მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

02.06.2017 • 1741
„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა.

გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს.

ადვოკატების შეკითხვები ძირითადად პროცედურების დაცვას, კონკრეტულად კი, გამოკითხვამდე უფლებების გაცნობას უკავშირდებოდა. მოწმედ დაბარებული გამომძიებლების მტკიცებით, „ბათუმის აქციის საქმეზე“ მოწმეების გამოკითხვა კანონის დაცვით მოხდა.

სასამართლო 15 დეტექტივ-გამომძიებლის ჩვენებას მოისმენს.

დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულის საქმე განიხილა, თუმცა მათგან ერთ-ერთი, აკაკი კვაჭაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

„მოგვწერა წერილობით, არ მსურს პროცესზე დასწრებაო… აქ მიზეზებზე არაფერი წერია,“ – აღნიშნა მოსამართლემ სხდომის გახსნის დროს.

მასობრივ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში კიდევ 8 ბრალდებულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სულ 21 პირია დაკავებული, მათ შორის ორს მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათ საქმეს სასამართლო დახურულ სხდომებზე განიხილავს.

IMG_20170602_142835

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: