მთავარი,სიახლეები

ურეცეპტოდ გაყიდული 206 მედიკამენტის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა

17.08.2017 • 2273
ურეცეპტოდ გაყიდული 206 მედიკამენტის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა

სამი აფთიაქის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს, 17 აგვისტოს განიხილა. აფთიაქების დაჯარიმება სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მოითხოვა. სამივე შემთხვევაში სააგენტომ სხვადასხვა სახის მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დააფიქსირა, ასევე აფთიაქებს გარე პერიმეტრზე არ აქვთ განთავსებული კანონით სავალდებულო ვიდეო სათვალთვალო კამერები. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა: კი მაგრამ რა ღირს ეს ვიდეო სათვალთვალო კამერა?

„ძვირი არ ღირს, მაგრამ განსაკუთრებული ტექნიკური მოცემულობის კამერის შეძენას გვავალდებულებს კანონი. მე უკვე გამოვიწერე ამერიკიდან და მალე მივიღებ,“ – უპასუხა მოსამართლე სალიხ შაინიძეს აფთიაქი „ფარმას“ ხელმძღვანელმა, ირინე ქამადაძემ. ამ აფთიაქში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ, ორთვიანი შემოწმების პერიოდში, 143 სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვა დააფიქსირა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა ისიც, რომ აფთიაქს არ აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერა.

„იქნებოდა, „ნიმესილზეც“ რომ ხარვეზს დაგიდგენენ… როცა ასეთ მედიკამენტზე ადამიანი მოდის აფთიაქში, რეცეპტი რომ არ ჰქონდეს, წამლის გარეშე, არ წავა უკან“, – თქვა 500 ლარით დაჯარიმებულმა ირინე ქამადაძემ, ვიდრე იგი სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

„ვეთანხმები ყველაფერს, რაც მეკუთვნოდა, ის მივიღე,“ – მიმართა მოსამართლეს აფთიაქი „თელას“ დირექტორმა, ნინო ბასილაძემ. მის აფთიაქში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შემოწმება პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე ჩაატარა. ამ პერიოდში რეცეპტის გარეშე 63 მედიკამენტის გაყიდვა დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ აფთიაქის ხელმძღვანელი 500 ლარით დააჯარიმა, თქვა, რომ შესაძლოა ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის კუთხით კანონმდებლობა დასახვეწია, მაგრამ კანონი უნდა შესრულდეს.

„მარტო ვიდეო კამერის პრობლემა რომ ყოფილიყო, გაფრთხილებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ურეცეპტო გაყიდვა პრობლემაა… მესმის, რომ შესაძლოა, ეს საკითხი დასახვეწია, მაგრამ ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროში დასასმელი თემაა,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლემ სამართალდამრღვევს.

„ადამიანები მოდიან რჩევის მისაღებად და როცა იღებენ რჩევას ჩვენგან, ითხოვენ მედიკამენტსაც. მიმაჩნია, რომ ფარმაცევტებს უნდა ჰქონდეთ გარკვეულ მედიკამენტებზე რეცეპტის გამოწერის უფლება. ბუნებრივია, ეს ყველა ფარმაცევტს არ უნდა შეეძლოს და ამისთვის შესაბამისი პროცედურა უნდა არსებობდეს,“- უთხრა აფთიაქი „თელას“ ხელმძღვანელმა, ნინო ბასილაძემ „ბათუმელებს“.

რაც შეეხება ვიდეო კამერას, ნინო ბასილაძე ამბობს, რომ აფთიაქისთვის შესაბამისი ვიდეო სათვალთვალო კამერის შეძენას დაახლოებით 1500 ლარი სჭირდება და ამისთვის თანხა ვერ გამოძებნა.

მესამე პროცესზე აფთიაქი „ჩიკოს“ დაჯარიმებას მოითხოვდა სამედიცინო რეგულირების სააგენტო. სასამართლო დარბაზში აფთიქის ხელმძღვანელის მეუღლე გამოცხადდა, რომელსაც შესაბამისი მინდობილობა თან არ ჰქონდა. ამ მიზეზით საქმის განხილვა მოსამართლემ გადადო.

„შეგვამოწმეს, მაგრამ ვადაგასული არაფერი აღმოუჩენიათ. ძირითადად ურეცეპტოდ გაყიდული მქონდა ანტიბიოტიკები. ასევე ვერ ვიყიდე ვიდეო კამერა, ძალიან ძვირი ღირს ეს“, – გვითხრა სასამართლოს ფოიეში რუსუდან ლომიძემ.

სამივე შემთხვევაში აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯარიმა არ გაუპროტესტებიათ, თუმცა არც ის დაუმალავთ, რომ ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის პრობლემას სასამართლო პროცესი ვერ დაასრულებს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უარი უთხრა „ბათუმელებს“ ეპასუხა კითხვაზე – როგორ აპირებს სახელმწიფო პრობლემის მოგვარებას, აფთიაქების მუდმივი დაჯარიმებით, თუ ახალი მექანიზმის შემუშავებით.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 459 ფაქტი, მათ შორის, აჭარაში 77.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: