მთავარი,სიახლეები

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

24.07.2017 • 2284
კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

„ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას „პრიზმასთვის“ 120 ათასი ლარი აქვს ასანაზღაურებელი,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის კომპანია „ბალავარის“ ინტერესებს იცავს.

სარფის საბაჟოს ეკონომიკური გაფორმების ზონაში აღმასრულებელმა თურქული კომპანიის ექვსი სატვირთო მანქანა გააჩერა. სააღსრულებო ფურცლის გამოწერის საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც თურქულ კომპანიას დავალიანება აქვს.

„გასაგებია, რომ თურქულ კომპანიას დავალიანება აქვს, მაგრამ „ბალავარი“ ხომ მესამე პირია, ის რა შუაშია ამ დავაში, რატომ უნდა ზარალდებოდეს? მანქანები გააჩერეს ზუსტად ერთი კვირის წინ, 17 ივლისს და დღემდე აღმასრულებელი არ აძლევს ნებას თურქულ კომპანიას, რომ დანიშნულების ადგილზე მოვიდეს ჩვენი საქონელი,“ – ამბობს ზაზა პაპიძე.

ადვოკატის განმარტებით, ჯერ თურქულ კომპანიას სამშენებლო მასალები უნდა ჩაებარებინა შემკვეთისთვის, ხოლო შემდეგ დაეყადაღებინა ავტომანქანები აღმასრულებელს.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საბაჟოდან გამოშვებული ავტომანქანების გადამალვას მოახერხებდა თურქული კომპანია? – ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს: „აღმასრულებლის ვალდებულებაა, მოახერხოს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება“

სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გარდა, „ბალავარმა“ მიმართა პოლიციასაც, – ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ კომპანია აღმასრულებლის ქმედებასაც გაასაჩივრებს – მატერიალური ზიანის მიყენების გამო.

სასამართლოში დავას აპირებს თურქული კომპანიაც, რომელსაც დავალიანება აქვს. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სასამართლო პროცესზე „პარტაშ ბეტონი“ არ გამოცხადდა.

„ეს კომპანია გაფრთხილებული არ იყო ამ სასამართლო დავის შესახებ, თურქული კომპანია ხელახლა აპირებს საქმის განხილვას, რის გამოც ზიანის ანაზღაურება დაეკისრა,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ.

„ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმე ორ კერძო კომპანიას ეხება. ჩვენ წერილობითი პასუხი გავუგზავნეთ „ბალავარს“ და მათი ნებაა, თუკი მოგვაწვდიან ინფორმაციას,“ – გვითხრა კერძო აღმასრულებელმა – ალექსანდრე ნათაძემ.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მას ჯერ აღმასრულებლისგან გამოგზავნილი წერილობითი პასუხი არ ჩაბარებია. „რაც უნდა ეწეროს ამ წერილში, მთავარი ისაა, რომ კომპანია ზარალდება იმის გამო, რომ სხვას სამართლებრივი დავა ჰქონია,“ – დასძენს კომპანიის ინტერესების დამცველი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: