მთავარი,სიახლეები

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

29.07.2017
რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი ოჯახი ფლობს ხუთ საცხოვრებელ სახლს, ბათუმში, თბილისსა და ხელვაჩაურში. ყველაზე დიდი ზომის ბინა [300 კვ/მეტრი] ნუკი ბეჟანიძეს ჰქონია ბათუმის ცენტრში. დეპუტატის ოჯახი ორ ბინას ფლობს თბილისში.

ნუკრი ბეჟანიძესა და მისი ოჯახის წევრებს, დეკლარაციის შევსების ეტაპზე, საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე [სახელფასო, ანაბარი] 58 ათასი ლარი ჰქონიათ გადანახული.

ნუკრი ბეჟანიძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში და არც  რაიმე სახის წილებს ფლობენ ბიზნესში.

ნუკრი ბეჟანიძის, როგორც სამშობიარო სახლის დირექტორის შემოსავალი, დეპუტატობამდე ერთი წლით ადრე 93 277 ლარი ყოფილა, ხოლო როგორც ექიმის – 11 622 ლარი. შესაბამისად, ნუკრი ბეჟანიძე ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, ყოველთვიურად 8 741 ლარის  შემოსავლი ჰქონია.

ნუკრი ბეჟანიძე იმ დეპუტატების სიაში მოხვდა, ვინც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულა. ბათუმის მაჟორიტარს არც არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: