მთავარი,სიახლეები

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

21.09.2017
ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, ეს ფაქტი კვალიფიცირდება როგორც სამართალდარღვევა. „სსსკ-ის 187-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქმედება გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მნიშვნელოვანი ზიანი არის 150 ლარს ზევით, უნდა ჩატარდეს სასაქონლო ექსპერტიზა და თუ დადგინდა, რომ დაზიანება აღნიშნულ თანხას აღემატება, მაშინ დაიწყება გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით.“

იურისტის განმარტებით,  ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პირს სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 90 დღით, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.

6 ცალ ატრაქციონში, მონტაჟის ჩათვლით, მერიამ 17 ათასი ლარი დახარჯა. მერიაში ამბობენ, რომ თვითნებურად მოხსნილი ატრაქციონები საწყობში გადაიტანეს.

მოსახლეობის მხრიდან ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 სექტემბერს გაავრცელა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: