი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

მახინჯაურიდან ხე ბიძინა ივანიშვილისთვის ზღვით გადააქვთ [ფოტო]

დღეს, 5 მაისს, დილით, მახინჯაურის სანაპიროზე კიდევ ერთი მცურავი ხე გამოჩნდა. გიგანტური ხე ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ხე ზღვაში.თეონა შაქარაძის ფოტო
ხე ზღვაში. თეონა შაქარაძის ფოტო

რომელი ცხოველის ხასიათი გაქვთ? [გასართობი ტესტი]

სიმამაცე, ამტანობა, სიბრძნე, გონიერება და ყურადღება ადამიანების მსგავსად ცხოველებსაც ახასიათებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ ცხოველს აქვს ხასიათის ისეთივე თვისებები, რაც ადამიანებსაც გვახასიათებს.

წყარო: Playbuzz
Exit mobile version