მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14.09.2017 • 3257
„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა.

ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები:  დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე – ამირან დევაძე; წონიარისი – სილოვან ბერიძე; ცხმორისი – ოთარ ბოლქვაძე; დანდალო  – ოთარ ხარაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებული კანდიდატებიდან სილოვან ბერიძე და ამირან დევაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან, ამირან დევაძე „ქართული ოცნების“ კვოტით, ხოლო სილოვან ბერიძე – დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით.

შუახევის მუნიციპალიტეტში ცხრა მაჟორიტარულ ოლქში დასახელებული კანდიდატებიდან  სამი – შუბნის, დღვანისა და უჩამბის მაჟორიტარი კანდიდატები – სკოლის ყოფილი დირექტორია.

შუახევის მაჟორიტარი კანდიდატები არიან: დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე; შუბანი – ემზარ ჯუმუშაძე; ოლადაური – გენად მიქელაძე; დღვანი – იმედა მუკუტაძე; უჩამბა – ჯემალ ივანაძე; ზამლეთი – ამირან ბერიძე; ჭვანა – ზურაბ ვაშაყმაძე; წყაროთა – სულიკო ბოლქვაძე და ბარათაული – მურად ქათამაძე.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, სადაც 13 მაჟორიტარული ოლქია, დასახელებული კანდიდატებიდან სამი მოქმედი დეპუტატია – ჯუმბერ დიმიტრაძე, ზაურ გობაძე და ჯანგულ შაინიძე. ჯანგულ შაინიძე ამ მოწვევის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა, ახლა კი ხულოს საკრებულოს წევრობას „ქართული ოცნების” კვოტით  შეეცდება.

მაჟორიტარი კანდიდატები არიან: დაბა ხულო – ავთანდილ აბულაძე; დეკანაშვილები – ემზარ ჩოგაძე; ღორჯომი – ალექსანდრე პაიჭაძე; აგარა – ჯუმბერ დიმიტრაძე ; საციხური – ჯემალ მარკოიძე; დიდაჭარა – ზაურ გობაძე; რიყეთი – რამაზ გელაძე; დიოკნისი – მერაბ ღორჯომელაძე; ხიხაძირი – ავთანდილ გაბაიძე; თხილვანა – ლევან დუაძე; ფუშრუკაული – რამინ ბერიძე; სხალთა – ჯანგულ შაინიძე და ვაშლოვანი – იური აბულაძე.

დღევანდელ შეხვედრაზე, მერობის კანდიდატები, ქედაში – ლევან გორგილაძე, შუახევში – რამინ ფუტკარაძე და ხულოში გოჩა მელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ წარადგინა, რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ისინი მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებმა დაასახელეს.

მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას აჭარის მთიანეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, წარდგენას ესწრებოდა პარლამენტარი გია ვოლსკიც.

„ქართულ ოცნებას“ დღევანდელ შეხვედრაზე პარტიული სიის წევრები არ დაუსახელებია.

კითხვაზე, რატომ არ ასაჯაროებს საარჩევნო სიას „ქართული ოცნება“, გია ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„ზოგან უკვე მზად არის პარტიული საარჩევნო სია, ზოგან –  ნაწილობრივ. ჩვენ გვყავს ბევრი კანდიდატი და გვინდა საუკეთესო წარვადგინოთ, ამაში არათუ ცუდს, არამედ დიდ პოზიტივს ვხედავ. შიდა განხეთქილებაზე კი საუბარი ზედმეტია. მალე გახდება პარტიული სია ცნობილი. რაც შეეხება შემადგენლობას, ახალ წევრებთან ერთად შესაძლებელია მოქმედი საკრებულოს წევრებიც ვიხილოთ“.

პარტიას 31 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად არც ერთი ქალი არ წარუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ  „ოცნება“ საარჩევნო სუბიექტებს გენდერულად პარტიული სიით დააბალანსებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: