ბატონო ბაგრატ, წვიმამ ყველაზე მეტად ქალაქის რომელი ქუჩები დააზიანა?
ძლიერი წვიმის დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ჭაობისა და ბონი-გოროდოკის დასახლება, ლერმონტოვის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა. ნაწილობრივ დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩის ნაწილი, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩის კვეთა. ძირითადად ეს უბნები დაზიანდა.
რა ქმნის ქალაქში დატბორვის პრობლემას უხვი ნალექის დროს? წლებია გვესმის, რომ მილიონობით ლარი იხარჯება ქალაქის სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია…
წყლის ძირითადი ნაკადი მოდიოდა ჭაობის უბნიდან. ჭაობის დასახლება არის დატბორვის ერთი-ერთი წყარო, საიდანაც მერე უკვე იტბორება ქალაქი. ჭაობის დასახლებაში არ გვაქვს გამართული საკანალიზაციო სისტემა.
ამჟამად შემუშავებული გვაქვს ამ დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი. ვიწყებთ უკვე მშენებლობას. პროექტი დამტკიცებულია, შესაბამისად გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა, ეს არის გერმანული სამშენებლო კომპანია და გამოყოფილია თანხა. გერმანიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხდება მისი განხორციელება, 17 მილიონი ევროა გამოყოფილი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ჭაობის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მთლიანად. წელს უკვე დავიწყებთ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას გადაუჭრის ბათუმს. საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს ამ პროექტის განხორციელებას ჟილინის არხთან ერთად.
ასეთი ნალექი ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა. წყლის მასა ვერ დაიტია სანიაღვრე სისტემამ, მაგრამ ეს პრობლემაც გადაიჭრება. პროექტი გვაქვს, ბათუმში ორ ადგილას მოეწყობა სატუმბი სადგურები. ამ სადგურებიდან, რომლებიც სანიაღვრე სისტემასთან იქნება მიერთებული, მოხდება გადატუმბვა ზღვაში, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის მილები ჩავა ზღვაში. რაც არ უნდა ძლიერი წვიმა მოვიდეს, სანიაღვრე არხები შეძლებენ წყლის მასის გატარებას და პრობლემა არ შეიქმნება.
როდის, რომელი წლიდან გადაიჭრება ეს პრობლემა?
პროექტის განხორციელება წელს დაიწყება და 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.
რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავთ იმისათვის, რომ შემდეგში მსგავსი სიტუაცია არ შეიქმნას? სანამ სისტემა არ მოწესრიგდება, მანამდე მსგავსი სიტუაცია იქნება ქალაქში?
ასეთი უხვი ნალექისაგან არავინ არის დაზღვეული. ევროპაშიც მთელი ქალაქები იტბორება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ორი პროექტის განხორციელება. ეს ორი პროექტი, რომლებზეც ვისაუბრე, არის გარანტი, რომ ბათუმი აღარ დაიტბორება. სხვა რა უნდა გავაკეთოთ.
რა სამუშაოები ჩატარდა დატბორილი ქუჩებიდან წყლის ამოსატუმბად?
მობილიზებული იყო მერიის მთელი სამსახურები, კეთილმოწყობის, წყალკანალის და სხვა სამსახურები. ვწმენდდით. ნიაღვარივით მოდიოდა წყალი და სანიაღვრე სისტემები შეავსო. ზღვასთან, სადაც სანიაღვრე სისტემა ჩაედინებოდა, შტორმი დაფიქსირდა. იმისათვის, რომ მაქსიმალური გამტარიანობა უზრუნველყოს სისტემამ, მიმდინარეობს სამუშაოები. იწმინდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. შესაბამისი ტექნიკა არის ზღვის პირას მობილიზებული, სანიაღვრე არხები ყოველ წუთას იწმინდება, რომ ჭაობიდან წამოსული წყალი ზღვაში ჩავიდეს შეუფერხებლად.
გვაქვს წყლის საქაჩები, ე.წ. პომპები იმისათვის, რომ სარდაფებიდან წყალი ამოვქაჩოთ, მაგრამ ვერ ვქაჩავთ, რადგან ქუჩებში წყალი დგას. ქუჩები თუ არ გაიწმინდა, სარდაფიდან წყლის ამოქაჩვას აზრი არ აქვს. ველოდებით, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და ამოვტუმბავთ წყალს სარდაფებიდან, დავეხმარებით მოსახლეობას.
თუ არის ცნობილი რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ბათუმს?
იმდენად მასშტაბური სტიქია იყო, ზარალის დათვლა ჯერ არის ძალიან ადრე. ჯერ უნდა დავამთავროთ სამუშაოები, ქუჩები უნდა გაიწმინდოს წყლისგან და მერე დავიწყებთ ზარალის დათვლას, აღრიცხვას, მონიტორინგს. შეიქმნება კომისია, რომელიც დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება გავცეთ კომპენსაციები.