ნეტგაზეთი • RU

ოთხი კანდიდატი და დეკანის სამი ვაკანსია

 

10 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.  სულ დარეგისტრირდა ოთხი კანდიდატი. 

 

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურენცია მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა, სადაც ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ფაკულტეტის მართვის სურვილი გამოთქვა ქეთი ბერიძემ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ. 

 

რაც შეეხება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მისი მართვის სურვილი მხოლოდ ამ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ მახარაძემ გამოთქვა, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე – დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ღლონტმა. 

 

დეკანის სტატუსის მისაღებად კანდიდატს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51% სჭირდება. ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.

 

„ერთი კანდიდატიც რომ დარეგისტრირდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გახდება დეკანი, მაგრამ თუ ფაკულტეტის საბჭოს სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, ის ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს“, – ამბობს გიორგი დიასამიძე, ბსუ-ს იურისტი.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  12 დეკემბერს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"