მთავარი,სიახლეები

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

02.06.2017 • 2086
შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს.

ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს.  მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

„გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: პირველი და ყველაზე მთავარი –  ჩაითვალა, რომ ვახტანგ ბერიძე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა გამგეობის თანხმობის გარეშე. გათავისუფლების მეორე საფუძველი იყო ის, რომ თითქოსდა ვახტანგ ბერიძე სამუშაო საათებში, 2017 წლის 3 მაისს, სამსახურში არ იმყოფებოდა და ეს დარღვევადაა მიჩნეული, თუმცა მისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა ვალდებულება, რომ 9-დან ექვსამდე ოფისში ყოფილიყო, რადგან მას მოქნილი სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, შესაძლებელი იყო სამუშაოდ გასულიყო. მესამე საფუძველი ვახტანგ ბერიძის გათავისუფლების გახდა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც საკრებულომ შეაფასა უარყოფითად და 2015 წლის შეფასება გახდა გათავისუფლების საფუძველი 2017 წლის მაისში, რაც აზრს მოკლებულია.

რაც შეეხება გათავისუფლების პირველ საფუძველს, ვახტანგ ბერიძეს არათუ არ უცნობებია გამგეობისთვის, რომ მივლინებაში აპირებდა წასვლას, არამედ დაფინანსების თხოვნითაც კი მიმართა გამგეობას და გვაქვს ამის დამადასტურებელი წერილი, სადაც გამგეობა თანახმაა მისი მივლინება რომში დააფინანსოს. საბოლოო ჯამში, დაფინანსება არ განხორციელდა და ვახტანგ ბერიძე კონფერენციაზე თავისი ხარჯებით წავიდა, თუმცა ამის შესახებ სამსახური ინფორმირებული იყო და ბატონ ვახტანგს გამგზავრებამდე შეტყობინებაც აქვს დაწერილი, რომ ის არ იქნებოდა ამ პერიოდში საქართველოში და სთხოვს სამსახურს, ეს ყველაფერი მიიღოს ცნობად. შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანებაში მოყვანილი საფუძვლები არის მოკლებული შესაბამის დასაბუთებას და მტკიცებას,“ – ამბობს ნინო სიორიძე.

ამავე თემაზე: შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: