მთავარი,სიახლეები

ერთი კვირის ხელფასი 12 541 ლარი – რა ჩანს შს მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციიდან

10.06.2017 • 9101
ერთი კვირის ხელფასი 12 541 ლარი – რა ჩანს შს მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციიდან

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, ფინანსური დირექტორია „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაში“. ამას გარდა, იგი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია და ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დავით ვარდიაშვილის შრომის ანაზღაურება ჯამში 163 603 ლარია.

დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მის მიერ შევსებული 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ მინისტრის მოადგილეობისთვის მან წლის განმავლობაში 132 100 ლარი მიიღო, ანუ თვეში – 11 008 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი მინისტრის მოადგილეობის პარალელურად იკავებდა „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ფინანსური დირექტორის პოზიციას და მისმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 12 541 ლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილე დეკლარაციაშივე აღნიშნავს, რომ იგი ამ პოზიციაზე 2016 წლის პირველი იანვრიდან მუშაობდა 8 დეკემბრამდე.

სოლისტობაში დავით ვარდიაშვილს წლის განმავლობაში 11 812 ლარი მიუღია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტად მუშაობდა 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით.

ამას გარდა, დავით ვარდიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. პროფესორობაში მინისტრის მოადგილეს 2016 წლის განმავლობაში 7150 ლარი აუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამდებობის პირებზე გაცემულ შემოსავლებს, პრემიების კონკრეტულ ოდენობებს მალავს. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოწოდების თხოვნით, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ უწევს ანგარიშს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროს დავუკავშირდით, სადაც თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ და აქვეყნებენ. ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თემურ ჩიხრაძემ გვითხრა, რომ დავით ვარდიაშვილმა დეკლარაციის შევსების დროს შეცდომა დაუშვა და შესწორებაზე წერილობითი განაცხადი მან 2017 წლის თებერვალში წარმოადგინა.

„წერილი წარმოადგინა, მაგრამ დეკლარაციაში ცვლილების შეტანის უფლება არავის აქვს. შემოსავლები სწორედ არის მითითებული, მაგრამ სამუშაოს შესრულების თარიღები არეულია,“- ამბობს თემურ ჩიხრაძე.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილი 2016 წელს მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებდა ტექნიკურ უნივერსიტეტში. რაც შეეხება კერძო კომპანიაში ფინანსურ დირექტორობას, დავით ვარდიაშვილს დაუზუსტებია, რომ იგი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ მხოლოდ 2016 წლის პირველი იანვრიდან 8 იანვრამდე მუშაობდა. გამოდის, რომ დავით ვარდიაშვილს ერთ კვირაში აუღია 12 541 ლარი.

დავით ვარდიაშვილს წერილობით ასევე უცნობებია საჯარო სამსახურის ბიუროსთვის, რომ ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი თვითონ კი არა, მისი მეუღლე – ეთერ ჭანუყვაძეა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: