სიახლეები

გამოფენა ”ზღაპრების სამყარო” ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება [ფოტო]

15.01.2015 • 3999
გამოფენა ”ზღაპრების სამყარო” ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება [ფოტო]

GE DIGITAL CAMERA

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე / გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენაზე წარმოდგენილია ძმები გრიმების ზღაპრების გმირების დეკორაციები, ნახატები. გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღაპრების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას. შეგიძლიათ აუდიო და ვიდეოზღაპრების მოსმენა და ნახვაც.

საქართველოში „ზღაპრების გამოფენა“ პირველად თბილისში, შემდეგ კი ქუთაისში გაიმართა. ზღაპრების გამოფენა  ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ კი გამოფენა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გადაინაცვლებს.

გამოფენა გოეთეს ინსტიტუტისა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

GE DIGITAL CAMERA

ძმები გრიმების ზღაპრების წიგნი პირველად 1812 წელს გამოიცა. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, „ზღაპრების სამყაროს“ იდეა გერმანიაში, მიუნხენში, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისში შეიქმნა და ძმები გრიმების ზღაპრების წიგნის გამოცემიდან მე-200 წლისთავს მიეძღვნა. „ზღაპრების სამყარომ“ მოგზაურობა 2012 წელს დაიწყო და დღემდე სხვადასხვა ქვეყანა შემოიარა.

გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გერლინდე მასუდის თქმით „ეს არის ინტერაქტიული გამოფენა, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ ექსპონატების დათვალიერება, არამედ შეიძლება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც დაეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ ადამიანებს, უკეთ გაეცნონ გრიმების ზღაპრებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ეს ზღაპრები ახალი სახით მიგვეტანა მოზარდებამდე და გაგვეღვივებინა მათი ინტერესი გერმანული ენისა და კულტურისადმი“.

გამოფენა შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს:

გმირი ქალები ზღაპრებში;

გმირი მამაკაცი ზღაპრებში;

ბოროტი პერსონაჟები;

ცხოველთა სახეები;

მაგია და ჯადოქრობა;

საშიში ჟრუანტელი;

დავალებები და გამოცდები.

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

„ამ გამოფენის მოხეტიალე ბუნება ადასტურებს ზღაპრის შინაგან სამყაროს – ზღაპარი იწყება ყოველთვის იმით, რომ ვიღაცას სურს ქვეყნიერების სანახავად წასვლა.

ჩვენი გამოფენაც, რომელიც გერმანიაში დაიბადა, წავიდა ქვეყნიერების დასათალიერებლად იმისათვის, რომ თავისი სულისკვეთება მიეტანა სხვა ქვეყნებში. გამოფენა ჩამოვიდა საქარველოში იმისთვის, რომ შინ იგრძნოს თავი. მოხეტიალე გამოფენაზე ვეცნობით ზღაპრის გმირებს, გმირ ქალებსა და კაცებს, სიკეთესა და ბოროტებას, ვეცნობით ცხოველთა სამყაროს. ზღაპრების გმირების საშუალებით უკეთ ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობას“ – ამბობს გამოფენის კოორდინატორი აიგე პოკარცი.

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

 

 

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლექტორი, გერმანისტი მანანა ჩიტაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია გერმანული ენის შემსწავლელებისთვისაც. „გამოფენაზე სხვადასხვა სახის დავალებაა წარმოდგენილი და ბავშვს, რომელიც გერმანულ ენას სწავლობს, აქ შეუძლია შეამოწმოს თავისი ცოდნა“- ამბობს ის.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის ირაკლი ძნელაძის თქმით, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობა მანამ გაგრძელდება, სანამ ხელოვნების სივრცე იარსებებს. მემორანდუმის ფარგლებში კი ორივე მხარე მნახველებს სამომავლოდ არაერთი პროექტის განხორციელებას ჰპირდება. 

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისამართია: ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენის დათვალიერება უფასოა.

გამოფენა განკუთვნილია როგორც ბაშვებისთვის და ინდივიდუალური დამთვალიერებლებისთვის, ასევე უფროსებისა და ჯგუფური დამთვალიერებლებისთვის.

ჯგუფური დამთვალიერებლების მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: 568 02 22 17

გადაბეჭდვის წესი


ასევე: