Batumelebi | ბათუმის პორტიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს ბათუმის პორტიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის პორტიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

 31 დეკემბერს ბათუმის პორტის მიერ 35 თანამშრომლის დათხოვნის გამო დღეს პორტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. აქციაზე დათხოვნილ თანამშრომლებს ცოტა ხნით შეუერთდნენ მოქმედი თანამშრომლებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, აქციაში, რომელიც დილის 10 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა, დაახლოებით 100 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, „პორტის დირექტორმა შესთავაზა აქციის მონაწილეებს, რომ დათხოვნილ თანამშრომლებს სამი თვის განმავლობაში გადაუხდის ხელფასებს, ხოლო სამი თვის მერე, როდესაც ტვირთების ბრუნვა მოიმატებს, ისევ დააბრუნებს ამ 35 ადამიანს სამსახურში“.

 

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, პორტის ყოფილი დოკერის, იმედა დოლიძის თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ უშუალოდ მათ არ შეხვდება პორტის დირქტორი.

 

იმედა დოლიძე თავიანთ მოთხოვნებს ასე აყალიბებს: „ჩვენ ჟურნალისტებისგან ვიცით, რომ თითქოს 200-200 ლარს შეგვინარჩუნებს მარტამდე, მაგრამ ჩვენ ამას დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს უვადოდ გაგვიფორმებენ; ხოლო გაზაფხულიდან თუ წამოვა ტვირთები, ხელფასებს გაგვიზრდიან, რადგან ჩვენ მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ“. 

 

ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ, ლევან ფაილოძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პორტის ადმინისტრაცია მზად არის დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასები – 200-200 ლარი და დაზღვევა შეუნარჩუნოს. ლევან ფაილოძის ინფორმაციით, ეს შეთავაზება აისახება „ოფიციალურ მემორანდუმში“, რომელსაც ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებთან გააფორმებს. რაც შეეხება უვადო ხელშეკრულებას, ლევან ფაილოძის თქმით, „ეს გამორიცხულია“, ხოლო „ხელფასების მომატებაზე საუბარი არ ყოფილა“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"