სიახლეები

მუზეუმის დირექტორის ვაკანსიები ბათუმში

24.01.2015 • 2909
მუზეუმის დირექტორის ვაკანსიები ბათუმში

 

ამირან კახიძე
ამირან კახიძე

არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის პოსტზე 20 წლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგი ამირან კახიძე ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო: „მიზეზი არის ერთადერთი – უკვე მომიახლოვდა 80 წელი. მე დავტოვე მხოლოდ დირექტორის პოსტი და მინდა დრო მივუძღვნა წმინდა საექსპედიციო და კვლევით მუშაობას. მე ჩემი მისია შევასრულე – მუზეუმის მშენებლობის, ფონდების მოწესრიგების თვალსაზრისით და დადგა დრო, რომ ასპარეზი ახალგაზრდობას დავუთმო. აქაც, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ახალგაზრდებისთვის“ – ამბობს ამირან კახიძე.

 

გოდერძი ტოტოჩავა
გოდერძი ტოტოჩავა

გოდერძი ტოტოჩავა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ცხრა წლისა და შვიდი თვის მანძილზე იყო. თანამდებობის დატოვების მიზეზად იგი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, თუმცა მუზეუმში სამუშაოდ რჩება. 

 

კითხვას, თქვენი დირექტორობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაკეთდა მუზეუმში, გოდერძი ტოტოჩავა ასე პასუხობს: „ამ დროის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გავხდით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოვიპოვეთ შემოსავლები, განვაახლეთ კარადები, მნიშვნელოვანი იყო ფონდების მოწყობა, სამეცნიერო პასპორტების ელექტრონული ვერსიის გაკეთება, გამოვუშვით ჟურნალის შვიდი ნომერი… მუზეუმის მუშაობის მიმართულება არ შეიცვლება, ახალმა დირექტორმა მუზეუმის საექსპოზიციო გარემო უნდა გააუმჯობესოს, უნდა გაკეთდეს ყველაფერი უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ახალი რემონტი ალბათ მოგვცემს ამის საშუალებას.“

 

„მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენი მუზეუმი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათს, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები“ – ამბობს ამირან კახიძე, რომელიც არქეოლოგიურ მუზეუმს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. 

 

„ამ ოცი წლის განმავლობაში უკვე მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა მუზეუმი, მარტო ის რად ღირს, რომ 1998-2010 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმორის მუზეუმთან დეპარტამენტთან ერთად ჩავატარეთ 13 არქეოლოგიური ექსპედიაცია, გამოვიდა უამრავი სტატია ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე და ფაქტიურად, არქეოლოგიების სკოლა შეიქმნა.  ეროვნული მუზეუმის შემდეგ მხოლოდ ჩვენთან გაიხსნა ოქროს საგანძური, მეცნიერული კვლევები და ა.შ. მე ვთვლი, რომ ჩემი მისია შევასრულე და ახლა ახალგაზრდები, რომელთა სკოლაც შეიქმნა, არანაკლებ, ჩემთან ერთად, გაუძღვებიან საქმეს“  – ამბობს ამირან კახიძე.

 

ვინ დაიჭერს მუზეუმის დირექტორის პოსტს?

 

აჭარაში მუზეუმების დირექტორობის კანდიტატებს განათლების სამინისტრო განხილავს, რომელმაც, თავის მხრივ, კანდიდატები აჭარის მთავრობას უნდა წარუდგინოს განსახლველად, მუზეუმის დირექტორის დანიშვნაზე კი ბრძანებას ხელი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, არჩილ ხაბაძემ უნდა მოაწეროს.  აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის და არქეოლოგიურ მუზეუმების დირექტორების კანდიდატები განიხილება და მათი ვინაობა, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

 

 მანამდე კი არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში, ხოლო ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის დირექტორის მოვალეობას ოთარ გოგოლიშვილი ასრულებს. განათლების მინისტრის მოადგილე არ გამორიცავს, რომ სამინისტრომ ამ პოსტზე შესაძლოა მათი კანდიდატურებიც განიხილოს.   

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მუზეუმის დირექტორი? ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გაწერილი კრიტერიუმები არ არსებობს, თუმცა მუზეუმის დირექტორს „აუცილებლად უნდა ჰქონდეს მენეჯრული უნარ-ჩვევები და რა თქმა უნდა, სამეცნიერო კუთხითაც თუ ეცოდინება ეს საქმე, მთლად უკეთესი. ერთი-მეორეს არ გამორიცხავს ჩემი აზრით“ – აღნიშნავს ის. 

 

მუზეუმის ახალი დირექტორის პოსტზე მუზეუმში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრის დანიშვნის მომხრეა გოდერძი ტოტოჩავა: „მუზეუმი ისეთი სპეციფიკური რამ გახლავთ, რომ განათლების მიღება არ გშველის, თუ რამდენიმე წელი არ იმუშავე და არ გაეცანი, თუ არ იცი რა ინახება მის საცავებში, რა არის პრიორტეტი და ა.შ.  მუზეუმის მენეჯერობა მუზეუმის არც ისე რთული რამ გახლავთ, გაწერილია რა უნდა გააკეთო, უბრალოდ უნდა გააკეთო კეთილსინდისიერად და სწრაფად“ – ამბობს ის. მისი აზრით ამ პოსტზე ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ გოგოლიშვილი შესაფერისი კადრია.

 

შესაფერისს კადრად მიჩნევს  არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს, ყოფილი დირექტორი ამირან კახიძეც.  „რა თქმა უნდა,  მეზეუმის ხელძღვანელობა უნდა ჩაიბაროს პროფესიონალმა არქეოლოგმა. ასეთები ჩვენ გვყავს საბედნიეროდ, 10-15 ადამიანი. ამ დღეებში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. პირადად მე, ბრძანება დავწერე ჩემს მოადგილეზე, მერაბ ხალვაშზე, რომელმაც ძალიან დიდი საქმიანობა გასწია უნივერსიტეტშიც და ბევრი საქმე გააკეთა რეფორმების კუთხით. თუმცა ეს უკვე ჩემი კომპეტენციის იქეთ რჩება“ – აღნიშნავს ამირან კახიძე.

გადაბეჭდვის წესი