სიახლეები

როგორი იქნება კულტურის ათწლიანი სტრატეგია

28.02.2015 • 1733
როგორი იქნება კულტურის ათწლიანი სტრატეგია




ბატონო ლევან, რას შეცვლის კულტურის ათწლიანი სტრატეგია ქვეყანაში და როგორი იქნება დოკუმენტზე მუშაობის პროცესი?

საქართველოში რამდენჯერმე იყო იმის მცდელობა რომ რეალური სტრატეგიული დოკუმენტი შემუშავებულიყო. მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი პროცესი არ გამოდგა წარმატებული,  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იწერებოდა საზოგადოების ჩართულობის გარეშე.  ამიტომ, ასეთი დოკუმენტები თაროზეა შემოდებული. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ საზოგადოების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მივცემთ, უშუალოდ იყოს ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და რაც ყველაზე მთავარია, გამოიყენოს შემდეგ ეს დოკუმენტი.  ჩვენ ავირჩიეთ გამჭვირვალე პროცესის გზა და ამ პროცესის ასახველი დოკუმენტიც გავხადეთ საჯარო. 


კონკრეტული პრიორიტეტები გაქვთ განსაზღვრული თუ მუშაობის პროცესში გამოიკვეთება?

სამინისტროსთვის კულტურის ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტულია, იქნება ეს სახვითი ხელოვნება,  კინოინდუსტრია და კულტურული მემკვიდრეობა. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოვახდინოთ არა სიმპტომური პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ ძირეული პრობლემების მოგვარებაზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ მიმართულებებში ჩართული პიროვნებების, ორგანიზაციების ჩართვით და მათთან ერთად დავსახოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ათი წლის მანძილზე. ამ დოკუმენტის გარდა, ყოველწლიურად შემუშავებული იქნება სამოქმედო გეგმა, თუ  როგორ იქნება  განხორციელებული ეს პრიორიტეტები.    


კულტურის განვითარება ალბათ ბიუჯეტის გადახედვასაც მოითხოვს,  ამ სტრატეგიის მიხედვით გაიზრდება კულტურის სფეროს დაფინანსება ბიუჯეტში?

არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც კულტურას არ აკლია დაფინანსება.   ჩვენი მიზანია, ის თანხაც კი რომელიც არის გამოყოფილი, სწორად იქნას გადანაწილებული, რომ ყველაზე საკვანძო და პრიორიტეტული პრობლემები იქნას მოგვარებული და არ ვიდგეთ ერთსა და იმავე ადგილას. პროცესი არის ორმხრივი. სპეციალურად ვქმნით უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეტაპობრივად მოახდენს სამუშაო ვერსიების შეთანხმებასაც. ერთის მხრივ იქნება საზოგადოების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც გადაგზავნილი იქნება უწყებათაშორის ჯგუფში, სადაც მოხდება მისი ადელვატურობის დადგენა იმ რეალობასთან მიმართებაში რომელიც არის. შემდეგ ისევ დაბრუნდება ეს დოკუმენტი დისკუსიებისა და შენიშვნების რეჟიმში.  სამინისტროს როლია სწორად დაიცვას ის ბალანსი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს რომ დოკუმენტი იყოს პრაგმატული და  გამოყენებადი.


კულტურის სამინისტროს მიმართ  საკმაოდ  კრიტიკულია საზოგადოება.  „ოსკარზე“ წარდგენილი  ფილმის  მსახიობებისგანაც  იყო უკმაყოფილება, რომ  სამინისტროს მხრიდან არ ჰქონდათ  სათანადო მხადაჭერა,  მსგავს საკითხებს  მოაგვარებს   სტრატეგიული დოკუმენტი?     

ძალიან ბევრი გაუგებრობა არსებობს ზოგადად იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს კულტურაში ფული. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ფორმატი არსებობს, თუ როგორ ფინანსდება კულტურული პროექტები. ამიტომ სწორად უნდა განისაზღვროს როგორც პრიორიტეტები, ასევე დაფინანსების წყაროებიც  თუ როგორ უნდა ივსებოდეს კულტურის ბიუჯეტი.  ამიტომ, ეს თემებიც იქნება განხილული. ჩვენ არ გვინდა ზოგადი პოსტულატებით გაჯერებული დოკუმენტი, არამედ კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. მთავარია საზოგადოებამ კონსტრუქციულად დაიწყოს ამ თემებზე მსჯელობა, ძიება გზების თუ როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკა.


რა დრო ექნებათ დაინტერესებულ პირებს იმისთვის, რომ  დოკუმენტის შემუშავებაში ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები მოგაწოდონ?     

სულ მცირე ერთი წელი ექნებათ ამისთვის დრო. ჩვენ ყველა რეგიონში გავდივართ  და   ვხვდებით  ადამიანებს. იდენტიფიცირებული გვყავს ცალკეული მიზნობრივი ჯგუფებიც, ჟურნალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, რელიგიური და სხვა ტიპის უმცირესობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ.  


ეს ჩართულობა მხოლოდ ქაღალდზეა თუ მათი მხრიდანაც არსებობს დაინტერესება?

ჩვენი არჩევანია რომ შევთავაზოთ ამ პროცესში მონაწილეობა, მათი არჩევანია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.


გულგრილობას ხშირად იწვევს ის, რომ საბოლოოდ, კომპეტენტური ჯგუფების აზრის გათვალისწინება არ ხდება  და ხელისუფლება მაინც მისთვის მისაღებ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაშიც ასე  ხომ არ  იქნება?

მესმის, რომ საზოგადოება შეჩვეულია სკეპტიციზმს, მაგრამ შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი, ფეისბუკზე გვერდი, სპეციალური ცხელი ხაზი, კითხვარები, იქნება დისკუსიები, შეხვედრები  და ამ ფორმით შევეცდებით რომ მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა. ხარისხის მაჩვენებლია ევროკავშირის ფაქტორი, რადგან ჩვენ გვაქვს მისი მხარდაჭერა და მისი სტანდარტებით ვახორციელებთ ამ პროცესს. ჩვენი ქვეყანა კრეატიული ევროპის წევრი გახდა და პირველი ქვეყანა ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რომელმაც მოიპოვა ეს სტატუსი. ევროკავშირის მხრიდან მილიარდ ნახევარი ევროა გათვალისწინებული კულტურის სფეროსთვის და აქედან საქართველოც მიიღებს დაფინანსებას. ამ პროექტების განხორციელების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციებს ექნებათ და ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. პროექტში ჩადებულია მედია კომპონენტიც, რომელიც ითვალისწინებს ტელე და რადიო მიმართულებასაც.


რა დროში ექნება ამ სტრატეგიას დოკუმენტის სახე?

პირველი სამუშაო ვერსია ზაფხულისთვის იგეგმება. მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია.    

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: