სიახლეები

სპორტის გაკვეთილი შეფასების გარეშე

26.10.2014 • 3832
სპორტის გაკვეთილი შეფასების გარეშე

 

საშუალო სკოლებში საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სპორტის იმ სახეობაში იასპარეზონ, რომელიც სკოლას აქვს არჩეული. არჩეულ სახეობებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპორტის მასწავლებლის კვალიფიკაცია განსაზღვრავს. ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილები ყველა კლასს კვირაში ორჯერ უტარდება, სპორტის მასწავლებლების ანაზღაურება კი სხვა საგნების პედაგოგების ანაზღაურების ანალოგიურია.

 

„ჩვენს სკოლაში სპორტის ოთხი მასწავლებელი ასწავლის, ყველა მათგანს სპორტის მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, ყოფილი სპორტსმენები არიან და ძალიან კარგად ამეცადინებენ ბავშვებს. ჩვენ მიერ არჩეული სახეობები ისეთია, რომ სპორტის მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესშივე უწევს აქტიური მუშაობა“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

 

სპორტის გაკვეთილი

 

ქედის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნადიმ ზანაქიძე ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში არჩეულ სპორტის სახეობას შუახევში სპორტისადმი ტრადიციული დამოკიდებულებაც განსაზღვრავს. „ისტორიულად სახეობები ზონებად იყო დაყოფილი, ქედის ზემოთ პოპულარული იყო ფრენბურთი, ცენტრალურ ნაწილში, სადაც ვაკეა _ ფეხბურთი და კალათბურთი, ქვემოთ – ხელბურთი. ახლა ამ სფეროში სპეციალისტები არ ჰყავთ და აქაც ფეხბურთსა და კალათბურთს ასწავლიან. ვაიოს სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთში არიან საქართველოს ნაკრების წევრები, პირველი მაისის სკოლას ჭადრაკში ჰყავს საქართველოს ნაკრების წევრები“, – ამბობს ნადიმ ზანაქიძე.

 

მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები მაღალ კლასებში ნაკლებად მოსწონთ. ისინი ამბობენ, რომ უფრო მეტ დროს სწავლასა და გამოცდებისთვის მზადებას უთმობენ. შესაბამისად მიაჩნიათ, რომ სპორტის გაკვეთილი „დროს აკარგვინებს“. ამ ტენდენციაზე სპორტის მასწავლეებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების მხოლოდ 30 პროცენტი ერთვება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად. „მაღალ კლასებში კარგავენ ინტერესს, თუმცა ყოველთვის არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სპორტის გაკვეთილი ახარებთ და პირიქით. როცა შეფასება იყო, მეტი მოტივაცია ჰქონდათ, ნიშნის გამო მონაწილეობდნენ პროცესში,“ – ამბობს ირინე მამულაძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. ირინა სკოლებში სპორტული ინვენტარის სიმცირის შესახებაც საუბრობს.

„მწირი ინვენტარი გვაქვს. სკოლისთვის რთულია ამ ინვენტარის შეძენა, მარტო ტანვარჯიშის ლეიბი 800 ლარად შეგვიფასეს. ინვენტარის არარსებობის გამო ავირჩიეთ კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი. შემიძლია ვთქვა, რომ წამყვანი ჯგუფები გვყავს ქალაქში – ჩვენი მოსწავლეები ხშირად იმარჯვებენ, მაგრამ ზოგიერთს არ მოსწონს სპორტის ის სახეობა, რომელსაც უმრავლესობა ირჩევს, ზოგს ბურთზე მეტად კოტრიალი უნდა, ამიტომ იყო კარგი, როცა პერიოდულად გავდიოდით ყველა სახეობას. მრავალფეროვნება საჭიროა, ბავშვებს ერთი და იგივე ბეზრდებათ“, – ამბობს ირინე, რომელსაც #1 სკოლის მასწავლებელი ზვიად აბაშიძეც ეთანხმება.

 

„ადრე ისეთი მატერიალური ბაზა გვქონდა, მოსწავლეებს ყველა სახეობაზე ვავარჯიშებდით, ახლა აღარაა ეს მოწყობილობები სკოლებში და ბავშვების უმეტესობას ურჩევნია მარტივი თამაშები ითამაშოს. ეს პირველი სკოლის მეორე კორპუსია, პირველში უკეთესი პირობები გვაქვს, ამ შენობაში დროებით ვართ. დაძალება არ შეიძლება ბავშვზე, რაც შეუძლია და რაც სურს, ის უნდა გააკეთოს, გაკვეთილი უნდა იყოს ხალისიანი, ყველა კლასში არიან აქტიური და პასიური ბავშვები. აქტიურ ბავშვებზე არაფერი მოქმედებს, აბიტურიენტობის პერიოდშიც კი ცდილობენ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, ფორმას ატარებენ, არ აცდენენ გაკვეთილს. სამწუხაროდ, მშობლებსაც ასე მიაჩნიათ – მთავარი არის სწავლა და სპორტი მეორე ხარისხოვანი“, – ამბობს ზვიად აბაშიძე.

 

შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში  სპორტის 48 მასწავლებელი ასწავლის და ყველა მათგანს სპეციალობაში აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

 

მსგავსი შედეგი არ აქვთ სხვა მუნიციპალიტეტებს. ემზარ ქოქოლაძე – ხელვაჩაურის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი საკადრო დეფიციტზეც საუბრობს: „პედაგოგების უმრავლესობა პედაგოგიური განათლებითაა, თუმცა დიდი რაოდენობით არიან სპორტის სპეციალისტებიც. უმეტესად ძველი კადრები ასწავლიან სკოლებში. არის სკოლები, სადაც შეთავსებით სხვა საგნის მასწავლებელი ასწავლის სპორტს – ის, ვისაც ცოტა საათი აქვს, მაგალითად, ხელოვნების მასწავლებელი. სადაც არის სპორტის პედაგოგი, იქ ხარისხი კარგია, მაგრამ სადაც არ ჰყავთ – დაბალია. ზოგ სკოლაში არც დარბაზია და არც მოედანი. სკოლა ყველა შემთხვევაში უნდა ატარებდეს სპორტის საათს, თუ დარბაზი არ აქვთ, ჭადრაკს ირჩევენ და იმას ასწავლიან“.

 

ხულოს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ასლან შავაძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილების მონიტორინგის სპეციალური პროგრამა არ აქვთ: „ეს მიმართულება დახვეწის პროცესშია, სასერტიფიკაციო გამოცდების მსვლელობისას სპორტის მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც კი არ იყო განსაზღვრული. პროგრამა ახლა შემუშავდა, ყველაფერს უნდა ახლებური მიდგომა. ხულოში სპორტის პედაგოგების დეფიციტია, არასპეციალისტს კი სტანდარტს ვერ მოთხოვ“.

 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე დაწყებით კლასებში სპორტის გაკვეთილების აუცილებლობას უსვამს ხაზს: „ამ საგნის სწავლების მიზანია ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში. ამ კლასებში მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისთვის. საერთო სტანდარტი არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვეს სკოლა. დაწყებით კლასებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ფიზიკურ მომზადებასა და საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას. ამ საფეხურზე, ძირითადად, დაწყებითის მასწავლებლები ასწავლიან, მეხუთე კლასიდან კი – ფიზიკური აღზრდის განათლების მქონე პირები“.

გადაბეჭდვის წესი