მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

12.06.2017 • 2740
მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო.

პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონმა და რევაზ ხარაზმა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ჩაქვიდან ხეების გადატანას შეუშალეს ხელი. ხეები 6 ივნისს კომპანია „ზიმოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაჰქონდათ.

უმაღლესი საბჭოს დაკავებული დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის განმარტებით კი, ის სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისგან შესაბამისი ნებართვის წარმოდგენას ითხოვდა და ამის უფლება კი არა, ვალდებულებაც ჰქონდა, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს. „წარმომიდგინეს მხოლოდ არაგაბარიტული ტვირთის გადატანის ნებართვა, რაც ტრანსპორტირებას შეეხებოდა. ადგილზე ვერ მაჩვენეს ნებართვა, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ხეების მოჭრა, ან გადატანა კანონიერად ხდებოდა. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დამხმარებოდა, დამაკავა“, – უთხრა მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

სასამართლო განხილვის დროს პოლიციელებმა ასევე წარმოადგინეს სამკერდე ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის ელგუჯა ბაგრატიონისა და პოლიციელის დიალოგი:

„მოპარულია ხე, დაზიანებულია სახელმწიფო ქობება…“

„ეს თქვენი პოზიციაა,“ – პასუხობს დეპუტატს პოლიციელი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განმარტა, რომ პოლიციელის მოთხოვნა ავტომანქანის გადაყენებაზე ლეგიტიმური იყო.

„მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას, რადგან საქმე ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს, ამიტომაც მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება,“- უთხრა „ბათუმელებს“ ელგუჯა ბაგრატიონმა.

უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

 

bagrationi

გადაბეჭდვის წესი


ასევე: