სიახლეები

ენერგეტიკული ტყე აჭარაში

14.11.2014
ენერგეტიკული ტყე აჭარაში

 

„იცით ალბათ ციტრუსის ყუთებისთვის ყოველწლიურად აჭარაში სამერქნე მასალა იჭრება. გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ენერგეტიკული ტყე, დაგვერგო სწრაფმოზარდი ნერგები. დარგული ვერხვებიდან ხუთიდან ათ წელიწადამდე პერიოდში უკვე ზრდასრულ ხეს მივიღებთ. ხუთი წლის უკვე შეიძლება ტარა მასალად დახერხო. ჩვენი მიზანია ყოველწლიურად მივიღოთ რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მასალა, რომელიც ჩაანაცვლებს ტყიდან სამერქნე მასალის მოპოვებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.

 

მისივე თქმით, ის მასალა, რომელიც სამერქნედ არ გამოდგება, საშეშედ გამოიყენებენ.

 

„პირველ წელს 12 ჰექტარზე 4800 ძირი გავაშენეთ. გარდა ამისა, ათას ძირზე მეტი კალამი გვაქვს, რომლებიც შეიძლება სადედე კალმებად ვაქციოთ და შემდეგ თითოეულისგან ხუთიდან ათამდე კალამი დავამზადოთ თუ გვექნება ფართობი, სადაც გავაშენებთ ტყეს. უკვე გვაქვს შესაბამისი გამოცდილება. ჩვენი გათვლით დაახლოებით 20-25 ათას კუბურ მეტრამდე ხე-ტყეს დავზოგავთ ყოველწლიურად“, – აცხადებს ჯუმბერ აბულაძე. 

 

„რამდენად მეტი ენერგეტიკული ტყე გვექნება, იმდენი ნაკლები ზეწოლა იქნება ბუნებრივ ტყეებზე. ენერგეტიკულ ტყეს კონკრეტულ ვითარებაში შეიძლება მიენიჭოს არამარტო მერქნული და კომერციული ფუნქცია, არამედ სოციალური და ეკოლოგიურიც. იგივე ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქციაც. მთლიანობაში მიზანი არის ის, რომ შევამციროთ ზეწოლა ბუნებრივ ტყეებზე“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი.

 

მისივე თქმით, აჭარაში განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი პირველი მაგალითია.

 

„პირველადაა, როცა სახელმწიფო აშენებს ენერგეტიკულ ტყეს. თუ არ ჩავთვლით თვითონ მოსახლეობის მიერ სტიქიურად გაშენებულ ენერგეტიკულ ტყეებს. ამ მხრივ გვაქვს დამაიმედებელი სურათი სამეგრელოში, სადაც მოსახლეობამ თვითონ დაიწყო ენერგეტიკული ტყეების გაშენება, ოღონდ არა სატყეო ფონდში, არამედ სასოფლო სამეურნეო  მიწებზე. ეს თავისთავად მისასალმებელია. გროვდება გამოცდილება, როგორ უნდა გაშენდეს და იმართოს ენერგეტიკული ტყე. ეს გამოცდილება არც სახელმწიფოს აქვს და არც კერძო სექტორს ჰქონია აქამდე“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

 

მისი თქმით, ერთადერთი საფრთხე, რაც შეიძლება ენერგეტიკულ ტყეს ახასიათებდეს, არის დაავადებების შემოტანა. თუმცა, ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს შემოაქვს ნერგები, რისკებს ამცირებს.

 

„დაავადების სჭირდება შესაბამისი კონტროლი. როდესაც სახელმწიფო აკეთებს პროექტს, უსაფრთხოება უფრო მეტად არის დაცული. ამას წინასწარი შეფასება, კვლევა და რისკების დადგენა სჭირდება. მნიშვნელოვანია, სად ვაშენებთ ტყეს. აჭარაში პლანტაცია მიბმულია თიკერის სანერგეს. ეს არის სანერგეს განვითარების ძალიან კარგი მიმართულება. აპრობილებული მეთოდია, როდესაც სახელმწიფოს ხელშია ტყეების მართვის ფუნქცია, სატყეო მეურნეობა და შემოსავლები. ეს მეთოდი კარგად მუშაობს, მაგრამ კარგი გამართვა სჭირდება“, –  ამბობს რეზო გეთიაშვილი.

 

როგორც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ტყე ზრდასრული და სამერქნედ გამოსადეგი იქნება, მას კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავენ. მოსახლეობა ისევე შეძლებს მისით სარგებლობას, როგორც დღეს ბუნებრივი ტყით სარგებლობს.

 

ენერგეტიკული ტყის გასაშენებლად ბიუჯეტიდან 56 ათასი ლარი დაიხარჯა. ნერგები თურქეთიდან შემოიტანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.